არ ვიცი ვინ და როდის შემოიღო ქალაქის და სოფლის სტატუსი, ვინ და როდის დააწესა, ვინ უნდა იცხოვროს ქალაქში, ვინ სოფელში, ან ვის აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს რადგან სოფლელია, საცხოვრებლად ქალაქში გადასვლა, არ მგონია ასეთი შეხედულება, მითუმეტეს იმ საუკუნეში, რომელშიც ვცხოვრობთ მართებული იყოს.
სკოლა როცა დავამთავრე და ქუთაისში ჩავედი სასწავლებლად 17 წლის ვიყავი. ისე იყო, რომ მეტწილად ჩემი მეგობრები ადგილობრივები იყვნენ, სულ რამდენიმე ვიყავით სოფლიდან ჩასულები, მაგრამ თამამად ვიტყვი, არასდროს არავისგან არ გამიგონია თუნდაც ერთი სიტყვა სოფლელობაზე, პირიქით, ყველა ოჯახში შვილივით ვიყავი მიღებული, რა ვიცი, შესაძლებელია თავად აქაურები იყვნენ ასეთი გულთბილი ადამიანები. თუმცა როცა მუშაობა დავიწყე, მუდმივად მიხდებოდა მივლინებაში სიარული თბილისში, ხან მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში და ხან წარმოება-დაწესებულებებში. აქ კი სხვა ვითარება იყო, მეტროში თუ სხვა ტრანსპორტში მეძებრის ალღოთი გრძნობდნენ, რაღაცნაირად ცივად და ზევიდან გვიყურებდნენ, თითქოს სხვა პლანეტელი იყავი, არა მათი თანასწორი, ცხადია არც შუბლზე მეწერა ჩემი სოფლელობა და არც მათგან განსხვავებული ვიყავი რაიმეთი, მაგრამ ამას მაინც ვგრძნობდი, არა მარტო მე, სხვებიც ამბობდნენ ამას. რატომღაც დღეს ისევ გააქტიურდნენ ზოგიერთები და მოუწოდებენ სოფლიდან ჩასულებს სახლში წადითო და მიწა დაამუშავეთო. ძალიან მიკვირს რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას, რატომ ავიწყდებათ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, ვინ ითვლება ძირძველ ქალაქელად, ვის აქვს უფლება იცხოვროს ქალაქში, საინტერესოა, მაგრამ ამაზე არაფერს ამბობენ.
დიახ, მე სოფლელი ვარ და არ მრცხვენია, პირიქით, ვამაყობ კიდეც. ჩაიც მიკრეფია, მიწასთანაც მიმუშავია, საყოლისთვისაც მომივლია და დღესაც ვუვლი, თუმცა ძირითადად კი სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. მუშაობა როგორც არ უნდა იყოს სირცხვილი არაა, სირცხვილია მუდმივად მოწუწუნე ხელგაწვდილი ადამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი არც აქვს. ჰო, არ დამავიწყდეს, მათ მინდა შევახსენო ვინც ფიქრობს, რომ სოფლელობა სირცხვილია, ის საამაყო ადამიანები, კორიფეები, მეცნიერები, პოეტები, მწერლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ზუსტად სოფლიდან არიან და მერე გადმოვიდნენ ქალაქში საცხოვრებლად. ასე, რომ არაა ლამაზი მკვეთრი ზღვარი გავავლოთ და ვინმეს სადმე ცხოვრება ავუკრძალოთ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქალაქს სწორედ სოფლის დოვლათით უდგას სული. წარმოიდგინეთ რომ ერთ დღეს, ძვირფასო ქალაქელებო, მიბრძანდით ბაზარში და ცარიელი დახლები დაგხვდათ, რადგან სოფლელები თქვენი საქციელის გამო შემოგწყნენ და არაფერი ჩამოიტანეს, მაშინ რას იზამთ?როგორ მოიქცევით?არა მგონია მოგეწონოთ, სახლში ცარიელი რომ გაბრუნდებით.
მაშინ დავფიქრდეთ და ისე გამოვთქვათ აზრები, ყველა თავად გადაწყვეტს სად და როგორ იცხოვრებს, რადგან ქალაქელიც და სოფლელიც ამ საქართველოს შვილები ვართ. მშრომელ ადამიანებს ახლა არც ქალაქში ულხინს და არც სოფელში, ხელოვნურად ნუ დავამძიმებთ ვითარებას.
ქალაქელიც და სოფლელიც ამ საქართველოს შვილები ვართ
მარინა ჩხაიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 508