ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დავით ჩხაიძე: ეს არის გზა დიადი ოცნებებიდან დიდ იმედგაცრუებამდე...

დავით ჩხაიძე: ეს არის გზა დიადი ოცნებებიდან დიდ იმედგაცრუებამდე...
21-10-2022, 11:07

,,ჰო და არა“ გთვაზობთ მორიგ საინტერესო ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც უშუალო მომსწრეა როგორც 90-იანი წლების, ასევე უახლესი პერიოდის მოვლენებისა. ჩვენი სტუმარი გახლავთ დავით ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის ვიცე-პოლკოვნიკი,  ლანჩხუთის ეროვნული გვარდიის მეთაური, გურია - იმერეთის პოლკის მეთაურის მოადგილე, სამხედრო კომენდატი ლანჩხუთში. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი. მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურ­ებისათვის, პროფესით ეკინომისტია. აქვს ნამუშევარი სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად სოფელ აცანაში და ა(ა)იიპ ლანჩხუთის სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილედ.
_ ბატონო დავით, ისე დაემთხვა, რომ დღეს 13 ოქტომბერია, ტრაგიკული დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 33 წლის წინ ამ დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა საქართველოს ეროვნული გმირი-მერაბ კოსტავა. არსებობს ვერსია, რომ ეს იყო ტერაქტი. თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაზე?
_ უპირველესად, დიდ მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისათვის და მზად ვარ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 13 ოქტომბერი არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტოკატასტროფა იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი.სამწუხაროდ, დღემდე სათანადოდ არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ აქვს მინიჭებული ტერაქტის კვალიფიკაცია. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის დოკუმენტური მასალა, რომელიც თავის დროზე მოპოვებული იქნა ავტოკატასტროფის შემთხვევის ადგილზე. ბატონი მერაბ კოსტავას ლიკვიდაციით უდიდესი დარტყმა მიაყენეს ეროვნულ მოძრაობას, მათ შორის მის სულიერ ძმას და თანამებრძოლს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს და ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას. ბატონი მერაბი იყო დიდი ქართველი და დიდი პატრიოტი, ნათელი მის სულს!
_ რადგან მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობა ვახსენეთ, აქვე გვითხარით, რას ნიშნავდა თქვენთვის ეროვნული მოძრაობა? 
_ ეროვნული მოძრაობა ასოცირდებოდა და ასოცირდება ჩემთვის ყველაფერ ქართულთან, ღირსეულ ტრადიციებთან, ქართულ სულთან, თავისუფლებასთან და ეროვნულ ცნობიერებასთან. ამ ეროვნულ მოძრაობას, რომელზეც ვსაუბრობ, სული შთაბერა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ და ბატონმა მერაბ კოსტავამ. ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემს მეგობრებს გვქონდა ის სულისკვეთება, რაც ბრძანა ბატონმა მერაბ კოსტავამ: ,,კაცს ეროვნული მოძრაობა უნდა უყვარდეს და არა საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში“. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში იგულისხმებოდა სამშობლოსადმი უანგარო სიყვარული, თავდადება და მისი მსახურება.
_ რას იტყვით 90-იანი წლების შიდა დაპირისპირებაზე?
_ ეს იყო მთელი ერის ტრაგედია. ჩემის ღრმა რწმენით ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული შეთქმულება საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
_ 30 წელიწადზე მეტი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებიდან. რა შეიცვალა პოლიტიკურ დღის წესრიგში 1991 წლიდან დღემდე?
_ ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის შემდეგ საქართველოს პოლიტიკა და პოლიტიკოსები ერთ წრეზე ტრიალებენ. ბატონი მერაბ კოსტავას სიტყვები, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, უგულებელყვეს და ნაცვლად ქვეყნის მსახურებისა, საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან. პუტჩის შემდეგ საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მცდელობა არ ყოფილა. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. განსხვავებით დღევანდელი და წინამორბედი ხელისუფლებებისგან ზვიად გამსახურდია მხოლოდ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის იდეამ მოიყვანა ქვეყნის სათავეში. 
_ თითქმის 20 წელიწადია, რაც ქვეყანა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ან ,,ქართული ოცნების“ მიერ იმართება. რას ფიქრობთ ამ 20 წლიან პერიოდზე?
_ ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ქართული ოცნება“ ორივე არის ხუნტის ე.წ. ხელისუფლების სამართალმემკვიდრე. ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვაღიარებ, ჯერ  ,,ნაციონალური მოძრაობის“, შემდგომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას დაპირებისამებრ, სათანადოდ შეფასებული იქნებოდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები. მოხდებოდა ეროვნული თანხმობა და ქვეყანა გადავიდოდა განვითარების ახალ საფეხურზე. რაც, სამწუხაროდ, ორთავე ხელისუფლებამ უგულებელყო და საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა მალევე დაივიწყა. ნათლად დადასტურდა, რომ ეროვნული ხელისუფლების შემდეგ საქართველოს ღირსეული მმართველი არ ჰყოლია.
_ საიდან დაიწყო თქვენი და ,,ქართული ოცნების“ ურთიერთობა, ან რატომ დატოვეთ შემდგომში პარტიაც და თანამდებობაც?
_ 2012 წლის მარტიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ,,ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა. ვხელმძღვანელობდი აქციებზე გარეპერიმეტრის უსაფრთხოების ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის ფუნქციაშიც შედიოდა ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოება. ჩემი პირველი უკმაყოფილება დაიწყო ოცნების ხელისუფლების მიმართ მას შემდეგ, რაც მმართველმა ძალამ ე.წ  კოჰაბიტაცია დაიწყო ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავისი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდე 158 დღე, ლანჩხუთში ახლანდელი მერიის პარკის მიმდებარედ იმართებოდა უწყვეტი აქცია აწ განსვენებული, უზენაესი საბჭოს დეპუტატის, გია ფირცხალაიშვილის ორგანიზატორობით, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის გარკვეული ნაწილი. ორი კვირის განმავლობაში შიმშილობის აქციაც კი იმართებოდა ,,არა კოჰაბიტაციას და ოცნების ადგილობრივი ხელისუფლების გარიგებებს ნაციონალებთან“. ახალგაზრდებთან ერთად მოშიმშილეთა შორის იყო ,,ქართული ოცნების“ აქტიური წევრი უხუცესი ჯანი ქინქლაძე. როგორც თქვენ ბრძანეთ, ვიყავი სხვადასხვა თანამდებობებზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო ჩემი და მმართველი ძალის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები. საბოლოო გამიჯვნა მოახდინა ა(ა)იპ ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში მომხდარმა რეორგანიზაციამ და კულტურულად ჩამომაშორეს სახელმწიფო სამსახურს. ამის მთავარი მიზეზი იყო ჩემი პრინციპები და ღირებულებები.და მაინც, ,,ქართული ოცნების“ მთავარ დანაშაულად მიმაჩნია ის, რომ პარტიული ინტერესი დააყენა სახელმწიფოზე წინ.
_ როგორი შეხედულება გქონდათ ,,ქართულ ოცნებაზე“ 2012 წელს და როგორი შეხედულება გაქვთ დღეს?
_ დიადი ოცნებებიდან დიდ იმედგაცრუებამდე. მქონდა სამართლიანობის აღდგენის განცდა, რაც უპირველესი დაპირება იყო, იგულისხმებოდა 1992 წლიდან 2012 წლამდე არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. საბოლოოდ მივიღეთ დღევანდელი რეალობა, სადაც ადამიანებს ღირსება აჰყარეს, ქვეყნიდან გააქციეს, სამართლიანობა არ აღდგა, ხალხი შიმშილობს, ოკუპანტი რუსეთის მიმართ ხელისუფლების მხრიდან არის ლოიალური დამოკიდებულება და ა.შ  ,,ქართული ოცნება“ დაადგა ,,ნაციონალური მოძრაობის“ გზას. რაღა დავამატო, მკითხველისთვის ყველაფერი ნათელი უნდა იყოს.

მოამზადა თორნიკე ჯიჯიეშვილმა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 591
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა