ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ჰო და რა“ 23 წლისაა

,,ჰო და რა“ 23 წლისაა
18-10-2022, 14:17

გაზეთი ,,ჰო და არა“ 23 წლისაა. იგი ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდში  90-იანი წლების ბოლოს დაიბადა, იქიდან მოყოლებული  დღემდე  და კიდევ მრავალი წელი მოუყვება  მკითხველს რაიონის საინტერესო ამბებს. მთავარი რედაქტორის, ნონა გიგინეიშვილისა და მისი  მეუღლის, გელა ზოიძის სასახელოდ უნდა ითქვას,  მათ არასოდეს დაუკარგავთ რწმენა იმისა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, გაზეთი თავის ფუნქციას აუცილებლად შეასრულებდა,  აჰყვებოდა ჩვენი პატარა ქალაქის მაჯისცემას და მას მკითხველი ისე შეიყვარებდა, რომ ყოველ გაზეთის დღეს დაელოდებოდა გამავრცელებლის  გამოჩენას. ,,გაზეთი მევიდა, ან კიდევ - როისმუა?“ - ასე კითხულობდა მოსახლეობა კვირაში სამჯერ. მიუხედავად რთული წლებისა, ის მაინც ჯიუტად განაგრძობდა წინსვლას, მიდიოდა ყოველი მკითხველის გულთან, იმ ავტორების საშუალებით,  ვინც პირველი დღეებიდანვე შეიყვარა მკითხველმა, ,,ჰო და არა“ მრავალი ოჯახის მკვიდრი გახდა. განსაკუთრებით რთული იყო უშუქობის წლები, როცა ე.წ. დვიჟოკზე მიმდინარეობდა სამუშაოები. 
,, თუკი შედიხარ საგაზეთო ბიზნესში, უნდა შეხვიდე იმ ფორმატით, რომ რაღაც განსაკუთრებული სიტყვა თქვა. ამ დროს რაიონში გაზეთები გამოდიოდა კვირაში ერთხელ და ვრცელდებოდა ფოსტით, ჩვენ შევქმენით რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებდა მასიურ გავრცელებას კვირაში სამჯერ, ყოველგვარი ფოსტისა და სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე. ჩვენ,  ჩვენი გავრცელების სისტემა შევქმენით და ეს იყო საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც გაზეთმა ,,ჰო და არამ“ ფოსტალიონების საკუთარი სისტემა შექმნა, რედაქციიდან პირდაპირ სახლამდე. პირველად ვბეჭდავდით თბილისში, შემდეგ ადგილზე. გავრცელება და საკუთარი მკითხველი ყველასგან დამოუკიდებლად ყველას გარეშე, ეს სისტემა შევქმენით ჩვენ. ეს იყო ჩვენი დაწყებული საქმე და დღესაც მუშაობს იგი.“ _ ამბობს გელა ზოიძე. იცვლებოდნენ ხელისუფლებები, გაზეთი კი რჩებოდა და თავის ნიშას ინარჩუნებდა რაიონში და რეგიონში, ჯიუტად  ეძებდა  მომავლის გზებს და დღესაც ცდილობს თვალი გაუსწოროს სიახლეებს, სულ მალე იგი ახალი ტექნოლოგიით წარდგება მკითხველის წინაშე. 
გარდა ახალი ამბებისა, გაზეთი ყოველთვის უთმობს ადგილს ადამიანებს, რომელთაც აქვთ საკუთარი სათქმელი; რეგიონის, რაიონისა და ქვეყნის მტკივნეული საკითხები აქ განიხილება,  გამოსავლის გზების ძიებაც ასევ მთავარი თემაა; აქვე შეხვდებით რაიონის კულტურული ცხოვრების შესახებ სტატიებს. ადგილი ეთმობა ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ რაიონში, გაზეთის კოლექტივი ერთიანი, შეკრული და აპოლიტიკურია. 
,,ჰო და არას“ ჰყავს საკმაოდ საინტერესო ავტორები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ არ იყონ მიკერძოებული, წერონ ყველაფერზე თამამად და შექმნან სივრცე, რომელიც მკითხველს მისცემს ფიქრისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალებას.
,,ჰო და არა“ ყოველთვის ეძებს სიახლეებს და განაგრძობს გზებს მომავლისაკენ...

     მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 385
FACEBOOK კომენტარები