,,ჰო და არას" სტუმარია წარმატებული ახალგაზრდა ანა ურუშაძე
_ მოგესალმებით ანა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ არის ანა ურუშაძე და რა გაკავშირებთ ლანჩხუთთან, გაიხსენეთ ლანჩხუთში გატარებული წლები, სკოლის პერიოდიც.
_ ვარ 27 წლის, გურული - ყველანაირად და ყველაფრით. დავიბადე და გავიზარდე ლანჩხუთის ერთ ლამაზ სოფელ წყალწმინდაში. წარჩინებით დავასრულე წყალწმინდის საჯარო სკოლა, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგისტრის ხარიხის მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით დავიცავი. ასე რომ, ჩემი ძირითადი პროფესია არის ჟურნალისტიკა. რამდენიმე წელი ვმუშაობდი სხვადასხვა მედიასაშუალებებში, ინტერნეტ ტელევიზიებში, რადიოში, ინტერნეტგამოცემებში, გაზეთებში. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ, წერა და მით უმეტეს ყველაფერი ის, რაც ჟურნალისტიკასთანაა დაკავშირებული, ჩემი მოწოდება და ბავშვობის დროინდელი სიყვარულია, დღეს ვარ მოქმედი მასწავლებელი, ორგზის სერტიფიცირებული სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 10 კრედიტზე მაქვს გამოცდები ჩაბარებული. წელს ასევე ჩავაბარე პროფესიული უნარები, მივიღე უმაღლესი, მენტორის ქულა, ველოდები პრაქტიკულ ნაწილს, რომლის დასრულების შემდეგ აუცილებლად მექნება მენტორის სტატუსი. მეოთხე წელია ვმუშაობ თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგად, ვარ კლასის ხელმძღვანელი. ვარ დამწყები ნოველისტი, ვწერ ჩანახატებს, ნოველებს, მსურს გამოვცე საკუთარი წიგნი. საერთოდ, ვთვლი, რომ ვარ აქტიური მოქალაქე, მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ახალგაზრდული ენერგია და მოტივაცია მოვახმარო გარემოს განვითარებას. მჯერა, რომ საინტერესო საქმეებისთვის დავიბადე. ჩემი საყვარელი ფრაზაა: დავიწყოთ ცვლილებები საკუთარი თავიდან. მჯერა, რომ სამყაროს განვითარებაში ჩემ წვლილს აუცილებლად შევიტან, თუნდაც იმით, რომ მომავალ თაობას აღვზრდი. სიმართლე გითხრათ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, მიყვარს ექსპერიმენტები და მზად ვარ ყველა გამოწვევას გავუმკლავდე.
გურიაში გატარებული წლები ჩემთვის ასოცირდება ფერად და საინტერესო წლებთან, ძალიან კარგ გარემოში ვიზრდებოდი, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. გურია ჩემი ხასიათის განუყოფელი ნაწილია, გურულობა ჩემთვის გულწრფელობაა, ნამდვილობაა, ეს არის თვისება, იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ და არ ითამაშო.
_ სტუდენტობის პერიოდი როგორ გახსენდებათ? ვინ ხართ პროფესიით?
სკოლის დასრულებისთანავე, გრანტით ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ვიყავი წარჩინებული სტუდენტი, არაერთგზის სტიპენდიატი, საბაკალავრო უმაღლესი ქულებით დავიცავი. მაქვს ორი წითელი დიპლომი. ვმონაწილეობდი კონფერენციებში, ვორქშოპებში, ტრენინგებში. ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად მქონდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბავშვობიდან სალიტერატურო ქართულით ვსაუბრობ, თანაკურსელებიც ჯანსაღად მოაზროვნენი შემხვდნენ, მათთვის კუთხურობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი ადამიანობა იყო. თუმცა მიჭირდა ხალხმრავალი აუდიტორიებისა და გადაჭედილი ტრანსპორტის ატანა, რის გადალახვაშიც ოჯახის წევრების თანადგომა და გამხნევება დამეხმარა.
_ მუშაობთ თქვენი პროფესიით? რამდენად დატვირთული ხართ და როგორია თქვენი სამუშაო დღის რეჟიმი?
_ ამ ეტაპზე არ ვარ აქტიური ჟურნალისტი. მე და ქართულმა ჟურნალისტიკამ ვერ მივიღეთ ერთმანეთი. მე არ მომწონს ის ისეთი, როგორიც დღეს არის და მას არ მოვეწონე მე, ანუ ასეთი მართალი, ობიექტური და ხისტი. ამდენად, გადავწყვიტე, რომ დავშორებულიყავით. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ისევ შედგეს ჩვენი შეხვედრა, მაქვს გარკვეული მიზნები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ.
როგორც გითხარით, დღეს ვარ მოქმედი პედაგოგი. მეოთხე წელია ვასწავლი სამოქალაქო განათლებას თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში. ვასწავლი 13 კლასს, რომელთაგან ერთი გამორჩეულად მიყვარს, რადგან ჩემი სადამრიგებლო კლასია. ეს არის საქმე, რომელიც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ჩემმა ერთმა სიტყვამ თუნდაც ერთი ბავშვის მომავალზე რომ მოახდინოს სათანადო გავლენა, ჩავთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. ვარ საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში, ტრენინგში. მოკლედ, აქაც ისეთივე აქტიური ვარ, როგორც სტუდენტობის პერიოდში.
_ რა გზა გამოიარეთ დასახული მიზნის მისაღწევად?
_ ჩემი განვლილი გზა მე მგავს და რაც მთავარია, ჩემია, ანუ ყველაფერი, რაც ამ გზაზე გადამიტანია და მომხდარა, ჩემი ნაწილია. კითხვაზე, შევცვლიდი თუ არა რაიმეს, თავიდან რომ ვიწყებდე, ვუპასუხებ, რომ არა, რადგან ის შეცდომებიც კი, რომელიც დამიშვია, ჩემია, ჩემეულია. ვფიქრობ, რომ ერთგვარად მადლობაც კი უნდა გადავუხადო განვლილ გზას, რადგან მან გამხადა ისეთი, როგორიც ვარ.
ეს გზა იყო რთული, საინტერესო და ისეთი, როგორიც მხოლოდ მე უნდა გამევლო.
_ რა არის წარმატება და წარმატების საზომი თქვენთვის?
_ თუ ამას ეკითხებით ქალს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისთვის სრულყოფილების საზომია ის, თუ რამდენად წარმატებულად გრძნობს თავს თავად და როგორ აფასებენ სხვები, მაშინ გეტყვით, რომ წარმატება ეს არის პროცესი, როცა უნდა გაიმარჯვო საკუთარ თავზე, ეს არის ცდა, ასწავლო სხვებს იყოს უკეთესი, ვიდრე იყო ან არის და ეცადო შენც გახდე უფრო კარგი. ამ პროცესში ყველაფერი სხვა, ანუ მედლები, სიგელები, წახალისებები, არის ერთგვარი პერიოდული ანკესი, ანუ მოტივაცია წინსვლისა და განვითარებისთვის.
ვფიქრობ, რომ საზომი იმისა, თუ რას წარმოადგენს წარმატება, ინდივიდუალურია და ადამიანის შეხედულებებზეა დამოკიდებული.
_ ოჯახზეც რომ მოგვიყვეთ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
_ ოჯახზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან მართლა საამაყო ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. დედაჩემი, ქეთევან გოგუა, ლანჩხუთში საკმაოდ ცნობილი ნევროპათოლოგი და პედიატრია, ურეკის ამბულატორიის მთავარი ექიმი, ოჯახის ექიმი. ჩემთვის მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი. მისი დამსახურებაა ჩემი წარმატება და ის, რომ ვარ ისე, როგორიც ვარ. როცა რაღაც გამომივა და გამიხარდება, ძალიან ჩვეულებრივად მკითხავს: აბა, რა გეგონა? ეს სიტყვები მარწმუნებს, რომ მას უპირობოდ სჯერა ჩემი და იცის, რომ ანა არის გოგო, რომელსაც ყველაფერი გამოუვა, რასაც მოინდომებს.
მამაჩემი, თენგიზ ურუშაძე, სოფელში ძალიან უყვართ და პატივსაცემი ადამიანია. მამა არის ის, ვისზედაც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ. მამასთან შემიძლია დავლიო ერთი კათხა ლუდი და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. მამიდაჩემი ირინე, რომელმაც მე აღმზარდა და არა მარტო მე, არამედ ჩემი და-ძმა, ყველა დისშვილი, ახლა სხვა ბავშვების აღზრდითაა დაკავებული წყალწმინდის ბაღში.
ჩემი და, მარიამ ურუშაძე, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და ახლა ჟვანიას კლინიკაში რეზიდენტია, მგონია, რომ ჩემი ნაწილია. ვერ წარმომიდგენია ერთ დღე მარიამის გარეშე. ის 25 წლისაა, მასავით კეთილშობილი და პოზიტიური ადამიანი არ მეგულება. ჩემი უმცროსი ძმა საბა 20 წლისაა. საბაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა ჯანდაცვის კუთხით. მიხარია, რომ ჩემით შეუძლია იამაყოს. ხშირად უთქვამს, მინდა რომ ანას ვგავდეო. ჩემთვის მხოლოდ ეს სიტყვებიც კი ძალიან დიდი სტიმულია.
სამომავლო გეგმებს არ ვსახავ, როგორც გითხარით, უფრო სპონტანურად ვმოქმედებ. ერთადერთი, რასაც ახლა ვაპირებ, დოქტორანტურაში ჩაბარებაა. საკუთარ თავს ლექტორის ამპლუაში ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება.
მოსწავლეებთან ხშირად ვიმეორებ ოთარ ჭილაძის ჩემ საყვარელ სიტყვებს: „ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე გონია“. ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ, დიახ, ისინი დაიბადნენ იმისთვის, რომ იკაშკაშონ. აბიტურიენტებს, ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ დაიჯერონ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების.
ჩვენ საინტერესო საქმეებისთვის დავიბადეთ. დავიბადეთ იმისთვის, რომ ვიბრწყინოთ ისე, როგორც ზაფხულის ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები.
ანა ურუშაძე: ჩვენ საინტერესო საქმეებისთვის დავიბადეთ. დავიბადეთ იმისთვის, რომ ვიბრწყინოთ ისე, როგორც ზაფხულის ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები...
მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 135