_ მოგესალმებით, გაგვეცანით და გააცანით მკითხველს, რა არის „oda care” (ოდა ქეარი).
_ მოგესალმებით, მე გახლავართ ვეკო წულაძე „oda care”-ის დამფუძნებელი. ეს არის სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია გურიის რეგიონში. ეს არის ზრუნვის სახლი, სადაც მუდამ გხვდებათ მყუდრო გარემო, ისევე, როგორც ძველ გურულ „ოდა“ სახლში. სწორედ აქედან დაიბადა ჩვენი ორგანიზაციის სახელიც.
_ როდის დაფუძნდა ორგანიზაცია, რომელ მუნიციპალიტეტებს მოიცავს ოდა ქეარი და რა არის თქვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ამოცანები.
_ ა(ა)იპ „oda care”-ი დაფუძნდა 2019 წლის 4 აპრილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების მიერ, ორგანიზაციის მისია არის სოციალური სერვისების შექმნა და განვითარება გურიის რეგიონში, ასევე საზოგადოების ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და განვითარება, საზოგადოებაში სწორი, ღირებულებებზე დაფუძნებული იდეალების, დამკვიდრების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება და განათლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობლების, მეურვეებისა და ოჯახების სხვა წევრების უფლებების დაცვა, მხარდამჭერი პროგრამების ინიცირება და განხორციელება.
_ ,,ჰო და არას“ ინფორმაციით ლანჩხუთში ხსნით სარეაბილიტაციო ცენტრს და ჩოხატაურში შინმოვლის პროექტი გაქვთ შემუშავებული, ძირითადად მინდა ამ პროექტებზე მოგვაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
_ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს „სოციალური სერვისების განვითარება ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის“, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლი-ერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია "ანიკა" პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო პერსონალური ასისტებტის და შინმოვლის პროგრამა, პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 10 პერსონალური ასისტენტი და 5 შინმოვლის სპეციალისტი, რომლებიც საჭირო დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და უძლურებაში მყოფ ხანდაზმულებს, ორივე პროგრამა ემსახურება 20 ბენეფიციარს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწევა 30 ბენეფიციარს. ცენტრში მოსულ ბენეფიციარს მომსახურებას გაუწევს ფიზიო თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ბავშვთა ნევროლოგი, ქცევის თერაპევტი და სპეციალური მასწავლებელი, ასევე მოწვეული გვეყოლება ოკუპაციური თერაპევტი.
ეს არის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.
_ როგორია მუნიციპალიტეტების პირველი პირების მიერ თქვენი ორგანიზაციის მიმართ დამოკიდებულებები, რადგან ამ ბავშვებისთვის მათზე მორგებული პირობები გაქვთ, ვფიქრობ უნდა იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა.
_ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო იყო სივრცე, სადაც თერაპიები ჩატარდებოდა, თუმცა არსებული სივრცე, რომელიც ორგანიზაციას ჰქონდა, არ იყო საკმარისი. ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს, რათა ორგანიზაციისთვის გამოეყო მუნიციპალურ ბალანსზე არსებული ფართი უზურფრუქტით, მათგან იყო საოცარი მზადყოფნა და სურვილი მხარდაჭერა გაეწიათ ჩვენი ორგანიზაციისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვიხარია, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს სოციალურ პროექტებს და მცირე ორგანიზაციებს განვითარებაში.
2020 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იყო პირველი, რომელმაც აუტიზმის პროგრამა დანერგა გურიაში და სწორედ იმ კრიტერიუმებით, რაც დიფერენცირებას არ მოახდენდა ბენეფიციარების სოციალური ქულების მიხედვით, ასევე 2020 წლიდან აფინანსებს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების ბინაზე ვიზიტის ხარჯებს. ორივე პროგრამის სერვისპროვაიდერი არის „oda care” გურიის რეგიონში.
_ მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე.
_ ჩვენი მიზანია შევქმნათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემო, მათ დავეხმაროთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარჩვევების შეძენაში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებს მივცეთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ. ამისთვის მნიშვნელოვანია 2023 წელს ორგანიზაციამ იმუშაოს, რომ თავისი სერვისები, რომლებიც კონკრეტულ ერთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება გადაიტანოს გურიის სხვა მუნიციპალიტეტში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური მშობლების უნარების გაძლიერება და ამ მიმართულებით აქტიურად გეგმავს მუშაობას. ასევე ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა წრეები არა მხოლოდ განვითარების შეფერხების რისკის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის, ვისაც სურვილი ექნება მიიღოს ჩვენი მომსახურება, იქნება საკვირაო სკოლა და სხვა ბევრ სიახლეს გპირდებით მომდევნო წლის განმავლობაში.
_ და ბოლოს, განხორციელებულ პროექტებზეც გკითხავთ. რა პროექტები განახორციელა ორგანიზაცია ,,ოდა-ქეარმა"?
_ 2019 წლიდან დღემდე განხორციელებული გვაქვს 2 პროექტი ASB საქართველო, რომლის ფარგლებშიც დავიწყეთ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და ჩეხეთის კარიტასის დაფინანსებით დავიწყეთ აუტიზმის პროგრამა, ამ მიმართულებით რეგიონში ვართ ერთადერთი ორგანიზაცია. ამ ეტაპზე მიმდინარე არის ასოციაცია ,,ანიკას“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იქმნება რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან მშობლები და მათ უკეთ ესმით იმ მდგომარეობის შესახებ, რაშიც ახალბედა მშობლები იმყოფებიან. სწორედ ძლიერი მშობელი ქმნის ძლიერ კავშირებს და მოაქვს ცვლილებები თემში. ჩვენი ორგანიზაცია ამაყობს იმ მიღწევებით რაც აქვს ამ 4 წლის განმავლობაში და ვაგრძელებთ განვითარებას.
რა ფუნქცია აქვს „oda care”
ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 720