ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი

თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი
16-09-2022, 12:47

,,ჰო და არას“ სტუმარია პედაგოგი თამარ ხელაძე. 
_ მოგესალმებით თამარ!  პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. თქვენ ლანჩხუთელი ხართ. დღეს კი თბილისში ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგი ბრძანდებით, მოგვიყევით რა გაკავშირებთ ლანჩხუთთან, და როგორ გაიხსენებდით ბავშვობის წლებს?
_ მოგესალმებით! მადლობა მოწვევისთვის! ამ რაიონში გავიზარდე, თბილ და განათლებულ ოჯახში. ხშირად ვამბობ, რომ თუ რამ კარგია ჩემში, ყველაფერი გურიიდან მომყვება. დღეს თუ კარგი, ძლიერი ფილოლოგი ვარ, ეს ჩემი ლანჩხუთელი პედაგოგის, რუსუდან ებრალიძის დამსახურებაა. დღეს ვარ ასოცირებული პროფესორი და ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი წარმატება მაქვს. მენატრება ჩემი სკოლა და კლასელები.
_ სკოლა სად დაამთავრეთ?  რა მოგონებები გაკავშირებთ  სკოლასთან?
_ სკოლა თბილისში დავამთარე, მაგრამ დიდი ნაწილი ლანჩხუთში ვისწავლე. მქონდა ლაღი, ბედნიერი ბავშვობა. ცელქიც ვიყავი, არ უარვყოფ, შატალოებსაც ვგეგმავდი და მერე იმის ნაცვალად, რომ მენერვიულა შატალოს გამო, ლექსებს ვწერდი.
_ რა ასაკში მიხვდით, რომ უნდა ყოფილიყავით პედაგოგი? სტუდენტობაზეც რომ მოგვიყვეთ და სტუდენტობის შემდგომ წლებზე.
_  სულ მინდოდა პედაგოგობა-მეთქი ვერ ვიტყვი. თავიდან პოლიციელობა მინდოდა და ჩემი ბავშვობის სათამაშოებიც თოფები იყო. დედა იყო ჩემთვის მაგალითი კარგი პედაგოგისა და რომ ვუსმენდი და ვუყურებდი მეც მომინდა. სტუდენტობის პერიოდი კი ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დრო იყო. კარგი სტუდენტი ვიყავი და არ გავუცრუე იმედები ჩემს ლექტორებს. დღეს ისინი ჩემი კოლეგები არიან.
_ პირველი სკოლა, სადაც უკვე პედაგოგად დაიწყეთ მუშაობა, როგორი იყო თქვენი პირველი დღე.
_ პირველად გურიაში დავიწყე მუშაობა, ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლაში. თუმცა ისეთი დირექტორი და კოლეგები მყავდა, სანერვიულო ნამდვილად არ მქონდა. დღემდე სიყვარულით ვიხსენებ იმ დროსაც და სკოლასაც.
_  განათლების სისტემაზეც გკითხავ, რა სირთულეებია დღეს განათლების სისტემაში? მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მაგალითზე ყველაზე მეტად პედაგოგები არიან დაფასებული, წამყვანი როლი უჭირავთ, რადგან ქვეყნის სამართავად სწორედ განათლებული ადამიანები არიან საჭირო, რაშიც მთავარი მისია თქვენ გაკისრიათ, გრძნობთ სახელმწიფოს მხრიდან დაფასება-თანადგომას?
_ განათლების სისტემაში დღეს საკმაოდ რთულადაა საქმე, რაზეც გულიც მწყდება და ხშირად პროტესტსაც გამოვთქვამ. პედაგოგებს იმდენ დავალებებს აძლევენ, ვფიქრობ, აღარ სცალიათ ნაყოფიერი გაკვეთილის ჩასატარებლად. 16 წელია აბიტურიენტებს ვამზადებ, ხშირად არ იციან ელემენტარული, ის, რომ ილია მე-12 საუკუნეში არ მოღვაწეობდა და ნესტან-დარეჯანი დები არ არიან. ბოლოს ვთქვი, რომ თუ მსგავსი შემთხვევა მექნება გავასაჯაროვებ სკოლასაც და პედაგოგსაც, რადგან ეს კატასტროფაა. განათლების გარეშე ქვეყანა დეგრადირდება და წინ ვერასოდეს წავალთ. ვფიქრობ, პანდემიამაც შეუწყო ხელი განათლების დაბალ დონეს. ონლაინ გაკვეთილები არ იყო განათლების მისაღებად საკმარისი. ვფიქრობ, პედაგოგი მეტად უნდა იყოს მონდომებული, მისცეს მოსწავლეებს განათლება, სწორედ ამ თაობაზე დგას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, მათი განათლება და ადამიანური აღზრდა უპირველესია. პედაგოგი უნდა იყოს როგორც პროფესიონალი, ასევე ბავშვის სულიერ განვითარევაზეც უნდა ზრუნავდეს. სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა, იზრდება ხელფასები, რემონტდება სკოლები, მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი.
_  თქვენ მშვენიერ ლექსებს წერთ. როდის აღმოაჩინეთ ლექსის წერის ნიჭი?
_  ლექსებს 10 წლიდან ვწერ. 4 საავტორო წიგნის ავტორი ვარ და არა ერთი ჯილდოს მფობელიც. ეს ნიჭი ჩემში აღმოაჩინა რუსუდან ებრალიძემ, ქართულის მასწავლებელმა, რომელიც არ მომეშვა, სანამ საკუთარი ნიჭის დაფასება არ მასწავლა.  მას ძალიან დიდი მადლობა. პოეზია ჩემთვის დიდი, გულწრფელი და სუფთა სამყაროა.
_ ოჯახზეც რომ მოგვიყვეთ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები.. რას ნიშნავს ლანჩხუთი თქვენთვის?
_ ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. მყავს ერთი შვილი, ნიკოლიზი და სასწაულად კარგი ადამიანი, ჩემი მეუღლე. მათი ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდი იმის მიღწევას, რასაც დღეს წარმოვადგენ. ჩემი წარმატება, ჩემი ოჯახიდან იწყება.
დედაჩემი გახლავთ პედაგოგი თინათინ გაბედავა, მამა კი ავტო ხელაძე.
ლანჩხუთელობა ჩემთვის ბავშვობის მოგონენებია. ბავშვობა კი ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს გურიას, მადლობა თქვენ!

ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 940
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა