საქართველოში დაფუძნებული 76 ორგანიზაცია ცდილობდა და დღესაც ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ურთიერთგაგებასა და კეთილმეზობლურ ცხოვრებას ხელი შეუწყოს. როგორ? – სახალხო დიპლომატიით, ვაჭრობის ხელშეწყობით, რუსული კულტურის, ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციით.
33 ორგანიზაცია 2012 წლის შემდეგ შეიქმნა, თუმცა აქტიურად ვერ მუშაობენ. 76-დან 65-ს შემოსავლების სამსახურმა პასიურის სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ მათ ანგარიშებზე ბოლო ორი წელია არც ფული ჩარიცხულა, არც რაიმე სხვა ორგანიზაციული აქტივობა დაფიქსირებულა.
პასიურთა სიაში არიან ისინიც, ვინც საზოგადოებას სხვადასხვა აქტივობის გამო ახსოვს. მაგალითად, ანჟელიკა ზახაროვას ორგანიზაციები, რომელიც 9 მაისს მსვლელობას აორგანიზებს, გულბაათ რცხილაძის “ევრაზიული ინსტიტუტი,” რომელიც ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებსა და დისკუსიებს.
“აი, ფაქტმა” შეისწავლა ამგვარი ორგანიზაციების აქტივობა სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში, ვნახეთ რას აკეთებენ და რა იცის მათზე ხალხმა თბილისსა და რეგიონებში, ვესაუბრეთ მათ ხელმძღვანელებს და გიყვებით, რა ვითარებაა იმ ქსელში, რომელიც საქართველოსა და რუსეთის დაახლოებას ისახავს მიზნად.
ორგანიზაციების მიმოხილვა
76-დან 43 ორგანიზაცია “აგვისტოს ომის” შემდეგ შეიქმნა. როგორც ჩანს, მათ ვერც საკუთარ ომში ისწავლეს რამე, ვერც სხვის ომში და რუსეთთან მეგობრობის ისევ სჯერათ.
ამ ორგანიზაციების ზოგ სულისჩამდგმელს საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულად სულაც არ მიაჩნია.
“არ ვთვლი, რომ ოკუპირებულია. უბრალოდ ვერ ვპატრონობთ, არც ჩვენ გვაქვს თავი და არც მათ. ეს არის ამერიკის ჭკუაზე გაყიდული და განიავებული… შეიძლება, იქ ერთი-ორს ჰქონდეს ინტერესი, დანარჩენი მასიურად რუსეთი მაგას არ იკადრებს,” – ამბობს “საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის” დამფუძნებელი გიორგი ბიჭაშვილი, რომლის ორგანიზაციაც თბილისში 2007 წლიდან საქმიანობს.
“ყველას უნდა შერიგება [რუსეთთან], მაგრამ ამას უნდა ფონი, ისტორიული, ლამაზი. ცოტა ენა უნდა დავიტკბოთ ჩვენც, ბევრ რამეზე აქვთ მოსახდელი ბოდიში იმათაც და ჩვენც,” – ამბობს თამაზ ჯაფოშვილი, რომელმაც 2015 წელს ორგანიზაცია “რუსეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საზოგადოება” დააფუძნა. მასაც სჯეროდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას შეძლებდა, მაგრამ ახლა მისი ორგანიზაციაც პასიური და უმოქმედოა.
თამაზ ჯაფოშვილის მსგავსად, ქვეყანაში არსებობს ათეულობით არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც რუსული და ქართული კულტურების დაახლოებაზე, ტრადიციების და რელიგიის შენარჩუნებაზე ზრუნავს. მათი, ერთი შეხედვით, უწყინარი საქმიანობების მიღმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალისტები რუსულ გეგმას ხედავენ, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს ქართული საზოგადოების აზრი რუსული პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ.
76 ორგანიზაციიდან 47 თბილისშია რეგისტრირებული, დანარჩენი კი რეგიონებში.
ამათგან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოტ იმ ორგანიზაციებზე, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა და ონლაინ სივრცეში ოდნავ მაინც აქტიურობენ. ასეთი 45 მათგანია.
45-ვე შემთხვევაში ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულ მისამართებზე მივედით. აღმოჩნდა, რომ მათი იურიდიული მისამართების უმეტესობა რეალურად საცხოვრებელი სახლებია და იქ ოფისები არც არასდროს ფუნქციონირებდა. იურიდიულ მისამართებზე უშედეგო ძიების შემდეგ, “აი, ფაქტმა” ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტებსა და სახელმწიფო უწყებებში მათი ფაქტობრივი მისამართების ძებნაც დაიწყო. განსხვავებული სურათი არც აქ დაგვხვდა. ბოლო ეტაპზე დამფუძნებლებსა და დირექტორებს დავუკავშირდით. ზოგმა ტელეფონი მაშინვე გაგვითიშა, როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ზოგმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, დანარჩენებთან კი რაც გამოირკვა, იმას აქვე გიყვებით.
არსებობა მხოლოდ ფურცელზე
რუსული ჰიბრიდული ომის მკვლევარი გიორგი ბუტიკაშვილი გვიხსნის, რომ მსგავსი ორგანიზაციების მომრავლება რუსული პოლიტიკის დღის წესრიგშია. მისი თქმით, 2007 წლიდან, როცა საუბარი დაიწყო საქართველოს დსთ-დან გამოსვლასა და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, პუტინმა საფრთხე დაინახა. მისი გათვლით, პროცესი შეიძლება გადამდები ყოფილიყო პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებისთვისაც. ამიტომ, გადაწყვიტა საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდისთვის მიემართა და ყველა ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები გაეხსნა. ისინი ფორმალურად დემოკრატიის განვითარებას შეუწყობდნენ ხელს, რეალურად კი რუსულ ინტერესებს გაატარებდნენ.
“რეგიონში იქმნება განცდა, რომ სააკაშვილს გამოსდის რეფორმები, რომელიც შეიძლება გადამდები იყოს დანარჩენ სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე. პუტინი ხვდება, რომ ისე ვეღარ გაგრძელდებოდა, როგორც ვარდების ან ნარინჯისფერ რევოლუციამდე იყო და ამ ქვეყნებში სჭირდებოდა თავისი დასაყრდენი ძალები. ერთადერთი გზა, რაც პუტინს შეეძლო აერჩია, იყო ანტიდასავლური პროპაგანდა. თვითონ კი კულტურული კონსერვატიზმით და ეთნონაციონალური ნარატივებით სავსე პაკეტი შეეთავაზებინათ იმ ქვეყნებისთვის, რომელშიც მერე გახსნიდნენ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს,” – გვითხრა ბუტიკაშვილმა.
ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება. 2013 წლიდან უკვე ჩნდება ახალი ორგანიზაციები. ეს არ გულისხმობს, რომ მანამდე ისინი არ არსებობდნენ, თუმცა ასე ღიად ვერ საუბრობდნენ საკუთარ მიზნებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების რიცხვი, ერთი შეხედვით, დიდია, ისინი რეალურად ან მხოლოდ ფურცელზე არსებობენ, ან საქმიანობის ძალიან მწირი და შეზღუდული რესურსი აქვთ. ამას თავად პანდემიას აბრალებენ. ზოგიერთი მათგანი კი ისე საქმიანობს, რომ ორგანიზაცია რეგისტრირებული ოფიციალურად არ აქვს.
ასე იქცევა ახალციხის ყოფილი პროკურორი გოჩა პარუნაშვილი. ის რუსეთთან სავაჭრო და ტურისტული მიმართულების განვითარებას გეგმავს და პრიორიტეტად, გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებსაც ასახელებს. 2019 წელს პარუნაშვილმა პუტინს მიმართა, რომ უგზავნიდა 50 მოსაწვევს რუსი ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოში საჰაერო გზით უნდა ჩამოსულიყვნენ. ანალოგიურად, 50 ბავშვი საქართველოდან მოსკოვში გაემგზავრებოდა.
ამ მიზნებისთვის 2019 წელს “სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე” უნდა დაეფუძნებინა, ახალციხეში პრეზენტაციაც მოაწყო. თუმცა, საბოლოოდ, პარუნაშვილთან საუბრით გაირკვა, რომ ორგანიზაცია ოფიციალურად არც დაურეგისტრირებია. პანდემიის გამო ვერც რუსეთში ჩასვლა მოახერხა და არც ბავშვთა გაცვლითი პროგრამა განხორციელებულა.
გვითხრა, რომ ოფიციალური რეგისტრაცია მისთვის ფორმალურია და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ამბობს, რომ ის ბიზნესმენია და საიდანაც მეტ ფულს მიიღებს ბიზნესი, იმ მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას, მთავარია ეს ფული ქვეყნისთვის მტრულად არ იყოს გამოყენებული. თუმცა, რუსეთთან მიმართებაში ამას როგორ გააკონტროლებს, არ იცის.
“არ მაინტერესებს პოლიტიკა, გამოაგლიჯე ოკუპანტ ქვეყანას ის სიკეთე, რაც შენ გჭირდება შენი გონივრული ნაბიჯით. რუსეთთან ტურისტული ურთიერთობების დაწყება ელემენტარული სტატისტიკიდან გამომდინარე მინდოდა,” – ამბობს პარუნაშვილი.
ახალციხეში გოჩა პარუნაშვილის გარდა, რუსეთთან დაახლოების სურვილი კიდევ ორი ორგანიზაციის დამფუძნებლებს აქვთ. მართალია, ახლა აქტიურად არ საქმიანობენ, მაგრამ მათი ხელმძღვანელების მოსაზრებებიც საყურადღებოა. მითუმეტეს, ისეთ რეგიონში, რომელიც უმეტესად, ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული. რეგიონში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაა. მათი უმრავლესობა რუსულ ენაზე საუბრობს, ეკონომიკურად რუსეთზე არიან მიბმული და ნათესავ-მეგობრებიც იქ ჰყავთ. რუსული ჰიბრიდული ომი მიზანს აქ უფრო მარტივად აღწევს.
„ჩვენ გვინდა, რომ თაობამ, რომლებსაც გვახსოვს ის თბილი დრო და თბილი ურთიერთობები, ეს დავაბრუნოთ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ურთიერთობების დალაგების გასაღები დევს არა უშუალოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არამედ, ამ შემთხვევაში, რუსეთში,” – ამბობდა 2019 წელს ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში. იმავე წელს კი ა
ხალციხეში პრორუსული ორგანიზაცია “მეგობრობა და ერთობა” დააარსა.
სანდროშვილი “მეცხრე არხთან” ინტერვიუში ამბობდა, რომ მთავრობამ მოსახლეობის სურვილი უნდა გაითვალისწინოს და რუსეთთან დიალოგი დაიწყოს.
“ეს აზრი არსებობს ხალხში, გვინდა თუ არ გვინდა. რეალობაში 70%-ს, როგორც მინიმუმ, აქვს ეს მოთხოვნა და აუცილებელია, ვიღაცამ იმუშაოს ამ კუთხით. თუ თქვენ არ მუშაობთ, მაშინ ჩვენ მოგვეცით მუშაობის საშუალება,” – ამბობდა სანდროშვილი.
ჩვენი ჟურნალისტები ახალციხეში ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ იქ ოლეგ სანდროშვილის საცხოვრებელი სახლია. თავად სახლში არ დაგვხვდა, ამიტომ ტელეფონითაც დავუკავშირდით, თუმცა ჩვენთან საუბარი არ ისურვა: “აღარ ვსაქმიანობ მაგ საკითხში. აღარაფერი გამიკეთებია და აღარც მახსოვდა ეგ ორგანიზაცია რომ იყო. ძალიან ცოტა ხნით იმუშავა. ახლა სამაგისოდ არ მცალია, გენაცვალე.”
ახალციხეში მესამე ორგანიზაციაც არის: “საძმო ტოლერანტის” სახელით. ისიც დირექტორის, ვასილ სიდორკინის სახლის მისამართზეა რეგისტრირებული. კარი მეუღლემ გაგვიღო და ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. თავად სიდორკინზე გვითხრა, რომ სომხეთში იყო წასული.
ახალციხის ქუჩებში 20-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ, ქალაქში რეგისტრირებულ პრორუსულ ორგანიზაციებზე მათ არაფერი სმენიათ. ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებსაც ვკითხეთ, რა იციან ამ ორგანიზაციებზე:
“რეალურად, რა საქმიანობას ეწევიან ეს ორგანიზაციები, არ ვიცი, ოფისიც კი არ ვიცი სად არის. მახსოვს, როდესაც გახსნეს და დაარეგისტრირეს ეს პროცესი, ადგილობრივმა მედიებმა, “მეცხრე არხმა” და “სამხრეთის კარიბჭემაც” გააშუქეს და მაშინ ერთჯერადი აღშფოთება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, მანდაც ორად იყოფოდა აზრი. მაგის შემდეგ რაიმე გაეკეთებინათ ამ ორგანიზაციებს, არ მახსოვს. არც ერთ აქციაზე და აქტივობაზე არ გამოჩენილან,” – ამბობს თაკო თუმანიშვილი, რომელიც ახალციხეში ახალგაზრდული მუშაკია და მოზარდებს საზოგადოებისთვის აქტუალურ სხვადასხვა თემაზე ტრენინგებს უტარებს.
ახალციხის მსგავსად, არც რუსთაველებმა იციან აქ რეგისტრირებულ პრორუსულ ა(ა)იპ-ებზე. 20-მდე ადგილობრივს ვკითხეთ, მაგრამ სამიდან არც ერთ ორგანიზაციაზე არ ჰქონდათ ინფორმაცია. “ქვემო ქართლი მედიას” ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა მანონი ბოკუჩავამ გვითხრა, რომ რუსეთთან კულტურულად დაახლოებას ამოფარებული ორგანიზაციები რუსთავში კონკრეტულ თარიღებში ჩნდებიან, მაგალითად, გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერის დღეს.
“ცოტა გვიკვირს ხოლმე, რომ ორგანიზაციები, რომლებიც არ ჩანდნენ, უცებ გამოჩნდებიან. ისმის რუსულენოვანი საუბარიც. შესაძლოა, ეს ხალხი ყოველდღიურ საქმიანობაში ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ოფისებიც ფორმალურად აქვთ, მაგრამ მგონია, რომ თავიანთ დამაზიანებელ საქმიანობას მაინც ატარებენ,” – გვითხრა მანონი ბოკუჩავამ.
ჩვენთან საუბარი არ ისურვა დმანისში მდებარე რუსულენოვანი კულტურის ცენტრ “ისკრას” დამფუძნებელმა. ვასილისა მინაკოვას სახლში მივაკითხეთ, მაგრამ ინტერვიუზე უარით გამოგვისტუმრა: “არ მინდა ეს ლაპარაკი, საერთოდ არ მინდა. ორი ორგანიზაცია მაქვს, ერთი დროებით გაჩერებულია, მეორე – არა. ორგანიზაცია ფუნქციურია, მაგრამ ისე არა, როგორც ადრე იყო.”
ვასილისა მინაკოვა დმანისში რუსული ენის მასწავლებელია, მან “ისკრა” 2004 წელს საკუთარ მისამართზე დაარეგისტრირა. დოკუმენტების მიხედვით ორგანიზაციის საქმიანობის საგანი იყო სეპარატიზმთან შეურიგებლობა, რუსეთის თანამემამულეთა და რუსულენოვანი მოსახლეობის გაერთიანება დმანისსა და მიმდებარე რეგიონებში.
2014 წელს “საქართველოს რუსი ახალგაზრდების კავშირის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, “ისკრა” რუსული დიასპორის ორგანიზაციაა და მათ უკვე ათწლიანი თანამშრომლობა აქვთ. არც დმანისელებს სმენიათ ბევრი რამ “ისკრასა” და ვასილისა მინაკოვას საქმიანობის შესახებ.
“წლებია, ორგანიზაცია გვაქვს და შეხება არ გვქონია, საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც დაარეგისტრირეს. მოსახლეობიდან ერთეულებს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია. ამ წლების განმავლობაში არანაირი შეხვედრები არ გამიგია, მოქმედია თუ არა, ეგეც არ ვიცი,” – გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელის” თანადამფუძნებელმა მარიამ დაუთაშვილმა.
“პირველი ევროპელი” 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ევროპული და დემოკრატიული ფასეულობების ხელშეწყობაა. აქტიურად მუშაობენ დმანისში და სოფლებში მცხოვრებ ბავშვებთან და მოზარდებთან, აწყობენ საზაფხულო სკოლებს და კინოსაღამოებს.
როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ფურცელზეა რეგისტრირებული და საჯაროდ არაფერს აკეთებს ქუთაისში დაფუძნებული ორი ორგანიზაცია – “რუსული ენის მასწავლებელთა ასოციაცია” და “ქართულ-რუსული ურთიერთობების მართლმადიდებლური ცენტრი.”
საჯარო რეესტრში მათი დოკუმენტების მიხედვით, ეს ორგანიზაციები რუსეთთან მეგობრობის, კულტურული და სამეურნეო თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა. ჩვენ მათი იურიდიული მისამართებიც გადავამოწმეთ. “მასწავლებელთა ასოციაცია” კორპუსშია რეგისტრირებული, ადგილზე არავინ დაგვხვდა და მათი საქმიანობის შესახებ არც მეზობლებმა იცოდნენ რამე. ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაციაც არ მოიპოვება. რეესტრში ატვირთულ დოკუმენტებში დირექტორის, მაია ესებუას მობილურის ნომერი ვნახეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნომერი მას აღარ ეკუთვნის.
“ქართულ-რუსული ურთიერთობების მართლმადიდებლური ცენტრი” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნანა ლომთაძის საცხოვრებელ სახლშია რეგისტირებული. თავად სახლში არ დაგვხვდა. კარი მამაკაცმა გაგვიღო, რომელმაც დაგვიდასტურა ამ მისამართზე ცენტრის რეგისტრაცია, მაგრამ ზურგით იდგა, მისი სახე რომ არ დაგვენახა. გვითხრა, რომ შეუძლოდ იყო და კითხვებზე დეტალურად ვერ გვიპასუხებდა. მისი ან ნანა ლომთაძის მობილურის ნომერიც ვთხოვეთ, რომ მოგვიანებით გავსაუბრებოდით, მაგრამ გვიპასუხა, ჩემი ნომერი არ ვიციო.
ქუთაისელ აქტივისტებს და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე ამბებს კარგად იცნობენ, ქუთაისში რეგისტრირებულ ამ ა(ა)იპ-ებზე არაფერი სმენიათ, არც მათი დამფუძნებლების და დირექტორების სახელები ეცნობათ. გვითხრეს, რომ იმდენად აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ საქმიანობაში, ეს ხალხი მართლაც რომ აკეთებდეს რამეს, აუცილებლად გაიგებდნენ.
ბათუმში მერიის ბალანსზეა შენობა, რომელსაც “მეგობრობის სახლი” ჰქვია და მასში ადგილი პრორუსული ორგანიზაციებისთვისაც მოიძებნა. 2007 წლიდან აქ ერთ ოთახში სამი ა(ა)იპ-ი მუშაობს – რუსულენოვანი ინტელიგენციის ასოციაცია “რასვეტი,” “საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში” და “რუსეთის თანამემამულეთა აჭარის საზოგადოება.” “მეგობრობის სახლის” დირექტორი გვიდასტურებს, რომ სამივე ა(ა)იპ-ი საკმაოდ “ცოცხლად” მუშაობდა, აწყობდნენ კულტურის და ლიტერატურის საღამოებს. ახლა ოფისები ისევ აქ აქვთ, მაგრამ საქმიანობა შეწყვიტეს. მათ საქმიანობაზე ვრცლად ადრეც გიყვებოდით.
რამდენიმე წლის წინ ვწერდით მარნეულში რეგისტრირებულ ორგანიზაცია “ჟემჩუჟინაზეც,” რომლის მიზანი რუსული კულტურის და ლიტერატურის ღრმად შეცნობაა. ის 2015 წელს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნატალია ვერეშჩაგინამ დააფუძნა. “ჟემჩუჟინაში” აწყობდნენ ლიტერატურულ საღამოებს, აღნიშნავდნენ “მასლინიცას,” რუსი პოეტებისა და მწერლების დღეებს და მოსწავლეებს გაცვლითი პროგრამით რუსეთში უშვებდნენ. როგორც ჩანს, ორგანიზაცია პანდემიამდე უფრო აქტიურად საქმიანობდა.
“ადრე უფრო ჩანდა, კორონამდე. რუსულენოვან ადამიანებს გრიბოედოვის თეატრში ბილეთებს ჩუქნიდნენ. “ჟემჩუჟინას” დახმარებით აქაურები რუსეთში მიდიოდნენ სასწავლებლად. რამდენიმე სტუდენტს ვიცნობ, ვისაც ეს ქალი ეხმარებოდა რუსეთის უნივერსიტეტებში კვოტებით მოხვედრაში. შეიძლება ახლაც რაღაცას აკეთებენ, უბრალოდ მე ინფორმაცია აღარ მაქვს,” – გვითხრა სათემო რადიო “მარნეულის” დამფუძნებელმა კამილა მამედოვამ.
ნაკლებად აქტიური ორგანიზაციების გვერდით, არსებობენ ისინიც, რომელთა საქმიანობა უფრო შესამჩნევია.
მათგან ყველაზე აქტიური საქართველო-რუსის ორმაგი მოქალაქის, ანჟელიკა ზახაროვას ორგანიზაციებია. ზახაროვამ და მისმა ქმარმა საქართველოში 2013 წლიდან 7 არაკომერციული ორგანიზაცია დააფუძნეს. ერთ-ერთი მათგანი “სლავ ხალხთა კონგრესია,” რომელიც “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ორგანიზატორი და წამომწყებია.ხუთი წლის წინ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავზე თბილისში “უკვდავი პოლკის” მსვლელობა გაიმართა. მარში 2007 წლიდან რუსული იდეოლოგიის გასავრცელებელი პოლიტიკური იარაღია. ეს ის მოძრაობაა, რომელზეც 2017 წელს ვლადიმერ პუტინი ამბობდა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის შეიქმნა, რომ არ დაგვავიწყდეს წარსული და არ დავუშვათ მისი ფალსიფიკაციაო. ეს სამხედრო-პატრიოტული მარში მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება, დემონსტრანტები ქუჩაში მათი სურათებით ხელში დადიან. მარშში მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინიც.
თბილისში ამ აქციის მონაწილეებს თან აქვთ ხოლმე გეორგიევსკის ლენტიც, რომელიც საბჭოთა კავშირის და ზოგადად, “რუსული სამყაროს” სიმბოლიკაა.
ზახაროვას 2019 წელს ბათუმში “უკვდავი პოლკის” მემორიალის გახსნაც სურდა. თუმცა, მერიის მრჩეველთა საბჭომ ამის უფლება არ მისცა. საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მემორიალს ვერ გახსნიდა კერძო ორგანიზაცია, მით უფრო ისეთი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციას.
ზახაროვას ორგანიზაციები ბეჭდავდნენ რუსულენოვან წიგნებს და 2017 წელს სკოლებში არიგებდნენ, რუსეთში სწავლის მსურველებს კი საბუთების მოგროვებასა და გამგზავრებაში ეხმარებიან. ზახაროვას და გოგიძის ა(ა)იპ-ები საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს იურიდიულ და
ხმარებასაც სთავაზობენ. 2022 წლის მაისში ანჟელიკა ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო დუმაში “რუსეთის მსოფლიო ფონდის” წარმომადგენელ ლეონიდ სლუცკისგან მიიღო მადლობის წერილი მისი აქტიურობის და კეთილი საქმეების გამო.
2021 წლის თებერვალში საქართველოში რეგისტრირებულმა პრორუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინდელ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიმართეს თხოვნით, რომ საქართველოში შემოეტანათ covid-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა sputnik v. მათ შორის იყო ზახაროვას და გოგაძის ორი ორგანიზაციაც – “საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი” და “საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი.”
შემოსავლების სამსახურის საჯარო ბაზის მიხედვით, ზახაროვასა და მისი ქმრის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან ყველა პასიურია, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ორ წელში ამ ორგანიზაციებს არანაირი ფინანსური აქტივობა არ ჰქონია.
არადა, სოციალურ ქსელში ვხედავთ ზახაროვასა და მისი ორგანიზაციის საქმიანობას. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუკი ორგანიზაციები პასიურია, რა თანხებით და როგორ ახერხებდნენ ბოლო ორ წელში ღონისძიებების ჩატარებას.
ლიკა ზახაროვას დავუკავშირდით მობილურ ტელეფონზე, რომელზეც მისმა მეუღლემ, რევაზ გოგიძემ გვიპასუხა. გვითხრა, რომ მთელი ოჯახი საზღვარგარეთაა შვილიშვილის სამკურნალოდ და ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდათ. ლიკა ზახაროვას კი ცალკე საკუთარი ნომერი არ აქვს.
რევაზ გოგიძე 2020 წლიდან თურქეთში იმალება. მას 2020 წელს დაუსწრებლად მიესაჯა 5-წლიანი პატიმრობა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებისთვის. გოგიძემ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 153 ათასი ლარით აზარალა.
ანჟელიკა ზახაროვა პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მერად “მუშათა სოციალური პარტიიდან” იყრიდა კენჭს.
ქუთაისში რეგისტრირებული “რუსული საზოგადოება თანამემამულენის” ხელმძღვანელი, გია ტომაშიც გვეუბნება, რომ მათი ორგანიზაციაც შეძლებისდაგვარად ფუნქციონირებს. ტომაში ქართველ სტუდენტებს რუსეთის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაში ეხმარება. ორგანიზაცია 2001 წლიდან არსებობს, მას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს. ოფისი პრესის სახლის ერთ ოთახში აქვთ, სადაც მოქალაქეებს კვირაში ორჯერ ხვდებიან. გია ტომაშს ვკითხეთ, კონკრეტულად რა საკითხებზე ესაუბრებიან ხალხს და გვიპასუხა, რაზედაც აინტერესებთ იმაზეო.
ტომაშმა დაგვიდასტურა, რომ სტუდენტებს რუსეთში უშვებენ სასწავლებლად და ამაში ნიკოლაი სვენტიცკი ეხმარებათ, რომელიც საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს. გია ტომაშის ორგანიზაცია სწორედ ამ საბჭოს წევრია.
“ჩვენს ხალხზე მიხედვაც არის, თორემ აქ ვინმე რამის გაფუჭებას ან თავზე მოხვევას კი არ ცდილობს. ეს გვჭირდება ჩვენ, სახელმწიფოს გვჭირდება. განათლება გვჭირდება. რუსული სექტორი ვისაც აქვს დამთავრებული, იმან რა ქნას?” – გვითხრა “რუსული საზოგადოება თანამემამულენის” დირექტორმა გია ტომაშმა.
ვკითხეთ, სტუდენტებს როგორ არჩევენ, მაგრამ პასუხს ისევ თავი აარიდა – “კაი, ნამეტანი გაინტერესებს ახლა შენ, ჩემი გოგო.”
სამოქალაქო აქტივისტებმა აკაკი საღინაძემ და გოჩა ჩხეტიამ ამ ორგანიზაციაზე გვითხრეს, პანდემიის დროს ნაკლებად ჩანდნენ, თუმცა იქამდე სტუდენტები სასწავლებლად რუსეთში მიჰყავდათო.
“რაღაც ღონისძიებები მოაწყოს და ჩანდეს ქალაქში, მაინცდამაინც ასე არა. როცა არ უნდა მიხვიდეთ, გია ტომაში სულ მარტო ზის ამ ოფისში. რომ ჩავივლიდი და გავიხედავდი, სულ იჯდა მარტო. დიდი ხანია, ასე 15 წელი იქნება, რაც პრესის სახლში არიან,” – გვითხრა გოჩა ჩხეტიამ.
შემოსავლების სამსახურის ბაზაში ამ ორგანიზაციასაც პასიურის სტატუსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტომაში გვიდასტურებს, შეძლებისდაგვარად ვმუშაობთო. ტომაშს ამის შესახებაც ვკითხეთ.
“ბოლო ორი წელიწადი და ცოტა მეტი პანდემიაა გარშემო და პასიური იქნება, აბა რა იქნება. ფინანსები არასდროს გვქონია, არც ხელფასები და საშემოსავლოში რას ეძებთ, ვერ გავიგე?”
ჩავეკითხეთ, თუ ხელფასები არ გაქვთ და დაფინანსება, მაშინ როგორ მუშაობთ-თქო. “ახლა ნამეტანი გაინტერესებთ თქვენ და არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი,” – ასე გვიპასუხა.
რუსეთში სხვადასხვა მიზნით წასვლის მსურველებს ეხმარება ვერა კუზნეცოვაც. ის რუსთავში რეგისტრირებულ “რუსულ საზოგადოება როდნიკს” ხელმძღვანელობს.
“აი, ფაქტი” მივიდა “როდნიკის“ ოფისში, რომელიც კერძო სკოლის პირველ სართულზე, ნაქირავებ ფართშია განთავსებული. დამფუძნებელმა ვერა კუზნეცოვამ ოთახში შეგვიპატიჟა – “დავაიწე გოგოებო, მობრძანდით.” თვალში პირველად თაროზე დადებული რუსეთის დროშა და კედელზე ჩამოკიდებული რუსულენოვანი დიპლომები მოგვხვდა.
კუზნეცოვამ გვითხრა, რომ „მინი ბიზნესი“ აქვს, რუსეთში წასვლის მსურველებს ვიზის მისაღებად საჭირო ანკეტის შევსებაში 30 ლარად ეხმარება. ორგანიზაცია 1999 წლიდან საქმიანობს, 9 მაისსა და ახალ წელს დგამდნენ სპექტაკლებს, რომლებიც რუსეთის კულტურის სამინისტროსგან ფინანსდებოდა. დამფუძნებელი იხსენებს, რომ ორგანიზაციის საშუალებით საქართველოდან 30 მოსწავლე მოსკოვში ექსკურსიაზეც წავიდა.
“პანდემიის და პოლიტიკური სიტუაციის გამო აქტიური აღარაა. ზეიმები, თეატრალური სტუდია, ბიბლიოთეკა იყო, ხალხი მოდიოდა და კონსულტაციებს ვუწევდი, საკონსულოს შესახებ კითხვები ჰქონდათ. ჩემი შვილი თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი იყო. სანქტ-პეტერბურგში დაამთავრა ორდინატურა,” – ამბობს ვერა კუზნეცოვა.
რუსთავშია რეგისტრირებული “ჟიული შარტავას სახელობის სოციალურ-კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრიც,” რომელსაც ოფისი 2003-2010 წლებში რუსთავის კულტურის სახლის შენობაში უფასოდ ჰქონდა დათმობილი. აგვისტოს ომის შემდეგ კი ურთიერთობები დაიძაბა და 2010 წლიდან ოფისის ქირის გადახდა მოსთხოვეს. ამიტომ ახლა ოფისად დირექტორის სახლს იყენებენ. ვიქტორია პოპოვა გვიდასტურებს, რომ ორგანიზაცია აქტიურია, მაგრამ პანდემიის გამო შეფერხებით მუშაობენ.
“ჟიული შარტავას ცენტრში” ერთიანდებიან რუსული ენის პედაგოგები, მუსიკალური სკოლების მასწავლებლები, მხატვრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის რუსულენოვანი ლექტორები.
ჟიული შარტავას სახელი ცენტრს ვიქტორია პოპოვამ შარტავასთან მეგობრობის გამო დაარქვა. გვითხრა, რომ მისი გმირობით აღფრთოვანებული იყო. ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო, ის აფხაზეთში ომის დროს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს. ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2004 წელს მიენიჭა.
ვიქტორია პოპოვა გვიყვება, რომ 2008 წლის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეებს ზაფხულში 1 თვით მოსკოვში უშვებდნენ რუსული ენის შესასწავლად. ამ პროგრამას “მოსკოვის დახმარების ფონდი” აფინანსებდა. ორგანიზაცია რუსეთში სწავლის გაგრძელებაში სტუდენტებს რუსეთის სახელმწიფოს დაფინანსებით ახლაც ეხმარება.
“ჩვენ ვეხმარებით საჭირო საბუთების მოგროვებაში, გვირეკავენ დირექტორები, რომ აი, დამასრულებელ კლასშია ბავშვი, ვისაც უნდა სასწავლებლად რუსეთში წასვლა და თუ შეგიძლიათ, კონსულტაცია გაუწიეთო. საქართველოს დიპლომით მხოლოდ საქართველოში შეგიძლია დასაქმება, რუსეთის დიპლომი კი ბევრ ქვეყანაში ხსნის კარს სამუშაო შესაძლებლობისთვის,” – გვითხრა ვიქტორია პოპოვამ.
“ჟიული შარტავას ცენტრში” აღნიშნავენ პუშკინის დაბადების და გარდაცვალების დღეებს. პოპოვას თქმით, მისი გულის გაჩერების წუთს სკოლებში წუთიერი დუმილით ხვდებიან. აწყობენ ლერმონტოვის და გალაკტიონ ტაბიძის კულტურულ საღამოებსაც. 2007 წელს ვიქტორია პოპოვას რუსეთის საელჩომ გადასცა ჯილდო საქართველოში რუსული ენის და კულტურის შენარჩუნებისთვის.
პოპოვას ვკითხეთ, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში მისი ორგანიზაცია რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი შეიძლება იყოს. მან გვიპასუხა, რომ ის ყველანაირი პოლიტიკისგან შორს არის და ეს ორგანიზაციის წესდებაშიც წერია. მისი მთავარი მიზანი კი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვაა.
რუსული ჰიბრიდული ომის მკვლევარი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ კულტურაზე ხაზგასმით საზოგადოებაში სენტიმენტები ღვივდება და რუსეთის მიმართ პროტესტის შეგრძნებაც ქრება.
“როდესაც გასაზრდოებენ ნარატივებით, სოც. ქსელი იქნება, მედია, სამეზობლო თუ ეკლესიაში ქადაგება, სიმბოლურად, შენი გონება მომზადებულია ამ თემებისთვის და ორგანული ხდება. მაგალითად, პუშკინს ყვავილი დაუდეს, 9 მაისს აღლუმი ჩაატარეს. ეს შენი განუყოფელი ნაწილი ხდება და საზოგადოების ნაწილი აღარც გააპროტესტებს. რუსეთი დღევანდელ კულტურას ვერაფერს სთავაზობს და ისევ მე-18, მე-19 საუკუნის მწერლები და ავტორები უნდა ამოიღონ. ძველი რუსული კულტურა ევროპულ რუსეთში შეიქმნა და სულ სხვა ამბავი იყო. უბრალოდ, ესენი იყენებენ რუსული სენტიმენტების გასაღვივებლად, რომ საზოგადოების გონებაში სულ არსებობდეს რუსეთი,“ – ამბობს ბუტიკაშვილი.
რუსეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების მსურველ ქართველებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით ვალერი კვარაცხელიას და გულბაათ რცხილაძის საქმიანობას. ვალერი კვარაცხელია ორი ორგანიზაციის, “საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის” და “საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის” დამფუძნებელია. ოფიციალურ დოკუმენტებში, მათი მიზანი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება და “სახალხო დიპლომატიაა.” კვარაცხელია რუსული პროპაგანდისტული მედიის, “ობიექტივის” წამყვანია.
“როდესაც გისვამენ კითხვას ოკუპაციის შესახებ, რატო პირდაპირ არ პასუხობთ, რომ არანაირი ოკუპაცია არ ყოფილა? ოკუპაციის სუნიც კი არაა,” – ამბობდა კვარაცხელია 2018 წელს. ის ერთ-ერთია, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის ბოლო ელჩი ვიჩისლავ კოვალენკო აეროპორტში გააცილა და მასთან ერთად სადღეგრძელოებიც თქვა.
გულბაათ რცხილაძემ კი რუსეთისთვის სახეიროდ მუშაობა 2008 წელს დაიწყო. “აგვისტოს ომიდან” მალევე მან დააფუძნა ინტერნეტგამოცემა “პოლიტფორუმი”, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა. 2009 წელს გულბაათ რცხილაძემ ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტი” დაარეგისტრირა. 2014 წლიდან მათ რუსეთში ვიზიტები დაიწყეს და აქტიურად თანამშრომლობენ რუსულ ინსტიტუტებთან, მათ შორის ისეთთან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია.
“ევრაზიის ინსტიტუტის” პარტნიორები არიან მედიაგამოცემები „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge), “საქინფორმი” და “ივერიონი.” აქ გამოქვეყნებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლური რიტორიკისაა.
2015 წლის 2 მაისს “ევრაზიის ინსტიტუტის” ორგანიზებით ომის ვეტერანები შეხვდნენ სამაჩაბლოდან დევნილ მოსწავლეებს, სადაც 9 მაისის, როგორც გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე და სტალინის დამსახურებებზე ესაუბრნენ.
“გავრილოვის ღამის” სამი წლისთავზე, გასულ თვეში “ევრაზიის ინსტიტუტის” თანაორგანიზებით თბილისში გაიმართა სემინარი, სადაც სკოლის მოსწავლეებს საბჭოთა კავშირის სიკეთეებზე უყვებოდნენ.
შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, “ევრაზიულ ინსტიტუტს” ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია არცერთი სახის ფინანსური აქტივობა, არც დეკლარაციები გაუგზავნია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.
“აი, ფაქტი” დაუკავშირდა გულბაათ რცხილაძეს. მან გვითხრა, რომ დონბასის რეგიონის ქალაქები მოიარა და ერთადერთი ქართველი რეპორტიორია, ვინც იქ საომარი ვითარების პირობებში შევიდა. ისიც დაამატა, რომ კომერციული ორგანიზაცია არ არის და შეუძლია, არ ჰქონდეს შემოსავალი და გასავალი.
“მე ვარ დამფუძნებელი ორგანიზაციის და სრული უფლება მაქვს, პირადი შენატანით დავაფინანსო ესა თუ ის აქტივობა “ევრაზიის ინსტიტუტის” ეგიდით. ამ ორგანიზაციის სპონსორი გახლავართ პირადად მე, გულბაათ რცხილაძე და არც გრანტი, არც შმანტი არ არის. ახლა მე ვინც კიდე რამეს შემომწირავს, ეს უკვე ჩემი პირადი ისაა, თუ გნებავთ, ჩემი პირადი საიდუმლო დაარქვით.”
რცხილაძეს უფრო დეტალურად ვკითხეთ, კონკრეტულად, რას საქმიანობს მისი ორგანიზაცია. მან გვითხრა, რომ ისინი აწყობენ მსვლელობებს, ტრენინგებს, შეკრებებს, ბეჭდავენ ლიტერატურას და შემდეგ უფასოდ არიგებენ: “ჩვენ რასაც ვაკეთებთ ცნობილია ეს ძაან კარგად. ვავლენთ თქვენნაირ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან საქართველოში და ფინანსდებიან გაურკვეველი წყაროებიდან, დასავლეთიდან. მაგალითად, კუროპტევისა და მსგავსი პერსონების შესახებ გამოძიება ჩავატარეთ, სულ ბოლო ახალი ამბავია.”
ბოლოს კი დაამატა რომ თუ უფრო ღრმად გვაინტერესებს რას ბეჭდავენ, შეგვიძლია მივიდეთ და ვნახოთ, როცა თბილისში ჩამოვა. მიუხედავად იმისა, რომ “ასეთი ორგანიზაციიდან ვართ.”
როგორც ჩანს, გულბაათ რცხილაძე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მხარდამჭერია. 2011 წელს მან “პოლიტფორუმზე” გამოაქვეყნა სტატია “ბორის, შენ მართალი ხარ,” სადაც ივანიშვილს რუსეთის მიმართ დათბობის პოლიტიკას უწონებდა. “არსებობს იმედი, რომ ივანიშვილი არ შედრკება პროპაგანდისტული მანქანის ზეწოლის პირობებში, როცა საუბარი იქნება რუსეთთან ურთიერთობებისა და მეგობრობის აღდგენის აუცილებლობაზე. საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, საქართველოს პოლიტიკური ჭაობი კი სუფთა ტბად გადაიქცევა,” – წერია სტატიაში.
როცა ამ ორგანიზაციებს ვიკვლევდით, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მათგან ყველაზე აქტიური ალექსანდრე ბეჟენცევი და მისი ორგანიზაციებია.
ალექსანდრე ბეჟენცევი “საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირისა” და “საქართველოს რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრის” დირექტორია. “მედიის განვითარების ფონდის” (mdf) ანგარიშის თანახმად, “სამართლებრივი დაცვის ცენტრს” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული “საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი” აფინანსებს.
“საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის” აქტივობებს კი ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი “გორჩაკოვის ფონდი” აფინანსებს. გორჩაკოვის ფონდი რუსეთის “რბილი ძალის” გამავრცელებელ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა და უკრაინაში მათი ოფისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო 2015 წელს დახურა.
საქართველოში კი “საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირმა” 2021 წლის მარტში ახალგაზრდა იურისტთა სკოლა მოაწყო ბორჯომში, სასტუმრო Crown Plaza- ში. ტრენინგს “საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი” აფინანსებდა. ერთი თვის შემდეგ ფონდმა ბეჟენცევს კიდევ ერთი ღონისძიება “მრგვალი მაგიდა” დაუფინანსა. მსოფლიო საკოორდინაციო საბჭოს ვებგვერდზე მისი სახელის ჩაწერისას 128 შედეგს აჩვენებს. აქედან ნაწილი მისი ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებს ეხება, ნაწილი კი ბეჟენცევის პუბლიკაციებს.
ბეჟენცევია საქართველოში დაფუძნებული “რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს” ხელმძღვანელის მოადგილე. საბჭო 20 წლის წინ შეიქმნა ჩვენთან მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოქალაქეების კულტურული განვითარებისა და ინტერესების დასაცავად. მას შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია მართავს. დაფინანსებას კი რუსეთში მოქმედი, პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიდან იღებს.
საბჭო ეხმარება წევრ ორგანიზაციებს დაფინანსების მოპოვებაში; კონსულტაციას უწევს სტუდენტებს რუსეთში გამგზავრებასა და დაფინანსების მიღებაში; მართავს კულტურულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს.
საბჭოს ნიკალაი სვენტიცკი, გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელი მეთაურობს. სვენტიცკი რუსეთის და საქართველოს დამსახურებული მსახიობი და “რუსკი კლუბის” პრეზიდენტია. მან 2021 წელს რუსეთის საპატრიარქოსგან უმაღლესი ჯილდო მიიღო საქართველოში რუსული კულტურის შენარჩუნებისთვის. საბჭო აწყობს კონფერენციებს, რომელზეც აჯილდოებს სხვადასხვა აქტიურ წევრს, ისეთებს როგორებიც არიან, “ევრაზიის ინსტიტუტი” ან საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურული ცენტრი “ისკრა.” ასეთი შეკრებები წელიწადში ერთხელ იმართება. 2016 წელს მათი კონფერენცია რუსეთის ჰიმნის შესრულებით გაიხსნა.
ჩვენს მიერ გამოკვლეული 76 ორგანიზაციიდან 20 “რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს” წევრია.
საბოლოოდ გამოდის, რომ ამ ორგანიზაციების გავლენა საზოგადოებაზე მაინც ვერაა ისეთი, როგორიც მაგალითად, “ალტ-ინფოს” ზემოქმედებაა ახლა ან “პატრიოტთა ალიანსის” გავლენა იყო თავის დროზე.
მასალა მომზადებულია USAID-ის “ინფორმაციის სანდოობის პროგრამის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zinc Network-ი. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს USAID-ის ან Zinc Network-ის შეხედულებებს.
მოამზადა: https://www.ifact.ge/