ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სად არის დაპირებული-კანონზე, სამართალზე, დემოკრატიაზე, ზნეობაზე დამყარებული და შესაბამისად განვითარებული ქვეყანა

სად არის დაპირებული-კანონზე, სამართალზე, დემოკრატიაზე, ზნეობაზე დამყარებული და შესაბამისად განვითარებული ქვეყანა
27-06-2022, 12:52

საქართველო, ჩვენი ნატრაბახევი საქ­ართველო ნეტავ სად არის?!
მოდი დავდგეთ და ვიტრაბახოთ!
მოდი დავდგეთ და ვიძახოთ ხმამ­აღლა  _ რა მაგრები ვართ!
მოდი დავდგეთ და მივბაძოთ ქვეყნის პრემიერ მინისტრს _ საქვეყნოდ ლაფი ვასხათ ერთმანეთს!
თუმცა ეს ხომ ისედაც არ გვაკლია, ჩვენ ხომ მოშურნეთა, მძაგებელთა, ჩასაფრებულთა, ხელისბიჭობით აღზ­ევე­ბულ უცოდინართა, განათლებულ და ზნემაღალ ქართველთა კუთხეში მიმწევთა, სულით მონათა, ფარხმალ დაყრილთა ქვეყანად ვიქეცით.
ნეტავი რატომ?
ჩვენ ხომ მთავრობაში შეყრილ მა­ღალხელფასიანთა ქვეყანად ვიქეცით, გალაღებულთ ამრეზით რომ შესცქ­ერიან ათასობით დამცირებულნი, ქვეყნის მმართველი კასტის მიერ შექმ­ნილი  გარემოთი დაბეჩავებულნი. ჩვენ ხომ იმ ხალხად ვიქეცით, რომელიც თავისუფლებაზე მეოცნებე, ხელფეხ შეკრული აღმოჩნდა და ხსნა მხოლოდ გაქცევაში დაინახა. 
ჩვენ ხომ იმ ხალხად ვიქეცით, სადაც პატიოსნება, შრომისმოყვა­რე­ობა, განათლებულობა, წესიერება სა­სა­ცილოდ არის ქცეული.
ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც ისე დაგვაჩაჩანაკეს, რომ ჩვენი მთა­ვარი ღირსება, ჩვენი ხმა, ანუ ჩვენი მეობა ლარებზე შეიძლება გავყოდოთ იმ ადამიანებზე, ვინც იმდენად უზნე­ონი არიან, რომ დეპუტატის მანდა­ტისთვის ქართველს აკადრებენ ამ უზნეობას და ადამიანები, რომლებიც კადრულობენ ხმა იყიდონ, წარმოი­დგ­ინეთ დეპუტატის მანტიით კიდევ რამდენის მკადრებელნი არიან...
და კიდევ რამდენი და რამდენი... დანარჩენი თავად გააგრძელეთ ჩვენო მკითხველო.
და ჩვენ გვინდა ევროპა!
სად არის ევროპა?
ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, თუ ის უნდა მოვიდეს ჩვენამდე? 
...მოიხედეთ ბატონებო, ვერ ხედავთ ქვეყანა იცლება?!  გარბიან და გარბიან ქართველები! სად არის თქვენი წარმატებული პოლიტიკა, რომლის წამოყ­ვედრებით ლამისაა სამოთხე დავიჯე­როთ. სად არის? 
ოცდაათწლიანი ჭაპანჭყვეტის შედ­ეგად სანამდე მივიდა ქართველი ხალ­ხი? ნერწყვს ყლაპავს ერთეულთა არ­მად ნაშოვნის ცქერით თავად ამის შედეგად დამცირებული და დაგლახებული.
... და რაო ევროკავშირმა? რატომ არაო? 
ამ ყველაფრის შემდეგ ვინმეს გვიკვირს რომ არაო?
პირველ რიგში ოლიგარქიული მმარ­თელობა დაასრულეთო.
და რა არის ოლიგარქია? განმარტება ასეთია- (ოლიგარქია-მმართვ­ელობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძა­ლა­უფლებას იყენებენ საკუთარი ინ­ტერესების შესაბამისად.
თავისუფლება, დემოკრატია და ოლ­იგარქია ერთად წარმოუდგენელია. 
ევროპარლამენტმა უკრაინის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქ­ართველოს კი უთხრა აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ მოგანიჭებთ კანდიდატობასო. 
მთავარი მო­თ­ხოვნა დეოლიგარქიზაციაა.
სამწუხაროდ, მთავრობის პი­რ­ველი პირი და შესაბამისად მთავრობა, ქვე­ყანაში ოლიგარქიულ მმართველობას არ აღიარებს. შესაბამისად გამოსავალსაც არ ეძებს ჩიხიდან, რომელშიაც ქვეყანა შესულია. 
არც დეპოლარიზაციაზე ფიქრობს.  პირიქით,  ჩხუბისა და აყალმაყალის ნათელი მაგალითი იყო პრემიერ მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. პოლიტიკურ ძალებს შორის  დეპოლარიზაციის დასრულება ხომ სწორედ ერთ-ერთი მოწოდებაა ევროპარლამენტისგან.  ცივი გონებით უნდა განვიხი­ლოთ, რა ხდება და რა მოხდა საქა­რთველოს თავს. ევროკავშირს რეალურად აქვს გაცხადებული გრძელვადიანი პოლიტიკა, რომ რაღაც ეტაპზე შესაძლებელია ე.წ. ტრიო _ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო _  იყოს ევრ­ოკავშირის წევრი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მაშინ აღმოჩნდა, რომ საქართველო თურმე სხვა სტრ­ატეგიულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მთავარი მაინც ტერიტორიული პრინციპი აღმოჩნდა და არა ის ,,მიღწ­ევები“, რაც პრემიერმა უხვად ჩამო­თვალა პარლამენტში გამოსვლისას. ისე აბსოლუტური ერთსულოვნება არც ევროპარლამენტშია. არიან ქვე­ყნები, რომლებმაც ერთხმად დაგვი­ჭირეს მხარი-ბალტიისპირეთი, ესპა­ნეთი, ნიდერლანდები და სხვები, მაგ­რამ პოლიტიკურად ევროპამ თანხმობა უთხრა ომში ჩართულ უკრაინას, რომელიც უშუალოდ იცავს ევროპას რუსული აგრესიიდან ამ ეტაპზე და მოლდოვას, რომელიც იქვე მდებარეობს და არანაკლებ გასაჭირშია შიდაპოლიტიკური დაპირისპირების  და რუსული ოკუპაციის გამო. საქა­რთველო კი უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენ ამ შანსს მაინც ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ, ჩავთვალოთ _ რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. ის შენიშვნები, რაც რეზოლუციაშია მითითებული, შესრუ­ლებადია, თუკი ქვეყანა მოინდომებს. 
30 წლის მანძილზე პოლიტიკური ელიტები შეცდომებს შეცდომებზე უშ­ვებდნენ.  ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით. ევროპას კი არ უნდა დავაბრალოთ, რომ არ მიგვ­იღეს, ჩვენს თავს დავაბრალოთ, რომ მთავრობებს მივეცით საშ­უალება დავემონებინეთ.  ევროპას კი მადლობა ვუთხრათ, რომ შანსი დაგვიტოვა და გამოგვაფხიზლა საღათას ძილიდან. ლაზათიანად შეგ­ვ­ან­ჯღრია  _  გონს მოდითო. 
არადა, ქართველი საღათას ძილს მიჩვეულია, საღათას ძილს. ,,ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილიო!“ _ ხომ გახსოვთ როდის თქვა, შემდეგში ქართველთა ხელითვე მოკლულმა დიდმა ქართველმა. (დიდი ქართვე­ლების ატანა ხომ არადა არა არის საქართველოში, რადგან მათ გვე­რ­დით კარგად ჩანს გლახათა სიგლ­ახე.) 
სად არის ბიძინა ივანიშვილი? ოლიგარქი, რომლის გამო საქართველო ოლ­იგარქიულ ქვეყნად იქნა აღიარ­ებული ევროკავშირის მიერ?! თქვენ, ჩვენო ძვირფასო ხალხო, არ გიჩნდ­ებათ სურვილი ერთხელ მაინც მოუ­სმინოთ მას, ერთხელ მაინც ჩახედოთ თვალებში და მოთხოვოთ პასუხი  _ სად არის დაპირებული  _  კანონზე, სამართალზე, დემოკრატიაზე, ზნეო­ბაზე დამყარებული და შესაბამისად განვითარებული ქვეყანა.
მე, როგორც შვილების დედა ვი­თხოვ პასუხს ამ შეკითხვაზე! 
მე, როგორც საქართველოს მოქალ­აქე, რომელიც არსად გაქცევას არ აპირებს, ვითხოვ პასუხს ამ შეკით­ხვაზე!
მე, როგორც ჟურნალისტი, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ქვე­ყნისთვის მეტად საჭირო ამ პროფესიას ვემსახურები, ვითხოვ პასუხს ამ შეკითხვაზე!
მე გეკითხებით თქვენ - რატომ გგ­ონიათ ეს ქვეყანა, რომელიც ჩვენი სამშობლოა, თქვენი  და თქვენი ფარის სახნავ-საძოვარი.
დაამთავრეთ! 
დრო ჩართულია! დრო არ ითმენს!
დაცინვასაც საზღვარი აქვს!

           ნონა გიგინეიშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 303
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა