,,ჰო და არას“ სტუმარია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 1998-2003 წლებში, საქართველოს ექს თავდაცვის მინისტრი (1991 წ.), ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე (2000 წ) . გენერალ ლეიტენანტი ( სამვარსკვლავიანი გენერალი,უმაღლესი სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში) ბატონი ჯონი ფირცხალაიშვილი. 22 მაისს მას 75 წელი უსრულდება. „ჰო და არა“-ს რედაქცია წინასწარ ულოცავს ბატონ ჯონის დაბადების დღეს.
_ მოგესალმებით ბატონო ჯონი, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება მშობლიურ რაიონში...
_ გაგიმარჯოთ! მადლობა, მეც მიხარია თქვენთან დღევანდელი შეხვედრა და თუ რაიმე კეთილს გავაკეთებთ, კმაყოფილი დავრჩები. გუშინ იყო ბრწყინვალე დღესასწაული გიორგობა. გილოცავთ ყველას, თქვენს მკითხველებს მივულოცავ და ვუსურვებ ყოველივე კარგს.
_ გმადლობთ, თქვენც გილოცავთ! ძალიან შეცვლილი დაგხვდათ აქაურობა?
_ გაზაფხული მაინც გაზაფხულია ხომ იცით და... არის რაღაც სიახლეები. მაგალითად ლანჩხუთის ცენტრში ახალი შენობა შენდება. არ ვიცი ჯერ რა იქნება იქ, მაგრამ მაინც გამიხარდა. სისუფთავეა ლანჩხუთში, ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. მეტი რა გითხრათ? ისეთი ახალი არაფერი არ მინახავს, რომ...
_ ჩვენი მკითხველისათვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოგონებები ლანჩხუთთან გაკავშირებთ.
_ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოგონება და ბედნიერება ალბათ იყო ის, რომ შევასრულე სიტყვა, რომელიც ჩემს ძმას ვუთხარი, როცა ვაცილებდით უკანასკნელ გზაზე. ის მე პირველი სამხედრო წოდებიდან მოყოლებული მიძახდა გენერალს. თქვენ კარგად იცით ჩვენი ადათ-წესი, როცა ემშვიდობებიან უახლოეს ადამიანს, მიმართავენ ახლობლები და მეც მთხოვეს გამოსასალმებელი სიტყვა მეთქვა. მე ვთქვი, რომ, ძმაო გენერალს მეძახდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი სიტყვა ავასრულო! და ეს შესრულდა, რა თქმა უნდა, 24 საათიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ჩემთვის იყო უბედნიერესი წუთები. სასწრაფოდ მოვირგე გენერლის ფორმა და წამოვედი საქართველოში. მესამე დღეს ვიყავი უკვე სახლში, რომ ავსულიყავი შუხუთში „გორისგვერდის“ სასაფლაოზე და ძმისთვის მეხარებინა, რომ გენერალი გავხდი. იქ ასვენია ჩემი ბებია, ჩემი დედა, მამა, ჩემი ძმა. სასაფლაოზე ფეხი რომ შევდგი, წვიმა წამოვიდა ჟუჟუნა და თვითონ საფლავზე რომ შევედი, კოკისპირული წვიმა დაიწყო, ჩემი თანმხლები პირები გვერდზე შეეყუდრენ, იქ მამაჩემის ბიძაშვილის გადახურული სასაფლაოა. მე დავრჩი მაინც საფლავთან, ცალი მუხლი მოვიყარე, როგორც წესია... არ გასულა ცოტა ხანი და უცებ გაიხსნა ცა, მზემ დაგვანათა. ეს საოცრება დარჩა ჩემს მოგონებაში, ალბათ ყველაზე მეტადს შთამბეჭდავ მოვლენად. შემდეგ საიდან გაიგეს არ ვიცი, რომ ჩამოვედი, ძველი სახლი იდგა აქ, მამაჩემის და მთელი სამეზობლო, კუთხე, დამხვდა. რამხელა სიხარული იყო ეს, ძალიან თბილად მახსოვს და მემახსოვრება ყოველთვის.
_ რას გვეტყოდით თქვენი ბავშვობის შესახებ?
_ ბავშვობა, გავატარე აქ, ლაშისღელეში. ვსწავლობდი ლაშისღელის შვიდწლედში. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, გავაგრძელე სწავლა ლანჩხუთის პირველ საშუალო სკოლაში. დავამთავრე ვერცხლის მედალზე, რატომღაც ჩემთვის ოქროს მედალი არ ეყოთ და კალიგრაფიის გულისთვის დამიწერეს ქართულ წერაში ოთხი. ჩვენ, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბავშვები ვართ და ომობანას თამაში იყო მიღებული. ფილმებიც რომ მოჰქონდათ ხოლმე, კოლმეურნეობაში, რაზეა, ომზეა? ვეკითხებოდით ბავშვები. ფეხბურთის გუნდშიც ვთამაშობდი ლანჩხუთის, ლაშისღელის გუნდშიც ვთამაშობდი. მაშინ იყო კოლმეურნეობათაშორის პირველობა და ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი აიღო.
_ გუშინ ინტერვიუ ჩავწერეთ ჯემსუატ ურუშაძესთან ფეხბურთთან დაკავშირებით...
_ ძალიან კარგად მახსოვს, ლანჩხუთის ,,გურიას“ მეკარე იყო; რამაზი ურუშაძე, კიკოლა ფირცხალაიშვილი, ერთად იყვნენ და მერე ტორპედოში წავიდნენ; ებრალიძე მახსოვს, ჩემს წინ სწავლობდა.
_ მოკლედ, ბავშვობის შთამბეჭდავი მოგონებები გაკავშირებთ ლანჩხუთთან...
_ არა თუ მაკავშირებს, მე და ჩემი კლასელები დღესაც ერთად ვართ. 9 მაისს ჩვენი კლასელის, მიმოზა წილოსანის იუბილეა და მივდივართ ოზურგეთში მისალოცად. წელს გვისრულდება 75 წელი. დაგვრჩა ჩვენი სკოლისდროინდელი მეგობრობა, ერთმანეთს არ ვივიწყებთ.
_ ძალიან სასიამოვნო ამბავია... თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
- დედა გარდამეცვალა 58 წლისა, მამათში ავტოკატასტროფაში, 1978 წლის 15 დეკემბერს, შემდეგ 15 დეკემბერს, ზუსტად ერთ წელიწადში გარდაიცვალა ჩემი ძმა 35 წლის; შემდეგ გარდამეცვალა ბაბუა და შემდეგ მამა. მამაჩემი გარდაიცვალა 1980 წლის 3 აგვისტოს. სწორედ მაგ დროს მიმდინარეობდა მოსკოვში ოლიმპიური თამაშები. მამის გარდაცვალება არ გამაგებინეს, აფრიკაში ვიყავი მაშინ. მერე, როგორც კი გავიგე, წამოვედი და ჩამოვედი სექტემბერში. ჩემს ძმას დარჩა მეუღლე და ორი შვილი. მეც მყავს მეუღლე და ორი ვაჟი, ისინი დღეს დიდები არიან, შვილთაშვილების პატრონი ვარ. საკუთარი ოჯახი აქვს ყველას. ჩემი შვილები და ძმისშვილები ცხოვრობენ თბილისში, მაგრამ არ ივიწყებენ ამ ფუძესახლს. ხშირად მოდიან, ხშირად ყველა ვართ აქ. ჩემი უფროსი ვაჟი სამხედრო პოლკოვნიკია, უფროსი ძმისშვილი პოლიციაშია პოლკოვნიკი; ჩემი ძმის უმცროსი შვილი ექიმია და ჩემი მეორე ვაჟი დიპლომატია.
_ რას ფიქრობთ რუსეთ უკრაინის ომთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ ყველა ჩვენგანის ტკივილია ეს...
_ ჩვენ კიევში საქართველოდან, ჩემი უმცროსი ვაჟის ოჯახთან ერთად წავედით შარშან, 27 დეკემბერს და ახალ წელს იქ ვიყავით, თან რაღაც საქმეებიც გვქონდა. უკან მოვდიოდით პირველ მარტს. 22-ში დაიწყო ომი, ჩვენ 30 მარტს დავტოვეთ კიევი, 36 დღე ომში ვიყავით პრაქტიკულად. ჩემს ცხოვრებაში ეს მესამე ომია. პირველი ომი ეთიოპიაში გავიარე, ორი წლის განმავლობაში; მეორე _ სამოქალაქო, საქართველოში და მესამე ომს მოვესწარი უკრაინაში. პირველი დღეები იყო განგაშები, ისმოდა ძალიან ახლოს აფეთქებების ხმა, გადაფრენების ხმა, რაკეტების ფრენების ხმები, მაგრამ ჩვენთან ახლოს არ იყო. უფრო მაინც ჩრდილოეთის და ჩრდილოაღმოსავლეთის მხარეს იყო საბრძოლო მოქმედებები. ყველაფრის თქმა არ შემიძლია, ზოგიერთი მდგომარეობის გამო მომიწია, არა მარტო შორიდან ყურება... რაც იქ ვნახე, აღმაშფოთებელია! გაუგებარია მათი საბრძოლო მოქმედების ტაქტიკა. მოდიან კოლონებით. კოლონებით შესვლა, საერთოდ მაშინ ხდება, როცა მოწინააღმდეგე არ გყავს წინ. შემოდიოდნენ სოფლებში, თუ არ იყო იქ უკრაინული სამხედრო ნაწილები ან მოწინააღმდეგეები, იწყებოდა ძარცვა, ლოთობა, სხვა მრავალი უბედურება, გაუგონარი საერთოდ, ლაპარაკიც კი მიჭირს ამაზე... რა ჯარი გამოაგზავნეს?! რა გაჭირვებული, გაუბედურებული ხალხი ვნახე იქ?! რა ტექნიკითა და შეიარაღებით შემოვიდა რუსეთის ჯარი უკრაინაში და იმათი აღჭურვილობა?! სულ ძველი ტექნიკა, ტანსაცმელი რა ეცვათ?! მე არ ვიცი რა ხალხი გამოაგზავნეს... გამაოცა უკრაინელების ერთსულოვნებამ. მე ასეთი არ ვიცი... რომ გამოაცხადეს ტერიტორიული თავდაცვის შესახებ, მოსახლეობა მოდიოდა უკვე საომრად ჩაცმული. ვისაც ჰქონდა ოფიციალურად თოფი, ისიც მოჰქონდა, მოდიოდნენ თავიანთი საგზლით. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამ ომში გაიმარჯვებენ. ეს მოლაპარაკებები, რომლებიც თითქოს დაიწყო, არის უსაფუძვლო და არაფრის მომტანი. ეს არის დროის გაყვანის ტაქტიკა, იმიტომ რომ, მათი, რუსების განზრახვა იყო 27-ში აღლუმი გაემართად კიევში. ყველა საბრძოლო მანქანაში, ეგრეთწოდებული სააღლუმე ფორმა იდო. როცა ბრძოლაში მიდიან ეს არ ხდება.
_ ალბათ არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას!
_ არ ელოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეხვდებოდნენ ყვავილებით და ტაშით.
_ ბატონო ჯონი, თქვენი აზრით, რამდენად წამსვლელია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ატომური იარაღის გამოყენებაზე და თქვენ როგორც სამხედრო სპეციალისტი რას ფიქრობთ ამაზე?
_ ვფიქრობ, რომ თვითონ რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს მისი გამოყენება, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორი ხელს უშლის. ეს შეიძლება იყოს გარე ფაქტორები. ვფიქრობ, რომ ეშინია ამერიკამ ან ნატოს სხვა ქვეყნებმა არ გაიმეორონ საპასუხო. ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად, შიდა ფაქტორი უფრო იმოქმედებს. მის გვერდით არიან ისეთებიც, ვინც მას ეუბნება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, თორემ რომ გადაწყვეტილი აქვს, ეს ფაქტია. რადგან ადამიანმა გადადგა ნაბიჯი და წამოვიდა უკრაინაზე ბელორუსიიდან და მთელს საზღვარზე უტევდა. თვითონ კი ლაპარაკობს, რომ გეგმის მიხედვით მიდის, გეგმა ყოფილა უკრაინელების განადგურება, ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ, რომ მან არა ატომურით, მაგრამ სხვა იარაღით ცხრა მაისის მერე გაიმეოროს იგივე სხავ ქვეყნებშიც... ჯერ ნატოს ქვეყნებს არ შეეხება, იმიტომ რომ, მაინც ნატოს ქვეყნების ვალდებულება ურთიერთდაცვაა და შეიძლება მოხდეს ის, რაც აუცილებელია და გააკეთებენ ამას ნატოს ქვეყნები, მაგრამ რეალურად დაუცველი ვართ, როგორც მოლდოვა, ისე ჩვენ; ეს შეიძლება გამეორდეს ყაზახეთშიც, ეს არის დაშინება. ეს არის ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „საბჭოთა კავშირი“ იყო კარგი გაერთიანება, მომავლის გაერთიანება, ადამიანთა უფლების დაცვის და ა.შ. ასეთი ადამიანისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი.
_ პროცედურულად როგორ არის? ერთპიროვნულად შეუძლია ატომური იარაღის გამოყენება?
_ არა, იქ არის ასეთი სისტემა, სამი ადამიანი წყვეტს _ უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. თუ რომელიმემ უარი თქვა, ეს არ მოხდება.
_ პრაქტიკულად ეს ხომ ჰარაკირი იქნება რუსეთისთვისაც, ატომურ ომში გამარჯვებული როგორ შეიძლება რომელიმე ქვეყანა დარჩეს?!
_ რუსეთისთვის ეს უკვე არის ჰარაკირი!
_ თუ შეიძლება ფიქრი იყოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც მცირე მუხტი აქვს და ნაკლებად დამანგრევლად მიიჩნევა მათი თვალსაზრისით?
_ საერთოდ ატომური მუხტის სიმძლავრის კლასიფიკაცია ასე შეიძლება დავახარისხოთ. 0,5 კილოტონა ; 1კილოტონა; 5 კილოტონა; 10 კილოტონა; 20 კილოტონა; 50 კილოტონა; 100 კილოტონა და შემდეგ არის უფრო მძლავრები. მაგალითად ჰიროსიმა-ნაგასაკის ატომური დაბომბვის დროს გამოყენებული იყო 18-21 კილოტონამდე სიმძლავრის ბირთვული ბომბი. და რამდენი ადამიანი დაიხოცა? ასორმოცდაათიათასი ერთ ქალაქში და ასოთხმოციათასი მეორე ქალაქში. რუსები შეიძლება 20 კილოტონამდე ბომბის გამოყენებაზე ფიქრობდნენ. ხოლო 0,5 ან 1 კილოტონის შემთხვევაში, ეს უფრო დაშინების ფაქტორზე გათვლილს გავს.
_ ფიქრობთ, ეს რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენონ შეიძლება?
_ მე მგონია უფრო აირჩევს დიდ ქალაქს, მაგალითად კიევს, ალბათ ხერსონს არ დაარტყამს, ჩემის აზრით, თუ უკრაინაში გამოიყენებს, ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება კიევს. იმიტომ, რომ კიევშია თავმოყრილი მთელი ხელმძღვანელობა. კიევშია თავმოყრილი სამრეწველო, ფინანსური და ეკონომიური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, მათთვის სტრატეგიული ობიექტია კიევი. იქ ახლა, რომ ამბობენ რუსულ პროპაგანდაში, იქ კისილოვი ანადგურებს დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ა.შ. ეს არის შეშინების პოლიტიკა, მაგრამ ბოლო დღეებში თუ გადავხედავთ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თვითონ რუსეთშიც გამოვიდა ლავროვი
და თქვა, რომ უკრაინაზე ბირთვული იარაღი გამოყენებული არ იქნება. ყველა ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები 9 მაისის შემდეგ.
_ დღეს ჩვენი საუბარი ძალიან გაცდა რაიონის ფარგლებს, გლობალურად მტკივნეულ თემას შევეხეთ და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ჩვენს დუნიაზე.
_ ბატონო მერაბ, მინდა აღვნიშნო, რომ მე არავისთვის ინტერვიუ არ მიმიცია 2003 წლის შემდეგ. თქვენ ბრძანდებით პირველი და თქვენი გაზეთი „ჰო და არა“, ვისაც მე დავთანხმდი. მე ვერ გეტყოდით უარს ჩემი მშობლიურის რაიონს ჟურნალისტს და პრესას.
_ გმადლობთ. მინდა ისევ ლანჩხუთს დავუბრუნდეთ და თქვენი გადმოსახედიდან რა აკლია ლანჩხუთს?
_ ლანჩხუთის მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, ყველაზე მტკივნეული უმუშევრობაა! მე, სხვათა შორის, როცა ლანჩხუთში კენჭს ვიყრიდი, 2003 იყო ხომ? ერთად-ერთი ჩემი მიზანი რაც იყო, ლანჩხუთში გამეკეთებინა ერთი საწარმო მაინც. ინვესტორების დახმარებით ან საკონსერვო ან ფაბრიკა, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო და ყოფილიყო. დღეს ჩვენ თითქმის არაფერი არ გვაქვს და მიკვირს, რომ ამდენი წელი გავიდა და ლანჩხუთში არ გვაქვს არავითარი საწარმო. მე მეტსაც გეტყვით, ოღონდ ახლა გვარებს სპეციალურად არ დავასახელებ, შარშანწინ ვურეკავ ერთ-ერთ თანამდებობის პირს ლანჩხუთში და ვეუბნები, რომ უკრაინელმა პროფესორმა სადოქტორო დაიცვა ტორფის თემაზე, რომელიც ლანჩხუთში ბლომად მოიპოვება და ახალციხის რაიონში მოიპოვება სპეციალური ქვა, კეთდება ძვირფასი, ნატურალური, ორგანული სასუქი და გაიგო რა, რომ ამ მხარის შვილი ვარ, შემომთავაზა ლანჩხუთში გაეკეთებინა ისეთი საწარმო, სადაც მინიმუმ 150 კაცი დასაქმდებოდა. ჰოდა, როგორც თქვენ არ მიგიღიათ პასუხი, ისე არც მე! მიკვირს, რატომ დღემდე ამდენი მთავრობა გამოიცვალა და ამ კუთხით ლანჩხუთს არ ეშველა არაფერი.
_ ეს კითხვა მართლაც დამოკლეს მახვილივითაა ჩამოკიდებული...
_ ეს უმუშევრობა მართლაც სიდუხჭირის სათავეა. წვალობს ხალხი, ვიღაცა რაღაცას ყიდის ან და აგერ ჩემი მეზობლები იკრიბებიან და მიდიან თურქეთში ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ. ადგილობრივი საწარმოების უოლობა ჩვენს რაიონში ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია სწორედ. ისრაელის მაგალითზე რომ ვნახოთ, მიწები არ აქვთ და ექსპორტზე გააქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ცხრასართულიან ფერმებში, წყლის აუზებში მოჰყავთ ბაღჩეული და ბოსტნეული. ჩვენთან კიდევ პირიქით, შემოგვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე ადგილზე ვაწარმოებთ...
_ და ბოლოს, რას ეტყოდით „ჰო და არა“-ს მკითხველს?
_ პატარაობიდან მახსოვს, ჩვენში სუფრაზე პირველი სადღეგრძელო იყო მშვიდობას გაუმარჯოსო. სხვა კუთხეში თამადად თუ გურულს დანიშნავდნენ, აუ, გურული დანიშნეს და პირველად მშვიდობას იტყვისო, არ დაგვცინოდნენ, მაგრამ მაინც ასე იყო. დღეს კიდევ არამარტო სიტყვა მშვიდობა, თვითონ მშვიდობა გახდა რამხელა მნიშვნელობის და მე მინდა არამარტო მკითხველს, ჩემი კუთხის თამადობით ყველას ვუსურვო მშვიდობა! თუ მშვიდობა არის, იქ ყველაფერი იქნება, იქ შრომაც იქნება, იქ ლხინიც იქნება. ღმერთმა გვაშოროს და ჭირისუფლობასაც მშვიდობა სჭირდება და ვისურვოთ მშვიდობა, მშვიდობა და მშვიდობა! მეორე კიდევ ის, რომ ამ პანდემიამ გვაჩვენა თუ რაოდენ უნდა ვიფიქროთ ჯანმრთელობაზე და მაშინ შერწყმულად ვთქვათ მშვიდობა და ჯანმრთელობა!
P.s. ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსი მირეკავს ავღანეთიდან, თვითმფრინავის საწვავით შევსებას გავაკეთებ შენთან თბილისში, შენთან პირად სტუმრად დავრჩები ერთი დღე და შენთან ერთად დავათვალიერებ როგორ მიდის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაო. არ ვიცი საიდან გაიგეს, მირეკავს შევარდნაძის პროტოკოლი. გავიგეთ, რომ ჩამოდის ა.შ.შ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი და უნდა შევახვედროთ პრეზიდენტსო.
მე ვუთხარი, რომ ეგ საქმე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ საქართველოში ამერიკის ელჩთან.
მართლაც მეორე დღეს მას ჩემთან ერთად დახვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი.
სტუმართან დასვეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ. მან უპასუხა, რომ ჩემს ამჟამინდელ გეგმებში ეს არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ თუ აუცილებელია, ახლავე, აეროპორტიდანვე წამოვალო და ერთად წავედით პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარდა საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა და შევარდნაძემ იუმორით დაიწყო:
- ამას წინათ ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო ჩამოსული, მარა რა გინდა შენო?! მითხრა, რომ მე შენთან კი არ ჩამოვსულვარ, ჯონისთან ჩამოვედიო და გადმომხედა...
როგორ იხსენებს ლანჩხუთელი გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი მშობლიურ კუთხეს, რა პირობა შეუსრულა ძმას, რას ფიქრობს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით

ესაუბრა მერაბ ფირცხალაიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 123