,,ამ ყოფაში მხოლოდ მონატრება, სიყვარული და სიცოცხლის ჟინი მახსენდება. ამ სამეულის ერთობლიობა ქმნის ფიქრს, რომელიც ისახავს მიზანს. მონატრებაა, შიგნით ყველაფერს რომ ანგრევს და ლეწავს, მაგრამ ვერავინ ამჩნევს და ვერავინ ხედავს. უფრო მეტად რთულია, როცა ის გენატრება, რომელსაც სააქაოს ვერ შეხვდები და ჭრილობა, რომელიც გაქვს, ისევ ღიაა, ისევ გახსნილია...
მახსოვს, ხუთი წლის წინ ემიგრაციაში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე და ჩემს მოძღვარს რჩევა ვკითხე. გულდასმით მისმენდა. ვგრძნობდი, რაოდენ დიდი იყო სიტყვა, რასაც ველოდებოდი. ბოლოს მან მითხრა: კურთხევას გაძლევ, ქეთევან! და მე წამოვედი..." - ლანჩხუთელი ემიგრანტი ქეთი ფირცხალაიშვილი-ქაფიანიძე თავის ტკივილსა და სიხარულს, საინტერესო თავგადასავლების დეტალებს დაუფარავად გვიზიარებს.
_ არასოდეს მიოცნებია ემიგრაციაზე. ყოველთვის ვცდილობდი, მესწავლა, აღმეზარდა შვილები და ცხოვრების ყველა ეტაპზე ვყოფილიყავი მათთან ახლოს, როგორც უფროსი მეგობარი. პედაგოგიური განათლება მაქვს უცხო ენების (ფრანგული) განხრით. პედაგოგობა, ასე ვთქვათ, ჩემს გენშია, მაგრამ იმ საშინელი 90-იანების დასაწყისში ვერ მოხერხდა ჩემი დასაქმება პროფესიით. მერე დავოჯახდი და ახალგაზრდა დედიკო გავხდი. დრო გადიოდა და მინდოდა, ისეთი რამე მეცადა, რაც ძალიან მომწონდა და მიტაცებდა; მსურდა სამედიცინო განათლება მიმეღო და დამეწყო სამსახური. ცოტა დაუჯერებლად ეჩვენებოდა ჩემს მეორე "მეს", მაგრამ სწავლის უდიდესი სურვილი და მოტივაცია მქონდა. უსაყვარლეს პატარა გოგონებთან ერთად ვიჯექი ჯგუფში 30 წლის ასაკში. დიდი გულისყურითა და ინტერესით მოვეკიდე ამ საქმეს, ჩავუღრმავდი ფარმაკოლოგიას. იოლი არაფერია, მით უმეტეს, როცა სამი შვილი გყავს, მაგრამ ეს ბარიერი არ აღმოჩნდა ჩემთვის, პირიქით - მინდოდა შვილებისთვის სამაგალითო ვყოფილიყავი. მსურდა ენახათ, რომ დედა მეცადინეობს და თუ იშრომებ, ყველაფერი გამოგივა. გოგონები სკოლაში სანიმუშოდ სწავლობდნენ, პატარა ბიჭუნა კი საბავშვო ბაღში იყო, სანამ ლექციებს მოვრჩებოდი. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და უდიდესი ფარმაცევტული კომპანიის გუნდის წევრი გავხდი. პირველი კოლექტივი, სადაც მოვხვდი, უაღრესად მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებით იყო დაკომპლექტებული. ისინი ცდილობდნენ ჩემს დახმარებას და ყოველდღიურად "ვიზრდებოდი", პასუხისმგებლობაც თანდათან მემატებოდა. სახლში დაბრუნებული ვცდილობდი, რაც შეიძლება ჩქარა მომეგვარებინა საოჯახო საქმეები და დავმჯდარიყავი სამეცადინოდ. ეს პროცესი ყოველთვის მაბედნიერებდა. გამოცდებზეც უმაღლესი შეფასება დავიმსახურე და სრულფასოვანი ფარმაცევტი გავხდი. ბედნიერებაა, როცა მომხმარებელი მოდის შენთან და მისი რჩეული ფარმაცევტი ხარ. გიზიარებენ სითბოს და რეკომენდაციას იღებენ შენგან. საოცარი გრძნობაა, როცა ყველგან გცნობენ: ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, ბაზარში... ყველანი თავისებურად ცდილობდნენ მადლობის თქმას. მადლობა უფალს, ეს რომ შემაძლებინა.
- რამ გაიძულათ, ემიგრაციის გზას დასდგომოდით?
- პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობა არ მქონდა სახარბიელო. მეუღლე მყავდა შეუძლოდ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მისი მარტო დატოვება არანაირ ფასად არ მიღირდა. მას ჩემი იმედი ჰქონდა. შრომის უუნარო იყო, ხშირად მწოლიარე მდგომარეობაში გახლდათ. ბოლოს მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა და დაგვტოვა... სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. კარგად უნდა დავფიქრებულიყავი და გამეანალიზებინა შექმნილი სიტუაცია. უფროსი გოგონები ძვირად ღირებული სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე იყვნენ, პატარა ვაჟი კი სკოლის მოსწავლე გახლდათ. ძალა მოვიკრიბე, გარეგნულად თავი მოვიწესრიგე, ისევ ჩავიცვი ჩემი საყვარელი ხალათი, მაგრამ... ვერ შევძელი კარგად ყოფნა. ძალიან შევიცვალე, არავის ვესაუბრებოდი, მათ შორის - არც მომხმარებელს, რომელიც ასე მიყვარდა. თითქოს რობოტად გადავიქეცი, რომელსაც მხოლოდ ხელფასი უნდოდა და სხვა არაფერი. ეს მე არ ვიყავი. ვფიქრობდი, ასე არ შეიძლება-მეთქი. ჩემს გოგონებს გავუზიარე ჩემი მძიმე ფიქრები. ისინი ყველანაირად მანუგეშებდნენ. არც მათთვის იყო ეს იოლი, უდიდესი სტრესი გადავიტანეთ. არც ანტიდეპრესანტების მიღება მინდოდა. ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე, საბუთები შემეგროვებინა და მეცადა ბედი ვიზის მოსაპოვებლად. საბუთები მალევე შევაგროვე და პასუხმაც არ დააყოვნა: ჩემდა გასაკვირად, ერთ კვირაში დადებითი ,,მულტი ვიზის" მფლობელი გავხდი. არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს. ჩემმა საყვარელმა კოლექტივმა ულამაზესი გაცილება მომიწყო, მე კი მორჩილად და თვალცრემლიანად გავიხადე ჩემი თეთრი ხალათი.
- წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, ამის შესახებ მოძღვარს თუ დაეკითხეთ?..
- დიახ, როცა წასვლა-არწასვლას შორის არჩევანს ვაკეთებდი, მაშინაც შავი სამოსი მეცვა და დავდიოდი ტაძარში, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და მაინც შემიპყრო შიშმა. გადავწყვიტე მამაოსთვის გამენდო ჩემი ფიქრი. თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში არის ერთი ულამაზესი, წმინდა გიორგის სახელობის პატარა ტაძარი, სადაც მსახურობს უკარგესი მამა ვახტანგი. მას ვთხოვე, დრო გამოეყო ჩემთვის. დაველოდე და მის სენაკში შედგა ჩვენი აუდიენცია. ჩვენ ვისხედით ძალიან დიდხანს და მე მას ვუამბე ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ, თან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ის დიდი მოთმინებით მისმენდა, ცდილობდა ვენუგეშებინე, გზაც კი მასწავლა მოძალებული დეპრესიის დასაძლევად. ბოლოს ვკითხე, რას ფიქრობდა ემიგრაციასთან დაკავშირებულ ჩემს გადაწყვეტილებაზე? მისი მოთმინება და გულისხმიერება ერთობ შესაშური იყო. მას არსად ეჩქარებოდა. იშვიათია დღეს ასეთი მამაოები. მადლობა მას ჩემს ცხოვრებაში დროულად გამოჩენისთვის. მითხრა, - წასვლის კურთხევას გაძლევ, ქეთევან, მხოლოდ ერთი პირობით, ვაჟის დატოვებას არ გირჩევ. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურს ერთი თვის მანძილზე ვერ იშოვი, პირობა მომეცი, რომ უკან დაბრუნდებიო. მეც შევპირდი, აუცილებლად-მეთქი. ბოლოს მითხრა, - ნუ გეშინია, შვილო, სიკეთის გზაზე წასულ კაცს უფალი სულ თან დაჰყვება თანამგზავრადო. ეს შეგონება ჩემს ცხოვრებას წითელი ხაზივით გასდევს. იქიდან ისეთი წამოვედი, არანაირი ბნელი ფიქრი, დეპრესია, დარდი არ მახსოვდა, ჩიტივით ლაღად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. სახლში დაბრუნებული უკვე სხვა ვიყავი... მერე კი ისე სასწაულებრივად გამოჩნდა ყველაფერი, ფინანსები ისეთი სწრაფი ტემპით დალაგდა, რომ ახლაც არ მჯერა, ეს მე თუ გადამხდა...
- როგორი იყო ემიგრაციის პირველი დღეები?
- საოცარია ბარსელონა. ხუთი წელია, აქ ვარ და კიდევ მაოცებს. პირველად თავი ყრუ-მუნჯი მეგონა. ხალხი მოსიყვარულე, ღიმილიანი სახით დადიოდა, სრულიად უცხონი მესალმებოდნენ, მე კი ჩემი პატივისცემის გამოსახატავად თავს ვხრიდი ხოლმე, ჩუმად ვბედავდი "ოლლას" თქმას. მიზნად დავისახე, ესპანური სასწრაფოდ მესწავლა.
_ პირველი სამუშაო რა იყო?
_ მულთან ჩამოვედი, პროფესიით ისიც ექიმია, მაგრამ სამწუხაროდ, მასაც ემიგრანტობა მოუხდა. ის ჩემი უსაყვარლესი ქეთია. ჩვენ ორნი ვართ - დიდი და პატარა ქეთი. მას საოცარი სიყვარული და თანადგომა შეუძლია. მომატარა ყველაფერი და მაიძულა, შავი სამოსი გამეხადა, რომელსაც წესისამებრ ვატარებდი. უამრავი ლამაზი ტანსაცმელი მიყიდა და მითხრა: რადგან ჩამოსვლა გადაწყვიტე, აქაურ რეალობას უნდა მოერგოო. ის ჩემთვის უფლისგან მოვლენილი გზამკვლევია. მისი ხელშეწყობით დავიწყე მუშაობა და მალე ჩემი ვაჟიც წამოვიყვანე. ჩვენ ერთმანეთის იმედები ვართ აქ.
პირველად მუშაობა 93 წლის ბებოსთან დავიწყე, რომელიც ალცჰაიმერით იყო დაავადებული და მხოლოდ კლასიკური მუსიკის ჰანგების ფონზე მშვიდდებოდა. მე დისკების შეცვლა მევალებოდა 24 საათის მანძილზე. ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო იყო ეს საქმე. ამ დაავადების სამკურნალოდ, ბოლო დროს მედიცინაში დანერგილია მუსიკოთერაპია, რითაც განკურნება არა, მაგრამ სულ ცოტა პროგრესი მიიღება, გააჩნია ალცჰაიმერის ფაზას. მე მიყვარს მუსიკა, მხატვრობა, ხელსაქმე. თავადაც ვუკრავდი ხალხურ საკრავებზე და ჩემს ოჯახშიც ყველა მღეროდა. ახლა მხოლოდ მსმენელი ვარ გემოვნებიანი მუსიკის...
- კონკურსში ,,ემიგრანტის წერილები" მონაწილეობდით, რომელშიც ერთ-ერთ გამარჯვებულად დაგასახელეს. ემოციური წერილი იყო...
_ კონკურსში სპონტანურად ჩავერთე, არც გამარჯვებას ველოდი და არც ამხელა ინტერესს. თუმცა, გულიდან წამოსული ყველა სიტყვა ჩავწერე, რაც უამრავ ადამიანამდე "მივიდა". სრულიად უცხონი მწერდნენ, მლოცავდნენ, მეფერებოდნენ და ეს ხომ ყველანაირ ჯილდოზე დიდი ჯილდოა. დღეს ადამიანებს თბილი სიტყვის თქმა უჭირთ. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორს - მზია წულუკიძეს. მე ვამაყობ, რომ ის ჩემი, ასე ვთქვათ, ბავშვობის მეგობარია. ძალიან დიდი ქველმოქმედია და გულშემატკივარი ყველა შეჭირვებულის. წარმატებას ვუსურვებ მას და ყველას, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლია...
მინდა გითხრათ, რომ ოჯახებში, სადაც ვიმუშავე, ყველგან გამიმართლა. მე თავს მოახლედ არ ვგრძნობ. ვარ დამხმარე. ვეხმარები ადამიანებს, რომ მათ მშობლებს ცოტა ხნით მაინც გავუხანგრძლივო ცხოვრება, მივეშველო. რომ არა ჩვენ, დამსაქმებლები ვერ დაისვენებენ ძვირად ღირებულ კუნძულებზე ანუ ხელი ხელს ჰბანს, ისინი გვაძლევენ საქმეს და ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ვუქმნით მათ დასვენებისა და თავისუფლად ცხოვრების კომფორტს. თუ ამ კუთხით შევხედავთ ყველაფერს, საქმე გაცილებით იოლი და სახალისო გეჩვენება ადამიანს. "განწყობის თეორია" - ეს უდიდესი მონაპოვარი დაგვიტოვა დიმიტრი უზნაძემ.
_ დაბოლოს, პირადად თქვენ და ზოგადად, ემიგრანტებს რა გაკლიათ ან გენატრებათ შორეულ ესპანეთში?
_ მინდა ვისურვო, რომ ემიგრანტი ქალი არ ასოცირდებოდეს დაბეჩავებულ, მოწყენილ, მოტირალ პერსონაჟთან. ჩვენ აქ ხომ დროებით ვართ და უნდა ვეცადოთ გავძლიერდეთ, მისაბაძი ვიყოთ. ბევრი საამაყო მეგობარი შევიძინე ემიგრაციაში, რომლებმაც მსოფლიოს გააცნეს თავიანთი სამშობლო საკუთარი შემოქმედებით, ადამიანობით... და მე ვამაყობ ასეთი ქართველებით! თუმცა, ის, რაც ყველა ემიგრანტს აწუხებს - ეს ნამდვილად, დიდი მონატრებაა და ეს ჩვენი პირადი სატკივარია, სულ ჩვენთანაა. მე მენატრება ჩემი პატარა "სიცოცხლის სამოსახლო", ჩემი გურია და უკვე ასაკში მყოფი მშობლები, რომლებიც ყოველთვის მეკითხებიან: "როდის ჩამოხვალ? როდის?.." ასევე თბილისში, სახლში მელოდება ორი ქალიშვილი, რომლებიც უკვე შემდგარი და წარჩინებული გოგონები არიან და ერთ-ერთ კომპანიაში წამყვან სპეციალისტებად მუშაობენ. მადლობა მინდა გადავუხადო მათ თანადგომისათვის, მეგობრობისთვის, რაც ჩემს სიმშვიდეს განაპირობებს. მინდა გავიმეორო ჩემი ბებოს სიტყვები, რომ შვილებით მდიდარი დედა ვარ. მადლობა უფალს ამ ჯილდოსთვის. დაბოლოს, ნება მომეცით, ასე დაგემშვიდობოთ: მე აუცილებლად დავბრუნდები, ოცნებას აუცილებლად ავისრულებ და ყველას მოგეფერებით...
დიდი სიყვარულით, თქვენი ქეთი, ბარსელონიდან.
დიდი შრომის შედეგად მიღწეული კეთილდღეობა და ემიგრანტი ქალის სატკივარი
ჟურნალი ,,გზა"
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 795