_ ეს პატარა მარის სასწორაკვეთილი ხმაა და დედას ასე მაშინ მიმართავს, როცა პატარას საწოლში წყალი ჩამოდის. თუმცა დედაც არაა კარგ დღეში და მიუხედავად ამისა მაინც ცდილობს პატარები როგორმე წვიმის წყლისაგან დაიფაროს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში 8-სულიანი ოჯახი წლებია, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ამაოდ ითხოვს. თემურ და მერი მახარაძეების ოჯახი ხულოს რაიონის სოფელ ძმაგულადან 1989 წელს სტიქიური მოვლენების დროს გადმოსახლდნენ. მართლია, ისინი წლების წინ სტიქიას გამოექცნენ, თუმცა მრავალსულიან ოჯახს გურიაშიც არ გაუმართლათ. `ჰო და არას~ მართლაც უმძიმესი მდგომარეობა დახვდა ადგილზე და უნდა ითქვას, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სახლი, სადაც თემურ მახარაძე ოთხი მცირეწლოვანი შვილით ცხოვრობს, ორი პატარა ოთახისაგან შედგება. სახლიო ვამბობთ, თუმც სახლის იერ-სახე რომ წლების წინ დაუკარგავს, ამას ფოტოსურათიდანაც ადვილად შეამჩნევთ. იატაკის მაგივრობას ძველი, ისიც ალაგ-ალაგ ჩატეხილი ფიცარი წევს. იატაკიდან ამოსული ნესტის სუნთქვა კი ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ. აღარაფერს ვამბობთ სახურავზე, რომელიც, ფაქტობრივად, არც არსებობს და ამდენად წვიმის წყალი როგორც გარეთ, ისე ოთახებში ჩამოდის. ამის გამოა, ხშირად ბავშვებს რომ ღამით არ სძინავთ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც რომ შერყეული აქვთ. ოჯახის უფროსი გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს, თავისი შრომით სახლში `ორი კაპიკი~ შეიტანოს, მაინც არაფერი გამოდის.,,ოთხი შვილი მყავს. დედა ავადმყოფია. ახლა მამიდაც ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად, მარტოხელაა. კი ხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვართ. ჩემი შრომით ვერაფერს გავხდი, მეუღლეც მეხმარება, მაგრამ ჩვენი ფინანსებით სახლის აშენებას ვერ შევძლებთ. ფანერები გვაქვს აკრული მთლად. ისიც უკვე მოძველდა და ქარაშოტში გვიწევს ღამის გათენება. ბევრჯერ ღამე თეთრად გაგვითენებია, წყალი ჩამოგვდის და რა გზას დავადგე, აღარ ვიცი. ჭერში კი ზოგან ფიცრებიც არაა, ფაქტობრივად, ღის ცის ქვეშ ვართ~ _ ამბობს ოჯახის უფროსი და დასძენს, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა, რითაც მხოლოდ ბავშვების რჩენას ახერხებს. `რა ვქნაა ბავშვებს ჭამა ხომ უნდათ? რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვისთვის ფეხსაცმელი ვერ მიყიდია და სკოლაში არ გამიშვია. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა სახლის გაკეთებას შევძლებ მე? _ საუბარში ოჯახის დიასახლისი ერთვება _ მერი აბულაძე ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებასა და ყურადღების მიქცევას ითხოვს. მისი თქმით, მათთან არაერთხელ მისულან ლანჩხუთის პირველი პირები. მათი ,,დახმარება~ კი მხოლოდ ფოტოების გადაღებითა და ,,საქმის შესწავლით~ დამთავრებულა. ,,დიდ ფულად დახმარებას ჩვენ არ ვითხოვთ, ერთადერთი ის გვინდა, რომ როგორმე სამშენებლო მასალებით დაგვეხმარონ. ეს იქნება შიფერი, ცემენტი თუ სხვა. ნუთუ ესეც არ შეიძლება, რომ ასე ღია ცის ქვეშ არ ვიყოთ და ბავშვები არ გამიცივდნენ~ _ ამბობს ქალბატონი და თვალები ცრემლით ევსება. ოჯახის უკიდურეს მდგომარეობაზე მეზობლებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ არა ისევ მეზობლების დახმარება, ოჯახი შიმშილით მოკვდებოდა:,,ნამდვილად მშრომელი და კარგი ხალხია. სოციალურიც აქვთ, თუმცა ეს ფულიც რამდენზე უნდა გაანაწილონ. ჩაცმა-დახურვაზე თუ საჭმელზე. თან ოჯახის უფროსი ქალბატონიც ავადაა და წამლების ყიდვასაც ვერ აუდიან. ჩვენ რითიც შეგვიძლია, ვეხმარებით, თუმცა ეს რომ ზღვაში წვეთია, თქვენც ხედავთ. იქნებ, ვინმემ გამოიჩინოს კეთილი ნება და სამშენებლო მასალით დაეხმარნონ. ჩვენც მივეხმარებით აგერ და ფუნდამენტის ჩაყრაში დავეხმარებით, თორემ ოთხი პატარაა იზრდება ამ ოჯახში და მოვკვდით მაგათი საცოდაობით. მეზობლები გვერდით დავუდგებით, ოღონდ იქნება სამშენებლო მასალით დაეხმარონ~ _ გვიყვებიან ისინი. ლანჩხუთის გამგებლის წარმომადგენელი ჩოჩხათი ტერიტორიულ ერთეულში რევაზ ფაცურია ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ კარგადაა ინფორმირებული მახარძეების უკიდურესი გაჭირვების შესახებ და განმარტავს, რომ ახალი წლის შემდეგ ოჯახს, შეძლებისდაგვარად, დაეხმარებიან: `დიახ, ვიცი ამ ოჯახის შესახებ და გეტყვით, რომ მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ ვიყავით დეპუტატთან ერთად ადგილზე და ერთჯერადი დახმარების გაცემას აზრი არა აქვს. ამიტომ ნაახალწლევს ვფიქრობთ, რომ იქნებ სამშენებლო მასალებით დავეხმაროთ~ _ აცხადებს რევაზ ფაცურია. `ჰო და არა~ იმედოვნებს, რომ ჩვენი საგაზეთო სტატიის შემდეგ მაინც ხელისუფლება ოპერატიულად იზრუნებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ 8-სულიან ოჯახზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით, მოგვარდება თუ არა მახარაძეების ოჯახის მძიმე ყოფითი პრობლემები.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0