21 თებერვალი 2022 წელი, საკრებულოს სხდომა ლანჩხუთში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მთავარი განსახილველი საკითხები გახლდათ ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში. ოპოზიციამ აღნიშნულ საკითხების მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა. ოპონენტებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს, უმრავლესობამ კი ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაყრასა და პოპულიზმში დაადანაშაულა. კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ვინ სად იყო 2012 წლის არჩევნებამდე ,,ქართულ ოცნებაში" თუ ,,ნაციონალურ მოძრაობაში"?
სანამ დღის წესრიგის შესახებ კენჭისყრა გაიმართებოდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, კახა ასკურავამ განაცხადა, რომ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ" დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ - საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა, ისე შევიდა განსახილველად ფრაქციებსა და კომისიებში, შესაბამისად არაკანონიერი გახლდათ მისი შეტანა მიმდინარე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშიო.
,,მაჩვენოს მერიამ, სად და როდის დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, შემოეტანა მერიას ისე როგორც შემოიტანა საკრებულომ" _ განაცხადა აკურავამ.
მმართველმა გუნდმა ასკურავას უპასუხა, რომ დეკემბერში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სპეციალისტების ხელფასების 100 ლარიან მატებასთან ერთად, რაც შეეხება განხილვას, ფრაქციებსა და კომისიებში განსახილველად იგი თებერვლის 8 რიცხვში შევიდა.
ასკურავამ ასევე განაცხადა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ კართად იცდიან მათი მხარდამჭერები, რომელთაც სხდომის დასრულების შემდეგ სურთ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვა და ითხოვა ისინი შემოეშვათ შენობაში.
სხდომა რომ დამთავრება ვერ შემოვლენ? - იკითხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ თევდორაძემ.
ასკურავა ამ განცხადებას ასევე გამოეხმაურა საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან" ნინო მშვიდობაძე. მან აღნიშნა ის, რომ შენობაში ამ ადამიანებს რომ არ უშვებენ, მიმართულია მხოლოდ იქეთკენ, რომ პანდემიის პირობებში დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობა და მერე მეორე, მე კარგად მახსოვს ვის არ უშვებდნენ თქვენს დროს ამ შენობაში.
,,აუ, შენ შემოგევლე რა!... ჩვენს დროს შენ ერთ-ერთი წამყვანი პირი იყავი ამ შენობაში, ვინ ვინ და შენ, მაინც არ უნდა ამბობდე ამას" _ დაუბრუნა პასუხი ასკურავამ.
სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე, არა ერთხელ მოუხდა საკრებულოს თავმჯდომარეს კოლეგების დაწყნარება. მათ შორის კი საკუთარი ორი მოადგილის დაწყნარებაც კი გაუჭირდა.
ყველაზე ხმაურიანი საკითხი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების მატებას ეხებოდა, აღნიშნული მატების შედეგად.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდე სარიშვილის ხელფასი 5060 ლარია; მერის პირველ მოადგილის, ბიძინა იმნაშივილს ხელფასი _ 3850ლარი; მერის მოადგილის, ეკა გუჯაბიძის, ხელფასი 3520 ლარი;
საკითხი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ელიკო იმნაძემ წარმოადგინა. აღნიშნული მატება მან გაამართლა იმით, რომ ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე აქტუალური თემა არის დასაქმება. მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობს ვაკანსია აუდიტის სამსახურში, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უმცროს სპაციალისტზე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში კონკურსის წესით ვერ შეირჩა. რატომ? მერიამ ყოველგვარ ზომას მიმართა, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები, რომელთაც ფინანსურ სფეროში სამუშაო გამოცდილება გააჩნიათ ამ პოზიციაზე დასაქმებულიყვნენ. რის გამოც ისინი კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ იყო დაბალი ანაზღაურება. დარიცხული ხელფასი 700 ლარი ხელზე ასაღები თანხა 560 ლარი და ეს მატება ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალგაზრდებს შეექმნებათ მოტივაცია დასაქმდნენ აღნიშნულ პოზიციააზე.
მერიის აღნიშნულ საშტატო ნუსხაში წარმოდგენილი 86 პირის გარდა წარმოდგენილია 43 პირი, რომლებიც დასაქმებული არიან ხელშეკრულებით, ესენი გახლავთ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, 16 პირი, ხოლო მათი მოადგილეები 27 პირი, რომელთა ხელფასების მატება არ არის დაგეგმილ. აღინიშნა ისიც, რომ უახლოეს მომავალში ამ ადამიანებსაც მოემატებათ ხელფასები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის შეთანხმება ვერ მოესწრო თუ საკრებულო მოგვცემს ნებართვას, 1-ელი მარტიდან ლანჩხუთის მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში 1500 ლარამდე გაეზრდებათ ხელფასები, ხოლო მათი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით განისაზღვრება.
ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ასკურავას განცხადებით ეს გახლავთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი და იგი უნდა გამოეტანა მაღალი თანამდებობის პირს, რაც შეეხება იმას, რომ ადამიანები უარს ამბობენ წარმოდგენილ ვაკანსიაზე აუდიტის სამსახურში, იმის გამო, რომ ხელფასი 560 ლარი არ მოსწონთ? ამას მან სასაცილო უწოდა და აღნიშნა: აზრს ვერ ხედავენ იმაში, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, რადგან სულ ახლახან ა(ა) პიებში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად ვინც გაუშვეს, ზოგიერთი მათგანი ვისაც ,,პატრონი" ჰყავდა ,,დარეკეს" და დააბრუნეს უკან. ამის ცოცხალი მაგალითი უამრავია, ვინ მიიღო კონკურსებში მონაწილეობა და ხსენებული ,,პატრონის" გარეშე ვინ დასაქმდა? - იკითხა მან.
პატრონი რა შუაშია? - გაოცებულებმა იკითხეს უმრავლესობის წევრებმა.
პატრონი, ანუ ,,კრიშა”'' შუაში კი არა თავშია, უპასუხა მათ ასკურავამ.
,,ქალბატონ მაგული კუნჭულიას ჰქონდა კოვიდი, დღეს დაბრუნდა სამსახურში და ელიკო იმნაძე ასრულებდა მოვალეობას. შესაბამისად, მან გამოიტანა ეს საკითხი და რაც შეეხება იმას, ვინ დარეკა, რამ დარეკა, ვინ დააბრუნა, რამ დააბრუნა?! არ მინდა ასეთი დამოკიდებულება ძალიან გთხოვთ!" _ განაცხადა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და აუდიტის სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იყო ორი ახალგაზრდა, რომელსაც სურდა ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყება, მაგრამ პირობები ვერ დაკმაყოფილეს, რადგან მოთხოვნა იყო სამუშაო გამოცდილება, ხოლო იმას ვისაც სამუშაო გამოცდილება ჰქონდა, ხელფასი არ მოეწონა.
ხელფასების მატება ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ია მოქიამ ახსნა იმით, რომ საჯარო მოხელეს აქვს მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაო, მას ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა.
,,ეს არის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის დაფასებას და მივესალმები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ხელფასების მატება იყო დროული" _ განაცხადა ია მოქიამ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა ხელფასების მატებას, რომელიც აქამდე ვერ მოესწრო, ფრაქცია ,,საქართველოს" წევრი ჯუმბერ ბლაგიძე გამოეხმაურა. მან კოლეგებს ერთმანეთის პატივისცემისაკენ მოუწოდა.
,,ჩაგეყენებიეთ ბატონო საქმის კურსში მარტო უმრავლესობაზე რომ აკეთებთ აქცენტს, ახლა რომ განაცხადეთ თუ საკრებულო მოგვცემს ნებართვასო, რომ მცოდნოდა დავუჭერდი მხარს, რომელი თვიდან მიიღებენ ხელფასებს? - იკითხა ბლაგიძემ, პირველი მარტიდან - უპასუხა მას მერმა.
დანარჩენი რომ პირველი იანვრიდან მიიღებს მომატებულ ხელფასებს, ეს რას ემსახურება _ კვლავ იკითხა ბლაგიძემ.
სანამ ხელშეკრულებები არ გაფორმდება, იქამდე არ მოხდება ხელფასების მატება _ ასეთი იყო პასუხი ბლაგიძის მიერ დასმულ კითხვაზე.
შემდეგ ბლაგიძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩახვაძემ მიმართა:
,,ჯუმბერ, აქამდე რატომ არ დააყენე მაი საკითხი, ახლა რომ გამოდიხარ და მიკროფონით ლაპარაკობ, შენი გამოსვლიდან ვერაფერი ვერ გავიგე, შენ საკითხის ირგვლივ კი არ ლაპარაკობ, რაღაც ჰაერში ხარ გამოკიდებული, ვერც ერთმა ვერ გავიგეთ ვერაფერი რას ლაპარაკობ!" ,,ბატონო ბესო გაიგეთ რა ვთქვი?!" _ ახლა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა ბლაგიძემ. ,,გევიგე ბატონო, გევიგე! და დაბრძანდით!" _ კოლეგებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარემ.
_ ჩახვაძე ამბრაზურაა, გადაფარებული _ ჩაილაპარაკა ბლაგიძემ.
აღნიშნული საკითხს მხარი დაუჭირა მხოლოდ უმრავლესობამ.
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ" საკითხი გიორგი ხელაძემ წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ. წლების განმავლობაში საკრებულოში ხელფასები არ გაზრდილა, მათი საქმიანობის მოტივაციის გაზრდის მიზნით მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხელფასების გაზრდის შესახებ და აუცილებელი გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელფასების მოწესრიგება-რეგულირება.
რაც შეეხება საკრებულოს თანამდებობის პირთა მომატებულ ხელფასებს, ისინი ასე გამოიყურება:
საკრებულოს თავჯდომარის, ბესიკ ტაბიძის ხელფასი, 4510 ლარი; საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილის, ემზარ თედორაძის ანაზღაურება 3410 ლარი; საკრებულოს თავჯდომრის ორი მოადგილე: გიორგი ჩახვაძე 2970 ლარს და ვერიკო კვირკველია 2970 ლარს მიღებს. ქალბატონი ია მოქია, ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ხელფასის სახით მიიღებს 2200 ლარს. ,,ქართული ოცნების" ფრაქციის თავჯდომარეს ჰყავს ექვსი მოადგილე: ვლადიმერ ნანაძე, კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, გოგი მორჩილაძე, ნინო მშვიდობაძე და სპარტაკ კვაჭაძე, რომლებიც ხელფისის სახით მიიღებენ 1760 ლარს.
საკრებულოს ხუთი კომისიის თავჯდომარე: ზაზა წულაძე, გიორგი ხელაძე, ალექსანდრე მახათაძე, კარლო კვიტაიშვილი და გიორგი იმნაიშვილი ხელფასის სახით მიიღებენ 2420 ლარს, რასაც მხარი მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს. ოპოზიცია ამ საკითხსაც არ დაუჭირა მხარი.
ა(ა)იპიებში ხელფასების მატებაზე გაამახვილა ყურადღება, დეპუტატმა პარტია ,,ლელოდან," გოჩა ჯანაშიამ: ,,როცა ხელფასების მატებაზეა საუბარი, მინდა მოვისმინო თქვენგან პასუხი კითხვაზე, რა ბედი მოელით იმ ადამიანებს, ვისაც მიზერული ხელფასები აქვსთ ა(ა)იპიებში? როცა 180 და 200 ლარი აქვს ხელფასი ადამიანს, მე პირადად უხერხულად ვთვლი თავს. ბაღების აღმზრდელებს მოემატათ ხელფასები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მინიმუმ 30 პროცენტით მატების შემთხვევაში იქნება ეს ხალხი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში, თუმცა შეიძლება უფრო მეტის მომატებაც" _ თქვა მან.
_ ა, ბიჯო კაცი გევიგეთ რა თქვა! _ ჯანაშიას გამოსვლას უმრავლესობის წევრები გამოეხმაურენ.
რაც შეეხება საკრებულოს წევრთა გაზრდილ ხელფასებს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა კახა ასკურავამ წინადადებით მიმართა საკრებულოს წერვრებს,
რომ ხელფასების მატებაზე უარი თქვან ექვსი თვის განმავლობაში და აღნიშნული ნამატი თანხა, რომელიც შეადგენს 400 ათას ლარს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცენ ხვნა-თესვის სამუშაოებისთვის. როგორც აღინიშნა, ეს იქნება დაახლოებით 50 ლიტრი, საწვავის შესაძენად საჭირო თანხა, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან 65 ათას ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის.
ამ განცხადებას დიდი ხმაური და აურზაური მოჰყვა, უმრავლესობის მხრიდან, რომელთა დაწყნარება ტაბიძეს მართლა გაუჭირდა. შენ გაჩერდი! შენ ილაპარაკეს! ფონზე გამომსვლელელთა სიტყვებიდან აზრის გამოტანაც გაჭირდა. პოლიმიკა თითქმის საქმის გარჩევაში გადაიზარდა.
რა პოპულისტური განცხადებაა, ასკურავას განცხადებაზე აღშფოთება ვერ დამალა ემზარ თედორაძემ.
რეპლიკას საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე გიორგი ჩახვაძეც შეუერდა: ,,რა ლაპარაკია ახლა ეს, 2012-ში, 2009-ში 2010-ში და ა.შ. პრემიები რომ იცემოდა, მაშინ რატომ არ გაგახსენდა ეს?! არ გცხვენია, ბიჭო, ეს ინიციატივა მაშინ რატომ არ წამოვიდა?!'' _ მიმართა ასკურავას ჩახვაძემ.
,,შენ რომ იღებდი იმ პრემიებზე მელაპარაკები?! შენ სად იყავი მაშინ, სირცხვილია, ამის თქმა შენგან!" _ უპასუხა ასკურავამ ჩახვაძეს. უმრავლესობის წევრებმა აბუსურდი უწოდეს ასკურავას მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღინიშნა, რომ სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად არაერთი პროგრამა მოქმედებს. ,,სხვისი ფულების დათვლაში მაგარი ხართ" _ მიაძახა კახა აკურავას ემზარ თედორაძემ. ,,სხვისი ფულების დათვლაში ვინაა მაგარი? მე თუ შენ?! წამო და ლანჩხუთში ვიკითხოთ, ისეთები მაინც არ იყოთ ვისაც ნაციონალური მოძრაობის დროს ხელფასები არ აგიღიათ!" _ დაუბრუნა პასუხი ასკურავამ.
,,მესამე თვალის დასანახად გაკეთებული სიკეთის მე დიდად არ მწამს. გიორგი იმ დამატებით ხელფასს ვის მიუტანს, რას მიუტანს, ნუ კითხულობთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი აკეთებს სიკეთეს და არ ჭირდება ამას დიდი ხმაური და აფიშირება. იცხოვრეთ როგორც წესი და რიგია და ყველაფერი გამოგივათ მეგობრებო!" _ კოლეგებს ქველომოქმედებისკენ მოუწოდა ზაზა წულაძემ.
ამ აურზაურში, კარგა ხანი იცდიდა მიკროფონთან ლესის დეპუტატი ელისი ჭიჭინაძე:
,,ამ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენც არ ვიყურებით ვარდისფერი სათვალიდან. ვხედავთ ირგვლივ რა სოციალური ფონიც არის, მაგრამ მე, პირადად, რატომ ვაძლევ ხმას ხელფასების მატებას? მე არ ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და ჩემს თავზე არ ვამბობ, ყველა ვხედავთ, რა ხდება წამლების ფასებთან დაკავშირებით. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც არა ვართ ბრმები და ყრუები, გვქონდა მსჯელობა, კამათი ფრაქციის სხდომაზე და მე პირადად მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ მივიღეთ დაპირება, რომ მოიმატებს ა(ა) იპიების თანამშრომელთა ხელფასებიც. შემოსულია კარგი სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები დ იმედი გავაქვს, რომ მოსახლეობის სხვა ფენებისთვისაც ეს იქნება უკეთესი ხვალინდელი დღის დასაწყისი" _ განაცხადა მან.
მწვავე განცხადებები გაკეთდა ასევე საკითხ, სხვადასხვაში. გამომსვლელთა შორის ჩაწერილი იყო ქალბატონი მაია ფილია, სოფელ მაჩხვარეთის მაცხოვრებელი; ასევე საუბარი შეეხო იმ ინფრასტრუქტურის, გზების ქუჩებისა და საკანალიზაციო არხების მოწესრიგებას, რომელიც დღემდე აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. ამ აღნიშნულ საკითხზე დაწვრილებით შემდეგ ნომერში იხილავთ.
პ.ს. დღევანდელ სოციალურ ფონზე მსგავს საკრებულოს სხდომას თუ მინიმუმ თვეში ერთხელ იხილავს ჩვენი მოსახლეობა, პურიც ექნება და სანახაობაც.
საკრებულოს სხდომა _ ვისთვის პური და ვისთვის სანახაობა
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 731