,,ჰო და არას” რუბრიკის, ,,სხვა კუთხით” სტუმარია ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი ცინცაძე.
- სად დაიბადეთ და გაიზარდეთ? მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.
- დავიბადე და გავიზარდე ლანჩხუთში, მე-7 კლასამდე ვსწავლობდი მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გავატარე ძალიან კარგი და თბილი წლები. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ნონა სვანიძე, რომელიც მასწავლებელზე მეტი იყო ბავშვებისთვის.
რაც შეეხება ოჯახს _ მამა, გრიგოლ ცინცაძე არის მზარეული, ერთი კარგი, წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი ლანჩხუთელი. დედა, გულიკო მჟავანაძე, არის ქობულეთიდან, პროფესიით ეკონომისტი. სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე დღეს ორივე მშობელი არის ემიგრაციაში.
მეუღლე, ირინა ზარანდია, არის ოკუპირებული აფხაზეთიდან, ქალაქ გალიდან, პროფესიით ეკონომისტი. მე და ირინამ ერთმანეთი გავიცანით 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში და მალევე მივიღეთ გადაწყვეტილება დაოჯახების შესახებ და ხელი მოვაწერეთ 8 აპრილს. 9 აპრილს ვარ დაბადებული და საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს, რომ არა ირინა, დღესაც ეულად ვიქნებოდი. მან ჩემში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. ბაბუა, გივი ცინცაძე, რომლის სახელსაც ამაყად ვატარებ, სამწუხაროდ არ მახსოვს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, ბებია, ეთერ ვაჭარაძე იყო ძირძველი ქუთაისელი, ძალიან მორწმუნე ადამიანი, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტომ ითავა არასრულწლოვანი მამაჩემის და მამიდაჩემის ღირსეულად აღზრდა და გზაზე დაყენება.
- როგორი იყო ლანჩხუთი თქვენი მოსწავლეობის დროს?
- მეც იმ 90-იანების თაობა ვარ, რომელმაც გამოვიარეთ უგაზობა, უშუქობა და გაჭირვება სხვა ჩემს თანატოლებთან ერთად. ძალიან იმოქმედა იმ დრომ არამარტო ჩემზე. მახსოვს განუკითხაობა, ტანკებით გადაადგილება შუა ქალაქში. მეტს არ გავაგრძელებ ამ თემაზე...
- რა ხდება უკვე სკოლის დამთავრების შემდეგ?
- როგორც ზემოთ ვთქვი, მე-7 კლასის შემდეგ გადავედით თბილისში, სადაც სრულიად განსხვავებულ, უცხო ხალხში, ახალ სკოლაში მოვხვდი „ოქროს უბანში“, სადაც სხვადასხვა სარწმუნოების და ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, რომლებისგანაც ერთი წუთით არ მიგრძვნია, რომ მე ჩასული ვიყავი რაიონიდან. სასიამოვნო ორი წელი გავატარე 29-ე საჯარო სკოლაში. შემდეგ მე-10, მე-11 კლასში სამხედრო აკადემიის მოსამზადებელ სკოლაში გადავედი, სადაც სკოლის პროგრამის გარდა გავდიოდი სამხედრო სწავლებას. შემდეგ დავიწყე მუშაობა სახელმწიფო დაცვის სამსახურში, სადაც 2 წელი ვიმუშავე. შემდგომ ჩავაბარე უნივერსიტეტში, ვარ ,,საბაჟო საგადასახადო საქმის“ სპეციალისტი. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი კომპანია „დირსში,“ სადაც ხარისხის მენეჯერი ვიყავი, 2013 წლიდან აქტიურად ჩავერთე პოლიტიკაში და გავხდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქის მე-2 ოლქში და 2018 წლიდან ვარ ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის „აღმასრულებელი მდივანი“.
- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იყოს იდეალური? გყავთ თუ არა მისაბაძი ადამიანი?
- ჩემთვის მისაბაძი ადამიამიანები არიან ჩემი მეუღლე, დედა და მამა. ჩემთვის იდეალური ადამიანები არიან ჩემი ერთგული და უღალატო მეგობრები.
- საყვარელი წიგნი...
- საყვარელი წიგნია ,,დათა თუთაშხია” და ,,სისხლიანი პიანინო”, რომელიც არის გურულ მეგობრებზე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საყვარელი ფილმია: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. (როგორც ყველა გურულის).
- საყვარელი სპორტი?
- საყვარელი სპორტია კარატე, ლაჩხუთში ცხოვრების დროს ვმეცადინეობდი მერაბ თურქიასთან. საყვარელი სპორტსმენია მესი, რომელიც მიმაჩნია, რომ არის გენიოსი ფეხბურთელი.
- გაიხსენეთ ერთი განსაკუთრებული დღე თქვენი ცხოვრებიდან.
- განსაკუთრებულად ცუდ დღეს გავიხსენებ, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. ეს იყო 20 ივნისი, სამწუხაროდ ხელისუფლებამ გვესროლა რეზინის ტყვიები. მოგვწამლა მხუთავი აირით. 20 ივნისის შემდეგ იყო 2020-ის საპარლამენტო არჩევნები, გაყალბებული არჩევნები, რომლის გამოც მე და ჩემმა მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ „მოძრაობა საქართველოსთვის“ და რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარედ დავდგით კარვები, სადაც ვიცხოვრე 7 თვეზე მეტი. 5 ივლისს კი ღარიბაშვილის წაქეზებით, მოძალადეებმა დაგვარბიეს, რასაც შეეწირა ჟურნალისტის სიცოცხლე.
- რისი გჯერათ და რისი არ გჯერათ?
- მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა გამთლიანდება და იქნება მისაბაძი, როგორც ეს იყო 2003-დან 2012-მდე; არ მჯერა იმის, რომ ყველაფერი მორჩა და ბრძოლას არ აქვს აზრი.
- რას ნიშნავს ლანჩხუთი თქვენთვის?
- ლანჩხუთი ნიშნავს ჩემთვის ისევ და ისევ ჩემს ბავშვობას, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს და ჩემს თბილ ურთიერთობებს, რომელიც დღემდე გრძელდება.
გივი ცინცაძე: ,,არ მჯერა იმის, რომ ყველაფერი მორჩა და ბრძოლას არ აქვს აზრი

ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 929