როდის დაიწყება სოფელ შუხუთი-აკეთიდან სამი რაიონის ლანჩხუთი- ოზურგეთი - ჩოხატაურის დამკავშირებელი ცენტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ჭანჭათისა და ქვემო აკეთის მიმართულებით დააკავშირებს ლანჩხუთს აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებთან, დიდი ინტერესის საგანი გახლავთ.
ეს საკითხი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25 იანვრის სხდომაზე ოპოზიციამ გააჟღერა. ცნობილი გახდა, ტენდერი აკეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ჯერაც არაა, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აცანისა და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა, ემზარ დევდორაძემ სხდომაზე განაცხადა, პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია. მშენებლობა გარდამავალია, იგი 2022-23 წელს უნდა დასრულდეს.
ემზარ თევდორაძის განცხადებით გზის მშენებლობა სავარაუდოდ გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.
ვის დაევალება მისი მოვლა-პატრონობა? სხდომაზე აღინიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი საგზაო დეპარტამენტი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი გზა, სოფელ ზემო აკეთიდან ყველაზე უმოკლესი იქნება ამ მიმართულებით. ასევე უმოკლესი მანძილია ლანჩხუთიდან კურორტ ბახმარომდე.
ამ გზის მშენებლობას მრავალი წელია ელოდება სოფელ აკეთის თემში შემავალი ოთხი სოფლის მოსახლეობა, რომელიც უკვე დაიღალა დაპირებებით. დიდთოვლობამ სოფელს მძიმე პრობლემები შეუქმნა, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი და შიდა გზებიც მოსაწესრიგებელია, მოსახლეობას უკიდურესად უჭირს.
წლების მანძილზე ამ სოფლებიდან მოსახლეობა მასიურად გაედინება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ადგილობრივი დაბრუნდა სოფელში და ცდილობს, რომ მამაპაპისეული კერა არ დაკარგოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ტენდენციადაც იქცა ქალაქიდან სოფელში დაბრუნება. ამის რამდენიმე მაგალითი უკვე გვაქვს.
გამართული ცენტრალური გზის არსებობა ამ პროცესს აუცილებლად შეუწყობს ხელს.
როდის დაიწყება სოფელ აკეთის ცენტრალური გზის შენება?!
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 789