ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

იმედი და ოცნება, ჩვენი ქალაქის წარსული და აწმყო

14-01-2022, 12:43

ლამფისა და კერასინკის სუნით გაჟღენთილი გაშვანგული ოთახი, ღუმელის სითბო, თუ სოიოს კა­ტლეტები, ნამცხვარი სიგუა და მეზობელთან სერიალის საყურებლად შეჯგუფული ხალხი კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, ამიტომ გვეძახიან დაკარგულ თაობას. ჩვენ ვიყავით ახლგაზრდები, რომელთა დიდმა ნაწილმა საკუთარი პროფესიის გამოყენებაც კი ვერ შე­ვძე­ლით, სტუდენტობის პერიოდი,  წიგნებთან და ლაბორატორიებში გათეული ღამეები უკან დარჩა და როცა სწავლა კენწეროში უნდა გატკბილებულიყო მაშინ ჩამობნე­ლდა, ვიხსენებ როგორი იყო ლა­ნ­ჩხუთი ოცდაათი წლის წინ, როცა სწორედ სამსახურის გამო ჩამო­ვედი აქ, მეზობელი ოზურგეთიდან. სულ რაღაც სამი წელი ვიმუშავე ანასეულის კვლევით ინსტიტუტში ბიოქიმიკოსის პოზიციაზე, ასევე ვმუშაობდი სამაძიებლო ნაშრომზე პარალელურად თბილისის ბიოქიმიის ინსტიტუტში, უფრო ხშირად კი ანასეულში, სადაც არაჩვეულებრივი საზოგადოება იყო თავმოყრილი,  იქაურობის ხიბლი ცხოვრების ბო­ლომდე გამყვება, მაშინ   უამრავი დაწ­ესებულება დაიხურა, ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების გულში სხვა გაზაფხული მოიყვანა, ახალი ცხოვრების სიომ კი დაჰ­კრა, მაგრამ ამას დამანგრეველი ქარისხალიც მოჰყვა და ყველაფერი აირია.
 ერთი მეორის მიყოლებით იხ­ურებოდა რუსეთის დაქვემდე­ბა­რებაში მყოფი ორგანიზაციები და წარმოებები, რომლებიც ვეღარ აგრძელებდნენ მუშაობას, ადგილობრივი სამუშაო ობიექტებიც კი. არც შემშინებია, იმედი მქონდა ახ­ალი სამსახურიც მალე გამო­ჩნდე­ბოდა, თანაც უკეთესი, მახსოვს როგორ მომცეს ხელფასის ნაცვ­ლად ერთი ტომარა ფქვილი. მე და დედაჩემმა ოზურგეთში ჩემს სახ­ლამდე ღამის სიბნელეში ვატარეთ ეს ფქვილიანი  ტომარა ფეხი ექვსი  კილომეტრით, მერე დედაჩემმა ცო­ტა მჭადის ფქვილი შეურია, დიდხანს რომ გვყოფნოდა. დედა მას­წავლებლობდა, მერე პენსიაში გავიდა, სამუშაოდ  ზემო აკეთში წამო­ვიდა და რაღაც მიზერული ხელ­ფასი ჰქონდა, პენსია გაიყინა. საღ­ამ­ოობით ბავშვებს, მამიდაჩემის პა­ტა­რა ქოხში ბუხრის და ლამფის შუ­ქზე ამეცადინებდა რუსულ ენაში. მამა მექანიზაციის ინჟინერი იყო ანასეულის მეურნეობაში, ეს უწყებაც მალე დაიხურა. ძნელი იყო ჩაბ­ნელებულ   და  გაღატაკებულ ქვე­­­ყა­ნაში  უსამსახუროდ  ყოფნა, ჩემმა ოჯახმა დაყაჩაღების შიშიც გა­მო­იარა, ერთ დღეს ჩვენთანაც შემოვიდნენ ნიღბოსნები და რაც რამ გვებადა რამდენიმე ლეიბის გადასაკრავში  ჩაყარეს, მეორე სარ­თულზე  პატარა  ოთახში დამწყვ­დე­ულმა მამაჩემმა კარების უკან დაკიდულ სანადირო თოფის ჩა­ხ­მახს რომ ხელი შეავლო და გახედა, ერთ ერთი მათგანი უკვე კიბეზე ჩადიოდა და მიზანში მისი თავი ჰქონდა ამოღებული, იფიქრა: ჩემი ცოლ-შვილი თუ დაბლა ცოცხალია ამას ტყუილად ვკლავ, რაღაც ორიოდე ოქროს ნივთის  გულისთვისო და თოფი დაუშვა,  მერე გაიგო მე და დედაჩემი ცოცხლები ვიყავით, უბრალოდ დღისით, მზისით მეზო­ბელთან გადასული დადგვიგულეს და ისე შეცვივდნენ სახლში. მაშინ ასეთი ამბები იშვიათი არ იყო. 
საქართველომ დატოვა საბჭოთა კავშირი, კომუნისტები წავიდნენ, საბჭოთა კავშირი კი  დაინგრა, მაგრამ ნანგრევებში მოყოლა არ აგვცდა. ახალგაზრდებს არ შეგვ­შინებია მაინც გვჯეროდა რომ უკეთესი დღეებიც დადგებოდა.
ამას ბარე 25 წელი მაინც უნ­დაო, გვითხრა დიდებულმა აკაკი ბაქრაძემ, რომლის ნააზრევისაც უპირველესად  გვჯეროდა, შემდეგ ის­იც დასძინა, ბავშვები არ შე­ვაშინე, თორემ 50 წელი მაინც დას­ჭირდება საქართველო ევროპულ ოჯახს რომ შეუერთდეს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავო. ჩვენ კი ძალიან გვეჩქარებოდა, მაინც ვერ დავიჯერეთ ბოლომდე რა გველოდა წინ. ყველაფერი გაჩერდა და წყვდიადმა შთანთქა, დღეს თუ ხვალ მაინც გვეშველება, გამოიდარებსო ეს იყო მთავარი საფიქრალი. 
 ამ დროს გავიგე, რომ  ლა­ჩხუთში წყალმომარაგების სამსა­ხ­უ­რში ყოფილა ქიმიკოსის ვაკანსია, ლანჩხუთში მამიდაც მყავდა და ისიც ამ დაწესებულებაში მოლარ­ედ მუშაობდა, მან ჩამომაკითხა ოზურგეთში და ლანჩხუთში ორთა­ვე ერთად ჩამოვედით. მედიკო მამიდა თავისუფლების ქუჩაზე, კინოს ქუჩას რომ ეძახოდნენ, სამსართ­ულიან ბინაში ცხოვრობდა ზედ სა­ბავშვო ბიბლიოთეკის თავზე, რო­გორც კი მეზობლებმა დამინახეს, ყველამ მაშინვე გამიცნო, თითქოს ამ ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. საოცარი სითბო ვიგრძენი. არა­ჩვე­­ულებრივი ადამიანები, ექიმები: ბო­რის ბურძგლა, გივი ჭანტურია და ნანული აბულაძე ჩემი კარის მე­ზობლები იყვნენ. ასევე ჩემს სა­დარბაზოში ცხოვრობდა შესანი­შნავი ოჯახი, მაია და ალექსანდრე ბარამიძეები თავიანთ ორ შვილთან, დათოსთან და ნატოსთან ერთად. მათი ორთავე ბავშვი სკოლის მოს­წავლეები იყვნენ. ზამთრის ცივ დღეებში მშობლები სკოლაში ვერ  უშვებთნენ, რადგან სკოლაში სა­შინლად  ციოდა, ეს ორი ბავშვი მე მომაბარეს ყველა საგანში სამე­ცადინოდ, რა თქმა უნდა, მეზობლურად, ასევე მახსოვს ჩემთან მოდიოდა რამდენიმე მეზობლის ბავშვი. ესენი იყვნენ ურუშაძეები და გო­გიჩაიშვილები.
ახლა რაც შეეხება სამსახურს. კომუნალურ საწარმოთა კომბინატის წყალმომარაგების განყოფი­ლებაში ლაბორატორიის გამგის პოზიციაზე, ლანჩხუთში ჩამოსვის­თა­ნავე დავინიშნე, მახსოვს ჩემს დანიშვნას ხელი მთავარმა ინჟინ­ერმა ესე ბარამიძემ მოაწერა. ძალიან შეკრული, მხიარული  და მეგობრული კოლექტივი იყო,  თუმცა ხელფასი იმდენად ცოტა მქონდა, თქმაც კი მრცხვენოდა და აღარც კი მახსოვს რეალურად რამდენი იყო. ირგვლივ სიცივე, სიბნელე და გაჭირვება გამეფებულიყო, მაინც  ყველას გვჯეროდა, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრ­ძე­ლ­დებოდა, რა დამავიწყებს მაშინ­დელ ურთიერთობებს, იმ მხიარულ სად­ღესასწაულო დღეებს, რაღაც კერძს რომ ვიგონებდით და მაინც გვიხაროდა, შობა იყო ახალი წელი თუ აღდგომა. შავი პური ტალონზე იყიდებოდა და მე ტალონიც კი არ მქონდა, რადგან ლანჩხუთის მაცხოვრებელი არ ვიყავი. გადავწყვიტე წავსულიყავი გამგეობა ეთრქვა თუ პრეფექტურა, ზუსტად არ მახსოვს, რომ მეთხოვა პურის ტალონი გამოეწერათ ჩემთვის, იმ ღამით კარებთან დამხვდა წუთელ ბან­ტებში გახვეული შავი პური, მიხვდი ბარამიძეების ნახელავი იქნებოდა, ერთ დღეს თინა დეიდამ მითხრა: მე გამოგიგზავნი ყოველ­დღე ფხალს და ჭადს, ოღონდაც შენ ჩემი ნათია ამეცადინე, ხომ ხე­დავ რაფერი სიცივეებია  სკოლ­აში დაგვეყინა ბაღნებიო. ჩემს გვერდით ნაქირავებ ბინაში ცხოვ­რობდა, ლელა ურუშაძე, ცისანა ბუცუ­რეიშვილის ქალიშვილი, ინგ­ლი­ს­ური ენის ყველაზე ცნობილი მას­წავლებელი და კერძო გაკვეთ­ილებს ატარებდა, მას უმარავი მოს­წავლე ჰყავდა, ჩვენ მაშინვე ­დავ­მეგობრით, ერთად ვიძინებდით და ვიღვიძებდით, მხიარული საღამოე­ბიც გვქონდა,  სტუმრად მოდიოდნენ დარეჯან ბიწაძე, ნანა წულაძე, მარინა მირზოევა, მაია და თინიკო გოგიჩაიშვილები, მაია გუგეშაშვილი  და  ბევრი სხვა. ასევე დავუახლოვდი არაჩვეულებრივ ქალბატონს მარინა დოლიძეს, მისი უფროსი ვაჟი გიორგი,  ალბათ მეხუთე თუ მეექვსე კლასში იქნებოდა და მასაც მათემატიკაში ვამეცადიდენდი. არასოდეს დაამავიწყდება ლამარა და იუზა კავაჭაძეების  თბილი ოჯახი, ახალგაზრდა წყვილი ჯუბა და ნონა, მათი ბავშვები, ეკა და ლადო მაშინ ძალიან პატარები იყვნენ და ხელიდან ხელში გადადიოდნენ, ყველა ვათამაშებდით; ასევე  ურუ­შაძეების თბილი ოჯახი და მათი რძალი ნინო, რომელიც  ჩვენთან მე­გობრობდა. მკერავი და დიზინერი  დედა-შვილი, მაია და ლალი ჩხი­კვიშვილები, ოქროს ხელებით; ჩემო მეგობარი, ქეთინო გოგუაძე ჯანდაცვის ცენტრის  თანამშრომელი, არაჩვეულებრივი გულის სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც მოგ­ვი­ანებით სტამბოლში წავიდა სამ­უშაოდ.
 ერთ დღეს,  ყველამ ერთად, ჯერ ლელა ურუშაძე გავაცილეთ ამერ­იკაში, შემდეგ კი ზამთრის ცივ ღამეში ბარამიძეების ოჯახს დავემ­შვიდობეთ, ისინი ისრაელში გაე­მგზავრნენ მუდმივ საცხოვრებლად, ასე ნელ-ნელა გაიკრიფა ყველა, მეც ოჯახი შევქმენი და ასე თვალსა და ხელს შუა გავიდა დრო.
უშუქობისა და ცივი ღამეების სა­მყარო  კვლავ დიდხანს მოგვყვებოდა,  ლამფის სუნი და ღუმელის სი­თბო დაუვიწყარი გახდა, ერთმანეთს ვათბობდით საკუთარი სითბოთი და მაშინ ყველას გვჯეროდა რომ ეს ყველფერი მაინც დროებითი იყო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრება დუღდა, ჩვენ შუქი, წყალი, ტრანსპოსტი და პირველადი მოხმარების საგნები გვენატრებოდა,  გადაკეთებ­ული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვეცვა, არაფრისგან სადილებს ვაკ­ეთებდით, თუმცა ერთი რამ მტკი­ცედ  ვიცოდით, უკეთესი ბო­ლო გამოჩნდებოდა. ეს ბოლო კი დიდხანს გაიწელა, ნელ-ნელა გავთი­თოკაცდით, ბევრმა დატოვა ქვეყანა, შუქიც მოვიდა და წყალიც აღარ გვაქვს სანატრელი, მაღაზიებიც სავსეა, მაგრამ... თუმცა ეს მაგრამ არის მთავარი, სამუშაო ადგილები იმათზეა ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების ყოფილის და ახლანდელის მეხოტბე ვინ იქნება და ქაამელეონივით ტყავს ვინ უფრო სწრაფად გამოიცვლის. ნავიდან ნავშვი გადაჯდომა არაფერს ცვლის, ისე როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სიღარიბე გეომეტრიული პროგრე­სიით იზრდება.
აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ არც ადამიანების შეფასება შეიძლება ბი­თუმად, რასაც პარტიები აკეთებენ ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტება­სთან ახლოს, ადამიანები ერთია­ნდებ­იამ მხოლოდ ერთი კარგი იდეის ირგვლივ და არა იმ ტყუილის, რომელიც ამდენი ხანია გვტანჯავს, თუ გინდა რომ ადამიანად დარჩე, ბითუმად არ უნდა შეგაფასონ და გაემიჯნო იმას, რაც არ მოგწონს, სამწუხაროდ ვაჟკა­ცობა უნდა.
 სოფლები გაუკაცრიელდა, ხალხი მიხვდა, რომ მიწას ვეღარ ამუ­შავებს, ტექნიკის შეძენას, ფართობის  შეღობვას, თუ მოსავლის მოყვანას, მუშახელს და ათას რამეს ყველა­ფერს ფული უნდა ეს ოხერი ფული კი გლეხს და უბრალო ადამიანს არ აქვს, სადმე უცხო ქვეყანაში თუ არ წავა სამუშაოდ შიმშილით ამოხდება სული.
ახლა იმ ჩაბნელებული ლანჩხუ­თის ქუჩების ნაცვლად სინათლიან ცარიელ ქუჩებს ვხედავ,მაწანწალა ძაღლებით სავსეს,  სავაჭრო ცენტრებიც მომრავლდნენ და ქუჩის მოვაჭრეებიც გაუნძრევლად ვაჭრო­ბენ ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ. თითქოს მაინც არაფერი შეცვ­ლი­ლა, თუმცა შეიცვალა მხოლოდ ერთეულ­ებისათვის,  უცხოელი ემიგრანტების ნათქვამს თუ დავეყრდ­ნობით, მათი თვალით ორი საუ­კ­უნით ჩამოვრჩით ცივილიზებულ ქვეყნებს, სამუშაო ადგილები საჯ­ილდაო ქვად იქცა,
პროფესიონალიზმი კი ანეგდოტად. ,,ოცნება“პარტიად გადაიქცა და მმართველიც გახდა, ხოლო ხელისუფლების ტელევიზიას კი ,,იმედი“ დაერქვა. ამით ამდენი ხნის ნაოცნებარი იმედიც მიდის უიმედობისკენ და ოცნებებიც ღაფავენ სულს.
აგერ უკვე ოცდაათი წელი გა­ხდება ლანჩხუთში ვცხოვრობ და ყველაფერი თვალწინ მიდგას, როგორ იხსნებოდა პირველი კო­მე­რციული მაღაზიები, ბაზრობები და პატარა ხის ჯიხურები, ნისიების რველებიანი მოვაჭრეები და მზესუმზირის გამყიდველებიც კი.
ახლა რომ ქუჩებში გაიარო ბევ­რი დაგაკლდება თვალში, ყოველ დღე ტოვებენ აქაურობას. აიხედაც ცაზე და მერე მიწას დახედავ, ვერაფერს მიხვდები, სად უნდა იმუშაო , როცა არც ერთი სამრეწველო ან გადამამუშავებელი ობიექტი არ ფუ­ნ­ქციონირებს, პროდუქციას არ ქმნის. მთავარი ქუჩის გასწვრივ ჩა­ლაგებული მოვაჭრეები ზამთარ-ზაფხულ კვლავ ერთსა და იმავე ადგილას სხედან, ახლა მათკენ გახედვაც კი გვეშინია, იმდენად გა­ძვირდა ყველაფერი, მაღაზიებში შეხედვაც საშინელება გახდა. ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ, ნუთუ შეიძლება ვინმემ ამაზე კარგი თქვას?
ამბობენ იმედი ყოველთვის მაინც ბოლოს... იმედი და ოცნება კი მაი­ნც ელოდება დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ ღირებულებას...ამასვე ელ­ოდება ჩვენი ქალაქიც.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 61
FACEBOOK კომენტარები