ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ტკბილი მოგონებები გაჭირვების დროიდან

ტკბილი მოგონებები გაჭირვების დროიდან
12-01-2022, 12:47

მეზობლობის არსი და მეზობლობის ნოსტალგიები შემომაწვა ამ ღამით.
28 წლის ვარ ახლა და დაახლოებით 10-15-20 წლის წინანდელი ერთი დღე მინდა გავიხსენო სოფელში და მცირე შედარება გავაკეთო დღევანდელ ერთ დღესთან.
მოკლედ, შუქი რომ მოდის თვეში ერთხელ, ის პერიოდია.
სახლში ფუტკარი გვყავდა, ვიცოდი რაღაც სერიალი ახალი ხილი იყო და მეზობლები წინასწარ გეგმავდნენ თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო სცენარი, რადგან შუქი არ იყო. მოკლედ მამაჩემა მოიგო მეზობლების გული და მოიტანა სახლში ,,დვიჟოკი.”
იმ ბნელ პერიოდში, როცა დიდი გაჭირვება იყო მეზობლების სიყვარული და გვერდით დგომა ყველაფერს ავიწყებდათ.
დღემდე მახსოვს ჩემი მეზობლის ქალი, მაგული ცოტა ისეთ სცენებზე (ჩახუტება თუნდაც), მომატყუებდა, ,,ნახე ჭერზე რამდენი პეპელაა” და ამით მარიდებდა მსგავსი სცენების ნახვას.
იმდენ კომენტარს აკეთებდნენ ხოლმე, მათი სიცილიანი სახეები ეხლაც მახსოვს.
ამასობაში ამ ,,დვიჟოკის” ხმამ ფუტკრები გადაგვიშენა. ცოტა ხნის შემდეგ გაფუჭდა ესეც და მერე უკვე სხვა მეზობელთან დაიწყეს შეკრება.
მამაჩემი წყალ-კანალის დირექტორი იყო, ძირითადად სახლში საღამოს ან შაბათ-კვირას ვხედავდით, სამსახურიდან მოსული ივახშმებდა და მერე იმედო ხელაძის ოჯახში მიდიოდა კარტის სათამაშოდ, სადაც კაცების ხმები ისევ ჩამესმის ბუნდოვნად, ,,გუშინდელი რატომ არ ჩაგვბარდა”, ,,დღეს აშკარად ჩემი დღეა”, კაცების ომახიანი სიცილი და ასე გაჭირვების დროს გაყვანილი საათები მახსენდება.
მახსოვს ჩვენთან ისე მეზარებოდა მეზობელი კაცების მოსვლა, ოთარი იმნაძეს აღიზიანებდა ჩვენი ტირილი, ხმაური, და ,,ბეკრეჭოთი” მაშინებდა
ბეკრეჭო წარმომედგინა არსებად, რომელსაც მიყავდა ბავშვები.
დილის გათენება ასეთი იყო: ადრე გადიოდა მამა სახლიდან, რომ ცხონებულ მაყვალა ბარამიძესთან მოესწრო ყავის დალევა. გურიაში სახლებს თან ახლავს დამხმარე ნაგებობა, სადაც შეშის ღუმელი დგას, თავისუფლად შეგიძლია მიიღო ადამიანი და გაუმასპინძლდე, 
ასე იყო მაყვალასთანაც,  იცოდა, რომ ყავა ყოველ დილას მამას მისვლისთანავე მზად უნდა ყოფილიყო. განიხილავდნენ ,,ცის და დედამიწის” ამბებს მთელ 15-20 წუთში და უკვე ჩვენი ქალაქში წასვლის დრო რომ მოვიდოდა, მაყვალას სახლთან გაჩერებული მამაჩემის შავი ,,21” სავსე იყო მეზობლებით,
მანქანაში ადგილი რომ არ იყო, საჭესთან მინიმუმ 2 ბავშვი მაინც ეჭირა მამას ხელში.
რაც შეეხება მამიდაჩემს, მამიდაჩემი კულტურის სახლში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი სულ სოფელში თავისი ასაკის მეზობლებთან ატარებდა. სულ ყველგან დავყავდი. ვცდილობ აღვიდგინო, რაზე საუბრობდა. მახსოვს, კოკონა ბებიასთან როცა მივყავდი აუცილებლად ფელამუში უნდა მეჭამა, ვითხოვდი კიდეც.
მახსოვს ამირან ქურიძის და მამაჩემის ჭადრაკის თამაშის, დაუსრულებელი დღეები;
კონკრეტულად ყველას ვერ ჩავატევ ამ ერთ პოსტში, მაგრამ მაშინ მეზობლებს შორის უზარმაზარი სიყვარული, გვერდით დგომა და პატივისცემა არსებობდა.
მართლა მენატრება ჭირში და ლხინში შეკრული სოფელი!
როცა სოფელში ვინმე გარდაიცვლებოდა, კაცები ,,სეფას” აწყობდნენ.
ცხონებული ნუნუ და ჯანიკო ფლავის ,,ჩახანასთან”, მაყვალა - ლობიოსთან და თითოეულს თავისი ფუნქცია ჰქონდა გადანაწილებული.
მხოლოდ ბებიაჩემი მოდიოდა გადაპრანჭული, ბაბუაჩემი სულ ედავებოდა ოხრახუშსა და ქინძს როგორ ვერ არჩევო. 
ქორწილებში სხვაგვარად იყო! 
ერთ კვირიან ქორწილებს მარტო ,,აქანე” თუ ნახავდით.
ახლა გადაგვარდა ყველაფერი, კუთხეში ძალიან ცოტანი დავრჩით, უამრავი ახალგაზრდა დავკარგეთ, უამრავი ემიგრანტი გვყავს, გადავინაცვლეთ ,,სეფიდან” დარბაზებში, ურთიერთობებიც გაცივდა..
ბოლოს 3 წლის წინ მამა საბამ მომცა კურთხევა. სოფელში გვაქვს წმ. ლაზარეს ტაძარი და ლაზარობას სუფრა კეთდება ჩვენთან. ვიყავი ,,თავი ქალი” და ზუსტად ისე გავაკეთე ყველაფერი, როგორც მაყვალამ, ნუნუმ, ნათელამ, ლელიმ, და სხვა დანარჩენებმა იცოდნენ.
მამაო გაოცებული იყო ჩემი სიყოჩაღით. მე კიდევ სიამაყით მოვეკიდე მეტად საპასუხისმგებლო საქმეს. 
იმ გაჭირვების დროში უამრავი ტკბილი მოგონება დამრჩა.

           ნინია ბარამიძე,
ჯუნეწერი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 165
FACEBOOK კომენტარები