ჩვენში ყველა პროფესია საპატიოა (ოღონდ უნდა იყო შენი საქმის პროფესიონალი), განსაკუთრებით კი პედაგოგის, რომელიც ახალგაზრდებს მეცნიერებას ასწავლის და სულიერ საზრდოსაც აძლევს. ამ პროფესიას ვემსახურე 53 წელი. ვასწავლიდი ზუსტ მეცნიერებას - მათემატიკას, ნიგოითის საშუალო სკოლაში. ვარ ამ სკოლის მედალოსანი კურსდამთავრებული. ვშრომობდი თავდაუზოგავად და უანგაროდ. მიღებული მაქვს უამრავი სიგელი და ჯილდო. ვიყავი უფროსი მასწავლებელი, სახალხო განათლების წარჩინებული. ძნელბედობის ჟამს, ზოგიერთებივით,სკოლა და ბავშვები არ მიმიტოვებია, ფულის საშოვარზე არ წავსულვარ, წლების განმავლობაში ჩემი ხელფასით - კუპონებით, თვეში მხოლოდ ერთი კოლოფი ასანთის ყიდვა შემეძლო. არ დავცემულვარ სულიერად და ვმუშაობდი კიდევ მეტი მონდომებით, რომ ბავშვებისთვის ხელი არ მიმეკლო.
30 წლის მანძილზე ვიყავი სასკოლათაშორისო მეთოდგაერთიანების თავმჯდომარე. ჩემთან თავს ვიყრიდით და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით ხუთი სკოლა: ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი, შუხუთი.
ნეტავი იმ დროს... რამდენი ახალბედა მასწავლებელი დამიკვალიანებია. ხშირად მიწვევდნენ რაიონში მედლის კანდიდატი მოსწავლეების ნაშრომების შემმოწმებელთა კომისისაში. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, იქაც სიმართლეს არ ვღალატობდი.
ქარივით გაფრინდა წლები. ყველაფერი შეიცვალა. განათლების რეფორმამ ძველს გვერდი აუარა და ახალ რელსებზე გადაგვიყვანა (შედეგს ყველა ვხედავთ).
ამის გამო ძველი ყველაფერი გაგქრა, წაიშალა და ჩემს მიერ მიღწეულმა შედეგებმა და წოდებებმა ჩაილურის წყალი დალია.
მაშინ, როცა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ჩემს პროფესიას შევალიე ბოლოს მოხდა ისე, რომ პენსიაზე გავედი, როგორც ერთი, უბრალო, რიგითი, პრაქტიკოსი მასწავლებელი... გიკვირთ არა?!... რას ვიზამ?...
მაგრამ არა უშავს, ბავშვი მასწავლებლის შრომის ყველაზე ობიექტური შემფასებელია. მახარებს და ძალას მმატებს ის, რომ ჩემს აღზრდილებში დიდ სითბო, სიყვარული და ავტორიტეტი მაქვს. მხოლოდ გული მწყდება იმაზე, რომ განათლების სისტემის არც ერთი უწყებისაგან თბილი სიტყვაც არავის გაუმეტებია (ნეტავ ამასაც კორონას დააბრალებენ?!).
...და ბოლოს, გეტყვით ჩემო კოლეგებო: ნათქვამია ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი." ვინ იცის რა დრო მოვა... თუ სიცოცხლის საგზურში კიდევ დამრჩა რამდენიმე წელი ფარხმალს არ დავყრი, ვეცდები ისევ კეთილსინდისიერად გავიარო ჩემი ფიზიკური შესაძლებლობის ფარგლებში, ძველებურად, ჩემებურად და სამართლიანად ვაკეთო ყველასთვის კეთილი საქმე. თქვენ კი ბედნიერ სიბერეს გისურვებთ!
ხანდახან ვფიქრობ - აუუ! რამდენი წელი მიცოცხლია. ცოტაა 80 წელი?! ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს. დიდება შენდა ღმერთო, ყოვლად მოწყალე, აწ დამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!ვენერა ხუხუნაიშვილი
ასაკოვანი პედაგოგის გულისტკივილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 068