ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შობა და კალანდა ბებიის მონათხრობიდან

შობა და კალანდა ბებიის მონათხრობიდან
7-01-2022, 11:27

როგორ ვხვდებით დღესასწაულებს? შე­მონახული და კარგად დავიწყებული ძვე­ლის ჭიდილი უფროა, ამ თარიღებას განსა­კუთრებული სიყვარულით ეპყრობოდნენ ჩვე­ნი წინაპრები, ახლა კი მათ ადგილას ჩვენ ვდაგავართ რას ვეტყვით და რას დავუტოვებთ მოსაგონარს ჩვენს მომავალ თაობას? ამას ისინი შეაფასებენ ჩვენ კი კვლავ ვიგონებთ იმას რაც გვახსოვს...
მაშინ, როცა გურიაში მხოლოდ ერთი თარიღი არსებობდა, შობაც და კალანდაც თავისი რიგით თენდებოდა. ჯერ შობა დგებოდა 25 დეკემბერს (7 იანვარს) ძველი სტილით, შემდეგ კი კალანდა შემოაღებდა კარს. ჩემი ბებიის დედის მხრიდან  ნინა(მინადორა) მეფარიშვილის მონათხ­რო­ბი­­დან მახსოვს, როგორ ემზადებოდა მისი ოჯახი და მთელი სოფელი შობის და კალანდის შესახვედრად, ბებია შეძლებული გლეხის ოჯახიდან იყო, სოფელ ქვედა ბახვში მისი ოჯახი მესაქონლეობას მისდევდა, სურსათ-სანოვაგეც ბევრი ჰქონდათ და გაჭირვე­ბულებსაც ეხმარებოდნენ. ბებიას დედ-მამას, მოსე და მართა მეფარიშვილებს შვიდი შვილი ჰყავდათ, როგორც ბებია იტყოდა, მაშინ სოფელში ჩაი არ იყო და ქალები ხელსაქმეს სწავლობდნენ, ეს იყო: ქსოვა, კერვა და ქარგვა, ბებია ორკლასიანი სას­წავლებლის შემდეგ ოზურგეთის გიმნა­ზიაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა ხსენებული სასწავლებელი დამწვარა და სწავლა ვეღარ გაუგრძელებია, იგი ძა­ლიან დაუღონებია ამ ამბავს და ხელსაქმის ღრმად შესწავლა დაუწყია, არაჩ­ვეულებრივ ,,მერიაშკებს“ ვაკეთებდი ნაქარგი ტილოების ნაპირებზეო მიყვებოდა და მეც მა­სწა­ვლა რამდენიმე მათგანი.
სოფელში ყველა დღესასწაული ზეიმად იყო ქცეული, მათ შორის ყველაზე მთავარი, შობა და კალანდა გახლდათ.
სანამ მარხვის დღეები იდგა, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ავადმყოფების გარდა ყველა მარხულობდა, რადგან საქონელი ბე­ვრი ჰყავდათ, ყველიც უგროვდებოდათ და დერგებს ავსებდნენ ჩაკენჭილი ყველით, ასევე იყო ღორის შაშხიც (ვიჩინა) შესაბ­ოლად ოჯინჯალზე რომ ჩამოჰკიდებდნენ, როგორც ბებია იტყოდა, გაჭანდრავდნენ, ად­გილი აღარ რჩებოდა,ზოგჯერ რომელი­ღაცა ბავშვს სუ­ლი წასძლევდა და მოიპარავდა რაღაც გემრიელს, ამისათვის ყველა ბავშვი მკაცრად ისჯებოდა. ბავშვები უფრო ხში­რად კენ­ჭობიას თამაშით და ოჩაფეხებზე (ხისგან გამოთლილი შემაღლებული ფეხსა­ცმელი) სირბილით ერთობოდნენ. ხშირად გაჭი­რვებულ, სნეულ მეზობელს გადაუტანდნენ: ყველს, მჭადს და შაშხის ნაჭერს. ტკბი­ლეული: ჩირი, ჯანჯუხა და შაქარყინული იყო,  ჩაი მაშინ მხოლოდ ქალაქელების სასმე­ლი გახლდათ და ბათომიდან რომ სტუმრები ესტუმრებოდნენ, იმათ მოჰქონ­დათ, თან ,,კრიპუსკად“ ნატეხ შაქართან ერთად სვამდნენ. მთელი მარხვის პერიოდში გროვდებოდა ხორაგი და შობას რომ გახსნილდებოდა, დიდი საზეიმო დღეები მაშინ დგებოდა. შობის წინა ღამით გამოაცხობდნენ  ღვეზლებს კვერცხით და ყველით, ოჯა­ხის ყველა წევრისათვის, ამას მუცლის სალოცავებს უწოდებდნენ და სათითაოდ ყვე­­ლას ტანზე შემოატარებდნენ. აანთებდნენ სანთლებს ჩამოასხამდნენ წინასწარ გამო­ზადებულ ღვინოს და ამის შემდეგ მი­ირთმევდნენ ღვეზელს. მთავარი მაინც ალ­ი­ლო იყო სიმღერ-სიმღერით შემოივლი­დნენ სოფელს და შეგროვებულ სურსათ- სა­ნოვაგეს გაჭირვებულებს ჩამოურიგებდნენ, გაჭირვებულთა მოსაკითხში შედიოდა: ჩუ­რ­ჩხელები, ჩირი, ტკბილეული, ხაჭაპურები, შემწვარი ქათმები ღორის შაშხი და ყველაზე რჩეული პროდუქტები.
მერე მოდიოდა კალანდა, ოჯახის მამაკაცი გათლიდა ჩიჩილაკს, ანუ ბასილას წვერებს ამისათვის ბებიაჩემის მამა მოსე მეფარი­შვილი რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა. მოჭრიდა თხილის ანლუკუმხას (ხეჭრელი) ტოტს, რომელსაც კანს გააცლიდა, შემდეგ სუროს ფოთლით და კურკანტელათი მორ­თავდა, ასევე დაამაგრებდა ყოველგვარ ნუგბარს და საკალანდოდ გაამზადებდა. კალანდის წინა დღეს ,,ცხემლის ჭრას“ ეძახდნენ და ბუხარში აუცილებლად ცხემლის შეშის ცეცხლი უნდა დაგიზგიზებულიყო.
ღვთისა და კაცის წყალობით თავზესაყ­რელად გვქონდაო ზუბზუბასავით დედალი, იმისთანა ღვინო, სუნი რომ დაგათრობდა, ჩამოსანთლული ხორცი, ქაფქაფა ღომი და ჩვენ ფეხზე ვიდექით შვიდივე ბაღანაი და ვყურყუტობდით, როის დააწყობდა მამაჩემი გობზე ღორის თავს, დედალს, დოქით ღვი­ნოს, ხაჭაპურებს ჯანჭუხას და ათას რამეს, მერე გევიდოდა გარეთ  და სამჯერ შემოუვ­ლიდა ოდას, დადგებოდა კართან და დეი­ძახებდა, კარი გამიღეთო და ნენაი შეს­ძახებდა აქიდან რა მოგაქ!? ღვთის წყალობა, მშვიდობა  და ყოლისფერიო, გევიგონებდით ამას და მერე კიდო სამჯერ კითხავდა ნენაი რა მოგაქვსსო, და ჩამოთლიდა კიდო: მშვიდობა, ღვთისწყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური ღორის თავი დედალი და ასე შემდეგ, მერე გუუღებდა კარს ნენაი, შემევიდოდა სახლში დევე­სეოდით ყველაყაი შემოვძახებდით ,,აგუნას“ და გათენდებოდა კალანდაო.
ბებია ამ ამბავს ყოველ ახალ წელს ყვებოდა და თან დააყოლებდა, მევიდენ კომუნისტები და ყოლისფერი სილამაზე იგინმა დაგვავიწყესო. მაინც რომ ჩავეკითხებოდი, მეტყოდა კომუნისტები რომ მევიდენ ნენა, დიდი ვიყავი უკვე, ნენამ და ბაბამ ქე გამათხუეს სუფსას გაღმა ბაბუაშენზე,  არც იმფერი შე­ძ­ლებული ყოფილა მარა, აზნო­ურ­ი­შვილი არ დეიწუნებოდა, აზნნოურებს მაინც პატივს სცემდნენ, ისე სიმაღლით და წარმოსადეგ­ობითაც არ დეიწუნებოდა მეც მო­მეწონა და მიმათხუეს, მარა მერე მიწებიც ჩამოგვართვეს და ჩაის ვთესავდი კოლექტივშიო.
მაშინ თურმე ხიდიც არ ყოფილა მდინარე სუფსაზე და ბორანით გაუყვანით  ბებიაჩემი სუფსის მეო­რე ნაპირზე სოფელ ძიმითში.
რაც შეეხება შობას და ახალ წელს, ძველი სტილით აღნიშნავდა ბებია ყოველთვის და ღვეძლებსაც აცხოვდა, ისევე შემოგვატარებდა ტანზე როგორც მაშინ, აგია თქვენი მუცლის სალოცავებიო გვეტყოდა და მერე იქეთ-აქეთ გეიხედავდა ვინმე ხომ არ გვისმენსო.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 73
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა