გასაგებია ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები შეარიგო. მოთმინებით ეცადო სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლების შერიგებას, მაგრამ გაუგებარია და მოუთმენელი ერთი ციდა ქვეყნის ხელისუფლებაში პეტრეს და პავლეს შერიგებას 10 წელი ელოდებოდეს საკუთარი მოსახლეობა იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ერთად იფიქრონ და იზრუნონ. ამას რომ დღემდე ვერ ვახერხებთ სირცხვილი და თავის მოჭრაა.
შერიგება პირველად ამ წლის დასაწყისში სცადეს. გახსოვთ ალბათ ის პატიოსანი კაცი, რომელსაც ევროპის პრეზიდენტი ჰქვია კარგა ხანი როგორ ვარბენინეთ წინ და უკან. ისიც გემახსოვრებათ თუ როგორი ცხვირპირით დადიოდა ჩვენი პოლიტიკოსები შესათანხმებელი საკითხების განხილვაზე. შეხედავდი მათ სახეებს და ისეთი განცდა გეუფლებოდა, რომ ერთი ქვეყნის შვილები კი არა დანასისხლად გადაკიდებული ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. აშკარად ჩანდა, რომ აბსოლუტურად ყველა არა ქვეყნის მომავალზე არამედ საკუთარ სარგებელზე და ინტერესზე ზრუნავდა. ბოლოს როგორც იქნა უმრავლესობამ მოაწერა ხელი ცნობილ 5 პუნქტიან შეთანხმებას და სიხარულის განცდაში ვიყავით, როცა მართველი პარტიის თავმჯდომარემ მოულოდნელად განაცხადა "ჩვენ ხელომოწერას ვაუქმებთ და შეთანხმებიდან გავდივართ". ასე ბრძანა მაშინ კობახიძემ და 3 თუ 4 თვის ნაწვალევი და ნაჯახირევი საქმე ერთბაშად წყალში გადაიყარა.
ალბათ ასე უშედეგოდ დასრულდება ამჯერად შინაური პრეზიდენტის მიერ დაწყებული შერიგება. ბუნებრივია იქნება უამრავი შეხვედრა და ხმაურიანი განხილვა. შესაძლებელია შამპანურიც კი გასინჯონ ერთად, მაგრამ საქმე საქმეძე, რომ მიდგება გამოხტება რომელიმე და განაცხადებს : აღარ მინდა შერიგება, მომდურავად ვრჩებიო.
როცა პრობლემაზე ვსაუბრობ ხშირად მეუბნებიან, რატომ გამოსავალზე არაფერს ამბობო. მართალია , გეთანხმებით და ამჯერად მოგახსენებთ რა არის გამოსავალი.
თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა მომდევნო არჩევნებზე ნეიტრალური ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ წითელი ბარათი უნდა უჩვენოს დაპირისპირებულ მხარეებს, რომელთა ქიშპობას და მტრობას დღემდე ეწირება ქვეყნის მომავალი. როცა ეს ხალხი არჩევანის იმ შედეგს იხილავს, რომელიც მათ ხელისუფლების ნაცვლად სახლში გაუშვებს იმ წუთიდან ჩათვალეთ, რომ შერიგებულები არიან და მათ ხმას საკუთარი ოჯახის გარდა ვეღარსად გაიგონებთ.
შერიგების ერთაადერთი გზა
ომარ ხუციშვილი,
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 664