ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გადადებული იუბილე

გადადებული იუბილე
22-12-2021, 12:06

მოსაწვევი ბარათი, რომელიც გვ­ა­უწყებდა პოეტ ჯემალ დობორ­ჯგინიძის 80 წლის იუბილეს შედ­გენილი და დაუბეჭდავი დაგვრჩა, შესაბამისად არც საღამო გამა­რთულა, რომელსაც დღეს 2021 წლის 20 დეკემბერს ვაპირებდით, მიზეზი ძალიან დიდია, მას მსოფლიოში მძვინვარე პანდემიამ შვილი მოუკლა!!! უდიდესი ტრამვა, რომელიც ამ ზაფხულს თავს დაატყდა, ყველა იმ ტკივილზე მძიმე იყო, რაც ცხოვრების მანძილზე გადაიტანა... ჯემალ ევგენის ძე დობორჯგინიძე დაიბადა 1941 წლის 20 დეკემბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად კოლმეურნეობაში მუშაობდა მშობლებთან ერთად. 1965 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, ამავე წელს მუშაობა დაიწყო ლანჩხუთის მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად, სადაც 10 წელი იმუშავა,1966 წელს დიდი ფიზიკური ტრამვა გადაიტანა, სოფ. შუხუთში-საკირესთან ავტოავარიაში მოყვა, რის გამოც ორი წელი ძალების აღდგენას დასჭირდა, 1978 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა მამათის კულტურის სახლის დირექტორად, შემდეგ ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ. 1984 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალური ინსტიტუტში კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტზე და კიდევ ერთი პროფესია დაუმატა ღვთით ბოძებულ ნიჭს, იგი უაღრესად მრავალმხრივ განათლებული ადამიანია, ცნობილი ადამიანების სამოყვრო და სანათესაო გარემოცვიდანაა. ბატონი ჯემალ დობორჯგინიძე არის გურიის რეგიონის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მას დაბეჭდილი აქვს 10 საბავშვო წიგნი, 3 ლირიკა და გამოსაცემად გამზადებული სხვა წიგნებიც. ქართული პოეზიის ანთოლოგიაში 3 ლანჩხუთელ პოეტთან ერთად (ტარიელ ჭანტურია, ემზარ კვიტაიშვილი, ავთანდილ ჩხაიზე) ჯემალ დობორჯგინიძის ლექსებიცაა შესული. იგი მუშაობს პროზაშიც, მაგრამ თვლის, რომ ლექსები უფრო უკეთ გამოსდის და ამიტომაც პუბლიკა უფრო იცნობს მის ლექსებს, ვიდრე მოთხრობებს. ლექსი ტკივილია, გვითხრა ბატონმა ჯემალმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხვევაში არაფერს შევცვლიდი, უნდა უნდა ვაღიარო, რომ მწარედ მცემა ბედმა, ბევრი შეცდომაც მაქვს დაშვებული, ჰოდა, სწორედ პოეზიაა მხსნელი, რომელიც ტკივილს მიყუჩებდა და მიყუჩებს. მისი საშუალებით შევძელი სულიერი ტკივილების ტრაგედიების გადაგორება. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ბატონი ჯემალი მშობლიურ სოფელს არ მოსცილებია. ხშირად ჩამოდიოდა ჩვენს ქალაქში, დინჯად დააბიჯებდა მხარზე ჩანთაგადაკიდებული კოლორიტი პიროვნება, ლექსის ოსტატი, ნაცნობებს კეთილი ღიმილით და გულიანი სალმით ხვდებოდა და მთიდან ჩამოტანილ ლექსებს ურიგებდა დიდსა თუ პატარას...
დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გილოცავთ საიუბილეო თარიღს, მართალია ამ გლოვის დროს, რომელსაც შვილის გარდაცვალება ჰქვია, იუბილე გადაიდო, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად აღვნიშნავთ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
გისურვებთ მომავალ შემოქმედებით წარმატებებს, აკი თქვენ თვითონვე ამბობთ: 
"მახარებს ისევ, მე რომ მევარ და
ჯემალ, გვწამს, ბედთან ჭიდილს მოვიგებთ,
წუთისოფელი როდი მევარდა,
მაინც გულში ჟღერს ლექსი მორიგე".
ჯანის სიმრთელეს და სულის სიმხნევეს გისურვებთ. შენი ხმა დიდხანს ისმოდეს მამათის მთებიდან, როგორც ირმის ბღავილი გაზაფხულზე და გვახსენებდეს ბარში მცხოვრებთ, რომ იქ, მთაში გვყავს მხრცოვანი 80 წლის პოეტი - ბატონი ჯემალ დობორჯგინიძე.

პატივისცემით მაია ჭანტურია
/ფოლკლორის სპეციალისტი/

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 597
FACEBOOK კომენტარები