,,ჰო და არას” სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა.
- ბატონო კახა, რას იტყოდით, ახალი მოწვევის საკრებულოს შესახებ.
- ცვლილება წინა მოწვევის საკრებულოსა და ამ საკრებულოს შორის განსხვავება არის ის, რომ წინა წლებთან შედარებით, მაქსიმალურად გაზრდილია ქართული ოცნების აქტივის დასაქმება. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავდა ერთი მოადგილე, ახლა ჰყავს ექვსი. ანუ ყველა სამ კაცზე თითო მოადგილე ჰყავს. თუ საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე ჰყავდა ერთი, ახლა ჰყავს სამი! ანუ ქართული ოცნების საკრებულოს 20 წევრიდან 17 არის ანაზღაურებადი თანამდებობის პირი.
- რას ელით ამ საკრებულოდან?
- როცა ამდენი თანამდებობის პირი გყავს და ამდენი ხელფასის ამღები ადამიანი, თავისთავად მისი მუშაობის ნაყოფიერება, ხომ უნდა აისახებოდეს პირდაპირპროპორციულად? შენ სახელმწიფო გიხდის საკმაოდ სოლიდურ ხელფასს, იმის გამო, რომ შენი მუშაობა იყოს ნაყოფიერი. ეს საბოლოო ჯამში უნდა აისახებოდეს შედეგზე. რომ ვთქვა, რაიმე განსაკუთრებულ შედეგს ველი ამ საკრებულოს მუშაობიდან გამომდინარე, ნამდვილად თავსაც მოვიტყუებ და და თქვენც მოგატყუებთ. ჩემი ფრაქციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და გვექნება უამრავი საინტერესო ინიციატივა, რაც იქნება სრულიად საჯარო. პრესას აუცილებლად წინასწარ გაცნობებთ თუ რის ინიცირებას ვაპირებთ საკრებულოში. ჩვენს წინადადებებს რამდენად დაუჭერს მხარს უმრავლესობა, ვერ გეტყვით. აი, მაგალითად, 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ჩვენი წინადადება არ იქნა ინიცირებული, მაგრამ იმდენად კარგი წინადადება იყო, რომ მერე თვითონ მერია გახდა იძულებული ეს წინადადება მიეღო და რა იყო ეს წინადადება? 100% გრანტმოპოვებულ ბავშვებზე 1000 ლარი წამახალისებლად, ანუ ლანჩხუთელი ბავშვი, სტუდენტი, აბიტურიენტი, რომელიც მოიპოვებდა 100% დაფინანსებას, უმაღლეს სასწავლებლებში, მერიას წაეხალისებინა, რათა მაგალითი ყოფილიყო სხვა უმცროსკლასელებისთვისაც. აი, ასეთი ინიციატივა გვქონდა და რადგან ნაციონალური მოძრაობის ინიცირებული იყო, არ გავიდა, მაგრამ შემდგომ ეს განხორციელდა. ასეთივე და ძალიან საინტერესო წინადადებების დაყენებას ვაპირებთ ახლაც და ეს იქნება უახლოეს დროში.
ორი წინადადება, რომელსაც შევთავაზებთ საკრებულოს უკვე მზად გვაქვს, მაგრამ მე არ მინდა, რომ წინასწარ გავაჟღერო. ეს აუცილებლად ამ დღეებში მზად გვექნება.
- როგორია თქვენი ხედვა ბიუჯეტთან დაკავშირებით?
- პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინეს ძველი მოწვევის საკრებულოს, რომელსაც პრაქტიკულად უფლებამოსილება გასული ჰქონდა. ბოლო სხდომაზე მიიღეს 2022 წლის ბიუჯეტი, რაც თავისთავად არასწორია იმიტომ, რომ 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვაზე პასუხისმგებელი არის ახალი მოწვევის საკრებულო.
რაც შეეხება თავად საბიუჯეტო პარამეტრებს და იმას რაზეა ორიენტირებული ბიუჯეტი? ლანჩხუთის ბიუჯეტი მისი ადგილობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე ძალიან მწირია. ლანჩხუთის ადგილობრივი შემოსავლებით ლანჩხუთის მერია დიდი ვერაფრის გაკეთებას ვერ უზრუნველყობს. ჩვენი ბიუჯეტი არის დოტაციური და მიზნობრივად ივსება ცენტრალური ბიუჯეტიდან. მთელი უბედურება არის, რომ ჩვენი ბიუჯეტის 80% ადგილობრივი შემოსავლებიდან ივსება პატრულის ჯარიმებით. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადგილობრივი ჯარიმებით შემოსული თანხა იყო 250 000 ლარი. ახლა იცით რამდენია? მილიონამდე ადის! ანუ ჯარიმებით ივსება ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი შემოსავალი. ეს ტენდეცია არის ძალიან ცუდი. ანუ პრაქტიკულად სხვა შემოსავალი არ არსებობს, არაფერი არ ხდება. რაც შეეხება ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩამორიცხვას, ესეც უდიდესი პრობლემაა, რადგან ცენტრალური ბიუჯეტი პრიორიტეტებს, რაში რა დაიხარჯოს, არ გეგმავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობიდან გამომდინარე. ძირითადი ნაწილი კი არა, უკვე მთლიანი დაგეგმილი მოდის ცენტრალური ბიუჯეტიდან. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირდაპირ გეუბნება, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ეს მოსახლოების ინტერესებსა და გაკეთებულ საქმეს შორის იწვევს ცდომილებას. რაც არის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სერიოზული პრობლემა და ხარვეზი. ის, რომ ბიუჯეტის დაგეგმარების დროს მოსახლეობის ჩართულობა და მისი მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში, პრაქტიკულად ნოლის ტოლია, არ არის ახალი ამბავია და ამაზე თვითონ მოსახლეობას შეგიძლიათ ჰკითხოთ. არადა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ ბიუჯეტი, მთავარი ფინანსური დოკუმენტი შედგეს მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობიდან გამომდინარე. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ექსპერტს ამ საკითხებზე, ამირან გიგინეიშვილს, იგივეს დაგიდასტურებთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენად სწორად იგეგმება ბიუჯეტი. წინა საკრებულოს მიერ ახალი ბიუჯეტის მიღება, ეს კიდეც ცალკე პოლიტიკური და პარტიული დავალება იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ადგილზე აღასრულეს!
ვტრიალებთ ერთ მოჯადოებულ წრეზე. ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე მოცემულობა და ახალი სისხლი, ასე ვთქვათ ახალი აზრი, ახალი იდეები არ შემოდის. ვერ ვითარდება და სამწუხაროდ ვტკეპნით ერთი და იგივე ადგილს.
- რას იტყვით რეორგანიზაციების შესახებ მუნიციპალურ სტრუქტურებში?
- მე არ შემიძლია ამაზე საუბარი, სანამ ზუსტად არ ვნახავ, თუ რის მიხედვით ხდება ეს. რეორგანიზაციის ძირითადი მიზანი, ასე მესმის, რომ უნდა იყოს მენეჯმენტის გაუმჯობესება. საკითხავია, ეგ რეორგანიზაციაა თუ პოლიტიკური ნიშნით იგეგმება შემცირებები? თუ რეორგანიზაცია იგეგმება მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით, ეს კიდევ სხვა საკითხია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც არის სრული კატასტროფაა და არ შეიძლება ამაში ვინმე არ დამეთანხმოს. ა.ი.პ-ის თანამშრომლები არიან, რომლებსაც აქვთ ხელფასი 150-200 ლარი. ჩათვალეთ, რომ არის დღევანდელ პირობებში და დღევანდელ ეკონომიურ მდგომარეობაში მიუღებელი. დღევანდელ საბაზრო ფასებში, რომ 150-200 ლარიანი თანამშრომელი გეყოლება, ან მას რამდენად უნდა მოსთხოვო, რომ მისი მუშაობა ნაყოფიერი იყოს, ან შენ რამდენად პირნათელი ხარ მასთან, როცა ადამიანს 150-200 ლარს უხდი ხელფასს.
ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის რისი ბრალი იცით? ეს არის გაბერილი შტატები, რომლებიც უბრალოდ ჰყავთ იმიტომ, რომ 2 წელიწადში ან 3 წელიწადში არჩევნების დროს, დაუძახონ, და მიაცემინონ ხმა! პრაქტიკულად ეს არის პოლიტიკასთან ბმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ახსნა არ აქვს! მე არა ვმგონია რეორგანიზაცია ამის გაუმჯობესების კუთხით იგეგმებოდეს, თუმცა თუ ამ მიზნით იგეგმება, მივესალმები.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ მენეჯმენტის გაუმჯობესებას თუ ემსახურება, მაშინ აქვს რეორგანიზაციას აზრი, რეორგანიზაცია უნდა გულისხმობდეს თუ არა იმასაც, რომ შესაძლოა გარკვეული კადრი გაუშვან, მაგრამ გარკვეული კადრი მიიღონ კიდეც, უკეთესი. უნდა გამოცხადდეს თუ არა კონკურსი?
- ა.ა.ი.პ-იში დასაქმება კონკურსს არ ითვალისწინებს. საჯარო მოხელეებისთვის არის კონკურსი გათვალისწინებული, მათ სხვა კვალიფიკაცია აქვთ. ა.ა.ი.პ-ის თანამშრომელი არ არის საჯარო მოხელე, თუმცა იმ ა.ა.ი.პ-შიც ჩემი აზრით, და თუკი ამაზეც წამოვა საუბარი, როგორც საკრებულოს უმცირესობა, ჩვენ რაიმე ზეგავლენის მოხდენა არ შეგვეძლება, მაგრამ შევეცდებით, თუ მსგავსს წარმოადგენს მერია, იქაც ადამიანები არ დაიჩაგრონ, ან მისი პოლიტიკური შეხედულების ან მისი რაიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქაც ეს რეორგანიზაცია განხორციელდეს სწორად და სამართლიანად.
- ახალი კადრების არ მიღებას გულისხმობს რეორგანიზაცია თავისთავად?
- რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, პირიქით, რეორგანიზაცია ნიშნავს მენეჯმენტის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ ნიშნავს ვიღაცის გაშვებას კონკრეტული მიზეზიდან გამომდინარე და ახლის მიღებას კონკრეტულად საქმის გაუმჯობესების პრინციპიდან გამომდინარე. რამდენი სტუდენტია, წარმატებით რომ დაამთავრა სწავლა, დაბრუნდა რაიონში და ჩაიბარა სერიოზული საჯარო სამსახური?! რამდენის ჩემოთვლა შეგვიძლია ასეთის? ვინც წავიდა და ზუსტად ვიცი, რომ წავიდა, წარმატებით დაამთავრა ინსტიტუტი, მაგრამ რამდენს გაუჩნდა სურვილი, რომ დაბრუნებულიყო უკან და ჩამდგარიყო თავისი რაიონის და მუნიციპალიტეტის სამსახურში. ამისი არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირიც კი არ დადგა, სამწუხაროდ, არც ეს ახალგაზრდები დაინტერესდენ და არც აქედან მიეცათ მათ რაიმე საშუალება, რომ ინტერესის საგანი გაჩენოდათ. ეს არის სერიოზული პრობლემა. ვტრიალებთ ერთ მოჯადოვებულ წრეზე. ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე მოცემულობა და ახალი სისხლი, ასე ვთქვათ ახალი აზრი, ახალი იდეები არ შემოდის. ვერ ვითარდება და სამწუხაროდ ვტკეპნით ერთი და იგივე ადგილს. ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს პრობლემა იმ ახალგაზრდების ბრალი კი არ არის, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ბრალი. თუ შენ კონკურსს გამოაცხადებ საჯარო სამსახურში და წინასწარ იცი ფარსია, ახალგაზრდას რაიმე ტიპის კონკურსში მონაწილეობის მიღების ინტერესი დაკარგული აქვს. ადგილზე ეს არის სრული კატასტროფა, ამიტომაც გადიან ახალგაზრდები საქართველოდან, მათი ნიჭის პროვაიდერები არიან სხვა ქვეყნები. საჯარო ინფორმაციაა და გამოითხოვეთ რაიონიდან რამდენი ათასი ადამიანია წასული ბოლო 5 წლის განმავლობაში. რამდენმა დატოვა ლანჩხუთი და საქართველო იმის გამო, რომ სარჩო-საბადებელი ეძიებიათ საზღვარგარეთ.
ნახეთ სტატისტიკურად და მიხვდებით რა კოლაფსის და უბედურების წინაშე ვართ.
კახა ასკურავა: ბიუჯეტი პრიორიტეტებს, რაში რა დაიხარჯოს, არ გეგმავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობიდან გამონმდინარე
მერაბ ფირცხალაიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 637