ხმაურისა და ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია ლანჩხუთის საკრებულოს 25 ნოემბრის სხდომას, სადაც დღის წესრიგის მთავარი განსახილველი საკითხი 2022 წლის ბიუჯეტი იყო. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი და 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა წარუდგინა.მან აღნიშნა რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დღეის მდგომარეობით შეადგენს 25,0 მლნ ლარს.
ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა მუნიციპალიტეტის ბოლო წლების ბიუჯეტების მაჩვენებლებს შორის.
ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს.
არასაკუთარი შემოსავლები ძირითადად შედგება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერისგან, რომელიც მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად გამოეყოფა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
ძირითადი საკითხების გაცნობის შემდეგ, სიტყვა საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავამ მოითხოვა, მან ,,ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა და საკუთარი კოლეგებისადმი უპატივცემულობა უწოდა ძველი საკრებულოს მიერ ახალი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.
,,თქვენ რასაც აკეთებთ დღეს, ეს არის ,,ქართულ ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა, თქვენ კოლეგებსაც, ,,ქართული ოცნების" დეპუტაციასაც არ სცემთ პატივს, საკრებულოს ბოლო სხდომაზე ვადაგასულ საკრებულოს მიაღებინებთ ერთი წლის ბიუჯეტს. ეს საკუთარი კოლეგების მართლაც უპატივცემულობაა, რომელთაც შემდგომი ოთხი წელი უნდა იმუშაონ საკრებულოში, მათ იმის საშუალებაც არ მიეცათ, რომ ბიუჯეტის პროექტში ჩაეხედათ. სირცხვილია!”- თქვა ასკურავამ და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
აღნიშნული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დემაგოგიად შეაფასა
,, ბიუჯეტი დაგეგმილია სწორად და არც ერთი შენიშვნა არ არის მის მიმართ”- თქვა ჩიბათის მაჟორიტარმა გიორგი ჩახვაძემ.
მოგვიანებით კი კახა ასკურავამ სოციალურ ქსელში დაწერა:
,,დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, უკანმოუხედავად შეასრულა პარტიული დავალება და ვადაგასულ საკრებულოს სასწრაფო წესით მიაღებინა 2022 წლის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვაზეც არანაირი პასუხისმგებლობა 2017 წლის მოწვევის საკრებულოს არ ეკისრება. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის უკანაც დგანან პარტიული ბოსები, ხოლო ადგილებზე უპირობო შემსრულებლები არიან! მთელი ეს მასკარადი და ფეიკსხდომა ემსახურება ერთადერთ რამეს - ,,გააპრავონ" და ხელი შეუწყონ იმ მუნიციპალიტეტებში წაგებული არჩევნების ლეგიტიმაციას, სადაც უმრავლესობას ვერ უყრიან თავს და სადაც შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი არჩევნები. ბევრი ვიფიქრე საერთოდ დავსწრებოდი თუ არა იმ მასკარადს, რომელიც დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგა და სადაც იმდენი ფორმიანი თუ უფორმო პოლიციელები ყავდათ მობილიზებული, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადასაღებ მოედანზე მეგონა და მხოლოდ ერთადერთი რამის გამო გადაწყვიტე, რომ უნდა მივსულიყავი - ეს არის ჩემი ბათუმელი კოლეგის და თანამებრძოლოს ხსოვნის პატივისცემა, რომელიც სწორედ ამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მსხვერპლია და რომელსაც არ დასცალდა საკრებულოს პირველ სხდომაზე ეთქვა სიმართლე თუ რის კადრება შეუძლია რეჟიმს, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს გრძნობს!"
,,ჰო და არა" დაუკავშირდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრს პარტია ,,ევროპული საქართველოდან", ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, ამირან გიგინეიშვილს. მან გვითხრა, რომ სამართლებლივად შეიძლება არ იყოს დარღვევა, მაგრამ მორალურად, როგორ შეიძლება ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს ბიუჯეტი, წლის, რომელზედაც მერე ახალმა საკრბულომ უნდა იმუშაოს? ასეთი შემთხვევა არც ყოფილა 16 წლის მანძილზე ბიუჯეტი მერიაში შესწორებებისათვის არ დაბრუნებულიყო.
,,16 წელია საკრებულოში ვარ და არ მახსოვს ახალი ბიუჯეტი 25 ნოემბერს დამტკიცებულიყოს. მე დავუსვი კითხვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, იყო თუ არა განხილული ბიუჯეტი კომისიებში და ფრაქციებში? მან მიპასუხა, რომ იყო განხილული კომისიებსა დაფრაქციებში. შემდეგ ვკითხე: ერთი შენიშვნაც არ ყოფილა? მან მიპასუხა, რომ ერთი შენიშვნა ნამდვილად იყო, მაშინ ვუთხარი, რომ სწორედ აქ გაიჭედა. ამ შენიშვნით 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაბრუნებულიყო უკან მერიაში და შემდეგ კვლავ შესულიყო საკრებულოში დასამტკიცებლად, რასაც ძველი საკრებულო უკვე ვეღარ მოასწრებდა, თუმცა ასე მოხდა მთელს საქართველოში, სამწუხაროდ, ერთ დღეს დაამთხვიეს ბიუჯეტის დამტკიცება, გვითხრა დეპუტატმა.
ახალ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ინფრასტრუქტურის განვითარება;
დასუფთავება და გარემოს დაცვა;
განათლება;
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები;
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა 13 მილიონ 434,8 ათასი ლარით განისაზღვრა.
ა(ა)იპ-ის მოთხოვნა ბიუჯეტთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფარგლებში დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება სიახლეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნა შემდეგი თანხების გამოყოფა:
100 ათასი ლარით დაფინანსდება პროექტი ,,ახალგაზრდული ცენტრი"-სთვის, რომელიც ითვალისწინებს ადაპტირებული სივრცის მოწყობას.
მეწარმეთა ხელშეწყობის თანადაფინასების პროგრამა - 100 ათასი ლარი.
150 ათასი ლარით განისაზღვრა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და ჭკვიანი კამერების დაყენების თანხა.
საკრებულომ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტსა და 2022 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა.
დამტკიცდა დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის ¹5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დამტკიცდა განკარგულება: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“
საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ. განკარგულება. კერძოდ ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯიხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიის ელექტროფიცირების სამუშაოების განხორციელება, რომლის საერთო ღირებულება - 355969 ლარია.
დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ორ საკითხთან დაკავშირებით.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მაია კუკულაძე
რატომ დაამტკიცა ძველმა საკრებულომ ახალი ბიუჯეტი?

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 490