ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გულწრფელ მადლობას ვუხდი რაიონის მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ მაიძულეს წავსულიყავი ლანჩხუთიდან…

გულწრფელ მადლობას ვუხდი  რაიონის მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ მაიძულეს წავსულიყავი ლანჩხუთიდან…
10-11-2021, 12:35

დღეს ჩვენი სტუმარია, მწერალი და კომპოზიტორი მერაბ ფირცხალა­იშვილი. იგი ,,ჰო და არას” ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი გახ­ლდათ. მის შემოქმედებას - მერფი- ასეთი ფსევ­დ­ონიმით იცნობს მკითხ­ველი. მეტი ინფო­რ­მაციი­ს­ა­თვის ეწვიეთ მის პი­რად საიტს ​www.merpi.ge​​​
_ მერაბ, გვიხარია შენი ლანჩხუთში დაბრუნება. რას გვეტყვი ახალს?
_ ,,რას ვეტყვი მე ჩემს ქვე­ყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?"
ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემ­ომაქციოს, როგ­ორც უცხო ნი­ა­დაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმი­თვისოს კიდეცა, რადგანაც ჩე­მში მაინც და მაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული, მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მომიყოლოს და მიამბოს თავის გულის­ტკი­ვი­ლი, თავისი გლოვის ფარული მი­ზე­ზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი,  გულ­ზედაც მიმიკრას და ხარ­ბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულის­ტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო;“
- ეს სიტყვები ილია მართალს ეკუთვნის და ჩემდა გასაოცრად, წლების შემდეგ, სწორედ ილია მართლის ქუჩა დაერქვა იმ ქუჩას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სოფელ შუხუთში. „ილია“ ჩემს ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს. 11 წელი, ილიას სამშობლოში, ყვარელში გავატარე და იმ კუთხის მადლი და სურნელი წამოვაყოლე თან. თითქმის 22 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის დატოვება მომიწია, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, ოჯახით გახლდით აქ და ჩემს ლანჩხუთ­ელებთან ერთად გადავიტანე ის ტკი­ვილიც და ის შიშიც, რაც იმ ომმა მოგვიტანა მაშინ. გულწრფელ მადლობას ვუხდი მაშინდელ (20 წლის წინანდელ) რაიონის ხელ­მძღვა­ნელობას, (გარდაცვლილები აცხ­ონოს ღმერთმა), რომ მაიძულეს წავსულიყავი აქედან. მაშინდელი ლა­ნჩხუთის კულტურის მესვეურებმა ჩემი სტუდიისთვის, მიუხედავად კუ­ლტურის მინისტრის ნებართვისა, დამ­ლაგებლის საკუჭნაოს მეტი ადგილი ვერ გამოძებნეს, ხოლო ხელ­ფასზე ჯვარი მეწერა, 70 ლარი, მეეზოვის შტატიც არ გაიმეტეს, როცა თავად რამდენიმე ადგილზე იყვნენ ერთდროულად გაფ­ორმებულები. ჰო­და, ქარ­თ­ული ანდაზისა არ იყოს „ხარმა ხარს ურქინა და უფ­რო ნაყოფიერ ველზე გააგდოო,“ მეც აქედან პი­რდაპირ „ევროს­ტუდი­აში“ მოვხვდი. იქ გავიცანი ჩემ­ი მეუღლე და დღეს 4 უნიჭიერესი შვი­ლის მამა ვარ და მეამაყება. 
_რა შეიცვალა 20 წლის მანძილზე ქვეყანაში და ჩვენთან ლანჩხუთში? 
_20 წელი პატარა დრო არ არის და ბევრი რამ შე­იცვალა. მე ეს ცვლილებები პოზიტივისკენ მესახება და ძნელია არ დაინახო. თუნდაც ჩემს სოფელში, ჩემს ქუჩაზე, გაიყვანეს ბუნებრივი აირი, წყალი, მოეწყო გარეგანათება, შე­მო­ვიდა ოპტიკური ინტერნეტი, დაიდგა დასუფთა­ვების სამსახურის მიერ სან­აგვე კონტეინერი. ის კი არა და პარალელურ 9 აპრილის ქუჩაზე (თუ სწორად მახსოვს ქუჩის დასახელება) სო­ფლის ისტორიაში პირველად, მოეწყო სანიაღვრე არხი და დაიგო მოასფალტებული გზისსაფარი. იმედია ჩვენს ქუჩასაც მიხედავენ, ბოლოს და ბოლოს, ილია ჭავჭავაძის, ილია მართლის სახელს ატარებს! 
ქალაქიც ვიზუალურად უკეთეს­ო­ბის­კენ არის შეცვლილი.  სამწუხაროდ, მსოფლიოში პანდემიაა და შესაბამისად, საზოგადოებრივი აქტი­ვობები ყველგან მინ­იმუმამდეა დასული. პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ალბათ ხელოვნების სფეროს უჭირს, და ზოგადად უმუშევრობის ფაქტორი უფრო გამძაფრებულია.  რაც შეე­ხე­ბა ქვეყანას ზოგადად, ამ 20 წლის მანძილზე ბევრი შანსი გავ­უშვით ხელიდან. დაირღვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჯერ­ჯერ­ობით ვერც „ნატო“-ს წევრი ვართ და კარის მეზობელი მოსის­ხლე მტრად გვყავს გადაკიდებული. თუმცა ისევ ბევრ ასპექტში ისევ რუსეთზე ვართ დამოკიდებული. დაწყებული ტურიზმიდან, დამ­თავრებული მეღვინეობით. მე ვერც პოლიტიკოსად და ვერც ექსპერტად გამოვდგები, რომ ზედმიწ­ევნით გიპასუხოთ თუ რა უნდა გა­კეთებულიყო, რომ ომი და ბევრი სხვა უბედურება აგვეცილებინა თავიდან. მაგრამ ერთი კი მინდა ვირწმუნო, რომ ოდესმე ჩვენ გამოვნახავთ ძალას, რომ ქარ­თველმა, რუსმა, აფხაზმა და ოსმა მშვიდობიან და ურთიერთ­სა­რგებლიან გარემოში ვიცხოვ­როთ. 
_ როგორია თქვენი თვალით დანახული, ქვეყნის ეკ­ო­ნომიური და ფსი­ქოლოგიური მდგომარეობა? 
_ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოგვი­შუ­შებია 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე დამცირებული და დაძიძგნილი ერის განცდა და ფსიქოლოგიური წნეხი. ადამი­ან­ე­­ბმა თითქოს ხალისი დაკარგეს, ერთმანეთი დავკარგეთ და გავთი­თო­კაცდით ჩვენს პრობლემებში ჩა­ძი­რულები. თითქოს სამი კასტა ჩამოყალიბდა საზოგადოებაში. „ჩა­ქ­ცეულების“,  „გაქცეულების“ და „დაქცეულების“. მოსახლეობის მხო­ლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმდენად მდიდარი და კმაყოფილი, რომ „ჩაქცეულებად“ მოიხსენიებენ. თითქმის ორმილიონამდე ადამიანი უცხო ქვეყნებშია საშოვარზე გა­დახვეწილი, ხოლო ვინც ვერც ეს შეძლო, „დაქცეულებად“ მოიაზრებიან. ისე, რაც უცხოეთიდან საქარ­თველოში თანხა შემოდის, იმის უმ­ეტ­ესობა, რომ აქ რჩებოდეს და წარმოებაში იყოს დაბანდებული, დი­დი ხანია ისრაელის დონის ქვე­ყანა ვიქნებოდით, მაგრამ მრეწ­ველობას ვინ ჩივის, სოფლის მეურნეობის პროდუქციაც კი, რისი წარმოებაც აქ შეგვიძლია, უცხოეთიდან შემოდის და იმპორტი ჭარბობს ექ­სპორტს. 
_ მომავალი თაობა, რა ელის მას? 
_ახლა თაობათა შორის ხელ­ისუფლების გადაბარების პერიოდი მიდის. მოდის თაობა, რომელსაც „საბჭოთა კავშირი“ არ უნახავს და შესაბამისად, „სოციალისტური“ ცხოვრებით არ უცხოვრია. ეს თაობა ძალიან რთული ამოცანების წინაშე დგას. მას მემკვიდრეობით ძალიან მძიმე ეკონომიური და ეკო­ლოგიური მდგომარეობა ერგო. ეკოლოგია მთელი მსოფლიოს მას­შტაბით არის საგანგაშო ნიშ­ნუ­ლზე მისული და გარდა ეკომეგობრული სამეცნიერო-ტექნიკური რე­­ვ­ოლუციისა. სხვა რევოლუციების სარგებლიანობაზე ვერაფ­ერს მოგახსენებთ. 
_ ლანჩხუთი ხვალ?
_ იმედია ეს პანდემია ბოლო-ბო­ლო დასრულდება და ლანჩხუთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. მეც მაქვს რამდენიმე საინტერესო იდეა და პროექტი, ვიმედოვნებ, რომელსაც მხარს, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია დაუჭერს. ჩვენ ყველა, მიუხედავად ჩვე­ნიპოლიტიკური თუ სხვა ფორმაციის განსხვავებულობისა, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში უნდა ვითანამშრომლოთ და გვერდზე გადავდოთ პირადი და სხვა ამბიციები.
                     ესაუბრა მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 476
FACEBOOK კომენტარები