როგორ იქცა მისთვის მთავარ სპეციალობად ფეხბურთი, რა დაუბარეს შვეციასთან თამაშის წინ გოგონებმა დურმიშხან ჩხაიძეს; რა პრობლემა დაემატა მას ბოლო ხანებში
დურმიშხან ჩხაიძე 70 წლისაა, იგი წლების მანძილზე გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. მის სახელს საქართველოში ქალთა ფეხბურთის პირველი ტალღის ინიცირება უკავშირდება. ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი კლუბი „ლანჩხუთი” სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია. რა გზა გაიარა პროფესიით ინჟინერ- მექანიკოსმა, დურმიშხან ჩხაიძემ იქამდე, სანამ მისი გოგონები საქართველოს ნაკრებს დაამშვენებდნენ და რა დაუბარეს გოგონებმა შვეციასთან თამაშის წინ, ამაზე თავად დურმიშხანი გვესაუბრა.
- ბატონო დურმიშხან, ფეხბურთისადმი თქვენი სიყვარული მთელმა ქვეყანამ იცის. პროფესიით ვი ბრძანდებით?
- პროფესიით ინჟინერ -მექანიკოსი ვარ, მოსკოვში ვსწავლობდი, ხუთწლიანი ინსტიტუტი ოთხ წელიწადში დავამთავრე, გურული ვარ და ჩქარი...
- როგორ გააკეთეთ ეს?
- საგამოცდოები მქონდა აღებული რამდენიმე კურსის და ერთად ვაბარებდი, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. კაი სპორტსმენი ვიყავი. ძირითადი სპორტი იყო ხელბურთი; ვიყავი საქართველოს ნაკრებში, ასევე - ფეხბურთში, რაგბიში; მაგიდის ჩოგბურთში საქართვერლოს ორგზის ჩემპიონი ვიყავი; 55 წელია ფეხბურთში ვარ. 15 წლის ვიყავი, როცა ,,გურიას“ დუბლებში ვთამაშობდი, იქედან მოყოლებული სულ ფეხბურთში ვარ, სადაც მიმუშავი, ჩემი გუნდი ყოველთვის იყო რაიონის ჩემპიონი, აქამდე ჩემი ჰობი იყო ფეხბურთი, ახლა უკვე ჩემი ძირითადი სპეციალობა ფეხბურთია.
- თქვენი გოგონებით ამაყობთ, ხომ ასეა?
ვამაყობ, აბა არ ვამაყობ? ამ გოგონებით რომ არ იამაყო სულელი უნდა იყო.
- თქვენის აზრით ეს რა არის, ბედისწერაა?
- ბედისწერაც არის და... ორი ერთნაირი ჭკუის ადამიანი შევხვდით ერთმანეთს, მე და ავთო ორმოცაძე. 2008 წელი იყო, მაშინ მე ვიყავი საფეხბურთო სკოლის დირექტორი, ავთო ორმოცაძე ნიგოითის სკოლის სპორტის მასწავლებელი, მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩამოაყალიბა გოგონათა გუნდი, მიმიღე შენთან სკოლაში ჩემი გოგონებითო. შევხედე გაკვირვებულმა. ერთ ვარჯიშს დაესწარი და მერე თავად მოინდომებო. დავესწარი და დამთავრდა ამბავი, რასაც ქვია, ერთი ნახვით შეყვარება დამემართა. 18 გოგო ჰყავდა, 10-12 წლისანი იყვნენ, შემდეგ ავიყვანე ესენი ჩემთან სკოლაში და მერე ისე წავიდა საქმე წინ. სამი ფეხბურთელია იქედან დარჩენილი. ზოგი გაიზარდა და გათხოვდა, ზოგმა სწავლა ამჯობინა, ზოგი მშობელმა აღარ გამოუშვა და იმ ძველი ჯგუფიდან დღეს სამი გოგონაა დარჩენილი გუნდში. ია ალელიშვილი, გუნდის კაპიტანი; ნინო გუჯაბიძე მცველი და ნინო ჩხარტიშვილი, სამივე საქართველოს ნაკრებში არიან. დანარჩენებზე მწყდება გული, რომლებიც წავიდნენ სხვადასხვა მიზეზთა გამო. შემდეგ, სამწუხაროდ, ავთო გარდაიცვალა და დავრჩი მარტო. არ დავშალე გუნდი ავთოს გარდაცვალების მერე. არავის არ სჯეროდა, ხალხი ჩემზე ამბობდა, გააფრინა ამ სიბერეშიო, თუ გავაფრინე მოვიდნენ და მელაპარაკონ ახლა!
ვაგროვ , ვაგროვე ეს ბავშვები. ჩემთან თამაშობდა ორი სენაკელი გოგონა, გვარად წოწერიები; ჩოხატაურიადან გაბუნია - მეკარე, რომელიც უკვე სახელგანთქმული მეკარეა და ასევე კალანდაძე - მცველი; ეს გოგონები 5 წელი ცხოვრობდნენ ჩემს სახლში, ასევე იყო ბაღდადიდან თეონა თოდაძე ბრწყინვალე ფეხბურთელი, ქობულეთიდან ხატია ჭყონია, მარტვილელი - მარიამ დანელია; აფხაზეთიდან ლტოლვილი, გვარად ხაბურზანია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, უკვე 6 წელია აქ არის. დანარჩენი ადგილობრივი ლანჩხუთელები არიან. გვერდით დამიდგა ჩემი შვილი, აკაკი და რეზუკა, ჩემი ძმისშვილი. თითქმის არაფერი გაგვაჩნდა, ყველაზე დაბალი ბიუჯეტი გვქონდა რაიონში. ფორმა ჩვენ არ გვქონდა, ვთხოულობდით, ბუცებს ვთხოულობდით ასე წვალებით გავიარეთ და დღეს ყველაფერი გვაქვს. ჩვენ ამით დავანახეთ მთელს ქვეყანას მამაკაცები კი არ არიან მარტო სპორტში, ქალებიც არიან. გოგონებს როცა ვასწავლიდი დამყავდა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ვაჩვენებდი ფოტოს და ვეუბნებოდი, აი, შეხედეთ რა ქნეს გურულმა ცხენოსანმა ქალებმა მეცხრამეტე საუკუნეში! ფაქტია, რომ ქალთა სპორტს მომავალი აქვს.
დღეს თამაში აქვს საქართველოს ნაკრებს ფინეთთან სადაც ჩვენგან 11 გოგონა იღებს მონაწილეობას, მე მაგალითად ჟურნალისტი რომ ვიყო, როცა შედეგებს გავიგებ, ასე დავწერდი, ,,ფინეთი-ლანჩხუთი“! ორი გოგონა, გობრონიძე და კაპანაძე, ქალაქ მალტაში თამაშობს, სადაც ტარდება ტურნირი ევროპის ჩეპიონატის ქალთა ფეხბურთში, ძალიან საამაყოა ჩემთვის, მთელი მსოფლიო აქვსთ მოვლილი ამ ღარიბ ბავშვებს. ყველა ღარიბია, ხომ არ გგონიათ დალხინებული იყვნენ, დალხინებული ქართველი გოგონები ფეხბურთს არ თამაშებენ. ამ გოგონებს უჭირთ ეკონომიურად, სეზონზე თხილს აგროვებენ, ჩაის კრეფენ ოჯახებს ეხმარებიან. პირველი ხელფასი რომ დავურიგე ვკითხე სად დახარჯეს ეს ფული, მიპასუხეს დედიკოს მივეცითო. აზრიანი გოგონები არიან ძალიან, მაგრამ ერთი პრობლემა დამემატა, ახლა სასიძოებს ვერ ვიცილებ.
- გიყვებიან თაყვანისმცემლების ამბებს?
- კი როგორ არა, მეკითხებიან, ხუთი წელი რომ შენს ოჯახში იქნება, ის ოჯახის წევრი არაა? დიდი დამსახურება აქვს ჩემს მეუღლეს ამათ გზაზე დაყენებაში. ასწავლის უცხო ენას და ცდილობს ყველაფერში დაეხმაროს.
- რადგან ოჯახის შექმნაზე ჩამოვარდა საუბარი და თქვენი მეუღლეც ახსენეთ, მინდა გკითხოთ, თავად როგორ დაქორწინდით?
- ოცი წლის ვიყავი მეუღლე რომ მყავდ. ოცდაერთი წლისას უკვე ვაჟიშვილი შემეძინა, დავქორწინდი სიყვარულით. ოზურგეთელია ჩემი მეუღლე, თბილისში გავიცანი, სტუდენტები ვიყავით მაშინ, მამაჩემს ძალიან მოეწონა და მეხვეწებოდა, მოიყვანე ეს გოგოო, როგორ შეიძლება მამა დაქალია ჩემი-მეთქი, ვპასუხობდი. სინამდვილეში უკვე სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. გამიმართლ, შვილებს გეფიცები, ასეთი მეუღლე არ ვიცი, მაგარი ქალია რა, მეუღლეს არ უნდა აქებდე, მაგრამ არის საქებარი, იგი ყოველთვის მედგა გვერდით. სულ ვნატრობდი დიდი თამაში, რომ იქნება ჩემი გოგონების წარმატებას დავანახებ ქვეყანას-მეთქი და კიდეც დავანახე. მარტო ჩემმა გოგონებმა მიაღწიეს იმას, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს. დაუვიწყარი დღეები იყო.
- დღევანდელ შედეგს რას ელოდებით?
- რომ ვაცილებდი გოგონებს, მითხრეს: დურუ მასწ! რა გიყიდოთ? არაფერი არ მინდა ან ფრე ითამაშეთ ან მოიგეთ ყველაზე დიდი საჩუქარი ეს იქნება მეთქი, ასე გავაცილე.
მაია კუკულაძე
დურმიშხან ჩხაიძე: ხალხი ჩემზე ამბობდა, გააფრინა ამ სიბერეშიო, თუ გავაფრინე მოვიდნენ და მელაპარაკონ ახლა!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 162