2 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, საქართველოში დაიწყო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევდნენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩა საკრებულოების 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობდა. მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიეღო. 40%-იანი ბარიერი მოქმედებდა საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად. პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3% იყო. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებს უნდა მიიღოთ ხმების არანაკლებ 2.5%. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 497 345. საქართველოში 3 664 საარჩევნო უბანია. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი იყო 9 უბანი. კიდევ 70 უბანი გაიხსნა კორონავირუსით ინფიცირებული, კლინიკებში, ან თვითოზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მიერ მიცემული ხმების დასათვლელად. პაციენტებს, რომლებმაც საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მიმართეს, გადასატან ყუთები მიუტანეს. ასეთი ამომრჩევლების რიცხვი 6000-ზე მეტი იყო. არჩევნებს აკვირდებოდა პარტიების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 მეთვალყურე. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება. ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, სადაც მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებისთვის 28 432 ამომეჩეველი ფიქსირდება, საარჩევნო უბანზე დილის ათი საათის მონაცემებით 2406-მა ამომეჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც ამომეჩეველთა რაოდენობის 8, 46 %-ია. 10 საათის მონაცემების მიხედვით ლანჩხუთის საარჩევნო უბნებზე აქტივობა მაღალი იყო. საარჩევნო პროცესი კი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქებში დღის ორი საათის მონაცემებით, სულ ოთხი საჩივარი იყო შესული და ოთხივე ლანჩხუთის #61 ოლქში. #61 საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელმა თამარ ბისიეშვილმა აღნიშნა, ოლქში სამი საჩივარი ენმ-მა შემოიტანა, ერთი საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნების“ ანგარიშზეა. ბისიეშვილის თქმით, ოთხივე საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება. როგორც ენმ-ის ლანჩხუთელმა სახემ გივი ცინცაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა მათ ქალაქის #2 საარჩევნო უბანთან დააფიქსირეს, სადაც ქალბატონი უბნის სიახლოვეს საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. „უბნის სიახლოვეს, ისე, რომ 100 მეტრიც არ იყო დაშორებული ქალბატონი საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. შენიშვნა მივეცით, საჩივარიც დავწერეთ, მაგრამ ფაქტობრივად, არც არაფერი შეცვლილა. მანამდე თუ „ქამრიში“ იჯდა და საარჩევნო უბნის წინ ეწოდა აგიტაციას, ახლა შენობის გვერდიდან შესასვლელთან „ოპელში“ გადაჯდა. რა უნდა ვქნათ, ერთსა და იმავე ადამიანზე ორჯერ ხომ ვერ დავწერთ საჩივარს?!“- ამბობს გივი ცინცაძე.
საბოლოო ინფორმაციით ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ლანჩხუთში რეგისტრირებული ამომრჩევლის 58,98 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
სულ ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში 28432 ამომრჩეველია რეგისტრირებული აქედან არჩევნებზე 16 769 ამომრჩეველი გამოცხადდა.
მაჟორიტარულ ოლქებში სავარაუდო უპირატესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატებს აქვს, ხოლო მერობის კანდიდატების შედეგები
,,იმ მრავალ სიახლეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევაში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება.
„დღის განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებოდი სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ვიღებდი ინფორმაციას მათი მიგნებების შესახებ და რა თქმა უნდა, ვუზიარებდი დეტალებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციას ჰქონდა მყისიერი რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე. 3200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, წელს პირველად ხმის დათვლის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ, ასევე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება „გუგლ დრაივის“ პლატფორმაზე, რომელიც უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. ნებისმიერ დადასტურებულ გადაცდომასა თუ ხარვეზზე, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება რეაგირება საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმა. ყველა შემოსული ოქმი, რომელიც გადმოიგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებიდან, გადმოგზავნისთანავე უზრუნველვყოფთ მათ გასაჯაროებას ჩვენს ვებ-გვერდზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ლანჩხუთში, შუაღამის მონაცემებით, იმ წუთებში, როცა გაზეთი იბეჭდებოდა, მაჟორიტარულ ოლქებში, ყველგან ლიდერობდნენ ქართული ოცნების კანდიდატები. პარტიული სიებით, სავარაუდოდ, ქართულ ოცნებასთან ერთად შევლენ ნაციონალური მოძრაბა და გახარიას პარტია ,,საქართველოსათვის.” მერობის კანდიდატებს შორის ლიდერობს ალექსანდრე სარიშვილი. თუმცა, სავარაუდოდ, მეორე ტური შეიძლება საჭირო დარჩეს.
მთლიანობაში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა, რომელსაც შეეძლო შედეგებზე გავლენის მოხდენა.
არჩევნების შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას შემდეგ ნომერში მოგაწვდით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 543