ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ამერიკელი ფერმერი 100-125 კაცს ინახავს, ქართველს კი უკვე საკუთარი თავი ვერ შეუნახავს~

9-07-2021, 13:22

 ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, წლების წინ ჩავწერეთ ჩვენი რაიონის მკვიდრთან, ახლახან გარდაცვლილ, ბატონ თამაზ კუნჭულიასთან. იგი  გამოქვეყნდა ,,ჰო და არას” გამოცემაში _ ,,ახალი საქმე”. ვფიქრობთ ამ ინტერვიუს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.    
- დავიბადე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში, 1935 წლის პირველ ივლისს. დავამთავრე საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. ვმუშაობდი აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის, შემდეგ სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და ეკონომიკის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში. შემდეგ პარტიულ სამუშაოზე 1977 წლიდან 1990 წლის ჩათვლით ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიკომის პირველი მდივნად. შემდეგ ვიყავი სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე, სააქციო საზოგადოება ,,ქართული ჩაის” გენერალური დირექტორი, ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ამჟამად ვარ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი. მყავს მეუღლე, იზოლდა ტატიშვილი და ორი ქალიშვილი ხელოვნებათმცოდნე ნანა, რომელიც კერძო ენებისა და ეკონომიკის სპეციალისტი ხათუნა, რომელიც გაეროს სისტემაში მუშაობს.
- საქართველოში მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დასახელდა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წლების მანძილზე გურიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდით. როგორ  ფიქრობთ, სოფლის მეურნეობის რომელი დარგები უნდა წამოწიოს წინა პლანზე ჩვენს მხარეში?
- ადრე გურიაში პრიორიტეტი იყო ჩაი და ციტრუსი. ცოტა მოგვიანებით წამყვანი იყო მეცხოველეობა და მინდვრის კულტურები: სიმინდი, ლობიო და ა.შ. ახლა მეჩაიეობას და მეციტრუსეობას ისეთი ყურადღება აღარ ეთმობა და ფართობებიც კატასტროფულად არის შემცირებული. დარჩა მეცხოველეობა, სადაც პირუტყვის შენახვის ტექნოლოგიაში არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება მარცვლეულის წარმოებას, სიმინდის წარმოება ფართობების უმეტეს ნაწილებზე გზებიც გაფუჭდა, მიმდინარეობს მეორადი დაჭაობების პროცესი და სიმინდის წარმოება შესაძლებელია ისევ თოხის გამოყენებით. ბუნებრივია, რომ თოხით წარმოებული სიმინდი ეკონომიკას ვერ შეცვლის, იმიტომ რომ არაკონკურენტუნარიანი იქნება.
იმის გამო, რომ მეჩაიეობა და მეციტრუსეობა შეზღუდულია, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მანამდე სახელმწიფო იბარებდა და ახლა ეს სისტემა თავისთავად აღარ არის, გურიის მეურნეობა გადაიქცა ნატურალური ტიპის მეორნეობად. ანუ გლეხი სასაქონლო სახის პროდუქციას ვეღარ აწარმოებს. ნატურალური ტიპის მეურნეობა ნიშნავს იმას, რომ გლეხს გაჭირვებით მოჰყავს პროდუქცია თავისი ოჯახისათვის. თუ რაიმე დარჩა ან თუ გაუჭირდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰყიდის, ამ  გზით, რა თქმა უნდა, ეკონომიკა ვერც აყვავდება დ ავერ განვითარდება.
თუმცა ამავე დროს მსოფლიოში ჩამოყალიბდა ჩაიზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩაის კლასიკური მწარმოებლები არიან და მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნილება. ამიტომ  მეჩაიეობის ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც აწარმოებენ ჩაის, მაგრამ თვითონ მცირე რაოდენობით მოიხმარენ. ასეთია ჩრდილო აფრიკის ქვეყნები და მათთან ერთად, საქართველოც. რაც შეეხება პროდუქციის წარმოებას, თუ ჩვენ ისეთი ხარისხის ჩაის ვაწარმოებთ, როგორსაც საბჭოთა კავშირის დროს ვაწამოებდით, ასეთი სახის პროდუქტს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ვაწარმოოთ ისეთი ჩაი, როგორიც იწარმოებოდა 70-იან წლებამდე, ეს იყო ძალიან მაღალი არისხის პროდუქტი, მაგრამ არის მეორე საკითხიც, ჩაის პლანტაციები მოსავლელია, სასუქებიც არ შეტანილა კარგა ხანია, ამიტომ  დუყის ბიო-ქიმიური შემადგენლობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე ამის გაკეთება ძალიან ძნელია. შეიძლება გაკეთდეს ისეთი გრანტებით, როგორიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მოუპოვებია. როგორც  ჩემთვის ცნობილია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს ჩაის რეკულტივაციის პროცესს, რომელიც ლანჩხუთში უკვე დაწყებულია. ასევე აუცილებელია მიკროსაწარმოების ამუშავება. წარმოების ჯაჭვი რომ შეიკრას, დაწყებული პლანტაციიდან დამთავრებული მზა პროდუქციამდე და რეალიზაციამდე, მთელი რიგი საკითხებია გადასალახი.
გურიას სხვა არაფერი  ეშველება, თუ მეჩაიეობა არ აღვადგინეთ. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მთავარია ბაზარი. საქართველოში ბაზარი არსებობს, ქართულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე 13-15 % უჭირავს. დანარჩენი არის იმპორტირებული. ჩვენ არ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ სად წავიღოთ ჩაი, რადგან შიდა ბაზარზე არის უზარმაზარი მოთხოვნილება. ჩაის წარმოების აღდგენას. სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა.  რაც იმაში გამოიხატება, გასცეს იაფი სესხები. რაზედაც  არ არის გამახვილებული ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში.
მსოფლიოში პრაქტიკის წინააღმდეგ ნუ წავალო, ხალხო! იგი აჩვენებს, რომ სოფელი დახმარების გარეშე ვერ ვითარდება, ამიტომ ამ გზით უნდა ვიაროთ. 
ასევე საყურადღებოა მეციტრუსეობა თავისი გადამუშავებით. შეიძლება წინა პლანზე წამოიწიოს კივის და სხვა პროდუქტების მოყვანამ, რომელიც ფულად შემოსავალს მისცემს გლეხს.
- სახელმწიფოს  მხრიდან ვაუჩერიზაციის პროცესის წამოწყება რა გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე?
- 2006 წლიდან საქართველოში კატასტროფულად შემცირდა სოფლის მეურნეობის წარმოება. სხვა მიზეზებთან ერთად, ამის პირველი ნიშანი არის საწვავის გაძვირება. როცა ასეთ ძვირ საწვავს ხმარობ და თოხით სიმინდი მოგყავს, ნამდვილად ვერ მიიღებთ კონკურენტუნარიან პროდუქტს. ისეთი მაღალი ფასი ექნება, რომ ამას არ შეიძენენ.  ვაუჩერიზაციით სოფლის მეურნეობას არ ეშველება! ეს მაპატიეთ, მაგრამ ზღაპარია, გაეროს გათვლებით, 2040-50 წლებისათვის მოსალოდნელია სასტიკი დეფიციტი სურსათზე, დღეს მსოფლიოში  ერთი მილიარდი ადამიანი შიმშილობს, იმ დროისთვის კი დაახლოებით 4 მილიარდი იქნება ასეთ დღეში. მსოფლიოში ამისთვის ყველა ქვეყანამ დაიწყო სამზადისი. შეიძლება საექსპორტო პროდუქციაც აღარ იყოს და ყველამ თავისთვის მოიხმაროს საკუთარი პროდუქცია. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ქვეყნები აძლიერებენ დახმარებას ფერმერებისთვის.  იაპონია აძლევს უპროცენტო სესხს  ფერმერებს, ამერიკამ 2,5 %-მდე შეამცირა. ამერიკაში სახელმწიფო ფერმერს გაწეული ხარჯების 25 %-ს უხდის, იაპონიაში კი 80%-ს და ეს ტენდენცია მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას მისი შემცირება უნდოდა. სხვანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ რეალურად სასურსათო უსაფრთხოებაზეა საუბარი. ამერიკელი ფერმერი 100-125 კაცს ინახავს, ქართველს კი უკვე საკუთარი თავი ვერ შეუნახავს.
ბაზარზე მინდობილი სოფლის მეურნეობა ასე არსებობს, იმიტომ რომ, მას ეკონომიკური თავისებურებები ახასიათებს. იქ, სადაც არ ეხმარებიან სოფელს და მინდობილი აქვთ ბაზარზე, სოფელი არის უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში და სამწუხაროდ ასეა ჩვენთანაც. 
- როგორც ჩემთვის ცნობილია მთავრობამ ქვეყანაში 2000 ტრაქტორი შემოიყვანა და კიდევ 500-ის შემოყვანას გეგმავს. როგორ ფიქრობთ, ეს საქმარისია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად?
- ტრაქტორების შემოყვანა ძალიან კარგია, იმიტომ რომ, რაც დრო გადის, ტექნიკა  უფრო ძვირდება და ცალკეულ გლეხს და თუნდაც მსხვილ ფერმერს მისი შესყიდვა გაუჭირდება. რომც შეისყიდოს, მას ეს ტექნიკა მხოლოდ სეზონურად სჭირდება და დანარჩენი დრო უნდა იდგეს, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ამ სტრატეგიის აღებასა და სერვის-ცენტრების ჩამოყალიბებას, მივესალმები. რაოდენობით კი თავს იტყუებენ. საქართველოს სოფლის მეურნება საბჭოთა კავშირის 3000-3300 ერთეულ ტრაქტორს, მუშაობით კი ერთდროულად ჩვენს ქვეყანაში 32000 ტრაქტორი მუშაობდა. თექნიკის შემოყვანა სახელმწიფომ თავის თავზე თუ არ აიღო და სალიზინგო, ანუ გასანათხოვრებელი ცენტრები თუ არ შექმნა, სოფლის მეურნეობა ფეხზე ვერ დადგება, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკა ქვეყანაში პრიმიტიულად ესმით და მე ამის თქმის სულ არ მრცხვენია. წარმოების ხელშემყობი რეგულაციები ქვეყანაში უნდა არსებობდეს.
- ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანში რა არის საჭირო იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირმა ახალი საქმე წამოიწყოს?
- ახალი  საქმის, ახალი ბიზნესის დაწყებისთვის საქართველოში პირობები ძალიან გამარტივებულია და სწორია ის რეიტინგები, როცა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ რეიტინგტებში საქართველო ათეულებში და ზოგჯერ ხუთეულებშიც კი ხვდება, ეს არის საქმის კარგი, მაგრამ ერთი ნაწილი. ამის შემდეგ უნდა იყოს ცოდნა, რაიმე საქმის დასაწყებად ძალიან ღრმა ცოდნაა საჭირო, უნდა იყოს იაფი კრედიტები და უნდა არსებობდეს გარანტია იმისა, რომ წარმოებულ პროდუქციას გაყიდი.
          ელენე გურგენაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 569
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა