ჩვენ რატომღაც მივეჩვიეთ, რომ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით ყოველთვის ცნობადი სახეების შესახებ გვიყვებიან: მსახიობები, მომღერლები, მოდელები, მათი ცხოვრების დეტალები საზოგადოებას დაზეპირებული აქვს. გადავწყვიტე, რომ ეს ტრადიცია დამერღვია, რადგან ჩვენი რესპოდენტი არც ერთი, არც მეორე და არც მესამეა, იგი ჩვეულებრივი ქალია კეთილი გულით, ზნეობრივი სისპეტაკით, ოჯახისა და შრომის სიყვარულით. თუმცა ჯერ წარსულს გადავხედოთ, რა იყო მანამდე, სანამ ამ ეზო-კარში ბერიძეები დასახლდებოდნენ. მანამდე აქ ერთი ტრადიციული, სოფელში ცნობილი და პატივსაცემი ოჯახი სახლობდა, მარიამ ქინქლაძეს და სიო ჩხაიძეს ყველა პატივს სცემდა, თავიანთი დამსახურებისა და ადამიანობის გამო. ოჯახის უფროსი თავის დროზე კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, ომიც მოიხადა მან და მისმა უფროსმა ქალიშვილმა, შინ მშვიდობით დაბრუნებულები კიდევ დიდხანს ემსახურნენ ოჯახსა და საზოგადოებას, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ეს ადამიანებიც იმქვეყნად წავიდნენ, შთამომავლებმა კი აქაურობის გაყიდვა გადაწყვიტეს. სიმართლე გითხრათ და ცოტა შევფიქრიანდი, ვინ დაიკავებდა ამ სამაგალითო ადამიანების ადგილს.
ეს ის წლები იყო, როცა აჭარის მეწყერსაშიში სოფლებიდან იქაურები აცანაში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად.
სანდრო და ფატი ბერიძეები სულ მოკლე დროში ისე შეესისხლხორცნენ აქაურობას, თითქოს მთელი ცხოვრება აქ ჰქონდათ გატარებული და ბავშვობიდან სცოდნოდათ უბანი. ოჯახის უფროსი სანდო, საიმედო და უღალატო კაცი, რომელიც სულ იმის ცდაში იყო ვინმესთვის სიკეთე გაეკეთებინა, საკუთარ საქმეს დატოვებდა და მეზობელს გაუმართავდა ხელს, რჩევას მისცემდა, ურიგოდ და უსამართლოდ არაფერს გააკეთებდა, მეუღლეც გვერდში ედგა ყველა საქმეში და უხმაუროდ, წყნარად და ლამაზად ეწეოდნენ ოჯახის ჭაპანს.
ოჯახს ორი შვილი ჰყავს, ისინი უკვე დაოჯახებულნი არიან და ცალკე ცხოვრობენ. ასე იქცა ნაღვარეველი კაცი ტელმანელად და იქაური მთაგორების ნაცვლად გორმაღალა, კიბულა და საყორნია გახდა მისთვის მშობლიური.
უბანს დასაყრდენი მეზობელი გაუჩნდა მათი სახით, რომელიც ჭირსა და ლხინში, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე იყვნენ, თუმცა ცხოვრება ამოუცნობია და წინასწარ ვერავინ განჭვრეტს ვის რა ელოდება. სამწუხაროდ, აქაც ასე მოხდა და არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ ჩვენთვის ავადმოსაგონარ საღამოს, უბანს მეხის გრიალივით გადაუქროლა სანდროს უეცარი გარდაცვალების ამბავმა. სავარაუდოდ, მას გულმა უმტყუნა. იმ გულმა, რომელიც დიდ სითბოს, ადამიანობას და ღირსებას ატარებდა.
მიუხედავად დიდი ტკივილისა ოჯახში სიცოცხლე გრძელდება, ცალად დარჩენილმა მეუღლემ თავად იტვირთა ოჯახის გაძღოლა. ყველაფერი აქ ისე კეთდება, როგორც ადრე, კენჭსაც ვერსად ნახავთ უადგილოდ, არც სამეზობლო საქმესა და მოვალეობას აკლდება არასოდეს. ჩუმად უპრეტენზიოდ და უხმაუროდ საქმიანობს.
ჩინებული დიასახლისია, მისი ნახელავი ნებისმიერი მაღალი დონის სუფრას დაამშვენებს, თუმცა მისთვის გამიჯნული არაა ქალისა და მამაკაცის საქმე, ოღონდ ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს. ეს ფოტოც სწორედ მაშინ გადავუღე, როცა ყანას მარგლავდა, მუშაობით დაღლილი ჩრდილში ვერ შემოვიტყუე, არ მინდა საცნობად ვიყოო. ეს მისი მოკრძალებულობა და თავმდაბლობაა, თუმცა მგონია, სწორედ ასეთი ქალები უნდა იყვნენ საცნობად და წინა პლანზე, რომ ყველამ დაინახოს და გაიგოს როგორი უნდა იყოს დიასახლისი, დედა, ბებია, მეზობელი, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს. ადამიანი, რომელსაც ყოველი წუთი გათვლილი აქვს, რომ ყველაფერი დროულად დ რიგიანად მოასწროს.
სულ ბოლოს მინდა ცოტა შინაურული გამოვურიო, მადლობა ვუთხრა მისი ქალობისთვის, მისი საქმისთვის, ჩვენს გვერდით ყოფნისთვის და ერთგულებისთვის.
მარინა ჩხაიძე
ჩვენი საიმედო და დასაყრდენი მეზობელი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 941