ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კაცი მოღვაწე, საზოგადოების უკეთესი წევრი

30-06-2021, 11:36

ახლახან გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი, დედაქალაქის არაერთი უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი, თამაზ ალისტრახოს ძე გოგიჩაიშვილი.
თ. გოგიჩაიშვილი დაიბადა 1941 წლის 13 მარტს, ლანჩხუთის რაიონის სოფ. ლესა-ჭინათის თემში. მის თაობას სავსებით სამართლიანად „დიდი ომის თაობას“ უწოდებენ. თამაზს მამა არ ახსოვდა, რადგან იგი ფრონტზე გაიწვიეს, საიდანაც ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. მას, ისე, როგორც მის თანატოლებს, ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. დედა - გალინა (გალიჩქა) კონსტანტინეს ასული კვაჭაძე წელებზე ფეხს იდგამდა, რომ არ მოეშიებია თავისი ერთადერთი ვაჟი და სახლში მყოფი მოხუცი, უკვე დასნეულებული მამამთილი - დავით გოგიჩაიშვილი. 
თ. გოგიჩაიშვილმა 1958 წელს მედალზე დაამთავრა სოფ. ლესის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის სპეციალობით. იმხანად იურიდიული და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი გაერთიანებული იყო. თამაზმა კარგი სწავლის გამო ქართული სამეცნიერო ფსიქოლოგიის დამფუძნებლის, დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია - 100 მანეთი მოიპოვა. სტიპენდია შეემატა დედის მიერ ყოველთვიურად გამოგზავნილ თანხას. ხოლო, რამხელა მსყიდველობითი უნარი ჰქონდა 100 მანეთს გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან 80-იანი წლების თითქმის ბოლომდე, ამაში ხანდაზმული ხალხი დამემოწმება.
1963 წლის ზაფხულში თსუ-ის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ, თამაზმა სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ საქმიანობა დაიწყო საქართველოს პედაგოგიკის ინსტიტუტში, რომელიც „ზემელზე“ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ეზოში იყო განთავსებული. თამაზი კარგად იცნობდა ბატონ მერაბ კოსტავას.
თამაზმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია მოზარდთა ფსიქოლოგიაში. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მუშაობდა რესპუბლიკის პედაგოგთა დახელონების ინსტიტუტში ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა 6 ათეულამდე ნაშრომს მოიცავს, რომლებიც ახლაც ემსახურება მომავალი თაობის აღზრდის საქმეს.
1984 წლიდან თ. გოგიჩაიშვილი ბრუნდება თავის უსაყვარლეს თსუ-ში. იგი მუშაობს პარტიული კომიტეტის მდინის მოადგილედ. პარალელურად უძღვება სალექციო კურსს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
მოგეხსენებათ, ეროვნული მოძრაობის დუღილი სწორედ ცოდნის ტაძარში - თსუ-ში დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში, როგორც პარტიული კომიტეტის ერთ-ერთ ლიდერს, თ. გოგიჩაიშვილს ახალგაზრდობის წინაშე სირცხვილი არ უჭამია. თსუ-ში თ. გოგიჩაიშვილმა 2015 წლამდე იღვაწა. პარალელურად, მას თავისკენ ეზიდებოდნენ ასე მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორატები. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე იგი საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახლობის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.
თ. გოგიჩაიშვილს გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისება გააჩნდა: მისთვის უცხო იყო ქიშპი, ღალატი, კონფლიქტი, რაც ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელი იყო სამეცნიერო წრეებისთვის. ცდილობდა, ყველა დამწყები ახალგაზრდა მეცნიერისათვის კორექტული შენიშვნა მიეცა, ასევე, კეთილი რჩევა და ამასთანავე, მის გულშემატკივრად და მეგობრად დარჩენილიყო. 
ყურადსაღებია, რომ თამაზის ბუნებისათის ყოველნაირად მიუღებელი იყო პოლიტიკური ამბიციები. გახსოვთ, ალბათ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ვიდრე საუკუნის ბოლომდე - საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი იყო ასევე სოფ. ლესის მკვიდრი, თამაზის ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი, პროფესორი ვახტანგ ვლასის ძე გოგუაძე. იგი გახლდათ ფილოსოფოსი, ფილოლოგი და შესანიშნავი წიგნების ავტორი, რომელთაგანაც ერთს განსაკუთრებით გამოვყოფ - „პანთეონი“. ეს წიგნი, სამწუხაროდ, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. ჭეშმარიტად სამაგდო წიგნია. ვისაც ხელი მიუწვდება, ვურჩევ წაიკითხოს, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ვახტანგმა სპიკერობის ჟამს რამდენჯერმე სთხოვა თამაზს დეპუტატობაზე კენჭი ეყარა. თამაზმა, როგორც გურულები ვიტყვით, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: არ შემიძლია, ვახტანგ, ტრიბუნაზე ასვლა და სიტყვით გამოსვლაო, - ამას ამბობდა კაცი, რომელსაც ეროვნული მოძრაობის დუღილის დროს თსუ-ის მრავალრიცხოვანი, მომთხოვნი სტუდენტური აუდიტორიის წინაშე არასოდეს შეშინებია გამოსვლა.
თ. გოგიჩაიშვილი, თავისი სიცოცხლის განმავლობაში (80 წელი იცოცხლა) არასოდეს მოსწყვეტია თავის სანუკვარ სოფელს. შეიძლება, ყველა ქორწილს ვერ დასწრებოდა, მაგრამ დაკრძალვას არასოდეს დააკლდებოდა. ერთხელ, ცხონებულმა დედამისმა უთხრა: ნენა, ყოველთვის სხვაი კი არ მოკვდებაო.....
თავისი სიცოცხლის ბოლო ათწლეულში თ. გოგიჩაიშვილმა მემუარულ მწერლობას მიჰყო ხელი. მშვენიერი ნოველების არაერთი წიგნი გამოსცა. ამ ნოველებში ხშირად გამოსჭიოდა მისი დუხჭირი ბავშვობა, სითბო, სიყვარული და სიცელქე. მის მიერ გამოცემული წიგნებიდან სიამოვნებით გამოვყოფ ერთ-ერთს - „ლესა-ჭინათის ქრონიკები“. თამაზი სხვა წიგნებზე მუშაობის პარალელურად, კარგა ხნის განმავლობაში აგროვებდა წყაროებს თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ლესა-ჭინათში მცხოვრები გვარების გენეალოგიაზე. იგი გატაცებით მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალურ არქივში და მოიპოვებდა მასალებს, რომელთა გაცნობა, ხშირ შემთხვევაში, საკმაო ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მისი მონდომებული შრომის წყალობით, ლესა-ჭინათელთა უმრავლესობამ, მათ შორის მეც, ბევრი რამ გავიგეთ ჩვენი წინაპრების შესახებ.
თ. გოგიჩაიშვილი ძალიან კარგად ერკვეოდა პოეზიასა და ფოლკლორში. ზეპირად იცოდა ქართველი პოეტების გამორჩეული ლექსები. იგი ფლობდა ენციკლოპედიურ ცოდნას. განსაკუთრებით მაოცებდა მისი ფენომენალური მეხსიერება.
ათეულობით წლების განმავლობაში, თ. გოგიჩაიშვილთან ნათესაობასთან ერთად, ახლო მეგობრობაც მაკავშირებდა. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა. მისი ასეთი მოულოდნელი გარდაცვალება ჩემი პირადი ტრაგედიაცაა. თბილისში ცხოვრების ჟამს, კვირაში მინიმუმ ორჯერ რომ არ ვწვეოდი მის ოჯახს, სხვა არჩევანს არ მიტოვებდა არც თამაზი და არც მისი ძვირფასი მეუღლე, ქალბატონი ლალი აფხაზავა.
ახლა მინდა მშობლიური სოფლისადმი თამაზ გოგიჩაიშილის უკიდეგანო სიყვარულზე გესაუბროთ. უყვარდა თითოეული ქვა, ხე, ბუჩქი, შუკა, ჭიშკარი. მისი სახლიდან სოფლის ცენტრამდე, დაახლოებით 1.5 კილომეტრია მანძილი, რომლის ფეხით გავლას ის ერთ საათზე მეტ დროს ანდომებდა ხოლმე. ყველა შემხვედრს მიესალმებოდა, შეაჩერებდა, მოეფერებოდა, მისი ოჯახის წევრებს სიყვარულით მოიკითხავდა. თავად შემიმჩნევია არაერთხელ, დაშორების შემდეგ როგორი სიყვარულით მიადევნებდა თვალს თანამოსაუბრე თამაზს.
63 წლის შემდეგ თავისი ეზოდან თბილისის გზაზე შემდგარი ბიჭი ისევ დაუბრუნდა თავის სოფელს, საზოგადოების წინაშე ვალმოხდილი, ამჯერად, სამუდამოდ... გასულ ზაფხულს, რომლის მოსვლაც მუდამ უსაშველოდ ენატრებოდა, ერთ ძალიან კარგ კაცს, ვაჟა მდინარაძეს დაავალა თავისი სასაფლაოს აშენება. სოფელში დაკრძალვა მას კარგა ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი (ეს საკითხი პირადად ჩემთვის ამაღელვებელია და კარგა ხანია, მეც ასე ვფიქრობ). ეს ამბავი რომ გავიგე, თამაზს ვუთხარი: კი მიყვარდი, მაგრამ შენმა ამ გადაწყვეტილებამ უფრო შემაყვარა შენი თავი-მეთქი.
თ. გოგიჩაიშვილის მეუღლე ქ-ნი ლალი აფხაზავა ლანჩხუთის სოფ. ნიგვზიანიდანაა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იგი თავდაუზოგავად ემსახურება ბავშვების (პროფესიით პედიატრია) ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. დიდი ხნის განმავლობაში იგი მუშაობდა თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგედ. მისი დიაგნოზი უტყუარი იყო მუდამ. თამაზი ხუმრობით გოგიჩაიშვილების, აფხაზავების და ჩემი ოჯახის ჯანდაცვის მინისტრს ეძახდა. ერთხელ, ქ-ნ ლალის და თამაზის სოფელში გამომგზავრების საკითხის მოგვარება ვიკისრე, სამარშრუტო ავტომობილის მძროლს - სოფელ ნინოშვილში მცხოვრებ მძღოლს ბ-ნ ემზარ დონდოლაძეს შევუთანხმდი, როდესაც ისინი ერთმანეთს შევახვედრე, ემზარმა მითხრა ლალის დანახვაზე: ამ ქალბატონმა ბავშვი სიკვდილს გადამირჩინაო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თ. გოგიჩაიშვილი საზოგადოებრივ ასპარეზზე ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა, მას რომ ასეთი მეუღლე არ ჰყოლოდა.
ახლა, საგანგებოდ მინდა მოგითხროთ თამაზ გოგიჩაიშვილის შვილების შესახებ. ნათქვამია, დიდი ადამიანების შვილებზე ბუნება ისვენებსო. აქაც სასიამოვნო გამონაკლისთან გვაქვს საქმე. თამაზის უფროსი ვაჟი ავთანდილ გოგიჩაიშვილი, რომელიც დაიბადა 1971 წელს, გახლავთ მეხიკოს უნივერსიტეტის პროფესორი. იგი პროფესიით გეოფიზიკოსია. რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო მექსიკის გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი (არჩევითია 3 წელიწადში ერთხელ). ავთანდილი არის სამი სახელმწიფოს, მექსიკის, საქართველოს და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ამ ათასწლეულის დასაწყისში დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენს უძველეს წინაპრებად აღიარებული მზიასა და ზეზვას ნეშტის ასაკი ავთანდილმა თავის სამეცნიერო გუნდთან ერთად დაადგინა. ათანდილს ჰყავს მშვენიერი მეუღლე, ქ-ნი სელია კაბალერო და ორი შვილი: ნიკოლოზი და მაია. მინდა გიამბოთ ავთანდილის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ: პენსიაზე გასვლის შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდები და ჭინათში გავაგრძელებ ცხოვრებას. ეს საკითხი ჩემს ოჯახში გადაწყვეტილია საბოლოოდ და განხილვას აღარ ექვემდებარებაო. არ შეიძლება, არ მოგაგონდეს პოეტის სიტყვები: „საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი....“
თ. გოგიჩაიშვილის მეორე ვაჟი დავით გოგიჩაიშვილი დაიბადა 1975 წელს. ქართველი საზოგადოება მას უფრო ტელეეკრანებიდან იცნობს. მან ამ საუკუნის დასაწყისიდან ქართულ ტელესივრცეში დანერგა იუმორისტული ტელეშოუები ჯერ „რუსთავი 2“-ზე, შემდეგ ტელე „იმედზე“. დღემდე პოპულარობას არ კარგავს „კაცების შოუ“ და მრავალსერიანი სატელევიზო ფილმი „შუა ქალაქში“. ბევრმა (სპეციალური წრეების გარდა) არ იცის მისი პროფესორობის შესახებ. დიდი მოთხოვნაა მის სალექციო ციკლზე ბიზნესისა და მენეჯმენტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თვეში ერთხელ, უკვე წლების განმავლობაში, იგი მიემგზავრება ნიდერლანდებში, ვებსტელის უნივერსიტეტში, სადაც ბიზნეს-მოლაპარაკებების ხელოვნებაზე სპეციალურ ლექციებს კითხულობს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. დავითს ჰყავს მეუღლე - ეკა ასათიანი და ვაჟიშვილი - ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი. თამაზი ხშირად იტყოდა ხოლმე ხუმრობით: „აი ჭინათელი ბიჭები მსოფლიოში არ გახდნენ ცნობილები?!“
მინდა მოგონება დავამთავრო უდიდესი მწერლის, ნოდარ დუმბაძის უკვდავი რომანის ეპილოგით, როდესაც ზურიკელა ამბობს: „მერე ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით და არასოდეს აღარ დავიხოცებით....“
ღმერთმა გვიმრავლოს და მოაშენოს თამაზ გოგიჩაიშვილის შთამომავლობა!
            კოტე კუნჭულია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 798
FACEBOOK კომენტარები