ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩვენივე სახლში, ჩვენივე მიწაზე შევქმნათ დოვლათი და არ იქნება ამდენი უმუშევარი, მშიერი ადამიანი ჩვენს მადლიან ქვეყანაში

12-03-2021, 12:00

,,ჰო და არას“ სტუმარია ახალგაზრდა მეურნე უჩა ურუშაძე.


- მოგვიყევით თქვენს შესახებ.
- მე ვარ უჩა ურუშაძე, 28 წლის ნიგვზიანიდან. მყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე თბილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 50%-იანი გრანტით. ჩემი სპეციალობაა სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი. ცოტა ხანი ვიმუშავე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, მაგრამ მალევე წამოვედი იქიდან, რადგანაც მივხვდი, რომ ეს არ იყო ის საქმე,  სადაც თავს კომფორტულად და სასიამოვნოდ ვიგრძნობდი.
ბავშვობიდან მიყვარს ბუნება და თავისუფლება. სტუდენტობის დროს თბილისში სუნთქვაც კი მიჭირდა, რადგან უამრავ ადამიანს, მრავალსართულიან  სახლებს და გადატვირთულ ტრანსპორტს რომ ვხედავდი, სულ ვფიქრობდი, რამდენ ადამიანს აქვს სოფელში ორსართულიანი სახლი თავისი ეზოთი დაკეტილი და ქალაქში ნაქირავებ ოროთახიან ბინაში ცხოვრობს მეთქი.
ალბათ ადამიენებს სხვადასხვა გემოვნება, მისწრაფება და შესაძლებლობა აქვთ. ვიღაცისთვის კლუბური ცხოვრებაა მისაღები. ჩემთვის კი კომფორტულ ზონას ღია სივრცე, სუფთა ჰაერი და  ცხენზე ჯირითი წარმოადგენს.
მემკვიდრეობით ბაბუაჩემისგან, რემიკო აფხაზავასგან მერგო საქონლის ფერმა რამდენიმე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიყვარს ბუნება და ცხოველები, ამიტომ ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ  ფერმისთვის მიმეხედა. გამეფართოებინა და ამ მიმართულებით მემუშავა. რაღაცეები კარგად გამომდის, რაღაცეების სწავლა მიხდება.
- თქვენზე ამბობენ, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში 200 000 ლარის ქონებას ფლობთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- (იცინის) სიმართლე რომ გითხრათ არ დამითვლია ჩემი შრომით შექმნილი ქონება, თუმცა შემიძლია გითხრათ რას ვფლობ. სამი ტბორი მაქვს, რომელშიც შარშან ჩავუშვი ლიფსიტები და 2-3 წელი დასჭირდება მისი რეალიზება რომ მოვახდინო. მყავს 27 მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვი, აქედან 10 მეწველი, ასევე 15 ღორი, 10 ცხენი. წელს მოვიყვანე 10 ტონა სიმინდი. შევიძინე ტრაქტორი, მოტორიანი ნავი (კატერი).
- ვიცით, რომ კარგი მონადირე ხართ.
- მე ვინც მიცნობს იცის, რომ ბავშვობიდან ვნადირობ. ეს თვისება მემკვიდრეობით მერგო მამაჩემისგან და ბაბუაჩემისგან. ნადირობა ჩემი ჰობია და არ შემიძლია ნადირობის გარეშე.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე ვატყობ თოფებიც გექნებათ და ძაღლებიც გეყოლებათ.
- პირველი იარაღი, სანადირო თოფი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი რომ ვიყიდე მე თვითონ. ახლა ოთხი იარაღი მაქვს. ძაღლებს რაც შეეხება კავკასიური სუფთა სისხლის ძუ და ხვადი ნაგაზი მყავს, ასევე სუფთა სისხლის ინგლისური მდევარი, შოტლანდიური სეტერი (გორდონი) და ინგლისური სეტერი (ლავერაკი).
- და როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი?
- ძალიან მარტივად. პირველ რიგში რასაც აკეთებს ადამიანი ის საქმე ძალიან უნდა უყვარდეს და კიდევ მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა არის ჩემი აზრით აუცილებელი. ახლა ერთი ამბავია ატეხილი გერმანიაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებაზე. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლება სოფლის მეურნეობას მივხედოთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები მოვიყვანოთ და  სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კეთილდღეობაში იცხოვროს. კარგი იქნება იაფი სესხები და სახელმწიფოსგან მეტი გრანტები. ჩვენივე სახლში, ჩვენივე მიწაზე შევქმნით დოვლათს და არ იქნება ამდენი უმუშევარი და მშიერი ადამიანი ჩვენს მადლიან ქვეყანაში. გული მიკვდება ხოლმე, როცა ამდენ მიწას ვუყურებ დაუმუშავებელს.
უფრო მეტი დახმარება უნდა იყოს ფერმერებისათვის და მცირე მეწარმეებისთვის. ვიცი პროგრამა ,,აწარმოე საქართველო“ და სხვა მსგავსი პროექტების შესახებ, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.
აშშ-ში, როცა სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო, სახელმწიფომ გასცა იაფი და გრძელვადიანი კრედიტები, რათა მეწარმეებს საშუალება ჰქონოდათ განვითარებულიყვნენ და გაძლიერებულიყვნენ.
ვფიქრობ, ქართულ პროდუქტს: ხორცს, რძეს, ყველს და ასე შემდეგ, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ცოტას ვაწარმოებთ და სწორეთ ესაა პრობლემა.
თუ გვინდა, რომ ქვეყანა გაძლიერდეს, მიგრაცია შემცირდეს და ხალხმა სული მოითქვას, უფრო მეტად სოფლის მეურნეობას უნდა მივხედოთ.
რაც უფრო მეტი მდიდარი ადამიანია ქვეყანაში, უფრო ძლიერია სახელმწიფო.
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 713
FACEBOOK კომენტარები