ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნინო დარჩიაშვილი: რთულია გქონდეს ურთიერთობა მოსწავლესთან, რომელიც შენგან გაოცებას, მისაბაძს, არაჩვეულებრივს ელის...

24-02-2021, 12:04

ლანჩხუთის რაიონში არაერთი ძალიან წარმატებული და განათლების თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ფუნქციური სკოლაა, რომლებმაც აღზარდა ცოდნითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეული უამრავი თაობა.
ამ სკოლებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს ქალაქ ლანჩხუთის N° 1-ლი საჯარო სკოლა, რომელსაც ძალიან კარგი და საამაყო ახალი ამბები აქვს: პედაგოგიური კოლექტივის ათმა წარმომადგენელმა აიმაღლა კვალიფიკაცია, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. ჩვენ,  რა თქმა უნდა,  ძალიან გვახარებს თითოეული წარმატება ჩვენი რაიონის წარმომადგენლებისა და მთელი გულით ვულოცავთ მათ ამ მიღწევას. 
ამ პედაგოგებს შორის ერთ-ერთი არის ქალბატონი ნინო დარჩიაშვილი, რომელიც ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის ზემოთ ხსენებულ სკოლაში. ჩვენ ვესაუბრეთ მას, რამდენად დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მიაღწიეს მიზანს, ასევე, 1-ლი საჯარო სკოლის ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესების, ინდივიდუალური მიდგომებისა და მათი მოსწავლეების აკადემიური ცოდნის ხარისხის შესახებ. 
რა თქმა უნდა,  ჩვენს მკითხველს გავაცნობთ ქალბატონ ნინო დარჩიაშვილთან საუბრის საინტერესო დეტალებს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
- პირველ რიგში,  მოგესალმებით, ქალბატონო ნინო და გილოცავთ სტატუსის ამაღლებას. ვიცით, რომ საკმაოდ დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება სჭირდება ამ ყველაფერს.  იქნებ გვიამბოთ ამ რთული და შრომატევადი გზის შესახებ? 
- პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენი გაზეთი ინტერესდება ქვეყანაში განათლების მდგომარეობით, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც პანდემიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი დღის წესრიგი.
რთულია, იყო მასწავლებელი, იყო პროფესიონალი, გქონდეს ურთიერთობა უამრავ სხვადასხვა ადამიანთან, რაც მთავარია ბავშვთან, მოსწავლესთან, პიროვნებასთან, რომელიც შენგან გაოცებას, დარწმუნებას, მისაბაძს, რაღაც არაჩვეულებრივს ელის ყოველდღიურად და თან ითხოვს უდიდეს სიყვარულს, სწორედაც სიყვარულს, თუ ეს სიყვარული არ არის, კომუნიკაცია უბრალოდ ვერ შედგება.
რაც შეეხება სტატუსის ამაღლებას, კიდევ ერთხელ, ჩემი კოლეგების სახელითაც გიხდით მადლობას მოლოცვისათვის. რა თქმა უნდა, რთული გზა გავიარეთ,თუმცა არაშეუძლებელი. ამავდროულად ვიყავი ფასილიტატორი, ჯგუფში 32 პედაგოგი მყავდა, რომლებსაც უნდა დავხმარებოდი სტატუსის ამაღლებაში. კარიერული წინსვლის სქემაში ჩაბმული მასწავლებლები ესწრებოდნენ ტრენინგებს, სკოლაში კი ვაწყობდით შეხვედრებს მე და მეორე ფასილიტატორი მაიკო მშვიდობაძე, რომლის ჯგუფში ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები იყვნენ. იყო პირადი საუბრები, კონსულტაციები, კათედრის სხდომები, ურთიერთ დასწრებები გაკვეთილებზე, მოკლედ, ვიყავით ერთმანეთის კრიტიკული მეგობრები, რათა დავხმარებოდით მიზნის მიღწევაში. პარალელურად სკოლა, გაკვეთილები, ოჯახი, შვილები, შვილიშვილები... მაგრამ მიუღწეველი არაფერია, როცა შენს გვერდით კოლეგები, მეგობრები, თანამოაზრეები არიან, ყველანი მხარში ვედექით ერთმანეთს, ჩვენთან იყო და მხარ გვიჭერდა სკოლის დირექცია ბატონ თამაზ კილაძის ხელმძღვანელობით. ეს ყველაფერი დაუვიწყარია და შეუფასებელი.
- იქნებ დაგვიზუსტოთ ის პედაგოგები, რომელმაც აიმაღლა სტატუსი თქვენთან ერთად?
- დიდი სიამოვნებით, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ დაწყებითი სკოლის პედაგოგი, ქალბატონი დარეჯან ჭირაქაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი, მაია მშვიდობაძე გასულ სასწავლო წელს გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, ხოლო წელს კი მათ დაემატათ ქალბატონები: ქეთევან კვიტაიშვილი, ლელა ჩხაიძე, მაკა ჩხაიძე, მარიკა იმნაძე, ქეთო მახარაძე, თამთა კილაძე,  ჯულიეტა ჩხაიძე და თქვენ იმონა-მორჩილი.
- ბუნებრივია, გვაინტერესებს თქვენი აზრი კორონა ვირუსის გამო სასკოლო პროგრამის ონლაინ პლატფორმაზე გადაინაცვლების შესახებ. რამდენად გამართული და სრულფასოვანი გაკვეთილების ჩატარებას ახერხებდით და ახლა,  სკოლის დაწყების შემდეგ,  როგორ შეაფასებთ ამ ონლაინ გაკვეთილების შედეგს?
- რაც შეეხება ონლაინ სწავლებასა დაპანდემიას, ამ გარემოებამ სრულიად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, დაგვაყენა ახალი გამოწვევების წინაშე, თუმცა ბევრი სიახლეც შემოგვთავაზა, დაგვანახა, რომ მზად უნდა იყო წინააღმდეგობების დასაძლევად, არ უნდა დანებდე, არ უნდა გაჩერდე... ონლაინ სწავლება ჩვენი დიდი გამოცდაა, რომელიც   ჯერ კიდევ გრძელდება. მინდა გითხრათ, რომ პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ის ბრწყინვალედ ჩააბარა. ჯერ ის რად ღირდა, როცა „მესენჯერში“ ერთი და იგივე გაკვეთილს კლასის 4 სხვადასხვა ჯგუფთან ოთხჯერ ვატარებდით, რადგან ერთდროულად მხოლოდ 6 ან 7 მოსწავლეს „უშვებდა“.  შვება ვიგრძენით „თიმსის“ პლატფორმის გამოჩენისთანავე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „თიმსი“ და ჩვენ ერთდროულად ვმოქმედებდით,- ის ახალ-ახალ  შესაძლებლობებს გვაძლევდა, ჩვენ კი სწრაფად უნდა აგვეთვისებინა ყოველივე. ამას ყველაფერს ჩემს კოლეგებთან ერთად სრულიად ბნელ ოთახში ხელის ფათურით სინათლის ჩამრთველის ძებნას ვუწოდებდი... ესეც დავძლიეთ და დავძლიეთ წარმატებით გასულ წელსვე. ახალ სასწავლო წელს კი „თიმსმა“ ახალი შესაძლებლობები შემოგვთავაზა. მინდა გითხრათ,რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ გამოწვევებს. თუმცა არის მეორე მხარეც, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ინტერნეტი,მატერიალური სიძნელეები, მოსწავლეთა ერთი ნაწილის განწყობა,როცა სახლში ხარ და შეგიძლია, მასწავლებლის მოთხოვნების შესრულება აიცილო თავიდან, ეს ყველას არ შეეხება, რა თქმა უნდა. მონდომებული, მოტივირებული მოსწავლე ონლაინ სწავლასაც შესანიშნავად ახერხებდა.
ამას დავამატებდი იმასაც, რომ ონლაინ სწავლებისას ათმაგად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა, როცა აქტუალური იყო მოწოდება „დარჩი სახლში“, მშობლები უნებლიე დამსწრეები გვყავდა, ვიჭრებოდით ოჯახურ სივრცეში, ეს განსაკუთრებით დაბალ კლასებში იგრძნობოდა, ეს კიდევ უფრო მეტს გვავალებდა, ამავდროულად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა, დადებითი განწყობა, უშუალო გააქტიურება და  დაკავება შვილის საჭიროებებით, ეს კი, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან გვაკლდა პირისპირ სწავლებისას.
- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლით. გვიამბეთ რამდენად დიდია მოსწავლეების მხრიდან ისტორიისადმი ინტერესი. ვფიქრობ,  ისტორიისადმი ინტერესი და სიყვარული უფრო მეტად აღძრავს მოზარდებში პატრიოტიზმის გრძნობას, მით უფრო,  რომ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, იშვიათად ღირსეული და საამაყო წარსული ჰქონდა.  ისტორიის, როგორც საგნის, მნიშვნელობის შესახებ სხვა რომ არაფერი ვთქვათ,  შეგვიძლია, მხოლოდ დიდი ილიას სიტყვები გავიხსენოთ: „აწმყოს, რომელსაც არ აქვს წარსული,  არც მომავალი იქნება.“ აქედან გამომდინარე,  რას გვეტყვით თქვენი მოსწავლეების ინტერესების შესახებ?
-პროფესიაში ნამდვილად ძალიან გამიმართლა, ვამბობ დღეს.  უკვე თითქმის 35 წელია სკოლაში ვმუშაობ. ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში, ადრე საშუალო სკოლად მოიხსენიებდნენ. არჩევანი რომ განმეორდეს, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. ისტორიის სწავლება კი ყველაფრისაგან განსხვავებულია, მოგზაურობა დროსა და სივრცეში საკლასო ოთახიდან გაუსვლელად, დამეთანხმებით, რომ ფრიად არაჩვეულებრივი რამ არის.  ისტორია აღსავსეა ემოციებით, მოსწავლეში ინტერესს აღვიძებს და თუ მასწავლებელიც მოახერხებს მათ „ჩათრევას“ ამ ინტერესში, ის დიდ სიყვარულში გადაიზრდება, ეს კი სამუდამოა, დამერწმუნეთ.
 ვამაყობ იმით, რომ ეს სიყვარული ბევრ ჩემს მოსწავლეს  გავუჩინე  და პროფესიაშიც რომ გააგრძელეს  ეს საქმიანობა, ასეთებიც ბევრნი არიან, თვალს ვადევნებ მათ წარმატებებს  და უსაზღვროდ ამაყი ვარ,  დამეთანხმებით ალბათ, რომ  პედაგოგისათვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ყველა ჯილდოსა თუ აღიარებას აღემატება.
სიხარულით შევდივარ ყველა კლასში გაკვეთილზე. ვცდილობ, მოსწავლეებს ვაგრძნობინო,რომ ყველაზე მთავარი ჩვენს ურთიერთობაში სიყვარულია. მინდა, იპოვნონ საკუთარი თავი, მოწოდება. გაერკვნენ, რისკენ მიისწრაფიან, რა უნდათ, რითი იქნებიან ბედნიერნი, რაში იქნებიან წარმატებულნი....და თუ კი ყველა ამ კითხვაზე მოძებნიან პასუხს, ჩემი მისია შესრულებული იქნება. სამშობლოს ისტორიის სწავლების პროცესი უაღრესად საპასუხისმგებლოა.  აღზარდო სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, ერთგული  თაობა, რომელმაც უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების  მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, თანამედროვეობის გამოწვევებთან ღირსეული გამკლავება, იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.... რომელი ერთი ჩამოვთვალო...
- ისტორიის პარალელურად გვინდა,  სამოქალაქო განათლების საგნის შესახებაც გვიამბოთ.  როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საგანთან დაკავშირებით.  რამდენად აუცილებელ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაში და თუ ექცევა მის სწავლებას შესაბამისი ყურადღება?
- რაც შეეხება სამოქალაქო განათლების სწავლებას, ეს შედარებით ახალი საგანია, თუმცა თავისი მნიშვნელობით უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი სავალდებულოდ შესასწავლ საგანთა შორის. ამ საგანს იმ დროიდან ვასწავლი, როცა ის სასწავლო პროგრამაში შემოვიდა. ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდა, გავიარე მნიშვნელოვანი ტრენინგები, რამაც საშუალება მომცა გაკვეთილი მოსწავლეთათვის მისაღები, საინტერესო და მოთხოვნადი გამეხადა, ამაში დამეხმარა არაფორმალური სწავლების მეთოდები, ძირითადად,პროექტული სწავლების აქტიურიგამოყენება, დონორი ორგანიზაციების დაფინანსებების მოპოვებით კიდევ უფრო მეტი შევძელით, როცა განვახორციელეთ სკოლის საჭიროებებისათვის აუცილებელი სიცოცხლისუნარიანი პროექტები, საქველმოქმედო, სპორტული, შემოქმედებითი და სხვა მიმართულებებით. ეს ყველაფერი კი ერთდროულად მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, მონაწილეობის, ქველმოქმედების და რაც მთავარია, შემოქმედებითობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ ასეთი ურთიერთობები, ასეთი დამოკიდებულებები, რაც მათი მომავალი ცხოვრებისათვის მომზადების აუცილებელი პირობაა. მიხარია, რომ ვიღებ ამაში მონაწილეობას, რომ ჩემიწვლილიც არის მათი მომავლი სგანსაზღვრაში. მოსწავლე რომ სკოლის დამთავრებისას  „ბოლო ზარის“ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, საჯაროდ გეტყვის - „ნინო მასწავლებელო, თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ!“- ვფიქრობ, აქ ყველაფერი უკვე ნათქვამია, მადლობა მათ ამისათვის.
- და ბოლოს, როგორია თქვენი სკოლის მიდგომის მეთოდები მოზარდებისადმი და რას ფიქრობთ თქვენსავე მოსწავლეების აკადემიური განვითარების შესახებ? რამდენად პერსპექტიული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე თაობა ჰყავს 1-ელ საჯარო სკოლას?
- ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლა, უძველესი სკოლაა ჩვენს პატარა ქალაქში, პანდემიას რომ ხელი არ შეეშალა, ვემზადებოდით მისი 145 წლის იუბილეს ღირსეულად აღნიშვნისათვის. იმედია, მოგვიანებით მაინც აღვნიშნავთ და ჩვენი სკოლა ჩვეულ ამპლუაში წარსდგება ქალაქისსაზოგადოების წინაშე. სკოლასა საწავლო დაწესებულებაა, ის არსებობს მოსწავლისათვის. მოსწავლე, მისი ინტერესები, მოთხოვნილებები, მისწრაფებები, საჭიროებები არის ამოსავალი წერტილი, უპირველესი საფიქრალი და საზრუნავი სკოლის დირექციის, პედაგოგების,  ყველა იმ ადამიანისათვის, ყოველდღიურად რომ შემოდის ამ კედლებში, ზღურბლზე რომ ტოვებს და ივიწყებს ყველაფერს პირადულს და მთელი გულითა და სულით ემსახურება ამ საშვილიშვილო საქმეს - მოსწავლის სწავლებისა და აღზრდის საქმეს.  
ახალგაზრდები კი ნამდვილად განსაკუთრებულნი გვყავს. ნიჭიერები, მიზანდასახულები, თავისუფალი აზროვნების, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი, ოპტიმისტები, ცოტა უცნაურებიც, ცოტა ზარმაცუნებიც, ცოტა ცელქებიც, აბა, ისე როგორი ქნება, ისინი ხომ ბავშვები არიან, ჩვენი სიმდიდრე და მომავალი. ვიზრუნოთ დაგავუფრთხილდეთ მათ, ისინი ჩვენგან დიდ სიყვარულს, მოფერებას, ზომიერ სიმკაცრეს და სამართლიან მოპყრობას ითხოვენ და იმსახურებენ.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოლოცვისათვის ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით. მადლობა, რომ მომეცით საშუალება გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები თქვენი გაზეთის მკითხველისათვის. ნება მომეცით, მივულოცო ჩვენს ქალაქს, სამშობლოს, მსოფლიოს გაზაფხულის მოახლოება, ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, პანდემიის მალე დასრულება და წარმატებები უკეთესი მომავლისათვის. 

            მარიამ კვაჭაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 365
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა