ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნიჭიერი გოგონა ოქროს ხელებით

19-02-2021, 11:05

ქართველი ერი რომ გამორჩეულია ნიჭითა და სხვადასხვა მისწრაფებით, ეს საყოველთაოდ ცნობილია. 
თითოეულ რაიონსა თუ ქალაქში შეხვდებით არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით დაჯილდოებულ ადამიანებს. მათ შორის, გამონაკლისი არც ლანჩხუთის რაიონია.
საბედნიეროდ,  რაც დრო გადის,  სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენს რაიონში არაერთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს. ისინი განსაკუთრებულ, ღირებულ ნივთებს ქმნიან,  რომელთა ნახვამ შეუძლებელია, დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს დამთვალიერებელზე. 
ჩვენი რედაქცია მუდმივად სიახლის ძიებაშია, ყოველდღიურად ვცდილობთ,  ვიპოვოთ განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ადამიანები მთელი რაიონის მასშტაბით, გაგაცნოთ ისინი თქვენ,  ჩვენს ერთგულ მკითხველებს, მათი სათქმელი მოვიტანოთ თითოეულ თქვენგანამდე და ფართო საზოგადოებისთვის გავხადოთ ცნობილი მათი ნიჭი და შემოქმედება. 
ამჯერად გვინდა,  გაგაცნოთ 22 წლის ხელოვანი გოგონა,  ვერო სიხარულიძე,  რომელიც საოცარ ნივთებს ქმნის საკუთარი ხელებით. 
ვეროს ხელნაკეთ ნივთებს შორის ნახავთ ფერად, სხვადასხვა ზომისა და ფორმის საყურეებს, ულამაზეს ყვავილებს, კალათებს, მცირე ზომის საუცხოო ჩანჩქერს,  ფერადი ყვავილებით შემკულ ზარდახშებს... 
მის შემოქმედებაში შეგიძლით ნახოთ ხელოვნურად შექმნილი ხეები, რომელთა დიზაინი და შემადგენელი ატრიბუტები, ფოთლები და ყვავილები,  განსხვავებულია ერთმანეთისგან. 
ხელნაკეთი ნივთების პარალელურად, ის პატარებისთვის დაბადების დღის გასალამაზებლად საჭირო რიცხვებსა და სახელებსაც აკეთებს, სხვადასხვა ფერის,  ზომისა და ფორმის მიხედვით, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ამშვენიერებს ჩვენი პატარების განსაკუთრებულ დღეებს და უმაღლებს მათ განწყობას. ეს ფერადი რიცხვები და სახელები საუკეთესო და ძალიან მარტივი საშუალებაა დაბადების დღის წვეულების ლამაზი კუთხის მოსაწყობად, რათა იუბილარისთვის დაუვიწყარი გავხადოთ თითოეული ეს ტკბილი წუთი და აღვბეჭდოთ ეს ყველაფერი ფოტო-სურათებზე, რაც ყველას ძალიან გვიყვარს, ისინი ხომ ჩვენს ბედნიერ წამებს გვახსენებენ...
როგორც ვერო ამბობს, ღრმა ბავშვობაშივე დაიწყო ლამაზი, ხელნაკეთი ნივთების შექმნა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო,  დიდხნიანი პაუზა აიღო. ის ამბობს,  რომ ეს საქმიანობა ბებიის ზეგავლენით გახდა მისთვის საინტერესო და სასურველი.  
ვერო ბუნებით ძალიან მხიარული,  ლაღი და შეიძლება ითქვას, ფერადი გოგოა, რაც მჟღავნდება კიდეც მის მიერ გაკეთებულ თითოეულ ნამუშევარში. მას, როგორც პიროვნებას, იზიდავს სიფერადე, ამიტომაც ყოველთვის ცდილობს, გამოიყენოს სხვადასხვა ფერი მეტი გრაციოზულობისთვის. 
ის  უფრო მკვეთრ, ნათელ ფერებზე აკეთებს არჩევანს. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი დეტალია, აგრეთვე, კრეატიულობა. ვერო მუდმივად სიახლის ძიებაშია, უყვარს ახალი იდეების მოფიქრება,  გაანალიზება და შემდგომ მათი მასალაში განხორციელება.
ჩვენი გმირი ხელნაკეთი ჩანთების შექმნითაცაა დაკავებული, რომლებიც ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია გოგონებშიც და ასაკით უფროს ქალბატონებშიც. აღსანიშნავია ისიც,  რომ ხელნაკეთი ჩანთები საკმაოდ ძვირად ფასობს თავისი შრომატევადი და ხანგრძლივი კეთების პროცესის გამო.
ვეროს ნივთების ერთმანეთისთვის შეფერებაც უყვარს.  სპეციალურად ჩანთის შესაფერის საყურეებსაც აკეთებს, რომლებიც ძალიან ლამაზად გამოიყურება ერთად. 
რაც შეეხება თავად საყურეებს,  მის ნივთებს შორის შეგიძლიათ ნახოთ, როგორც მცირე, ასევე სადღესასწაულო დღეებისთვის შესაფერისი დიდი ზომის საყურეები, სხვადასხვა ფერისა და ზომის, როგორც ყოველდღიური და  სადა, ისე „გრანდიოზული“ ხასიათის.
ზოგადად,  ძალიან დასაფასებელი და სასიხარულოა,  რომ დღეს ახალგაზრდების უმეტესობა ცდილობს, დაკავდეს საქმით, გააკეთოს რაიმე  ღირებული და დაიმკვიდროს საკუთარი თავი.  ვერო სიხარულიძე ნათელი მაგალითია ამ ყველაფრის. აღსანიშნავია, რომ მისი პატარა გოგონა ჯერ 2 წლისაც არაა, თუმცა ის როგორღაც მაინც ახერხებს დედობის პარალელურად არ დაივიწყოს თავისი საყვარელი საქმიანობა და შექმნას ახალ-ახალი ლამაზი, ფერადი, შთამბეჭდავი ხელნაკეთი ნივთები.
ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედება არ უნდა იმალებოდეს და მათი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვაქვს საშუალება, ეს ადამიანები უფრო ცნობადები გავხადოთ და გავასაჯაროოთ მათი შემოქმედება, რომელიც ნამდვილი ნიჭის ზეიმია.
ვფიქრობ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი ამ მხრივ,  დიდი სტიმულის მიმცემია სხვა ახალგაზრდებისთვის, რომ უფრო მოტივირებულები და მიზანდასახულები იყვნენ, გამოამჟღავნონ საკუთარი ნიჭი და ფართო საზოგადოებისთვის გახადონ ცნობილი  თავიანთი შემოქმედება.
მარიამ კვაჭაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 126
FACEBOOK კომენტარები