ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლელა ჩახვაძე: ჩემი ადვოკატი ჩემი სიმართლე იყო

10-02-2021, 11:30

,,ჰო და არას” სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ლელა ჩახვაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მეორე ინსტანციაში მოიგო სასამართლო დავა, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
- სამსახურიდან როდის გაგათავისუფლეს, რამდენი ხანია მიმდინარეობდა  სასამართლო დავა და რა იყო ამ გათავისფლების მოტივაცია?- სამი წელია მიმდინარეობს დავა ჩემსა და სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს შორის, სამსახურიდან გამათავისუფლეს 2017 წლის 15 დეკემბერს. მოტივაცია იყო ის, რომ წინასაარჩევნოდ აღებული ჩემი კუთვნილი შვებულება და უფასო შვებულება არ ჩამითვალეს საპატიოდ. ამის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს არჩევნების დამთავრებიდან ერთი თვის მერე, ნოემბრის თვეში მითხრეს, რომ არ ჩამეთვალა საპატიოდ. - განცხადება შვებულების თაობაზე ოფიციალურად დაწერილი გქონდა? 
- როგორ არა,  მივმართე სააგენტოს უფროსს, მივუთითე საარჩევნო კოდექსის N141 მუხლი, რომლის თანახმად მათ უფლება არ ჰქონდათ უარი ეთქვათ, რადგან მე ვიღებდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მერობის კანდიდატის პოზიციაზე, ეს იყო ჩემი კონსტიტუციური უფლება, ვახორციელებდი სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას თბილისიდან ლანჩხუთში და აუცილებელი იყო მქონოდა შვებულება.
- რა პოზიცია გეკავა მაშინ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოში?
 - ვიყავი სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
- გათავისუფლების მოტივაცია ოფიციალურად ეს იყო რაც აღნიშნეთ?
 - დიახ ბრძანებაში ეწერა, რომ არ ჩამეთვალა საპატიოდ შვებულება, რომელზედაც განცხადება დავწერე, არ იქნა დაკმაყოფილებული ჩვენს მიერო.
- ეს ოფიციალურად, მაგრამ ნამდვილ მიზეზად რა მიგაჩნიათ? 
- სანამ ჩემი გათავისუფლება მოხდებოდა, ვწერდი პოსტებს, რითაც ვამხელდი ჩემს სამსახურში მიმდინარე პროცესებს, ეს ის პერიოდია, როცა შეიცვალა მმართველობა ჩვენთან, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში და ძალიან არაკვალიფიციური კადრები მოვიდნენ მმართველობაში, ისინი არასწორად ექცეოდნენ ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ მაღად დონეზე. მე ღიად და ხმამაღლა ვაპროტესტებდი ამას თათბირებზეც კი, ასევე ვწერდი პოსტებს, რომ ძველი თანამშრომლების გათავისუფლება ხდებოდა იმიტომ, რომ მოეყვანათ თვიანთი ხალხი, გამეფებული იყო ნეპოტიზმი და თან უნდოდათ კორუფციული სქემების დალაგება თავიანთ ხალხთან. დამიბარა დავით ბეჟაშვილმა, რომელიც იყო აუდიტის სამსახურის უფროსი და მითხრა: მე ვიცი შენი გამოცდილება, მონაცემები და ყველაფერი, სულ მალე დაგაწინაურებთ ერთ-ერთი რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელად.  იმის სანაცვლოდ თუ არ დავწერდი ამ პოსტებს. მე არ მივეკუთვნები მორჩილ უმრავლესობას, ასევე ჩემს შვილს, გვანცას, ჰქონდა თავისი ხედვები პოლიტიკური თვალსაზრისით და ამ ყველაფერმა თავი მოიყარა და მეც გადავწყვიტე, რომ ღიად ოპოზიციიდან მეყარა კენჭი. შემდეგ ეძებდნენ მიზეზს ჩემი გათავისუფლების, სექტემბრის თვეში არ ჩამირიცხეს ჩემი კუვნილი ხელფასი და მართალი გითხრათ არც მომიკითხავს. ნოემბერში ერთად ჩამირიცხეს ორი თვის ხელფასი, ანუ მაშინ გაბედეს ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. როცა მივედი სამსახურში, დამხვდა ჩემს მიერ გაცემული დოკუმენტაცია გადახარისხებული, სადაც ეძებდნენ ჩემი გათავისუფლების მიზეზს, რა თქმა უნდა ვერ ნახეს და საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი გათავისუფლებისა ასეთი უსუსური მოტივით. ბრძანებაში გარკვევით ეწერა, რომ არ ჩამეთვალა საპატიოდ ჩემს  მიერ მოთხოვნილი შვებულება.
- სასამართლო სად და როდის შედგა?
- სასამართლო შედგა თბილისში, რომელსაც სარჩელით 2018 წლის იანვარში მივმართე, პირველი ინსტანცია მოვიგე. გააუქმეს ბრძანება გათავისუფლებაზე და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფულადი კომპენსაცია დააკისრეს. სამსახურმა სააპელაციოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. სასამართლო სხდომა 3 თებერვალს გაიმართა. სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და უარი უთხრა სურსათის ეროვნულ სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამ ყველაფერში კიდევ არის მთავარი, რომ მე არ მყავდა ადვოკატი და ჩემი თავის  ადვოკატი თავად ვიყავი, პირველი ინსტანციის სასამართლოშიც და სააპელაციოშიც. სააპელაციო მით უმეტეს ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და აქაც საკუთარ თავს გავუწიე ადვოკატირება. დაინახა მოსამართლემ რომ ჩემი ადვოკატი ჩემი სიმართლე იყო. 
- სოციალურ ქსელში მოლოცვებთან ერთან ვნახეთ, რომ გეკითხებიან გჯერათ თუ არა ახლანდელი სასამართლო სისტემის, ამაზე რას იტყვით?
- ყველა ხელისუფლების დროს, ყველა შტოში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ღირსება გააჩნდათ, სიმართლეს ხედავდნენ და ადამიანურად იქცეოდნენ.
- ანუ ზოგად სურათს ეს ყველაფერი არ ცვლის?
- ზოგადი ფონი არ შეიძლება განისაზღვროს თითო-ოროლა სამართლიანი გადაწყვეტილებით, ჯერ ერთი სასამართლო ბევრად უფრო პოლიტიზირებულია, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს.
ეს არ მიუთითებს სისტემის გაჯანსაღებაზე, მიუთითებს იმ თითო- ოროლა ადამიანზე, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა ყველა ხელისუფლების დროს.
- შემდგომში რას ფიქრობთ, ამას რა მოჰყვება?
- მათ აქვთ უფლება ეს გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში, გაასაჩივრებენ და მე იმედი მაქვს, რომ უზენაეს საამართლოსაც მოვიგებ.
- ვისარგებლებთ ამ შემთხვევით და იმასაც გკითხავთ, რა იყო  თქვენს მიერ ლანჩხუთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შექმნილი ფრაქციის დატოვების მიზეზი და ახლა სად ხართ?
- ეს არაა ნაციონალური მოძრაობის დატოვება, ეს არის ფრაქციის დატოვება, რაც ჩემი მხრიდან მოხდა პიროვნული უთანხმოების საფუძველზე.  ზოგიერთი ,,გავლენის აგენტია’’. ანუ ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ ექცევა და სწორედ ასე მოხდა იმ შემთხვევაში, ვისთანაც პიროვნული უთანხმოება შემექმნა. მთელი ცხოვრების მანძილზე ღირსება და სახელმწიფოს ინტერესები დამიყენებია ჩემს ინტერესებზე, ჩემს სამსახურებზე წინ და დიდი ხანი ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე თავს, იმიტომ რომ ხელისუფლებიდან წამოსვლა უფრო ადვილია, ვიდრე ოპოზიციიდან. პირველ შემთხვევაში კომფორტიდან მიდიხარ ბრძოლაში და ეს მორალურადაც უფრო გამარლებულია. ოპოზიციიდან წამოსვლა უფრო რთული რამე ყოფილა, სხვათა შორის, თუმცა ეს ეხება ადგილობრივად ჩემს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ ფრაქციასთან დაკავშირებით, არანაირად არ ეხება ჩემს მიერ ბრძოლისგან გამოთიშვას, ბრძოლას იგივენაირად გავაგრძელებ, პარტიის წევრი არასოდეს არ ვყოფილვარ, თუმცა ბევრჯერ მქონდა ამის სურვილი.  ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შეცვლილა,  ასე მგონია, რომ დღევანდელი რთული მოცემულობის, რაც არის ჩვენს სახელმწიფოში  დალაგება, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა არავის ფანი არ ვარ, იმ ასაკში ვარ ახლა, რომ გონებით ვწყვეტ ყველაფერს და არა ემოციებით.
- ადგილობრივ ოპოზიციაზე გვინდა რომ გველაპარაკოთ, რა ძალებია აქ ამ ეტაპზე და როგორ ფიქრობთ? წარმატების შანსი რამდენად არის?
- მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც მეტს ითხოვს ოპოზიციისაგან თუ ბრძოლა გინდა და თუ ხელისუფლების ცვლილება გინდა, ბრძოლისთვის მზად უნდა იყო ყოველთვის. ადგილობრივად ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რაღაცა წერტილოვანი პრობლემები,რომლებიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია და ზუსტად ამ პრინციპით შევქმენით ფრაქცია ,,მომავალი ლანჩხუთისთვის’’. ლანჩხუთის პრობლემები, რომლის გადაწყვეტის ბერკეტები მართალია  ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები გაგვაჩნია. ბევრი რაღაცა მე პირადადაც შევძელი. მაგალითად: სახლის გადახურვა ვიღაცისთვის, შეჭირვებულისთვის მატერიალური დახმარების გაწევა, რომ ხელისუფლებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობდა და ეს პრობლემებიც იქნა გადაჭრილი, ამასაც გულწრფელად ვამბობ.
ესეც არ არის დასამალი, რომ ნაციონალური მოძრაობა მიშა სააკაშვილის ხმებზე იდგა დღემდე და ამ ხმებს უნდა მიემატოს, იმათი ხმები, ვინც ახალი ამომრჩეველი გახდება. უკვე არსებული ამომრჩეველი არ არის საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად, ამიტომ აგილობრივი ოპოზიცია მუდმივად ხალხთან უნდა იყოს, ასე არაა, არჩევნების დროს მუდმივად კლავიატურაზე აწკაპუნებდე. ახალგაზრდა რომ მოდის შენთან, ის კი არ უნდა იფიქრო, რომ ვაიმე მე არ გამასწროს რაიმეშიო, პირიქით გზა უნდა მისცე ახალგაზრდებს. მე თუ რამე ვარ ცხოვრებაში, ჩემზე ძლიერ ხალხთან რომ მქონდა ურთიერობა, იმიტომ ვარ, ამან არ უნდა შეგაშინოს რომ შენზე ძლიერ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა.  დღემდე მაქვს მოწყურება ჩემზე ძლიერ ადამიანებთან თანამშრომლობის, სხვანაირად ადამიანი ვერ იზრდები კი არა და ჩლუნგდები.
ოპოზიციას ღირსეული მოწინააღმდეგე რომ ჰყავს, ამითაც იზრდება და არა რაღაცა წიკვინა საუბრით, ვთქვათ სხდომაზე. სხდომაზე ჯანსაღი კრიტიკა უნდა იყოს და დეპუტატები ნარცისის როლში არ უნდა იყვნენ. ამას ,,ოცნებაზე” ვლაპარაკობ, თურმე არ შეიძლება ვიღაცის გაკრიტიკება, ის რადგან ექიმია. ექიმობას არ ვიხილავ მე საკრებულოს სხდომაზე და წარმომადგენლობით ორგანოში და არა მგონია სხვაზე ნაკლებად ვიცოდე მისი დეპუტატობის ავან-ჩავანიო, რომ იტყვიან.
წეღან გითხარით ჩემი პიროვნული დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, არ ვაკნინებ არავის და ვიტყვი იმასაც, რომ ადგილზე ოპოზიცია თავის გასაკეთებელს გააკეთებს, თუ ამის საშუალება მიეცემა ცენტრიდან, ჩვენ აქ ვერ შევადგენთ ბრძოლის გეგმებს და სტრატეგიას თუ იქედან არ იქნა მოწოდებული, მე ყველა ოპოზიციურ ფლანგს ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას.
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 993
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა