ყველა ჩვენგანს გარკვეული მოვალეობები აქვს სამშობლოს მიმართ. ამას სხვანაირად პატრიოტიზმს უწოდებენ. პატრიოტიზმია, როცა შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებ შენივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის, წინსვლისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკეთესი მომავლისთვის. ამის განსახორციელებლად ყველაზე მარტივი გზა განათლების მიღება და შემდგომში ამ ცოდნისა და გამოცდილების სამშობლოს საჭიროებისამებრ გამოყენებაა. განათლების ძირითადი საფუძველი სკოლაში იქმნება. ამ კუთხით, შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენს რაიონში საკმაოდ დამაიმედებელი სიტუაციაა. არაერთი ძალიან წარმატებული და საამაყო ახალგაზრდა აღუზრდია ჩვენს სკოლებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი არიან ოქროს მედალოსნები, რომლებმაც მართლაც ასახელეს თავიანთი სკოლები და მთლიანად რაიონი.
ზემოთხსენებულ სიაში ერთ-ერთ საპატიოა დგილს იკავებს ნიგოითის საჯარო სკოლა, რომელსაც 2020 წლის სკოლადამთავრებულებს შორის 2 ოქროს მედალოსანი ჰყავდა: ნათია თავდიშვილი და თამთა კალანდარიშვილი.
ალბათ, საინტერესოა ასეთი წარმატებული ახალგაზრდების აზრი სხვადასხვა საკითხისადმი და მათი სამომავლო გეგმები. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ინტერვიუს ნათია თავდიშვილთან:
-ნათია, პირველ რიგში, გილოცავთ ამ წარმატებას.
როგორი გრძნობაა ოქროს მედალოსნობა? დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებული და ამაყია შენი ოჯახი ამ წარმატებით.
- მოგესალმები, მარიამ, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რომ გამოთქვი ჩემთან გასაუბრების სურვილი. რაც შეეხება ოქროს მედალოსნობას, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე განსხვავებული გრძნობაა, რაც კი განმიცდია აქამდე. ნამდვილად სასიხარულოა, როცა ამდენი წლის შრომა გიფასდება, თუნდაც მცირედით მაინც. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არასდროს მქონია ორიენტირება ოქროს მედლისადმი. დიდად არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყოველთვის ვცდილობდი თანაბრად მოვრგებოდი,სკოლასა თუ სხვა სოციალურ გარემოს. ყოველთვის მქონდა მიზანი, რომ საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვერსია შემექმნა. საერთოდ მიყვარს, როცა მუდმივად ვავითარებ საკუთარ თავში რაღაცას. ალბათ, სწორედ ამ უნარმა მომცა საშუალება, მომეპოვებინა ოქროს მედალი და ამით გამეხარებინა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ოჯახის წევრებიც. არასდროს არ ვსაუბრობდით ოქროს მედალზე, დედაჩემი სულ ჩამძახოდა, რომ ნიშნის გამო არასდროს არ უნდა მებრძოლა, ბრძოლას მხოლოდ წარმატების მიღწევის გამო მირჩევდა. ამიტომაც მიხარია, რომ შევძელი ოჯახის წევრების გულის გახარება. ყველაზე დიდი ემოცია მაშინ იყო, როცა დამირეკეს და დაჯილდოვებაზე მიმიწვიეს. იმედი მაქვს, რომ ამაყობენ და მინდა, ბევრი მიზეზი მივცე იმისათვის, რომ მომავალშიც იამაყონ ჩემით.
-იქნებ ცოტა რამ თქვენი სკოლისა და პედაგოგიური კოლექტივის შესახებ გვიამბოთ.
-მინდა გითხრათ, რომ სკოლასთან ბავშვობიდანვე მქონდა შეხება, ვინაიდან დედაჩემი მასწავლებელია, სულ თან დავყავდიხოლმე, ამიტომაც პატარობიდანვე მიყვარდა სკოლის ცხოვრება, ბავშვები და მთელი პერსონალი. პირველ კლასში სწავლა ცოტა სასაცილოდ მახსენდება, რადგან პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო და ხშირად მეშლებოდა ხან მასწავლებელს ვეძახდი, ხან დედას. მოგახსენებთ, რომ მე-10 კლასამდე ვსწვალობდი ნიგოითის არასრულ სკოლაში, ჩემთვის იქ გატარებული 9 წელი ნამდვილად გასაოცარი იყო. ყველაზე კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ სკოლის კედლებთან და მასწავლებლებთან, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ, დაგვხმარებოდნენ საკუთარი თავის განვითარებაში. 9 კლასის შემდეგ გადავედი მე-2 კორპუსში, სადაც პედაგოგიურმა კოლექტივმა იმდენად კარგი გარემო მოგვიწყო, რომ არც კი გვიგრძვნია ახალი გარემოს გავლენა და თავისუფლად მოგვცეს უფლება, კვლავ პირნათლად გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა. სკოლის პერიოდი ნამდვილად ოქროს წლებია, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
-როგორც ვიცით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის 1-ლი კურსის სტუდენტი ხარ, რამ განაპირობა შენი მომავალიპროფესია?
-დიახ, 1-ლი კურსის სტუდენტი გახლავართ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვირტუალური სტუდენტი ვარ, მაგრამ მახარებს ეს ფაქტიც. ალბათ, ქართული ენისადმი დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ამერჩია ის მომავალ პროფესიად. ვფიქრობ, ქართულ ენას ძალიან საინტერესო განვითარების ისტორია აქვს და სწორედეს მიზიდავს მასში.
-საინტერესოა, ბავშვობაში რა იყო შენი საოცნებო პროფესია და როდის მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება?
-ბავშვობაში ძალიან მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ვფიქრობ, რომ ჩემი შესაფერისი არ იყო, ვინაიდან ადამიანი ყველაზე სათუთი არსებაა ამქვეყანაზე და ფსიქოლოიურად არ ვიყავი მზად ბავშვობის სურვილი ამესრულებინა. თან მგონია, რომ ბავშვობის სურვილად დარჩა და რეალურად საერთოდ არ მინდოდა იგი. სიმართლე გითხრათ, პედაგოგობა ნამდვილად არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწვლობ. უფრო ჟურნალისტობას ვფიქრობ, თუმცა ვნახოთ მომავალში რა იქნება.
-იქნებ შენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბო.
-ზოგადად, წინასწარ არაფერს ვამბობ ან ვგეგმავ ხოლმე. საიდუმლოდ შევინახავ სურვილებს, თუმცა ერთს გაგანდობთ. მინდა, რომ მომავალში სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო...
-და ბოლოს, რას ურჩევ ჩვენს მომავალ თაობას?
-გავკადნიერდები და მომავალ თაობას ვეტყვი, რომ ბევრი იმუშავონ, როგორც საკუთარ თავზე, ისე მათ მიზნებსა და სურვილებზე. ერთი რჩევა მაქვს, მინდა, იბრძოლონ წარმატებისთვის და არა პირველობისთვის. გიყვარდეთ ერთმანეთი და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. პირველ რიგში, თუ გაიმარჯვებენ საკუთარ თავზე, მაშინ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. მინდა, არ დაეზაროთ ახლა საკუთარ თავზე მუშაობა, რადგან ეს მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალში.
ნათქვამია: „სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდებისო.“ ასე რომ, მუდამ ვეცადოთ, ვისწაფვოდეთ სიტკბოსკენ და გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას!
ასეთი ახალგაზრდებით ნამდვილად ყველამ უნდა ვიამაყოთ.
როდესაც მათ წარმატებებს ვიგებთ, თითქოს უფრო დიდი იმედი გვეძლევა უკეთესი მომავლისა, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე მართლაც მომავალ თაობაზეა დამოკიდებული და მე პირადად მჯერა, ისინი იბრძოლებენ, თავს დაიმკვიდრებენ და მათივე შრომითა და მონდომებით ერთხელაც გაბრწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოში გავიღვიძებთ.
მარიამ კვაჭაძე
ნათია თავდიშვილი:ყოველთვის მქონდა მიზანი, რომ საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვერსია შემექმნა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 571