მეფუტკრეობით დაინტერესებულ პირთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ა(ა)იპ `საგარეო კავშირ-ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის~ ხელმძღვანელი გელა ზოიძე უძღვებოდა. როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მეფუტკრეთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი დავით მამუკელაშვილი.ბატონმა დავითმა შეკრებილებს სახელმწიფო პროგრამის უპირატესობანი გააცნო: `ეს პროგრამა არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 4 სექტემბერს. პროგრამა იმუშავებს მხოლოდ კოოპერატივების შემთხვევაში და ის ნამდვილად საინტერესო გახლავთ. ვისაც ბარში ყავს 60 სკა, ხოლო მთაში _ 30 გადაეცემა სახელმწიფო დახმარება. ამდენი სკის მოგროვება კოოპერატივების შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. მოხდება მათთვის სკების გადაცემა. რამდენი სკაც ექნება, იმდენი სკა გადაეცემათ, მაგრამ არა უმეტეს 100 სკისა.~შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, რომ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ბარში მინიმუმ 11 უნდა იყოს, ხოლო მთაში 5. რასაც დამსწრეთაგან რეპლიკები მოჰყვა: `ძამია, მთელს სოფელში 8 მეფუტკრეა სულ, თქვენ რომ ამბობთ, 11-ია საჭიროო, სა ვნახო აი ხალხი?!~როგორც განმარტეს, კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს ოჯახის რამდენიმე წევრი, ან მეზობელ სოფელში მაცხოვრებელი პირი. `ამ შემთხვევაში შეზღუდვა არ არის, ნუ გგონიათ, რომ კოოპერატივის წევრის სტატუსის მოპოვება ძნელია. როცა რაოდენობა იზრდება, თუ მის დებულებაში ცვლილება არ შეგაქვთ დამატებით თანხებთან არ არის დაკავშირებული~ _ განმარტეს შეხვედრაზე. დამსწრეები დაინტერესდნენ რა უპირატესობა აქვს კოოპერატივს შპს-თან შედარებით. როგორც ითქვა, _ შპს პრაქტიკულად არის შუამავალი ბაზარს და გლეხს შორის. კოოპერატივი თავად აწარმოებს პროდუქციას და ყიდის, შესაბამისად მოგების გადანაწილება ხდება მეპაიებს შორის. თუ შპს-ს შემთხვევაში 51%-იანი წილის მფლობელს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის და შეუძლია დირექტორიც კი შეცვალოს, ასე არ ხდება კოოპერატივის შემთხვევაში. მის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. ჩვენ ვმუშაობთ ევროპული გამოცდილებით, ეს არის 200 წლიანი გამოცდილება. თუ კოოპერატივი დაინტერესდება აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით, სკების გადაცემა მოხდება 30%-იანი თანადაფინანსებით. ანუ სახელმწიფო გადაიხდის ღირებულების 70%-ს. ამისათვის ბიუჯეტში გამოყოფილია 700 ათასი ლარი და წლის ბოლომდე მოხდება სკების დარიგება, რომელიც იქნება 2 ტიპის. დამსწრეები დაინტერესდნენ, რამდენად იქნება ეს სკები მორგებული ჩვენს კლიმატზე. იქნება თუ არა რაიონების სპეციფიკურობა გათვალისწინებული. ასევე რა მასალისგან მოხდება მათი დამზადება.როგორც ითქვა _ გამოცხადდდება ტენდერი და მათი დამზადება მოხდება იმ თანხებში, რაც არის გამოყოფილი. ის იქნება მაღალი ხარისხის. რაც შეეხება მორგებას ადგილობრივ კლიმატზე, ამ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებთო.როგორ გაირკვა, კოოპერატივები, რომლებიც მიიღებენ აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას მათ მიმართ გარკვეული მოთხოვნები ექნებათ. 2018 წლის პირველ იანვრამდე მათ უნდა მიიღონ `გლობალ-კაპი~ _ ეს გახლავთ საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი, რომელიც საშუალებას მისცემს კოოპერატივს თავისი წარმოებული თაფლი სერიოზულ ევროპულ თუ სხვა ბაზრებზე გაიტანოს. ამ სერთიფიკატის მოსაპოვებლად დამატებითი კონსულტაციები და დახმარებებია გათვალისწინებული. მოხდება ასევე ტექნიკური კუთხით დახმარება, ისევე როგორც მოხდა სხვა შემთხვევაში. მაგალითად, მოტობლოკების გადაცემისას. დავით მამუკელაშვილმა ესტონეთის მაგალითი მოიყვანა მეფუტკრეობის განვითარების შედარებისას. `საქართველო და ესტონეთი 25 წლის წინ ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, იქაც ისეთივე ცხოვრების დონე და ეკონომიკური შესაძლებლობები იყო, როგორც ჩვენთან, მაგრამ დღეს რომ შედარება მოვახდინოთ, ძალიან ჩამოვრჩებით. მეფუტკრეობის კუთხით ესტონეთი მართლაც გამორჩეულია. იქ ერთი სკიდან 150 კილოგრამ თაფლს იღებენ, ჩვენთან კი 15-20 კგ-ია.~`კოოპერატივების შემთხვევაში კიდევ ერთი დამატებითი რამ არის შესაძლებელი _ თაფლის ანალიზი. ეს საქართველოში არ ხდებოდა და ამისათვის ევროპაში წასვლა იყო საჭირო. დღეს შემოტანილია ეს აპარატურა, რომელიც საკმაოდ ძვრიადღირებულია. ანალიზის გაკეთება უფასოდ იქნება შესაძლებელი~ _ ითქვა შეხვედრის დროს. ის სიახლეებიც გახმოვანდა, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით იგეგმება და მეფუტკრეობის გარდა, სხვა სფეროებსაც მოიცავს. `ვინაიდან ლანჩხუთში ვიმყოფები, ერთ სასიამოვნო სიახლესაც გაცნობებთ. ეს ეხება ჩაის გადამუშავებას. მოგეხსენებათ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ჩაის გავერანებული პლანტაციების გაკულტურებას ისახავს მიზნად. სახელმწიფო თავის თავზე იღებს მის დაბრუნებას იმ სტადიაში, სადაც შესაძლებელი იქნება მაღალი ხარისხის ფოთლის კრეფა. ლანნჩხუთში 41 კოოპერატივია და აქედან 19 არის მეჩაიეობის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივები ჩაის კულტურის განვითარებით ძალიან ხართ დაინტერესებულები. მთელი ქვეყნის მასშტაბით მგონი სულ 26 ჩაის კოოპერატივია, აქედან 19 თქვენზე რომ მოდის, ეს დამატებითი სტიმულია. ამიტომ მინისტრის დონეზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული ლანჩხუთში ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი ძლიერი, დიდი ქარხნის მშენებლობის შესახებ. ასევე 50 ჰა-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეკულტივაცია ჩატარდება. ეს ყველაფერი 2016 წლისთვის არის გათვალისწინებული. ასე რომ, რაღაც ძვრები არის. 1,5 წლის წინ შეიქმნა კოოპერატივების სააგენტო და ნულიდან, უფრო სწორად მინუსებიდან დავიწყეთ მუშაობა. ამდენი ხანია არავინ არაფერს გთავაზობდათ, ახლა გეუბნებით, რომ თუ თქვენი სურვილი იქნება, ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია, მოგეხმარებით-მეთქი, მეტი რა გავაკეთოთ. აქ იმიტომ ვართ მოსულები, რომ თქვენი აზრი მოვისმინოთ და ის სიახლეები შემოგთავაზოთ, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაგეგმილი. შეიძლება დონორი ორგანიზაცები დამატებით სხვა რამეებსაც გეუბნებიან და ეს კარგიც არის, მაგრამ როცა სახელმწიფო დებს ფულს ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში, ესეც მნიშვნელოვანია~ _ განაცხადა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ერთ-ერთმა მეპაიემ განაცხადა, რომ თავის დროზე კოოპერატივი ტყუილად ჩამოაყალიბა და მისგან სარგებელი ვერ მიიღო: `ის წინადადებები, რომელიც თქვენგან გვესმის, ან მანამდე გაგვიგია, კარგად მეჩვენა. დავრეგისტრირდი კიდეც, მაგრამ წინ როგორ წავიდე, როცა ბანკებთან მისულს მეუბნებიან, რომ სესხს ვერ მოგცემთ, რადგან კაპიტალი არ გამაჩნია. საიდან დავიწყოთ კაპიტალის შეგროვება?! გამოდის, ტყუილად ვიწვალე~.`მესმის თქვენი გულისტკივილი, მაგრამ ჩვენი პროგრამის შემთხვევაში ბანკთან ურთიერთობა არ არის საჭირო. როცა გეუბნებით, რომ გეხმარებით, ე.ი. გეხმარებით. შეიძლება ეს მცირე დახმარება იყოს 11 წევრიანი კოოპერატივის შემთხვევაში, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. აქედან იწყება ადგილობრივი წარმოების შექმნა, რომელიც ექსპორტზე გავა~ _ განაცხადეს შეხვედრის ბოლოს.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0