ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ან რატომ გააკარით, ან რატომ ჩამოხიეთ?! საარჩევნო ,,ნატვრის ხეები~“ ლანჩხუთში

14-10-2020, 12:01

არჩევნებამდე სულ ცოტა ორი კვირაღა რჩება. როგორ ხვდება ლანჩხუთი საპარლამენტო არჩევნებს? ერთადერთი, რაც თვალნათლივ შესამჩნევია, არის  ის, რომ დასუფთავების სამსახურის  თანამშრომლები ჩამოხეული პლაკატების გადაყრას ვეღარ აუდიან, სკვერში ხეებზე და  ელექტროგანათების ბოძებზე, გაკრული საარჩევნო სუბიექტების ამსახველი პლაკატები, რომლებიც ჩამოხევის შემდეგ საცოდავად გამოიყურებიან, თვალს მაშინვე ხვდება და უსიამოვნების შეგრძნებას იწვევს, ხშირ შემთხვევაში იქვე ყრია ქაღალდის ნაფლეთები, ადვილი მისახვედრია, რომ არსებობს პროფესია სახელად ,,პლაკატების მტერი“ .
ხომ შეიძლება დავსვათ კითხვა: რატომ ვაკრავთ ამ პლაკატებს ყოვლად შეუფერებელ ადგილებზე, ან შემდგომში რატომ ვხევთ?!  ყველაზე მეტი  ოპოზიციის პლაკატია დაზიანებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც ამას უანგაროდ არავინ აკეთებს.კიდევ ერთხელ  უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად არ არის ესთეტიკურად ლამაზი სკვერში ხეებზე გაკრული ნებისმიერი პარტიის საარჩევნო პლაკატი, ჩამოხეული ხომ მათლად საშინელებაა. ჩვენი პარკი საარჩევნოდ ამ კუთხით იმდენად ულამაზოდ გამოიყურება, გვერდის ავლაც კი მოგინდება ხანდახან, თუმცა თვალი მაინც ჩამოხეულ-ჩამოფლეთილი სკოჩებშემოხვეული საცოდავი ხეებისაკენ გარბის, იმათ რა დააშავეს, თუ ჩვენ ერთი ხელისუფლება ვერ აგვირჩევია ისეთი, ბოლოს რომ არ გადაგვაგდოს. წუხილი ზედმეტია ამით მაინც ვერაფერს ვშველით, ჩამოხეული პლაკატები კი უსიამოვნების ზღვას მიმატებული კიდევ ერთი წვეთია, რომელიც თვალსა და ხელს შუა ოკიანედ იქცევა, მდუმარე ფაზაში გადასული ადამიანები მხოლოდ თავებს აქნევენ და მეტი არაფერი. ვის ვირჩევთ და რატომ ვირჩევთ უკვე აღარავის აინტერესებს. რა ღირს ხმა? ეს კი უკვე საინტერესოა, მოკლედ ბაზარში ვართ  რაღა? არჩევნებში ყველაფერი მოსულა. ალბათ ყველაზე ჭრელი არჩევნებია, რასაც კი მოვსწრებივართ. პარლამენტიც შესაბამისი უნდა იყოს თუ ეს ყველაფერი მხოლოდ მირაჟი არაა.  
გაიარა კიდევ 8 წელმა და ის 9 წელიც გვახსოვს,  მაგრამ მუდამ 9 წელის გახსენებით და ქაღალდის ნაგლეჯებით არჩევნების მოგება რომ არ შეიძლება ეს კარგად იცის ჩვენმა მოსახლეობამ და ამიტომაც დუმს იქამდე სანამ ყუთთან მივა. 
 ან რატომ გააკარით?! ან რატომ ჩამოხიეთ?! მაკულატურად ქცეული,  წიწვოვანთა ტანი იმდენად საშინლად გამოიყურება, რომ სიცილი არა და ტირილამდე შეიძლება მიხვიდე. საარჩევნო ,,ნატვრის ხეები’’ კი დგანან და ელოდებიან როდის დასრულდება ეს ორომტრიალი და ჩამოირეცხავენ სირცხვილს. 
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება / პოლიტიკა
გადასვლები: 634
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა