სოფლებმა დაკარგა ყოველგვარი სტატუსი და ფუნქცია, მხოლოდ აღმნიშვნელი ტრაფარეტით თუ გაარჩევთ რომელი სოფელია. არ იფიქროთ მივსტირი იმ დროს, მაგრამ სოფელს რაღაც გამორჩეული ჰქონდა, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ისე საყოფაცხოვრებო მომსახურეობის დონით. დღეს უყურადღებოდაა სოფელი და ხალხი. იმ ავბედითმა რვა წლიანმა მოვლენებმა მძიმე დაღი დაასვა ქართველ ხალხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ სასტიკ დანაშაულებებს, რომლებიც დღეს ლოზუნგებად გვექცა: ხალხის გაღატაკება, უმუშევრობა, შობადობის კატასტროფული კლება და მიგრაცია. გაიზარდა სუიციდის შემთხვევები, ნარკომანია, კრიმინალი, პროსტიტუცია, იმატა ელიტურმა კორუფციამ. ყოველივე ეს გასათავისებელი და გამოსასწორებელია, რომელიც მძიმე ჯვარია თქვენთვის. შესძლებთ კი მის ტარებას და გამოსწორებას. ამას მარტო პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ნება არ ეყოფა, საჭიროა დიდი პროფესიონალიზმი, განათლება, ერუდიცია, გამოცდილება, გამბედაობა და რაც მთავარია, ქვეყნის სიყვარული, გაქვთ კი თქვენ ყოველივე ეს ამ საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად და თუ შეძლებთ ყოველივე ამას, მაშინ ხალხის სიყვარულს და პატივისცემას დაიმსახურებთ, რომელიც, სამწუხაროდ, ძალზე ძნელი მოსაპოვებელი გახდა. მინდა შევეხო იმ მწვავე პრობლემებს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია. სამწუხაროდ ქვეყანაში მიწა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური საფუძველი და ტერიტორია, როგორც პოლიტიკური საძირკველი, კარგავს თავის ფუნქციას, მიმდინარეობს მიწების განუკითხავი გასხვისების პროცესები. უმრავლესობა მიწის გარეშეა დარჩენილი, როგორც ქვეყანაში, რაიონშიც პრობლემებია მიწის რეგისტრაციასა და დაკანონებაში. ამის შედეგია ის, რომ მიწა ძირითადად გამოუყენებელია. რაიონში 8 ათასი ჰექტარი სახნავიდან მხოლოდ ათი პროცენტია დამუშავებული. ამასთანავე ფართობები ძირითადად გამოუსადეგარია და მოუვლელია. მას მოედო ეგრეთწოდებული გარეული აკაცია, რომელსაც „ჩოჩობას“ ეძახიან და ეგრეთ წოდებული მცენარე „კაჭახუნა“, რომლებიც არა მარტო საყანე, არამედ საძოვრებსა და სათიბებზეა გავრცელებული, არადა წარმოუდგენელია მეცხოველეობის განვითარება მარცვლის, საძოვრის და ასეთების გარეშე. ამ პროცესების შეჩერება და მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს ჩარევის გარეშე თუ არ მოხდა მისი ამოძირკვა და სამელიორაციო სამუშაოები. რაიონს არ გააჩნია სათანადო მინიმალური ტექნიკა პრობლემის მოსახსნელად.
დღეს რაიონში არსებული ინდივიდუალური, კოოპერატიული, შეზღუდული საზოგადოებანი თუ მესაქონლე ფერმერთა და მესიმინდეთა კავშირი მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს ვერც წარმოებული პროდუქციით და ვერც სამუშაო ადგილებით რაიონის მოთხოვნებს, ამიტომ წარმოების განვითარებასთან ერთად უნდა შეიქმნას გადამამუშავებელი საწარმოები, რომ პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვი მთლიანად რაიონში იყოს, თუ გვინდა, რომ მაქსიმუმი მოგება მივიღოთ და აგრეთვე გაიზარდოს დასაქმებულთა რიცხვი, არადა მისი გონივრული გამოყენებით არის პოტენციალი ბიუჯეტის 50% სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანით და მისი გადამუშავებით შეივსოს.
გაურკვეველია რა კაპიტალი როგორ იდება და ხმარდება სოფლის მეურნეობას, ეს იქნება გრანტები, სუფსიდიები, კრედიტები და შეღავათიანი სესხები, რომლებიც იხარჯება სხვადასხვა დარგების და კულტურების განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე, რომელშიც ჩართულია როგორც სოფლის მეურნეობის, აგრეთვე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. სამწუხაროდ, უკუგება არ არის. ესე იგი, რომ იტყვიან, ღონისძიება ღონისძიებისათვის ტარდება. იხარჯება და იფლანგება თანხები, პასუხისმგებელი კი არავინაა. ასე დაემართა რაიონში მეაბრეშუმეობის, მეჩაიეობის და სხვა დარგების აღორძინების პროგრამებს. სამწუხაოდ იყო ერთადერთი ხელშემწყობი კანონი მცირე მეწარმეობის შესახებ და ამ საწარმოთა განვითარების და ხელშემწყობი ცენტრი საინვესტიციო ფონდით, მაგრამ თითქოსდა ეკონომიკური რეფორმების სახელით გატარებულმა ცვლილებებმა მთლიანად მოშალა. ჩვენ, პირველ რიგში ხელი უნდა შევუწყოთ საოჯახო, კოოპერატიულ და მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა-განვითარებას. ამისთვის პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზაა გასაუმჯობესებელი, განსაკუთრებით საგადასახადო კოდექსში სათანადო ცვლილებებით შეღავათების გათვალისწინებით. მათი ფინანსური პოლიტიკა ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. სახელმწიფომ უნდა მისცეს სწორი მიმართულება და ხელშეწყობა მწარმოებლებს თუ როგორი იქნება მათი ფინანსური უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია მათი სპეციფიკა და ტიპი, პირობები და ინტერესები, მისი ფუნქცია და მოვალეობანი და სხვა. სამწუხაროდ, არ არსებობს თანმიმდევრული სახელმწიფო ეკოლოგიური და ეკოლოგო-ეკონომიკური პოლიტიკა. განსაკუთრებით საშიშია მიწა-წყლის და ტყის რესურსების ექსტენსიური-ფლანგვითი ექსპლუატაცია. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ორმაგი პრესით, არასასურველი ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების შედეგად. ჩვენი რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა საფუძველს გვაძლევს გამოვიყენოთ შავი ზღვის პირა მონაკვეთი და ზოგიერთი მთიანი მხარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, განსაკუთრებით მთიანი ორაგვის და ნიგოითის მთა-ტალახის და ჭანჭათის გადასასვლელი მონაკვეთი და სხვა. ძალზე საყურადღებოა „კოლხეთის ეროვნული პარკის“ ლანჩხუთის ტერიტორიის შავი ზღვის პირა ზოლი, სადაც თავს იყრის 5 412 ჰექტარი ტყე, ხე-ტყის განახლებადი რესურსით, 4500 ჰექტარი ტორფის უნიკალური
საბადო. ამ ტერიტორიაზე არის შესაძლებლობა ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის სამონადირეო ტურიზმის და სხვა სამეურნეო საქმიანობისთვის. რამდენადაც 1996 წლის 7 მარტის მიღებული საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, რომლის საფუძველზე შეიქმნა „კოლხეთის ეროვნული პარკი“ გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებული ორგანიზებულ და განახლებულ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისთვის, სადაც განსაზღვრულია ტურიზმისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის განვითარება და რაც მთავარია, ამ კანონით მოსახლეობას და საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მართვის საქმიანობაში. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის დაცული ტერიტორიებით სარგებლობის თანაბარი პირობები და მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების წარმომადგენელთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. სამწუხაროდ, ეს კი არა, კოლხეთის პარკს, რომლის ოფისი ფოთშია და ევალება შეშის ჭრაზე ნებართვის გაცემა, სექტემბერი ილევა, დღესაც არ დაუწყიათ. არადა მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და გაძნელდება მისი გამოტანა, თანაც არაა საჭირო ტექნიკა, შიმშილს სიცივე დაემატება, აქედან კოვიდ-19 და რომელი მოგვიღებს ბოლოს აღარა აქვს მნიშვნელობა. არადა პარკი 40 000 ჰექტარზე ხობის, სენაკის, აბაშის, ფოთის და ლანჩხუთის ტერიტორიებითაა შექმნილი, სადაც ლანჩხუთის წილი 10 212 ჰექტარია, 25% და ჩვენი ტერიტორიის 19,2%, სამწუხაროდ, გამოუყენებელია. აგერ 24 წელიწადი გავიდა, თითქმის ერთი თაობის დრო, თითქმის არაფერი გაკეთებულა, პირიქით კანონში წლების მიხედვით რვაჯერ შეტანილია სხვადასხვა შესწორებები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი და შეუსაბამოა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ტრადიციების მენტალიტეტის და იდენტობის ათვის. არადა, დამოკლეს მახვილივით გვაწევს 2013 წლის 25 მარტის საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც მითითებულია დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ. და ვინ იცის, იგი ერთ დღეს რომელი უცხოელის ხელში აღმოჩნდება. რაიონის ცენტრში დგას ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა, მისი გაუქმებიდან თითქმის 20 წელი გავიდა და გამოუყენებელია. დღეს ეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია, სანახევროდ დანგრეულია. მის ტერიტორიაზე წარმოუდგენელი ანტისანიტარიაა, მით უმეტეს მის გვერდით სკოლა და მოსახლეობაა განლაგებული. ჩემს მიერ გაეგზავნა წერილები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რამდენადაც ეს შენობა მათ განკარგულებაშია და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მისი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემაზე, მაგრამ უშედეგოდ. ასეთივე ბედი ეწია ლანჩხუთის საავადმყოფოს, რომლის რეაბილიტაციისათვის ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა განკარგულება მილიონნახევრარი ლარის გამოყოფაზე, რომლის შესახებ ინფორმირებული იყო რეგიონალური ჯანდაცვის ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ ბოლქვაძე და შ.პ.ს. რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ლანჩხუთის კლინიკა. გაკეთდა პროექტი და შედგა პრეზენტაცია, მაგრამ შემდგომში გაურკვევლი მიზეზების გამო შეჩერდა. დღეს, როცა ასეთი მძიმე მდგომარეობაა კოვიდ-19-თან ბრძოლის საქმეში და რაიონში ცხელების ცენტრის ერთი პალატაც კი არ არსებობს პაციენტების მოსათავსებლად, ეს დაუდევრობა ამ პროდუქტის განხორციელებასთან დაკავშირებით, დანაშაულებრივ ელფერს იძენს და სასწრაფოდ მოსაგვარებელია. სამწუხაროდ, დღეს უამრავი შენობა-ნაგებობაა მიტოვებული არა მარტო ჩვენს რაიონსა და რეგიონში, არამედ მთლიანად ქვეყანაში. ამ დროს ქონების და მიწის 70% კვლავ სახელმწიფოს ხელშია.
სამწუხაროდ, უამრავი პრობლემაა თვითმმართველობის ფინანსურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და ორგანიზაციულ-სამეურნეო საქმიანობაში, ამიტომაც თქვენი ამომრჩევლების უპირველესი მოთხოვნაა ან პრობლემებზე და იმ საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომელიც ჩემს წერილშია დასმული. თქვენს ავტორიტეტს, პატივისცემას და სიყვარულს ხალხის მსახურება განსაზღვრავს, რომელზედაც თქვენი ღირსებაა დამოკიდებული. როგორც იაკობ გოგებაშვილი იტყოდა: „ადამიანის ღირსება განიზომება მხოლოდ გონებრივი სიმაღლით, ზნეობრივი სისპეტაკით და იმ სიკეთით, რომელსაც თესავს ის თავისი მოღვაწეობით“. ამიტომაც მზად ვარ გვერდში დაგიდგეთ, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და დაგეხმაროთ თითოეული პრობლემის მოგვარებაში. იმედია გამოგვეხმაურებით!
უაღრესი პატივისცემით, ჯონი ცინცაძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მისამართი: ლანჩხუთი, სამების ქუჩა #32; ტელ: 595 40-05-57;
ღია წერილი გურიის რეგიონის - ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 822