ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის ნგრევის მიზეზები?

30-09-2020, 10:35

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში საინტერესო მასალას წავაწყდი:
სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი ქალაქის უნივერსიტეტში, თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია ბანერი, რომელზეც წერია:
„ნებისმიერი ერის გასანადგურებლად არ არის საჭირო ატომური ბომბის ან შორეული რადიუსის რაკეტების გამოყენება. ამისთვის საჭიროა განათლების ხარისხის შემცირება და თვალის დახუჭვა, როცა მოსწავლე გამოცდაზე იტყუება.
ასეთი ექიმების ხელში პაციენტები იღუპებიან;
ასეთი ინჟინრების ხელში შენობები ინგრევა;
ასეთი ეკონომისტებისა და ბუღალტრების ხელში იკარგება ფული;
ასეთი მოსამართლეებისა და იურისტების ხელში იკარგება სამართალი;
განათლების კრახი - ერის კრახია;”
ბოლო ფრაზა ნამდვილად შეუვალი ნათქვამია, რადგან ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. განათლებული ადამიანი, მნიშვნელობა არა აქვს რა პროფესიის იქნება ის, თავდაჯერებული და თავისუფალია. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, გააჩნია სიტუაციის გაანალიზების უნარი, ამიტომ მისი მართვა, მისი გამოყენება ვინმეს საკეთილდღეოდ და საერთო საქმის საზიანოდ, გამონაკლისის გარდა, შეუძლებელია. ბოლო წლებში, შეიძლება ითქვას, ათწლეულებში, განათლებულმა ადამიანმა ფასი და ადგილი დაკარგა საზოგადოებაში, ერთგვარ ტრადიციად იქცა ადრეულ ეტაპზე სამუშაოდან მათი გაშვება, ასაკის მოშველიებით, იმაზე კი არავინ ფიქრობს, ან გაგება არ უნდათ, რომ განათლებისა და გამოცდილების მიღებას დრო სჭირდება, ადამიანი კი ამ ორივეს საშუალო ასაკში აღწევს, კარგადაც ვხედავთ რა შედეგებამდეც მივყავართ სხვადასხვა დარგებში საქმის მინდობას გამოუცდელ და საეჭვო განათლების მქონე კადრებზე, რამდენიმე სიტყვით ამაზე ცოტა ქვემოთ მოვყვები. 
განათლების მიღების პირველი საფეხური სკოლიდან იწყება და აქვეა მისი საფუძველი. შემთხვევით არაა ნათქვამი ზემოთ ჩამოთვლილ ფრაზებში, რომ თუ მოსწავლე გამოცდაზე იტყუება და ამაზე ვინმე თვალს ხუჭავს, სწორედ აქედან იწყება პირველი დარღვევა.
კარგად მახსოვს სკოლაში ყოფნის დროს პედაგოგები არა თუ თვალს ხუჭავდნენ, არამედ სხვადასხვა მეთოდები ჰქონდათ იმის გამოსარკვევად, მოსწავლე გაკვეთილს ყოველდღე სწავლობდა თუ არა, მაგალითად ზოგიერთი სამ დღეს თანმიყოლებით გვეკითხებოდა გაკვეთილს, რომ ეშმაკობაში „გამოვეჭირეთ“, მომდევნო კვირაში კი მეთოდს ცვლიდა. ასე რომ, ძალიან ძნელი იყო მისთვის რაიმე გამოგეპარებინა. ამას კი თავისი დადებითი გავლენა ჰქონდა განათლების საბოლოო ხარისხზე. არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სწორედ იმ ადამიანების გონება და განათლებაა მყარი, რომლებიც მაშინ სწავლობდნენ და რომლებიც დღეს დაახლოებით 50-65 წლამდე ასაკში არიან და დიდად სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ დღეს, რომ ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუძღვნენ.
„ასეთი ინჟინრების ხელში შენობები ინგრევა“  _  ვკითხულობთ ჩამონათვალში,  დიახ, ინგრევა, თვალი გადაავლეთ ფაქტებს. წინანდელს თუ ახალს, რამდენი გვახსოვს შენობის, ხიდის ან სხვა ნაგებობების ჩამონგრევა, რა თქმა უნდა, მიზეზებს იკვლევენ, მაგრამ გამოსაკვლევიც არაფერია. დღეს თითქმის არავინ აბარებს სამშენებლო საინჟინროზე, რომელიც ადრე ძალზედ პრესტიჟული იყო, უფრო მეტიც, არც კი ვიცი დღევანდელ ტექნიკურ უნივერსიტეტად მონათლულ სასწავლებლებში არსებობს თუ არა ასეთი სპეციალობა, სამაგიეროდ ახალგაზრდები მასიურად აბარებენ ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობაზე (არ ვიცი შეიძლება დასახელება ზუსტად ვერ გამოვთქვი). ძალიან კარგია თუ ახალგაზრდები ცდილობენ კარგი ბიზნესმენები გამოვიდნენ და წინ წასწიონ ეს მიმართულება, რომელიც ისედაც „ყვავის“. როგორც გვეუბნებიან, დღეს საქართველოში ყველა მეორე თავს ბიზნესმენს უწოდებს, მაგრამ საკითხავია, როგორ ესმით მათ ამ სიტყვის მნიშვნელობა, ბიზნესი ის არაა ბათუმში რომ იყიდი და ლანჩხუთში გაყიდი რამეს, თან გადახდის უუნარო მომხმარებელს ამაყად ეუბნები _ მე ამდენი მაქვს გადახდილი და მოგება ხომ უნდა ვნახოო.
აუცილებლად უნდა შევეხო, რა ხდება მაშინ თუ პაციენტები ისეთი ექიმების ხელში ხვდებიან, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. თქმა არ უნდა, დღეს სამედიცინო  დარგში  არნახული ცვლილებაა, ყველაფერია იმისთვის, რომ კარგმა სპეციალისტმა სწორი დიაგნოზი დასვას, მაგრამ საკითხავია, როგორ ფლობენ ისინი ამ ახალ დანადგარებს, აუცილებლად მინდა მაგალითი გითხრათ, რომელიც თავად მაქვს მოსმენილი. პაციენტი მივიდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ექოსკოპიის გადასაღებად. დასკვნაში მას ჩაუწერეს,  რომ ნაღვლის ბუშტის სერიოზული პრობლემები აქვს, რომ ზომებში გადიდებულია და ა.შ. გაკვირვებულმა კიდევ სხვა კლინიკის მიმართა, აქაც იგივე, ლამის ნახევარი კლინიკები შემოიარა, რომელიც სოკოებივით არიან მომრავლებული და ყველგან მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი პასუხი იყო, მიზეზი იმისა თუ რატომ არ ირწმუნა პაციენტმა კლინიკებში მიღებული პასუხი ის გახლდათ, რომ მას ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ხსენებული ორგანო საერთოდ ამოკვეთილი ჰქონდა. ცხადია აქ კომენტარი ზედმეტია.
ყველა სფეროზე ცალ-ცალკე ვერ შევჩერდებით, მაგრამ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი თუ რა ხდება მაშინ, როცა მსგავს განათლებამიღებული იურიდიული სფეროს წარმომადგენელი ასრულებს მინდობილ საქმეს. ნებისმიერს აერევა სათვალავი, რამდენი გახმაურებული საქნე მოხდა სულ მოკლე დროში, დადგა რომელიმე მათგანზე სამართლიანი სამართალი? და თუ რატომ არა, მიზეზებს დიდი ძებნა არ სჭირდება.
ალბათ ვინმეს არ ჰგონია ხსენებულ უნივერსიტეტში, თვალსაჩინო ადგილას მსგავსი წარწერით გამოკრული ბანერი, კედლის სილამაზისთვის რომ არაა, ეს ტვინში უნდა ჩაიბეჭდოს ყველამ: მოსწავლემ, მასწავლებელმა, სტუდენტმაც და ლექტორმაც, ზოგადად ნებისმიერმა მოქალაქემ, რადგანაც უამისოდ ვერც ქვეყანა და ვერც ერი იარსებებს.

ავტორი: მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება / პოლიტიკა
გადასვლები: 74
FACEBOOK კომენტარები