ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები

29-09-2020, 12:06

განახლებული ინფორმაციები:

29.09.20 10:53 აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტით აკვირდება

აზერბაიჯანული დაზვერვა მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტებით აკვირდება. მათ შორის მიმდინარეობს ვარდენის-აგდერეს გზის გაკონტროლება. ამის შესახებ media.az-ს „აზერკოსმოსში“ აცნობეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული ჯარი ამჟამად ამ სტრატეგიულ გზას აკონტროლებს.
ცნობისთვის, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი Azersky აზერბაიჯანმა ორბიტაზე 2014 წელს ინდური რაკეტის მეშვეობით გაიყვანა.

29.09.20 10:49 ჯავახეთში ახალგაზრდებმა სომხეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს (ვიდეო)

ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ყარაბაღში გასაგზავნად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საბურავები და საკვები შეაგროვეს.
სატვირთო მანქანები გუშინ, გვიან ღამით საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს, თუმცა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით ჰუმანიტარული ტვირთის მცირე ნაწილი - ორი სატვირთო სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდა. საზღვარი მხოლოდ სურსათითა და ტანსაცმლით დატვირთულმა მანქანებმა გადალახეს, საბურავების გადასატანად კი ნებართვაა საჭირო, რისთვისაც ახალგაზრდებმა შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

29.09.20 10:22 სომხეთის მხარემ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდო

სომხურმა მხარემ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მარტუნის რაიონში ან-2“-ის ტიპის თვითმფინავი ჩამოაგდო, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნოდა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულდ უარყოფს. აზერბაიჯანულმა მხარემ გუშინ საღამოს მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური შეტევა წამოიწყო. კვლავ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ.

29.09.20 09:45 სომხური მხარე: აზერბაიჯანელებმა 9 წლის ბავშვი მოკლეს

როგორც „არმენპრესი“ იუწყება სომხეთ აზერბაიჯანის დაპირისპირების შედეგად ყარაბაღში აზერბაიჯანელებმა 9 წლის ბავშვი მოკლეს.
ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სააგენტოს „ლურერთან“ საუბრისას აღნიშნა.
„პაციენტს ორივე ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, სამწუხაროდ 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა“ , - აღნიშნა ექიმმა.
აზერბაიჯანული მხარის სამიზნე იყო სამოქალაქო მანქანა მარტაკერში, რომელშიც დედა, შვილი და ოჯახის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. - წერს გამოცემა.

29.09.20 09:40 ინტენსიური ბრძოლა ყარაბაღში - რა ხდებოდა ღამით? (ვიდეო)

როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მედია იუწყება რომ ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე მხარეს აქვს მსხვერპლი და დანაკარგები.
აზერბაიჯანული მედია
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ სცადეს კონტრშეტევა ფუზული-ჯაბრაილისა და აღდერე-ტერტერის მიმართულებით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად.
ღამის ბრძოლების დროს, საჰაერო ძალების საავიაციო აქტივებმა და ჩვენმა ჯარებმა განადგურეს მტრის ჯავშანმანქანების და სხვა საბრძოლო მანქანების დიდი რაოდენობა, რომლებიც მადაგიზიდან აღდერეს მიმართულებით მოძრაობდნენ.
ერთი ტანკი, ერთი მანქანა და მტრის ათამდე სამხედრო მოსამსახურე განეიტრალდა, რომლებიც დილით ფრონტის ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებით ცდილობდნენ წინა პლანზე გადასვლას.
ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. მტერი იძულებული გახდა უკან დაეხია, რადგან მძიმე დანაკარგები განიცადა.

სომხური მედია
აზერბაიჯანის საჰაერო ძალებს მსხვერპლი აქვთ არცახის (ყარაბაღის) წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს. სომხურმა მხარემ შეუტია და გაანეიტრალა 4 მტრის ვერტმფრენი, 1 თვითმფრინავი და 49 უპილოტო თვითმფრინავი.
სომხურ მხარეს 84 მსხვერპლი ჰყავს, დაახლოებით 120 დაჭრილია სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებით. მტერმა დაბომბა სკოლები, მათ შორის სტეპანაკერტში.

29.09.20 00:40 ნიკოლ ფაშინიანმა ანგელა მერკელთან არაღიარებული ყარაბაღის თემაზე ისაუბრა

სომხეთის პრემირ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
გამოცემის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერს სთხოვა შეცვალოს თურქეთის მკაცრი პოზიცია, რათა რეგიონალურ მოვლენებში მისი მონაწილეობა გამოირიცხოს.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო. მან აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესის განახლების მნიშვნელობას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში.

28.09.20 23:55 სიცოცხლე სიკვდილის ზღვარზე - ყარაბაღში დაჭრილ ორსულს შვილი ეყოლა

ორსულ ქალს, ანა გალუსტიანს, რომელიც სამხედრო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანისა და სომხეთის ფრონტის ხაზზე დაიჭრა, შვილი შეეძინა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იტყობინება.
ანა გალუსტიანი ამბობს, რომ გზაში, მანქანაში დაშავდა. აღნიშნავს, რომ ბედნიერია, რადგან ის დაიჭრა, მისი შვილები კი უვნებელი დარჩნენ.
„მანქანაში ბავშვები იყვნენ, მოულოდნელად რაღაც აფეთქდა, მანქანა გზიდან გადავიდა. მადლობა ღმერთს, მხოლოდ მე დავშავდი, ბავშვებს არაფერი მოუვიდათ, მე მათ წინ ვიჯექი. მანქანის წაქცევის შემდეგ ხელი მაყვლის ბუჩქებსა და მანქანას შორის მომყვა. მეტი არაფერი მახსოვს“, - ამბობს ანა.

28.09.20 23:15 სომხეთში 18-დან 55 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ

სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა დააწესა შეზღუდვები, 18-დან 55 წლამდე კაცების ქვეყნიდან გასვლის შესახებ.
ამ ასაკის მამაკაცებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა მხოლოდ ტერიტორიული სამხედრო კომისარიატის წერილობითი ნებართვით.
სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში ყველა მამაკაცს, რომელიც ჯარი გავლილი აქვს, ვალდებულნი არიან სამხედრო კომისრატიაში დაფიქსირდნენ.

28.09.20 23:06 აზერბაიჯანული მედია: მოკლულია სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი

არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
გამოცემის თანახმად, ფრონტის ხაზზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-მაიორი არაკელ მარტიკიანი.

28.09.20 22:31 სომხური მხარე: მოკლულია 370 აზერბაიჯანელი სამხედრო

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაქსის ხეობაში ახალი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ „არმენპრესი“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე არტრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით იუწყება.
„სომხეთის ჯარი წარმატებით ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის შეტევას და მტრის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 სხვა ჯავშანტექნიკა. მოკლულია 370-ზე მეტი სამხედრო. მათ დიდი რაოდენობით დაჭრილები ჰყავთ“, - აღნიშნავს არტრუნ ჰოვანისიანი.
მისი თქმით, დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედროების 35% მძიმე მდგომარეობაშია.

28.09.20 18:53 სომხეთის მხარდასაჭერად ჯავახეთში მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყეს

ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სომხეთის მხარდასაჭერად, ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო.
ისინი, ვინც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, სომხეთის გვერდში დგომას აპირებენ, მოხალისეთა სიაში ეწერებიან.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ნინოწმინდის ცენტრში შეიკრიბნენ და სომხეთის დახმარების გზები განიხილეს.
ახალგაზრდების თქმით, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ სომეხ ხალხს, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად.

28.09.20 18:18 ბაქოში და აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს

ბაქოში და აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს. 28 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.
გამოცემა Report-ის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოქალაქეები გადაადგილებას მხოლოდ სპეციალური საშვებით შეძლებენ.

28.09.20 17:58 ერდოღანი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეიძლება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება.
„სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება უკანონო და უსამართლო იქნება“ - განაცხადა ერდოღანმა სტამბულში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

28.09.20 16:46 სომხური მხარის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 58 ადამიანი დაეღუპათ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღი დღევანდელი შეიარაღებული მოქმედებების დროს 27 სომეხი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.
სომხური „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში სომხური მხრიდან 58 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი, აქედან 80 სამკურნალოდ ერევანშია გადაყვანილი.

28.09.20 16:34 აზერბაიჯანული მხარე - საარტილერიო ცეცხლის შედეგად სომხურ ჯარს უკან დავახევინეთ (ვიდეო)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აგდარას მახლობლად სომხურმა არტილერიამ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხურმა შენაერთებმა უკან დაიხიეს.

28.09.20 16:18 ვაგიფ დარგალი: სომხებს გვამები სატვირთო მანქანებით გააქვთ

სომხეთის არმიას საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„სომხეთის არმია კვებისა და წამლის დეფიციტის წინაშე დგას”, - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგალმა.
გამოცემის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების სიმცირის გამო, დაჭრილები სომხებს კერძო და სატვირთო მანქანებით გადაჰყავთ.
„დაჭრილითა და გვამების ევაკუაციისთვის სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი ტრანსპორტირება კერძო და სატვირთო მანქანებით ხორციელდება.

28.09.20 15:48 დიმიტრი მედვედევი: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება არ შეიძლება ძალის გამოყენებით

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური, დიპლომატიური და არა იძულებითი გზით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. აგრეთვე ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა დამშვიდდნენ და შეაჩერონ ესკალაცია. ინფორმაციას Armenpress.am ავრცელებს.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ახალმა ფაზამ კვლავ გამოიწვია სისხლისღვრა და ადამიანების სიკვდილი. კონფლიქტის მოგვარება არ შეიძლება ძალის გამოყენებით. ის უნდა განხორციელდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით”, - აღნიშნავს მედვედევი.

28.09.20 15:24 „საქართველო მზად არის, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს“ - სესიაშვილი აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირებაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.
ამ ეტაპზე კი, მისი თქმით, საქართველოს ნეიტრალური პოზიცია აქვს.
„საქართველოს ნეიტრალური პოზიცია აქვს, ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს, იმიტომ, რომ თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. მაგრამ, თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს, ჩვენ ამის სრული მზაობა გვაქვს, ეს ჩვენი ინტერესიცაა, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს.“- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.


28.09.20 15:17 სომეხი მოხალისეების ემოციური გაცილება ომში (ფოტოგალერეა)

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოცხადდა.
somekhi-mokhaliseebis-gatsileba_o_h.jpeg
ფოტოების ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.
18 წელზე მეტი ასაკის კაცები ჯარში უნდა გამოცხადდნენ და ომისთვის მოემზადონ. ამავდროულად საკმაოდ დიდი რაოდენობაა მოხალისეობის მსურველი, რომელმაც ყარაბაღში საბრძოლველად წასვლა გადაწყვიტა.
საკმაოდ ემოციური ფოტორეპორტაჟი გააკეთა armenpress.am-მა, თუ როგორ აცილებენ ახლობლები ომში კაცებს.

28.09.20 15:07 „საქართველოსთვის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები იქნება“ - ზაქარეიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე

კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება საქართველოს საფრთხეს ვერ შეუქმნის, თუმცა იქნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები.
„პროცესში დიდი სახელმწიფოებია ჩართული. აზერბაიჯანის უკან თურქეთია, რუსეთი სომხეთის უკან. რუსეთს, როგორც მინსკის თანათავმჯდომარეს, ვალდებულება აქვს, იყოს ნეიტრალური. რუსეთი იძულებულია, პოზიციები დაუთმოს თურქეთს.
თურქეთი მყარად უტევს რუსეთს კავკასიაში და მე ეს მომწონს. რუსეთის ინტერესებს ავიწროვებს, სამწუხაროდ ეს სისხლით და იარაღით კეთდება, მაგრამ ფაქტია, თურქეთი საკმაოდ სერიოზულად ამყარებს პოზიციებს კავკასიაში და ეს კარგია.“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი

28.09.20 14:36 10 000 სომეხი რუსეთიდან ყარაბაღში საბრძოლველად მზად არის

რუსეთში მცხოვრები 10 ათასი სომეხი ყარაბაღში საბრძოლველად წასასვლელად მზად არის. ამის შესახებ რუსულ მედიას სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ არა აბრამიანმა განუცხადა.
„ახლა უნდა მოვითხოვოთ სამხედრო ტრანსპორტი, რომ ყარაბაღში გავემგზავროთ. ჩვენს გარდა იქ წასასვლელად 1000-მდე რუსმა მზადყოფნა გამოთქვა" - ამბობს აბრამიანი
აბრამიანმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციაში აზერბაიჯანი და თურქეთი დაადანაშაულა.

28.09.20 14:17 სააკაშვილი: მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა

„აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას არაფერი შეცვლის.
„არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა ამავე დროს ყველას ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ!“,- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

28.09.20 13:55 აზერბაიჯანული მხარე: სომხური ჯარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი მოსწავლე დაიღუპა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ქალაქ ნაფტალანში მთელი ოჯახი დაიღუპა. აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ცნობით, ორი დაღუპული სკოლის მოსწავლე იყო

28.09.20 13:45 ზოჰრაბ მნაცაკანიანი: სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია

სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა france 24-ს. ინფორმაციას armenpress.am ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მნაცაკანიანი აცხადებს, რომ სომხეთი მინსკის ჯგუფის მეშვეობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, რომელიც მისაღები იქნება სომხეთის მოსახლეობისთვის, მთიანი ყარაბახის და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, ახლა აზერბაიჯანის მაქსიმალისტურ პოზიციასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის და მთავრობის ინტერესებს, ასევე სომხეთის მოსახლეობის ინტერესებს.
ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა ეს მასშტაბური ესკალაცია, ახალ სიტუაციას ქმნის, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ“- აღნიშნა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

28.09.20 13:36 აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში: სომხეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს

არაღიარებული მთიანი ყარაბახის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული კონტშეტევითი ხასიათის ოპერაციები განმარტეს.
როგორც საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა განაცხადა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 27 სექტემბერს დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიწვა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები.
„სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ“, - აღნიშნა ელდარ ბაირამოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი სომხეთის საპასუხოდ წარმატებულ ოპერაციებს ახორციელებს.
„სომხეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ ახალ პროვოკაციას მიმართა, რომლის საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული ოპერაციები ჩაატარა და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ჩვენი არმია აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს მტერს. პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებასა და შედეგებზე სომხეთის მთავრობას ეკისრება“, - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

28.09.20 13:15 ბაიდენი - რუსეთმა სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდება უნდა შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯო ბაიდენმა რუსეთს სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ბაიდენმა მთიან ყარაბაღში მდგომარეობის გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.
„მთიან ყარაბაღში ძალადობის ესკალაცია, შესაძლოა, უფრო მასშტაბურ რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ მესამე მხარეები კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ და კონფლიქტის მხარეები დილოგის მაგიდასთან დააბრუნონ“ - განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დაპირისპირებულ მხარეებს შორის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა. მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კონფლიქტის მხარეებს შეტევითი ხასიათის იარაღს არც ერთ შემთხვევაში არ მიაწვდის.

28.09.20 12:44 ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 დაიჭრა სომხეთის მხრიდან გუშინდელი დღის შემდეგ განხორციელებული პროვოკაციების შედეგად“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. ამის შესახებ გამოცემა Report იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აინარ აივაზოვმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის ჯარი კონტრშეტევას განაგრძობს და მან სომხური მხარის 24 ერთეული ჯავშანტექნიკა, 18 საზენიტო დანადგარი და 8 ქვემეხი გაანადგურა, დაჭრილია 550-მდე ადამიანი".

28.09.20 12:39 სომხეთის თავდაცვის მინისტრი: აზერბაიჯანის მხრიდან იბომბება ქალაქი მარტაკერტი

აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, დაბომბვის საფრთხის წინაშე აგრეთვე იმყოფება მარტაკერტის ქალაქი. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა არცრუნ ჰოვანისიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ ცოტა ხნის წინ ვნახე გამოსახულებები, სადაც ნაჩვენებია აზერბაიჯანული მხარე როგორ უტევს საარტილერიო დარტყმებით მარტაკერტის ქალაქს. ”- აღნიშნა მან.

28.09.20 12:26 აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან დაქირავებული „ბოევიკების“ გამოყენებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან ჩასული დაქირავებული „ბოევიკების“ გამოყენებაში ადანაშაულებს. გამოცემა Report-ს ცნობით. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დარახლიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა დაზვერვამ მოიპოვა.
„მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა, მათ შორის დაღუპულები არიან სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასული „ბოევიკები“. ერევანი ამას მალავს“ - განაცხადა პოლკოვნიკმა დარახლიმ.
მანამდე სომხეთის დეპუტატმა ვააგნ ტევოსიანი განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯიჰადისტი ტერორისტები იბრძვიან.

28.09.20 12:20 საომარი მდგომარეობის გამო ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი დრობით დაიხურა

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაკეტილია. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.
გამოცემის, ცნობით, შეჩერებულია ყველა დაგეგმილი ფრენა.
ამავდროულად დღის განმავლობაში შეიზღუდა მატარებლებისა და საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება.

28.09.20 12:05 არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო - „200-ზე მეტი დაჭრილი გვყავს“

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი. მათი ნაწილი ერევნის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული მხარე დღესაც ცეცხლს ესვრის მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებს, რა დროსაც სხვადასხვა კალიბრის იარაღს, მათ შორის მსხვილკალიბრიან ქვემეხებს იყენებს.

28.09.20 11:48 ემანუელ მაკრონსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტმა მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.
სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, განცხადებამ ”მთიანი ყარაბაღი სომხეთია” სერიოზული დარტყმა მიაყენა მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ განზრახ დაარღვია მოლაპარაკლებების პროცესები.
შეგახსენებთ გუშინ ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც დაურეკა.

28.09.20 11:38 აზერბაიჯანული მხარე - სომეხი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ბომბავენ

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომეხი სამხედროები მშვიდობიან აზერბაიჯანულ მოსახლეობას კვლავ ბომბავენ. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ტერტერის რაიონში 26 მშვიდობიანი ადამიანი დაიჭრა. „სომხური მხრიდან გახსნილია საარტილერიო ცეცხლი საავადმყოფოების, სკოლების, ბაღების, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით" - წერია განცხადებაში.
აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, პირები, რომლების ჟენევის კონვენციას არღვევენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, ამ დანაშაულისთვის პასუხს აგებენ.

28.09.20 11:14 სომეხი დეპუტატი - აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში ჯიჰადისტ ტერორისტებს იყენებენ

სომხეთის პარლამენტის წევრი ვააგნ ტევოსიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღში ტერორისტ-ჯიჰადისტებს იყენებს. ამის შესახებ გამოცემა verelq.am იუწყება.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ ყარაბაღში სირიელი „ბოევიკები“ იბრძოდნენ, რაზეც დაახლოებით ერთი წლის წინ რუსული მედია წერდა.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები მთიანი ყარაბაღის დაკავებულ რაიონებში შარიათის კანონების დამკვიდრებას ცდილობენ, ისინი ქალებს ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე გასვლას უკრძალავენ.
ტევოსიანი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მოსახლეობას და მაღაზიებს ძარცვავს.

28.09.20 11:09 ილჰამ ალიევმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ.
ანგარიშში წერია:
”1. გამოაცხადოს ნაწილობრივი მობილიზაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს მობილიზაციისთვის სამხედრო პირთა გაწვევას და დამტკიცებული გეგმების შესაბამისად სამხედრო-სატრანსპორტო მოვალეობებით გამოწვეული ზომების განხორციელებას.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ამ ბრძანებით გათვალისწინებული კითხვების გადასაჭრელად.
4. ეს ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. "
გუშინ, 27 სექტემბერს აზერბაიჯანში აცხადებდნენ რომ სამხედრო მობილიზაცია არ იყო საჭირო.

28.09.20 10:35 მეჯლისის დეპუტატი: აზერბაიჯანის სახელმწიფომ დაამტკიცა, რამდენად ჰუმანურია

”დღეს, აზერბაიჯანის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად ჰუმანური და ცივილიზებულია. შეიარაღებულ ძალებს თხოვენ დანებებას, ხოლო სარდლობამ, რომელსაც არ სურს მსხვერპლის გაზრდა ომის დროს, კიდევ ერთხელ აჩვენა ადამიანური გრძნობების ნათელი მაგალითი”, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი დეპუტატი მუშფიგ ჯაფაროვი აცხადებს. ინფორმაციას report.az ავრცელებს.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნულ კონფლიქტზე კარგი ანალიზი უნდა გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.
„როგორ შეაფასებს სომხეთი, რომელიც აზერბაიჯანს ყოველი პროვოკაციის შემდეგ ადანაშაულებს? ნება მისცეს მსოფლიოს, კიდევ ერთხელ დაინახოს, როგორია სამოქალაქო საზოგადოება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ კონფლიქტს, კარგი ანალიზი გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს”, - დასძინა მან.

28.09.20 09:48 სომხური მხარე: თავდაცვის არმიამ აღადგინა მანამდე დაკარგული პოზიციები

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფრონტის ხაზის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
”თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ განიცადა სამუშაო ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები. თავდაცვის არმიამ აღადგინა მანამდე დაკარგული პოზიციები ”, - ნათქვამია განცხადებაში.

28.09.20 09:30 დონალდ ტრამპი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება

დონალდ ტრამპი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და არსებულ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ჩვენ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება ძალიან კარგად ვიცი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ამ რეგიონთან და ვნახოთ შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

28.09.20 09:24 სომხური მხარე: დაგვეღუპა 31 ადამიანი, აზერბაიჯანი გვიტევს მძიმე არტილერიით

სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა შუშან სტეფანიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა და ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.
”ღამის განმავლობაში ბრძოლები განსხვავებული ინტენსივობით გაგრძელდა. დილით ადრე, მტერმა განაახლა შეტევითი მოქმედებები, გამოიყენა საარტილერიო, ჯავშანტექნიკა, მათ შორის "TOS" მძიმე საარტილერიო სისტემა.
27 სექტემბერს, გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო აქტიური დაბომბვები არზრბასთან კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ასევე იბომბება მშვიდობიანი დასახლებები, დედაქალაქ სტეფანაკერტის ჩათვლით. აზერბაიჯანის თავდასხმის პირველი მსხვერპლი მარტუნის მხარეში ქალი და ბავშვი იყო. სომხურ მხარეს 31 მსხვერპლი ჰყავს, 100-ზე მეტი დაჭრილი სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებით. მტერმა დაბომბა სკოლები, მათ შორის სტეფანაკერტში.
აზერბაიჯანის მიერ არცახის (მთიანი ყარაბაღი) მიმართულებით გაჩაღებული მოქმედებების შედეგად, გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანულ მხარეს 200-მდე მსხვერპლი აქვს. აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს სულ 4 ვერტმფრენი, 27 უპილოტო თვითმფრინავი, 36 ტანკი, უკანა საბრძოლო მანქანა, ასევე 2 საინჟინრო ჯავშანტექნიკა და 11 ჯავშანმანქანა." - წერს შუშან სტეფანიანი

00:30 აზერბაიჯანის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები (ვიდეო 18+)

სომხეთის ერთობლივმა ინფორმაციულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები.
როგორც სომხური გამოცემა წერს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს: სულ 4 ვერტმფრენი, 36 ტანკი, 27 უპილოტო თვითმფრინავი, უკანა მხარეს მებრძოლი მანქანა, ასევე 2 საინჟინრო ჯავშანტექნიკა და 11 ჯავშანმანქანა.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ყურადღება! ვიდეო არ არის განკუთვნილი არასრულწლოვნებისთვის.

00:00 აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს დაუყოვნებლად შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლად შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარეებს მოუწოდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

23:35 მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი: პოზიციები დავკარგეთ

„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოზიციები დაკარგეს. არუთინიანი აცხადებს, რომ არიან დაღუპულებიც.
„ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანი არ იბრძვის, მის წინააღმდეგ თურქეთი იბრძვის. ჩვენ პოზიციები დავკარგეთ, მაგრამ დავიბრუნებთ. მინდა განვაცხადო, რომ ომის შედეგები პროგნოზირებადია ჩვენთვის“, - აღნიშნა არუთუნიანიმა.

22:31 პატრიარქი: აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
პატრიარქი აღნიშნავს, რომ საკითხი განსაკუთრებულად მტკივნეულია საქართველოსთვის, რადგან ორივე ქვეყანა მეზობელი და მეგობარია.
„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.
ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვეს ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

22:12 სომხეთის თავდაცვის უწყება: აზერბაიჯანმა თითქმის 200 ადამიანი დაკარგა

„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არზრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
„გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, მოწინააღმდეგემ სერიოზული დანაკარგები განიცადა, თითქმის 200 ადამიანი დაკარგა, თითქმის 3 ათეული ჯავშანმანქანა, თითქმის 2 ათეული უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სამხედრო ტექნიკა ”, - აცხადებს ჰოვანისიანი.

21:54 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე დაპირისპირების დროს თურქეთის შესაძლო ინტერვენციაზეც გაამახვილა ყურადღება.
პრეზიდენტმა მაკრონმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა, რომ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია.
მან საჭიროდ ჩათვალა ყველა ზომების მიღება საომარი მოქმედებების შეჩერების და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

20:55 პუტინსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების მკვეთრი გამწვავება. რუსულმა მხარემ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკებების განახლების გამო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა პუტინმა საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.
„აუცილებელია სამხედრო ოპერაციების შეჩერება”, - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19:45 - აზერბაიჯანმა სომხეთ-ყარაბახის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი დაამყარა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გორანბოის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის შედეგად სომხეთ-ყარაბახის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამან აზერბაიჯანელ სამხედროებს საშუალება მისცა კონტროლი გაუწიონ ვარდენისი-აგდარის გზაზე, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ხელს შეუშლის სომხეთიდან დამატებითი სამხედრო ტვირთის გადაზიდვას ყარაბაღში, ქელბაჯარისა და აღდარის რეგიონების მიმართულებით. „საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება”, - ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.

19:22 - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის პარალელურად კიბერ ომიც მიმდინარეობს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმდინარეობს.
აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა შეტევა განახორციელეს სომხურ ვებ-გვერდებზე, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის სქრინი მასალას თან ახლავს.
თუმცა ამ მხვრივ არც სომეხი ჰაკერები ჩამორჩებიან, მათ რამდენიმე წამყვანი აზერბაიჯანული მედიასაშუალების საიტი გათიშეს და საკმაოდ აქტიურად უტევდნენ აზერბაიჯანულ სერვერებს.


19:12 - Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ სომხურ ფაშიზმს და აგრესია

თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კუტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობის ცენტრი, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას. ინფორმაციას გამოცემა report.az ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრმა სოციალურ ქსელში სომეხი წარმოშობის ფაშისტი გარეგინ ნჯდენის ფოტო გამოაქვეყნა.
გამოცემა წერს, რომ ფოტოს დაემატა „ფაშისტი ჯალათის სიტყვები თუ ერი გადაიქცევა ჯარად, შეუძლებელია მისი მუხლებზე დაყენება“.

somkhebi_o_h.jpeg
გვერდზე ასევე მოცემულია სომხურ ენაზე სომხური არმიის მხარდაჭერის რამდენიმე ლოზუნგი.
„მრავალი წლის განმავლობაში აიარტუნი იყო აგრესორი სახელმწიფოს პროპაგანდისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც ხელს უწყობდა სომხეთის აგრესიის პოლიტიკას. შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა საქართველოში, მაგალითად აზერბაიჯანმა, რომლებიც განიცდიან ოკუპაციას, უნდა უპასუხონ ამ ე.წ. კულტურული ცენტრის უკანონო საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფაშიზმის პროპაგანდა კანონით აკრძალულია. “ - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

18:57 - ნიკოლ ფაშინიანი: მზად ვარ მოვკვდე სამშობლოს სახელით, სომეხი ხალხი სამუდამოდ უნდა არსებობდე

„დღეს მე აქ არ მოვედი იმის სათქმელად, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რისთვის არიან მზად ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გენერლები. დღეს აქ მოვედი იმის სათქმელად, რისთვისაც მზად ვარ. მე მზად ვარ მოვკვდე ჩვენი სამშობლოს სახელით ”, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 27 სექტემბერს, ყარაბაღში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით მოწვეულ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.
„სომეხი ხალხი არ მუხლმოდრეკილა და არც დაიჩოქებს. სომეხი ხალხი უნდა დადგეს ამ მიწაზე სწორი ზურგით და სუფთა გონებით.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ და როდესაც ამ სიტყვებს მივესალმებით, ერთ რამეს ვამბობთ: მოხუცები და ახალგაზრდები, ქალები და კაცები, ჩინოვნიკები და უმუშევრები, დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი გზავნილი გვაქვს ერთმანეთისა და მსოფლიოსთვის - შეხედეთ ერთმანეთს თვალებში და თქვით, რომ ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ ჩვენი სამშობლოს სახელით.
ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს სამშობლოს არცერთ მილიმეტრს. ჩვენ უნდა მოვიგოთ, რადგან დამარცხების საშუალება არ გვაქვს. სომეხი ხალხი სამუდამოდ უნდა არსებობდეს “, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

18:42 - ბოლო ინფორმაციით სომხურ მხარეს 16 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაჭრილი ჰყავს

ბოლო ინფორმაციით სომხურ მხარეს 16 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაჭრილი ჰყავს. ინფორმაციას armenpress.am ავრცელებს.

18:28 - აზერბაიჯანის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

აზერბაიჯანის მეჯლისმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა რეპორტი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ წუთებში აზერბაიჯანის პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს.
მოხსენების თანახმად, შეხვედრაზე განხილულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე, 29-ე და 111-ე მუხლების შესაბამისად.
კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად როდესაც უცხო სახელმწიფო ან სახელმწიფოები აცხადებენ ომს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქვეყანა საომარ მდგომარეობას აცხადებს.

18:09 - ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები
„ნატო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ფართომასშტაბიანი სამხედრო საომარი მოქმედებების შესახებ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, რამაც უკვე მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობაში
მხარეები უნდა განაახლოს მოლაპარაკებები მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

17:58 - აზერბაიჯანელებმა სომეხ ჯარისკაცებს აღდარას დასახლებაში დანებება შესთავაზეს

აზერბაიჯანის სამხედრო სარდლობამ სომხეთის სარდლობას შესთავაზა, წინააღმდეგობა არ გაუწიოს აღდარას დასახლებაში. რომ არ მოხდეს გარნიზონის განადგურება და ამ მიმართულებით სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მსხვერპლი არ გაიზარდოს. - ინფორმაციას report.az ავრცელებს
„აზერბაიჯანულმა მხარემ მათ შესთავაზა იარაღი დაეყარათ და დანებებულიყვნენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო მძევლების მოპყრობა განხორციელდება ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, ყველა შეიარაღებული პირი განეიტრალდება“ - წერს აზერბაიჯანული გამოცემა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

17:40 - ეუთო-ს მისია სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

„მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ესკალაციას და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, რითიც მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს.
„თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო მოქმედებებით შეშფოთებულნი არიან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვრცლად იხილეთ ბმულზე.

17:16 - ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ტვიტერზე გამოეხმაურა.
ერდოღანმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას.
„სომხეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტევა, მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად დგას თავისი შესაძლებლობებით“, - წერს ერდოღანი.

17:04 - ალიევი: დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა

„დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა! იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხალხს სურს თავის მიწაზე ცხოვრება“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანის არმია წარმატებულ კონტრშეტევით ოპერაციას ახორციელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წარმატებული კონტრშეტევა შეაჩერებს ოკუპაციას! დასრულდება ეს უსამართლობა! დასრულდება ოკუპაცია, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა! იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხალხს სურს თავის მიწაზე ცხოვრება.
გადახედეთ ჩვენი მეჩეთების მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სასაფლაოების მდგომარეობა.
სომეხმა ჯალათებმა ჩაიდინეს ეს ყველაფერი და ჩვენც მართლები ვართ. ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა სამართლიანობისთვის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დღეს სრულად უჭერენ მხარს სახელმწიფოს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას.
აზერბაიჯანის მოქალაქე აზერბაიჯანის არმიასთან არის და მე მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში ვერ დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეებში და ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს სამშობლოში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ალიევმა.

16:54 - ფაშინიანი: აზერბაიჯანის დიქტატორმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შეუძლებელია სომეხი ხალხის მუხლებზე დაყენება

„ეს არის სომეხი ხალხისთვის გამოცხადებული ომი“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიევის დიქტატორულმა რეჟიმმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები.
„ეს არის ომი ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ღირსების წინააღმდეგ. სომეხი ხალხი მზად არის ამ ომისთვის.
„აზერბაიჯანის დიქტატურა გახდა ანტისომხური პოლიტიკის მძევალი, დღეს იგი ცდილობს გაამართლოს საკუთარი პროპაგანდისტული დაპირებები ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების შესახებ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ვრცლად იხილეთ ბმულზე.

16:52 - ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის აგრესიული საქციელი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომეხ ხალხს მიმართა. მიმართვაში ფაშინიანმა ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის როლზე ისაუბრა.
„თურქეთის აგრესიული საქციელი, რომელიც ძალზე საშიში იყო ივლისის მოვლენების დროს და დღესაც გრძელდება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თურქეთის მხრიდან ასეთი სახიფათო პოზიციის შენარჩუნება სამხრეთ კავკასიისა და მეზობელი რეგიონებისთვის ყველაზე დამანგრეველი შედეგებით არის სავსე.
საერთაშორისო საზოგადოებამ მოვლენების საშიში განვითარების თავიდან ასაცილებლად, თავი უნდა შეაკავებინონ რეგიონის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობისგან”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

16:32 - ჰენრიხ მხითარიანმა აზერბაიჯანის ქმედებები დაგმო

სომხეთის ნაკრებისა და "რომას" ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაგმო აზერბაიჯანის ქმედებები და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს საომარი მოქმედებების შეწყვეტას.
„ამ დილით გავიგე ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ. მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ რეგიონში, რათა საბრძოლო მოქმედებები დასრულდეს.
ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჩვენს სამშობლოში. ჩვენს შვილებს უფლება აქვთ იცხოვრონ მშვიდად და არა თავშესაფრებში. მე ვდგავარ ჩემი ერის გვერდით“, - აცხადებს მხითარიანი.

16:03 - რომის პაპი: კავკასიაში მშვიდობისთვის ვლოცულობ

„კავკასიაში, მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციები ვრცელდება“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პაპმა თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ლოცულობს. მანდ კონფლიქტის მხარეებს მიმართა და მოუწოდა, რომ მშვიდობისთვის კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
„არაძალისმიერი ნაბიჯები გადადგით მშვიდობისთვის და ძმობისთვის. ერთად ვილოცოთ კავკასიაში მშვიდობისთვის“, - განაცხადა პაპმა.

15:52 - სტეფანიანი: აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 7 დასახლების დაკავება პროვოკაციული ინფორმაციაა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ 7 სოფლის დაკავების შესახებ.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია შვიდი დასახლების დაკავების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს შეტყობინება არის პროვოკაციული ინფორმაცია”, - განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა.

15:31 - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: 7 სოფელი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად ოკუპაციისგან 7 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კერძოდ, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბოლოს გაათავისუფლეს ფიზულინის რაიონის სოფელი იუხარი აბდულრახმანლი.

15:17 - ალიევი კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა

27 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. - ინფორმაციას azertag.az ავრცელებს.
„თურქეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს და ხალხს სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც ყოველთვის, თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას. ალიევმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს, მუდმივი მხარდაჭერისთვის.
ასევე ილჰამ ალიევმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე. " - წერს აზერბაიჯანული ვებ-გვ
ერდი.

14:43 - ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკების დაწყებისკენ უბიძგებს

„ლავროვი ინტენსიურ დიალოგებს მართავს, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლი შეწყვიტონ და მოლაპარაკება დაიწყონ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების ფონზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლი შეაჩერონ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
აგრეთვე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი უკვე ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე.
რუსეთის დიპლომატიური სამსახურის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ ლავროვმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.
ლავროვმა, აგრეთვე, მოლაპარაკება გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. „მათ სომხეთის აგრესია განიხილეს“, - აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

13:57 - ფაშინიანი: აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი მშვიდობიან მოსახლეობას დაესხა თავს.
„აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, მათ შორის თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას. სომხურმა მხარემ ჩამოაგდო 2 ვერტმფრენი და 3 უპილოტო თვითმფრინავი, გაანადგურა 3 ტანკი. ჩვენი ჯარის გვერდით ვრჩებით, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო აზერბაიჯანის შემოჭრისგან“, - წერს ტვიტერზე ფაშინიანი.

13:39 ყარაბაღელი სეპარატისტები: 10 სომეხი სამხედრო დაიღუპა

„ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ათი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ამის შესახებ ყარაბაღელი სეპარატისტების „უსაფრთხოების საბჭოს“ მდივანმა სამველ ბაბაიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბაბაიანის განცხადებით, დღის ბოლოს შემაჯამებელი მონაცემები გასაჯაროვდება.

13:07 - სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა.
გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ფაშინიანმა შეიარაღებულ ძალებს მიმართა.
„ძვირფასო თანამემამულენო:
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში შევა ბრძანების გამოქვეყნებისთანავე.
მოვუწოდებ სამხედროებს, გამოცხადდნენ კომისარიატებში.
სამშობლოსთვის, გამარჯვებისთვის“, - წერს ფაშინიანი.

13:05 - თურქეთის ხელისუფლება მკაცრად გმობს სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე - თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების უკიდურესად დაძაბვას ტვიტერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლება მკაცრად გმობს სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე.
„სომხეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გვიჩვენა, რომ მას მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესი არ გააჩნია. თურქეთი სრულად სოლიდარულია აზერბაიჯანის და უპირობოდ უჭერს მხარს მის უფლებას თავდაცვაზე“, - აღნიშნავს იბრაჰიმ კალინი.

12:40 - ფაშინიანი: სამშობლოს დასაცავად მზად იყავით

„მზად იყავით სამშობლოს დასაცავად“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
ფაშინიანის ინფორმაციით, მალე გაიმართება სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა. ფაშინიანის განცხადებით, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარის ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხი განიხილება.

12:32 - ილჰამ ალიევი: უფალმა დაიფაროს ჩვენი მოწამეები! მათი სისხლი უპასუხოდ არ დარჩება!

ზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულ სიტუაციაზე ისაუბრა და სომხები ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.
„ამ დილით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს დასახლებებს, აგრეთვე ჩვენს სამხედრო პოზიციებს, სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიით.
მტრის სამხედრო იერიშის შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში და ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებში გვაქვს მსხვერპლი, ამავდროულად გვყავს დაჭრილებიც.
უფალმა დაიფაროს ჩვენი მოწამეები! მათი სისხლი უპასუხოდ არ დარჩება!
ამჟამად აზერბაიჯანის არმია ესვრის მტრის სამხედრო პოზიციებს და ამ დარტყმების შედეგად განადგურებულია მტრის მრავალი სამხედრო ტექნიკა. დღევანდელი დღე არის სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება." - აცხადებს ილჰამ ალიევი.

12:11 - რუსეთი ყარაბაღში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებ

„რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს არაღიარებულ მთიან ყარაბაღთან სიტუაციის ესკალაციის გამო და კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს“ - ამ სიტყვებით ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების განახლებას.
„არსებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ორივე მხრიდან კონტაქტის ხაზის გასწვრივ ინტენსიური დაბომბვები მიმდინარეობს. არსებობს დანაკარგები.” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში რეგიონში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არსებული უწყების ოფიციალურ სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს გავრცელდა.
„მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით",- აღნიშნულია განცხადებაში.

11:55 - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები განახლდა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბა. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა apa ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ხიკმეთ გაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებულ პუნქტებსა და არმიაზე მიიტანა იერიში.
გაჯიევის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად არიან გარდაცვლილებიც და დაჭრილებიც.
მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ფაშინიანის თქმით, მტერი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
ფაშინიანის ინფორმაციით, სომხური არმია წარმატებით უმკლავდება შეტევას.
„დავდგეთ ერთად ჩვენი სამშობლოს პოზიციების დასაცავად“, - აცხადებს ფაშინიანი.
ინფორმაციისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1 საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს განახლდა. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმცა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.

20:58 - მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეზიდენტმა მაკრონმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა, რომ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია.
მან საჭიროდ ჩათვალა ყველა ზომების მიღება საომარი მოქმედებების შეჩერების და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

22:30 - სომხური მხარე: მოკლულია 370 აზერბაიჯანელი სამხედრო

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაქსის ხეობაში ახალი შეტევა დაიწყეს.
ამის შესახებ „არმენპრესი“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე არტრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით იუწყება.
„სომხეთის ჯარი წარმატებით ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის შეტევას და მტრის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 სხვა ჯავშანტექნიკა. მოკლულია 370-ზე მეტი სამხედრო. მათ დიდი რაოდენობით დაჭრილები ჰყავთ“, - აღნიშნავს არტრუნ ჰოვანისიანი.

23:07 - აზერბაიჯანული მედია: მოკლულია სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი

არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
გამოცემის თანახმად, ფრონტის ხაზზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-მაიორი არაკელ მარტიკიანი.
„გარდა ამისა, სომხეთის არმიამ დაკარგა კიდევ ორი მაღალი რანგის ოფიცერი. ასე რომ, ჩვენმა ჯარებმა მოკლეს სპეციალური ბრიგადის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ვარდანიანი ლერნიკ არეგი (1978) და აღდარას მიმართულებით, სომხეთის არმიის პოლკოვნიკი ნიკოლაი მიქაელოვიჩ ჰაიკიანი (1972)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




განყოფილება: საზოგადოება / პოლიტიკა
გადასვლები: 198
FACEBOOK კომენტარები