ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აფხაზეთიდან ჩამოტანილი პოეზიისა და ხალხური სიმღერების სიყვარული სოფელ გვიმბალაურში

16-09-2020, 12:18

ლანჩხუთისკენ ამიღია გეზი,
ვტოვებ თბილისს, 
საახალწლოდ მორთულს,
მატარებელს შემოვკარი დეზი,
დღეს ვეწვევი ჩემს საყვარელ 
               მორდუს!
რევაზ ოკუჯავა
ქართული ფოლკლორისა და პოეზიის  სიყვარული,  ოკუჯავების ოჯახს აფხაზეთიდან ჩამოჰყვა და დევნილობაშიც გაგრძელდა. მისი რამდენიმე წევრი უკვე ოცი წელია ცხოვრობს ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში.ეს ოჯახი მთელს საქართველოში ცნობილია, როგორც ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე. მათმა ოჯახურმა ანსამბლმა კონცერტებით მოიარა მრავალი ქვეყანა.
დევნილობის წლებში რევაზ ოკუჯავა,  ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მუშაობდა ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. სამხატვრო სასწავლებელში ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას, არის უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი.
რევაზ ოკუჯავას თბილისში გამოცემული აქვს, ორი პოეტური კრებული. მისი ლექსები ხშირად იბეჭდება ჟურნალ გაზეთებში.
სოფელ გვიმბალაურის ცენტრში ქართული კრამიტით გადახურული, მწვანეში ჩაფლული ძველებური სახლი იმთავითვე იპყრობს ყურადღებას. როგორც მასპინძლის მონაყოლიდან ირკვევა, აფხაზეთიდან ჩამოტანილი სითბო, აქ, ამ კარმიდამოში გაგრძელდა. ებრლალიძეების სახლში მას შემდეგ დასახლდნენ, რაც ჩამოვიდნენ და თავდაპირველად თბილისსა და ბათუმში განაწილდნენ, შემდეგ აქ  ლანჩხუთში სოფელ გვიმბალაურში დამკვიდრდნენ. ოჯახის სხვა წევრები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, დედაქალაქსა და ქალაქ ბათუმში  ცხოვრობენ,  გურამ ოკუჯავა მეუღლესთან, ქალბატონ გულიზასთან ერთად, სოფელ გვიმბალაურის მაცხოვრებელია, ერთი წელია აქვე ცხოვრობს რევაზ ოკუჯავაც.
ხუთივე ძმა ხალხური სიმღერების სიყვარულს მამისგან ეზიარა, ხალხური სიმღერების ლოტბარის სერაფიონ ოკუჯავასა და მისი მომღერალი ოჯახის შესახებ მაშინდელი პრესა წერდა: ,,ამღერებული ოჯახი _ ასე შეიძლება ვუწოდოთ სერაფიონ ოკუჯავას ოჯახს. მამა და თავისი ხუთი შვილი ხმაშეწყობილად მღერიან ხალხურ ჰანგებს. იშვიათად შეხვდებით სხვაგან ისეთ ოჯახს, სადაც ყველანი გამსჭვალული არიან სიმღერის ტრფიალით. სერაფიონი პატარაობიდანვე ეზიარა ხალხური სიმღერების მომაჯადოებელ სურნელებას, მას აქვს  საკმაოდ ძლიერი ხმა, ამასთანავე შესანიშნავი სმენა. ის 1939 წელს მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში“...
1993 წლის სექტემრის მძიმე დღეების შემდეგ, როცა სოხუმი დაეცა, აფხაზეთიდან საქართველოში, ქალები და ბავშვები უკრაინული გემით გამოამგზავრეს, თავად კი დაადგნენ გოლგოთას გზას ჭუბერის უღელტეხილიდან, როგორც ჩვენი მასპინძელი, ერთ-ერთი ძმა გურამ ოკუჯავა იხსენებს, ეს იყო ის საშინელება, რაც აღარავინ არ უნდა ნახოს შემდგომში, ოთხი დღის შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში, თბილისსა და ბათუმში   განაწილდნენ. 
რევაზ ოკუჯავა 42 წლის იყო როცა სოხუმი დატოვა: ,,ამაზე უარესი არაფერი არ შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს. ეს არ არის მარტო ქართული მოვლენა, ამას სხვა ძალები უდგას გვერდით. 27 სექტემბერს, დილით წამოვედით. არის ასეთი სოფელი ,,მაჭარა“, ბიძაჩემი ცხოვრობდა იქ, წამოსვლის შემდეგ,  თავად შვიდჯერ გამოვიცვალე საცხოვრებელი ადგილი.“
გურამ ოკუჯავა: ,,რაც დავიბადეთ და სიმღერა მოვისმინეთ, მთელი ოჯახი იმის მერე ვმღერით ხალხურ სიმღერებს. 50 წლის ასაკში დავტოვე სოხუმი და წამოვედი“
ამ ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი ძმა, ვეზდენ ოკუჯავა საქართველოს სახალხო არტისტია.
ოკუჯავები იყვნენ  ცნობილი ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმეღების ანსამბლის ,,დიოსკურიას“ წევრები.
ოკუჯავების ოჯახს, ბევრი სახელგანთქმული მოღვაწე სწვევია სტუმრად, მათი სახლი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი,  დახვეწილი სალონური საღამოებითა და გულუხვი ქართული სტუმართმასპინძლობით.
გურამ ოკუჯავას მეუღლე,  ქალბატონი გულიზა იხსენებს, რომ თავდაპირველად ლანჩხუთში ჩამოვიდნენ დასთან სტუმრად  და  აქაურობა იმდენად ახლობელი აღმოჩნდა, დარჩნენ და დღემდე ცხოვრობენ ებრალიძეების სახლკარში, რომლებიც საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ და აქაურობას ზაფხულობით სტუმრობენ.
ამ ცნობილი ოჯახის სამი წევრი, უკვე  ლანჩხუთელია და სიყვარულით არის შესისხლხორცებული აქაურობასთან, მათი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის შესახებ გვინდა საკუთარი შთაბეჭდილებაც გაგიზიაროთ. თუკი სტუმარს ფეხი მიუცდა, უპურმარილოდ არ გამოუშვებენ, ხალხური სიმღერები და პოეზია ამ საოცარ გარემოში, უპირველეს ღირებულებას წარმოადგენს. 
როგორც რევაზ ოკუჯავამ გვითხრა, იგი ხშირად სტუმრობს ლანჩხუთის თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მწერალთა და შემოქმედთა მუზეუმს და კარგად იცნობს აქაურ შემოქმედებით საზოგადოებას, ხშირად სტუმრობენ მას ქართული ხალხური სიმღერებისა და პოეზიის მოყვარულები. სატრაბახოდ არ მინდა ვთქვა ,,ხასანბეგურას“ და სხვა ხალხურ სიმღერებს გურულებზე ნაკლებად არ ვასრულებთო.
მიმოვივლი ჩემს საყვარელ მთა-ბარს, 
სხვა წამალი რაღა უნდა 
               თვალებს?
აქ ტკივილი მიამდება მალე, 
მთის ჰაერით ვიტკბარუნებ 
                ფილტვებს
მემღერება ჰარი-ჰარ ალალე.
და უსაზღვრო სიხარული 
                 მიტევს.
რევაზ ოკუჯავა, ლექსიდან ,,მელოდება მორდუ“

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 43
FACEBOOK კომენტარები