ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ იზრდება გეომეტრიული პროგრესიით ხალხის სიღარიბე და შესაბამისად რატომ მძვინვარებს ბიუროკრატია?! ანუ რას ელოდება და რას ითვლის ,,აჯანყებული გურული,,

11-09-2020, 13:05

მარტივ მამრავლებად ანუ პარტიებად დაშლილი გათითოკაცებული ქვეყანა ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.
ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას ვის მისცემდით?! არც ერთს !! ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლება, ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი. რატომ არაა ესენი ხმის მიცემის ღირსი და იმიტომ. რომელია უკეთესი? შენ მითხარი და დაგიჯერებ კვლავ უკმაყოფილო ადამიანების ალყაში აღმოვჩნდი, ბრმათა შორის: ცალთვალი არს პირველი სარდალი, შემომაგება ხალხური სიბრძნე მორიგმა შემხვედრმა, მხოლოდ რომელი იქნება ის ცალთვალა სარდალი, მაინც ვერ დამიკონკრეტა.
,,ქართულ ოცნებას“ ახლა თავად ივანიშვილი აღარ მისცემს ხმას, ასე მგონია, იქნებ იმანაც შეიცვალა პარტია?! ისე არაფერი არ ხდება ხალხი რომ ვერ გაიგებს და არც ივანიშვილია უჭკუო კაცი, მარტო ერთ პარტიას ჩააფრინდეს, დეიმახსოვრე კარგად ჩემი ნათქვამი და ნახავ მართალი თუ არ გამოვიდეს, მითხრა საქმეში ჩახედულმა რესპოდენტმა, ისე გურულები მართლაც გამორჩეულები ვართ პოლიტიკური ალღოთი. 
დავიღალეთ ამდენი მოტყუებით, ოპოზიციაც ერთმანეთს ჭამს, გამოსავალი რაა, მივალ კი არჩევნებზე?! ვინც უნდათ ის აირჩიონ _ შემდეგი აზრი ასეთია.
მშვიდობა იყოს და კიდევ შეჩვეული ჭირი ჯობია, რა საჭიროა ამდენი იწილო-ბიწილო პარტიები? ასეთი აზრიც გამოითქვა ჩვენს გამოკითხვაში.
ის ადამიანები,  ვინც გულახდილად გვესაუბრებიან იმის გარანტიასაც ითხოვენ, რომ მათ სახელ-გვარებს არ გამოვაჭენებთ. ეს რასაც ნიშნავს გაუგებარი არავისთვისაა, დასაქმება საჯილდაო ქვად არის ქცეული და თუ მათი ახლობლები მუშაობენ, არ სურთ პრობლემები შეექმნათ. პირადად ჩემი, (ამ წერილის ავტორის) პოზიცია ისაა, რომ  მათი სიმშვიდე ერთი წერილის გამო არ უნდა დაირღვეს.
არჩევნების თემაზე გამოკითხული ადამიანების უმძიმეს პრობლემებს გვისახელებენ.
რაიონში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საერთო სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე სიტყვებით გამოიხატება. პანდემიის შემდეგ ლანჩხუთი უფრო შეივსო მოსახლეობით და შესაბამისად დამძიმდა აქაურების ეკონომიკური მდგომარეობა. თხილობის პერიოდი ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს. წელს თხილის არც ფასი ყოფილა მაღალი და არც თავად მოსავალი  გამოდგა უხვი.  დასაქმება,  როგორც ყოველთვის, მთავარი პრობლემაა, მით უმეტეს ახლა, როცა ვეღარსად მიდიან სამუშაოდ.
 ყველა რესპოდენტის პასუხი რომ შევაჯამოთ, მაინც ამ შედეგს მივიღებთ: მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურვილი არა აქვს ხმა მისცეს საქართველოში არსებულ რომელიმე კონკრეტულ პარტიას და კონკრეტულ პიროვნებას. რა არის ამის მიზეზი?!  მიზეზი არის ის, რომ 30 წლიან პერიოდში თაობები შემოაბერდა ქვეყანას, რომელიც ერთ ადგილს ტკეპნის, ორი საუკუნით დაგვშორდნენ ცივილიზებული ქვეყნები ეკონომიკურად. ვინა ვართ და რას წარმოვადგენთ?! საკუთარ ქვეყანას ვძარცვავთ ასე გამოდის?  სახელმწიფოს ეკონომიკა ისეა მოწყობილი გამოსავალი ქვეყნის გადარჩენისა არ ჩანს, საქმეში ჩახედული და ეკონომიკის მცოდნე ადამიანები გვეუბნებიან, რომ გამოსავალი თავისუფალი ეკონომიკა და პატიოსანი შრომაა. მარტივ მამრავლებად ანუ პარტიებად დაშლილი გათითოკაცებული ქვეყანა ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. გათიშე და იბატონე _ ამ მზაკვრული პრინციპით დანაღმული პილიტიკური ველი მუსრავს ყველას, ვინც კი ოდნავ შეეცდება გაბრძოლებას.
გურიის მაგალითი საკმარისია, იმისათვის თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნებს მოიგებს მოსახლეობის სიღატაკის ხარჯზე. გაღატაკებულ ქვეყანაში არჩევნების მოგება მარტივია, გვეუბნება ჩვენი გაზეთის წინა ნომრის სტუმარი - მათემატიკოსი სოსო კვაჭაძე და ეჭვიც არავის არ ეპარება, რომ ეს მართლაც ასეა.  უფრო მეტიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ხალხის სიღარიბე და შესაბამისად მძვინვარებს ბიუროკრატია. 
უფრო კომიკური კია ისაა, რომ წინა ხელისუფლებას მიკედლებული, მორჩილი ადამიანები დიდი ხანია ოცნების ფანები გახდნენ. წინა ხელისუფლების თავკომბალადაც იქცა პარტია, რომელმაც 8 წლის წინ ტრიუმფით მოიგო არჩევნები. 
როცა ურემი გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, გვეუბნება ხალხური სიბრძნე, თუმცა ურემი ბევრჯერ გადაბრუნდა, გზა მაინც არ გამოჩნდა.
დაგვაშინებენ? მოგვისყიდიან თუ რა მოხდება ნეტა ამ არჩევნებზე?! ერთიც იქნება, მეორეც და მთავარი ისაა, რომ ხლხმა არ იცის ხმა ვის მისცეს. ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდა და ვერც გამოჩნდება, თუ ხალხმა ნდობის მანდატი შემთხვევითობის პრინციპით არ მიანიჭა ვიღაცას. 
რას გვეუნებიან გამოკითხული ადამიანები?! მაგალითისათვის: გამოვკითხეთ ქალბატონი რომელიც კერძო ფირმაშია დასაქმებული და აქვს მიზერული ხელფასი,  მან გადაჭრით გვითხრა, რომ მისთვის სულ ერთია ვის დაუჭერს მხარს, თუმცა ეს არ იქნება ხელისუფლება, რადგან ამ ადამიანს საკუთარი შრომის იმედი აქვს და ისიც იცის, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობს შრომის კანონი, რომელიც დასაქმებულს დაიცავს. შემდეგი რესპოდენტი თავად არსად არ მუშაობს, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრია დასაქმებული, არა აქვს სოციალური დახმარება,მაგრამ ჩვენთან საუბარში ამბობს, არც მოუთხოვია სოციალური დახმარება, რადგან მასზე გაჭირვებული ბევრია.  შემდეგი კატეგორია გახლავთ პედაგოგები, საჯარო მოხელეები და ა.შ. აქ ცოტა რთულად აქვს საქმე ხელისუფლებას, პედაგოგების და საჯარო მოხელეების აზრი ამ კუთხით არაერთგვაროვანია. შეიძლება მათი ორი მესამედიღა იყოს დადებითად განწყობილი ხელისუფლების მიმართ. თუმცა ისინი ამ ყველაფერზე ღიად არ საუბრობენ. დარჩა ყველაზე მოწყვლადი ფენა _  სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა, რომლის ხმები სავარაუდოდ ჯიბეში უდევს ხელისუფლებას.
საბოლოო ჯამში სავარაუდოდ მეორე ტურებისა და უსახური პარტიების ხარჯზე, დღევანდელი ხელისუფლება ფიქრობს, რომ  კვლავ მოიპოვებს უმრავლესობას.
ბოლოს გვინდა, რომ მხიარულ ნოტაზე დავასრულო. სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს ,,ქართულ ოცნებას“ გაიხსენა ის პერიოდი, როცა ქალაქის ცენტრში აღმართული ,,აჯანყებული გურულის“ ძეგლი მოხსნეს და რკინიგზის სადგურის უკან გადამალეს, რატომ?! არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ ,,აჯანყებული გურული“ ხომ  რევოლუციის სიმბოლოა... მაშინ ასე ხუმრობდნენ ლანჩხუთელები წინა ხელისუფლებაზე: ეშინიათ თავიდან არ აჯანყდესო, მაშინ ერთი დოლარი რაც ღირდა ვიცით და ახლა როცა სამლარიან ნიშნულს გადასცდა, ლიბერთი ბანკის წინ დაყუდებული ,,აჯანყებული გურული“ მეტს კი არაფერს არ აკონტროლებს?! დროდადრო მისჩერებია ბანკის ტაბლოს და დღეებს ითვლის როდის მოვა არჩევნები...
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 63
FACEBOOK კომენტარები