ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ ცხოვრობს დღეს წლების წინ სიმდიდრით განთქმული სოფლების მოსახლეობა?!

9-09-2020, 16:43

ალბათ გეხსომებათ ლექსი ან სიმღერა მაინც „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“. აქედან პატარა სტროფს მოვიტან: 
„რა დროს ლექსიაო, მოუკვდა 
                  პატრონი,
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე 
                  ბატონი“.
რატომღაც ეს სტრიქონები გამახსენდა და გეტყვით რატომაც. ამას წინათ ნაცნობებთან ერთად სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით, მითუმეტეს ახლა სასაუბრო თემას ძებნა არ სჭირდება, ზუსტად შემოვარდნას ჰგავდა კიდევ ერთი ახლობელი ქალბატონის საუბარში ჩართვა, რომელიც ჩვენებურად რომ გითხრათ გაცეცხლებული იყო: 
_ ახლა ყველამ იმაზე წერეთ, იფიქრეთ, იაზროვნეთ, იკითხეთ - რა ხდება დღეს ქვეყანაზე, რა დღეში ვართ დღეს.
რა გითხრათ არც მე მაქვს პრეტენზია დიდ მწერლობაზე და არც ის ქალბატონი გახლავთ ერეკლე მეფე, მაგრამ საკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება ნამდვილად აქვს. ვეცდები მისი გულისტკივილის საერთო შინაარსი გადმოგცეთ.
ოქტომბრის ბოლოსთვის არჩევნები დაინიშნა, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების წარდგენა, თუმცა ცოტა უცნაურ გარემოში, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა დაიწყება სტუმრობები, ჩამოგვიქროლებენ გზად გავლით ცნობილი პიროვნებები, ყოველმხრივ ეცდებიან „დაგვაჯერონ“, რომ დღე და ღამე ჩვენზე ფიქრობენ, სულ იმის ცდაში არიან ცხოვრების პირობები როგორ გაგვიუმჯობესონ, მოგვიყვანენ რიცხვებს, შედარებებს წინა წლებთან, თუ როგორ წინ წავედით, თუ როგორი მაღალი შეფასება გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მთავრობებისგან, გვეტყვიან თუ როგორ გაუმჯობესდა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ამას ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ. მოკლედ, ეცდებიან „დაგვაჯერონ“, თუმცა ჩვენი საქმეა დავიჯერებთ თუ არა, თუმცა იცით რა აჯობებდა? რამდენიმე დღე თუ არა, რამდენიმე საათი მაინც დარჩნენ ადგილებზე, თუ ხალხის ყოფა მართლა აინტერესებთ, ყველა სოფელი და უბანი შემოიარონ, ყველა ჭიშკართან დაიძახონ. საკუთარი თვალით ნახონ როგორ ცხოვრობს დღეს წლების წინ სიმდიდრით განთქმული სოფლების მოსახლეობა. მაშინ უკეთ მიხვდებიან რა ძნელია, როცა ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის ყველა ლუკმა გაზომილი და აწონილია, იქნებ არ იციან და გაიგებენ, რომ 21-ე საუკუნეში მაცივარი, ტელევიზორი ან სხვა საჭირო ნივთები კომფორტისა და ფუფუნების საგნებში ეთვლებათ, იქნებ თავად დაიჯერონ, რომ ეს მეტისმეტი სისასტიკეა იმ ყველაფრის ფონზე რაც „ზევიდან“ გვესმის.
არა, მარტო ჩვენს ქვეყანაში არაა, მაგრამ ეს ჟამიანობა ისე დაგვატყდა თავს, გურული რომ იტყვის - გაჭირვებულს ქვაი აღმართში მიეწიაო. აგერ უკვე მერამდენე თვეა შიშსა და გაუგებრობაში ვართ. გვეშინია, მაგრამ არ ვიცით რისი, გვეშინია რაღაცის, რომელსაც ვერსად გაექცევი და დაემალები. ისევ და ისევ „გვაჯერებენ“, რომ პირბადე გვიშველის და დაგვიცავს, მაგრამ როგორ გინდა დაიჯერო, რომ ხან მკლავზე ჩამოკიდული, ხანაც შუბლზე, ხანაც ნიკაბზე უხერხულად გაკეთებული პირბადე რამისგან, მითუმეტეს ისეთი ვერაგი დაავადებისგან (როგორც გვეუბნებიან), დაგვიცავს. შესაძლოა მოსალოდნელი ჯარიმებისგან დაგვიცას, თუ ხელის სწრაფი მოძრაობით საჭირო მდებარეობას მივუჩენთ მაკონტროლებელი პირის დანახვისას, მაგრამ რა გამოდის ასეთი ქცევით ვის ვატყუებთ, ისევ საკუთარ თავს და იცით, რატომ ეკიდებიან მოქალაქეები საჭირო წესების დაცვას ასე? იმიტომ, რომ სხვადასხვა წყაროებიდან გამოსული ინფორმაცია ათასგვარ საეჭვო კითხვას აჩენს და სანამ ამ კითხვებზე ადამიანები არ მიიღებენ დამაჯერებელ და გულწრფელ პასუხებს, მანამდე იქნება ასეთი უნდობლობა, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს.
როგორ შეიძლოება ადამიენებმა დამშვიდებულად იცხოვრონ იმ საზოგადოებაში, სადაც ამდენი გაურკვეველ ვითარებაში მომხდარი ახალგაზრდის მკვლელობა ხდება, თვითმკვლელობა ან ამ ზომამდე მიყვანა ვინმეს მიერ იძულებით, გატაცება, ძალადობა, მასშტაბური ავარიები, რომელსაც ადამიანები ეწირებიან. ახლა ალბათ ვიღაცეები შემეპასუხებიან, ავარიებიც ხდებოდა, დანაშაულებიც და მკვლელობებიც და კიდევ მოხდება, ეს ყველა ქვეყანაში ასეა და არასდროს აღმოიფხვრება. დიახ, ხდებოდა, ხდება ახლაც და კვლავაც მოხდება, მაგრამ გაკვეთილი არ უნდა მივიღოთ აქედან? ისეთი შემთხვევები მაინც რომ ავირიდოთ, რაც კონკრეტულ ადამიანებზე და მათ საქმისადმი უსულგულო დამოკიდებულების გამო ხდება?!
მსგავსი კიდევ უამრავი საკითხია ჩვენს გარშემო, რის გამოც იყო „გაცეცხლებული“ ჩვენი თანამოსაუბრე და არა მარტო ის, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის ზურგზე და მხრებზე რეალურად გადადის ეს გასაჭირი, რომლებიც ცხოვრების შუაგულში ტრიალებენ, თორემ ბუნებრივია, ერთეულებს, რომლებსაც თავიანთი „მყუდრო სამყარო“ აქვთ მოწყობილი ეს ყველაფერი სულაც არ ადარდებთ, მათთვის „ცხოვრება საამურია“. მხოლოდ ისაა საკითხავი, ჩვენ მოგვეცემა თუ არა ოდესმე ამ ფრაზის წარმოთქმის შესაძლებლობა.
მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 923
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა