ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხუთი შვილის აღმზრდელი დიდი ქალბატონი

31-08-2020, 12:45

  ასე მგონია რთული მისია ვიკისრე, როცა გადავწყვიტე ერთ ,,ოთარაანთ ქვრივივით” ძლიერ, გაუტეხელ ქალზე გესაუბროთ. მისი შვილების შესახებ სხვა დროსაც მომიყოლია, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებს მოგონებას განსაკუთრებული ქალბატონი, რომელიც ქალობისა და დედობის ნამდვილი განსახიერება იყო.
მარინე გეგენავა-ჩხაიძე გაუტეხელი, მტკიცე ნებისყოფის ქალბატონი იყო. მას და მის მეუღლეს, ვლადიმერ ჩხაიძეს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ალბათ ძალიან ცოტა მოიძებნებოდა მაშინ ოჯახი, რომლის ყველა შვილს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, თანაც სახელმწიფო უნივერსიტეტში. როცა ომი დაიწყო მარინეს შვილები პასუხსაგებ თანამდებობებზე მუშაობდნენ უკვე, მხოლოდ უმცროსი იყო სტუდენტი. ხუთივე შვილი წავიდა ფრონტზე.

Oომმა, როგორც ბევრ დედას, უდიდესი ტკივილი და მწუხარება არგუნა ამ ოჯახს. სამჯერ მიიღეს სიკვდილის მაუწყებელი დეპეშა, სამი შვილი შეიცხადა მარინემ, თუმცა სწორედ აქაა მისი ხასიათის გაუტეხლობა, რომ სულით არ დაცემულა, შრომა არ შეუწყვეტია, დაღუპულ შვილებსაც გლოვობდა და ჩიტიას ფართობში ჩაის კრეფდა. დარჩენილ შვილებს ყოველთვის გვერდით ედგა, კიდევ დიდხანს იცოცხლა მარინემ ომის დასრულების შემდეგ, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მოესწრო. მარინე მამაჩემის დეიდა იყო, ბებიაჩემის და, საკმაოდ ასაკოვანი შემორჩა ის ჩემს მეხსიერებას, თუმცა მხნედ და წელში გამართული, კარგად მახსოვს, დაჯდებოდა და გაზეთ ,,კომუნისტს” ამოარჩევდა წასაკითხად. სათვალის გარეშე კითხულობდა, როგორც ჩვენში იტყვიან ჭკუასაკითხავი ქალი იყო, მას ყველა პატივისცემით და დიდი მოწიწებით ექცეოდა, ეს მან უდაოდ დაიმსახურა, როგორც ქალმა და როგორც საამაყო შვილების დედამ.მისდამი ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ მამაჩემმა სახელი დეიდისადმი პატივისცემის ნიშნად შემირჩია.
მიუხედავად წარსულში გამოვლილი დიდი დანაკარგისა დღეს მისი შთამომავლობა გამრავლებული და გაძლიერებულია. ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისში, ლანჩხუთში და საქართველოს გარეთაც _ ჩხაიძეები, სალუქვაძეები, მექვაბიშვილები, მამედოვები.
დაე, იცხოვრონ, იმრავლონ და იხარონ!
            მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 400
FACEBOOK კომენტარები