გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა გურიას კლიმატ-ნეიტრალური მწვანე რეგიონის სტატუსის მიღწევაში დაეხმარება. პროექტის – „გამჭვირვალობის ინტეგრირებული ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“ ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ. მემორანდუმის ხელმოწერით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გარემოს გლობალური ფონდის დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, შემუშავდება და ეტაპობრივად განხორციელდება რეგიონისთვის სასარგებლო ევროპული, კლიმატგონივრული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი.
შეთანხმების მთავარი მიმართულებაა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რომელშიც რეგიონის მკვიდრთათვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გათვალისწინებული და შექმნის შესაძლებლობებს დონორების მობილიზაციისათვის.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე გაფორმდა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებთან.შეხვედრაზე ისაუბრეს გურიის რეგიონის პოტენციალზე, გახდეს საქართველოში პირველი კლიმატ-ნეიტრალური მწვანე რეგიონი და გამოითქვა მზადყოფნა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა გურიაში
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 777