ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ყველა მეფუტკრეს ჰყავს თავისი მომხმარებელი და ყველა მომხმარებელს თავისი მეფუტკრე

21-08-2020, 11:54

ფუტკრის მოვლა-მოშენება, ერთ-ერთი კეთილშობილური და შრომატევადი საქმეა. სოფლის მეურნეობის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის მიმართ, რომლის წყალობითაც კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო და შეუცვლელი პროდუქტების - თაფლის, ცვილის (სანთლის), ფუტკრის რძის, დინდგელის, ჭეოსა და შხამის მიღება არის შესაძლებელი, მუდმივად იყო და იქნება დიდი ინტერესი. გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც  20 წელია მისდევს მეფუტკრეობას, ჰყავს ფუტკრის 150 ოჯახი, რომლის მოვლასაც საკუთარი ძალებით ახერხებს. 
66 წლის ჩოლობარგელი ედიშერ გულბანი გახლავთ სოხუმიდან, იგი ხაზგასმით ამბობს, რომ  რუსებისგან არის დევნილი. მეფუტკრეობა მისთვის ბიზნესი კი არა, საყვარელი პროფესია, ინტერესის საგანი და მამაპაპისეული საქმის გაგრძელებაა.

_თავად უძღვებით ამ 150 ოჯახის მოვლას?
_ დიახ, ასე გამოდის,  ფუტკრის მოვლა-პატრონობა 500 ოჯახის ზევით უკვე გართობა აღარაა.
_ საშუალოდ რამდენ თაფლს იღებთ ამ 150 ოჯახიდან?
_ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, სხვა წლებთან შედარებით ახლა ნაკლებს ვიღებთ,  2004 წელს, მახსოვს, რომ 38 კილოგრამი თაფლი გამოვიდა საშუალოდ ოჯახზე, მერე ნელ-ნელა დაიკლო.
_თაფლის რეალიზაციას როგორ აკეთებთ?
_ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს, ძირითადად თაფლის რეალიზაცია ასე ხდება. ზოგს ვაწოდებთ, ზოგიც სახლში მოდის, ცნობილი გამოთქმაა ასეთი: ყველა მეფუტკრეს ჰყავს თავისი მომხმარებელი და ყველა მომხმარებელს თავისი მეფუტკრე. მთავარია  ნდობა მეფუტკრესა და მომხმარებელს შორის, ზოგადად თაფლთან ურთიერთობა ძველი თემაა და სიმართლის  მტკიცებაც რთულია ამ კუთხით.
_ მინდა გკითხოთ ის, რაც ჩვენშია  გავრცელებული, მაგალითად შაქრიან წყალს როცა იყენებენ ზამთარში ფუტკრის გამოსაკვებად, რამდენად არის ასეთი თაფლი ნატურალური?
_ ვინც არ არის ჩახედული მეფუტკრეობაში, ეს იმის ფრაზები შეიძლება იყოს, იმდენ შაქარს ვერ აითვისებს ფუტკარი, რომ სარეალიზაციო პროდუქცია შექმნას. იცვითება ფუტკარი, როცა იგი შაქარს გადაამუშავებს. სკის სოკოს საწინააღმდეგო დამუშავების დროს შეიძლება წელიწადში 300-400 გრამი შაქრის წყალხსნარის  შესხურება, ის რომ ფუტკარი შაქრიანი   წყლით   შეიძლება კვებო,  ეს  არ  ვიცი როგორ ხდება?
_ რაც შეეხება თაფლის ვიზუალურ  სახეს ჩვენში ,,ჩაშაქრებას’’  რომ  ეძახიან, რამდენად ახასიათებს ეს ნატურალუ თაფლს?
_ თაფლი არ შაქრდება, იგი კრისტალდება, ეს დაკრისტალებული თაფლი რომ მისცეთ შემდეგ ფუტკარს იგი გლუკოზას  დატოვებს, მარტო ფრუქტოზას მიირთმევს. (ცნობისათვის თაფლის 75-80%-ს შეადგენს ნახშირწყლები – გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და სახაროზა (1%)). თუ თავად პირი არ ჩაერია ფუტკარს  და ხელი არ შეუშალა იმაში, რაც აქვს ბუნებისგან მინიჭებული, მაშინ  ყველაფერი კარგად იქნება.
_ხელის შეშლაში რას გულისხმობთ?
_ შაქრიან წყალს უდგამენო, სიროფს ურევენო ან სხვა რაღაცას ურევენო, რასაც თქვენ მეუბნებით. 
_ სხვა რაღაცას რომ ურევენ თაფლში ეს უკვე სხვა თემაა.
_ გეთანხმებით, მაგრამ ქუჩაში რომ ყიდიან თაფლს, ის რა თემაა მაშინ?!
_ხომ არსებობს თაფლის სახელდახელოდ შემოწმების სხვადასხვა ხერხები, მაგალითად იოდით ან წყლიან ჭიქში ჩაშვება და ა.შ.  თქვენთვის რომელია უფრო მარტივი და მიგნებული მეთოდი?
_ორმაგი ხელსაწმენდი ქაღალდი ავიღოთ, დავასხათ თაფლი, მოვუკიდოთ ცეცხლი. დაიწყებს ეს ქაღალდი წვას, ირგვლივ დაიწვება და თაფლს არ გაეკარება, სიროფი რომ დავასხათ ხელსაწმენდ ქაღალდზე და ცეცხლი მოვუკიდოთ, სიროფიც დაიწვება.
ყველაზე კარგი ლაბორატორია, ნდობის ფაქტორია, ნებისმიერი მეფუტკრეც კი შეიძლება მოტყუვდეს. აი, ნდობის ფაქტორი  სულ სხვაა.
მე დარწმუნებული ვარ ჩემს თაფლში, მაგრამ სხვაზე ვერაფერს ვიტყვი. დედაც რომ დაიფიცო, მამაც და ღმერთიც,  ხარ შეიძლება მართალი, მაგრამ მტკიცება მაინც ძნელია.
_ ყველაზე კარგი რომელი თაფლია, მითია თუ რეალობა, როცა ამბობენ, მაგალითად, მაისის თაფლი უკეთესია და ა.შ.
_ ყველა თაფლი კარგია. მე მყავს ერთი შეჩვეული მომხმარებელი ქალბატონი, პროფესიით  სტომატოლოგი, იგი ამბობს: მე თაფლს არ ვარჩევ არც ფერით და არც შესახედაობით, მთავარია დარწმუნებული ვიყო, რომ ნატურალურიაო. როცა  ამბობენ ჩვენს შემთხვევაში, აკაციის თაფლი მინდა მაინც და მაინც, მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. სუფრაზე რომ მოგართვან მარტო ხაჭაპური და სხვა არაფერი,  ყოველთვის მარტო ხაჭაპურს ხომ არ შეჭამ, სხვა რამეც რომ იყოს ხომ ჯობია?! ამას გავს ეს. მაგალითად  შეიძლება იყოს ასეთი  შემთხვევა, მარტო შემოდგომაზე რომ გამოვწუროთ თაფლი, იქ მოიყრის თავს მთელი თაიგული ანუ წლის მოსავალი, რომელი ჯობია თავად დაფიქრდით.
_როგორია მეფუტკრის ერთი დღე?
_გააჩნია რა პერიოდში? თუმცა ყველა პროცესი რთულია, ყველაზე რთული დარგი სოფლის მეურნეობაში არის  მეფუტკრეობა. გაზაფხული ფუტკრის ოჯახისთვის ყველაზე კრიტიკული   პერიოდია.   ამ დროს სწორად ჩატარებული სამუშაოები ფუტკრის ოჯახის ნორმალური განვითარების საწინდარს წარმოადგენს.
_ სად გყავთ ფუტკარი ტერიტორიულად?
_ჩემს ეზოში სოფელ ჩოლობარგში, შემდეგ გადამყავს სხვაგან, მაგალითად ორჯერ გადავიყვანე ნაბეღლავში.
_ ფაროსანას საწინაარმდეგო შეწამლებს როგორ გაუძელით?!
_ ეს ლაბორატორიამ  უნდა დაადგინოს, თუმცა შარშანდელი შეწამვლის მერე, ბევრი დანაკარგი მქონდა 65 ოჯახი დავკარგე ამ წელს, მაგრამ ვერ დავაბრალებ, რომ კონკრეტულად ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის ბრალი ყოფილიყო. თუნდაც ასე იყოს,  ფაროსანაზე მაინც უნდა შეიწამლოს, იმიტომ რომ ფაროსანასთან ერთად ფუტკარი მაინც ვერ იხარებს. მაგალიათად ავიღოთ აკაციის ყვავილი, იქედან ფაროსანა წოვს სიტკბოს და ფუტკარმა თუ არ აიღო ნექტარი, რად გინდა? ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იყო სავალდებულო, გინდა ფუტკარი გაწყვეტილიყო, გინდა სხვა რამ, ეს გააკეთეს კარგად, სხვათა შორის გურიაში.
_საიდან მისდევთ ამ ბიზნესს, ოჯახური ტრადიციაა თუ უბრალოდ დაინტერესდით?
_ეს ჩემთვის ბიზნესი არ არის, იგი ბაბუაჩემიდან მომდევს, განა მარტო თაფლის გულისთვის ვმუშაობ  და მეტი არაფერი?! ეს ჩემთვის არის ცხოვრების ერთი განუყოფელი ნაწილი
_ისე რა პროფესიის ბრძანდებით?
_ ვარ მეტყევე ინჟინერი. საკმაოდ რთული გზები მაქვს განვლილი, პროფესიული თვალსაზრისით.
_ თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით.
_ მყავს მეუღლე, ლალი გულბანი; ხუთი შვილი, თოთხმეტი შვილიშვილი. მეუღლე ახლა მირეკავს ზუსტად, სადა ხარ არ დამეკარგოო.
_მეუღლეც ჩართულია თქვენს საქმიანობაში?
_ახლა ცოტა წნევებმა შეაწუხა,  თორემ კარგად მეხმარებოდა.
_რაიმე ხელშეწყობა თუ გაქვთ სახელმწიფოსაგან?
_ხელშეწყობა რა ვიცი და ხელი თუ არ შემიშალა ვინმემ, კარგია. პროექტი რომ კეთდება გურიის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის, ეს არის სხვადასხვა დახმარებები ინვერტარით,  აღჭურვილობით და ა.შ. ვიცით რამდენი ოჯახია დევნილი გურიაში, რომელიც მისდევს მეფუტკრეობას და ისიც ვიცით  რა სახის დახმარება სჭირდება?  ალბათ ეს იქნება ხელშეწყობა.
_სოფელ ჩოლობარგში ცხოვრობდით  თუ შემდეგ დასახლდით?
_ვიყიდე სახლ-კარი, ჩემი გოგო იყო გათხოვილი აქეთ, ფუტკრისათვის არის სტაბილური ადგილი აქ. ყველგან მყოლია ფუტკარი, მაგრამ ყველას მაინც ეს ადგილი ჯობია, არსად რომ არ გაიყვანო ფუტკარი, მაინც არ დარჩები  ნაწყენი. მეფუტკრები ხომ იცით როგორი ხალხია?!    (იცინის). რაც მეტია აქვთ თაფლი, უფრო მეტად ტირიან, ეს ერთ-ერთი სენია მეფუტკრეობაში.
_რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები გექმნებათ?
_თაფლი არ არის ყოველდღიურად გამოსაყენებელი, უფრო ფუფუნებისთვისაა განკუთვნილი და წამლის სახით გამოსაყენებელია. რთულია,  რა თქმა უნდა, მეფუტკრემ უნდა მოუაროს სკას და იმაზეც უნდა იფიქროს, თაფლს რეალიზაცია როგორ გაუკეთოს.
_ რა ფასად იყიდება თაფლი ადგილობრივ ბაზარზე?
_ თაფლის ფასი ყველამ იცის დღეს, საბითუმო ფასი 15-18 ლარის ფარგლებში მერყეობს, 18 -20  ლარი ალბათ გამოდის კილოგრამი თაფლი, ჩვეულებრივად 25 ლარად იყიდება 1 ლიტრა, 1 ლიტრის წონა რომ გაცილებით მეტია, ეს მომხმარებელმა ჩემზე უკეთ იცის, თუმცა დიდ ქალაქებში გადამყიდველები უფრო ძვირად ყიდიან.
_ როგორც ვიცით ევროპის ბაზარზე მკაცრი მოთხოვნებია,  თაფლის ან ნებისმიერი პროდუქტის მიმართ. თუ გქონიათ შემთხვევა  თაფლის საზღვარგარეთ გატანის?
_ არაბეთში გავაგზავნე 2015 წელს და ყველა ლაბორატორიული შემოწმება გავიარეთ, ორი კვირა მოვუნდით ამ საბუთების შეგროვბას.
_ თავად თუ მოიხმართ  თაფლს ოჯახში?
_ თავად მოვიხმარ ძალიან კარგად და თაფლის გარეშე არ შემიძლია, ყველაფერი საუკეთესო აქვს ფუტკარს; მტვერიდან  დაწყებული,  დინდგელი, ფუტკრის რძე, ცვილი, თავად ფუტკარი  და თაფლი, რაღა თქმა უნდა, მკვდარი ფუტკარიც სასარგებლოა, მხოლოდ ჯერ არ ვიცი რაში გამოიყენება.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 907
FACEBOOK კომენტარები