ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამUSAID-ის მხარდაჭერით მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტიდაიწყო, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის ჩართვა და ადგილობრივების იდეებით რეგიონის განვითარებაა.
პროექტი სოციალურ სამართლიანობას ზრდის და როგორც მოქალაქეებს, ისე ადმინისტრაციულ დაწესებულებებს ახლებული ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
რას გულისხმობს მონაწილეობითი ბიუჯეტი?
მონაწილეობითი ბიუჯეტი მუნიციპალური ბიუჯეტის ის ნაწილია, რომელსაც მოსახლეობა, გამოცხადებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, თავად გეგმავს. 2021 წლისთვის ლანჩხუთის მერიამ პრიორიტეტებად განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეარჩია.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი 5 ეტაპად ხორციელდება:პირველ ეტაპზე ეწყობა იდეების კონკურსი, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს 21 აგვისტომდე მერიის მიერ განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო იდეების წარმოდგენა შეუძლიათ. მეორე ეტაპზე საპროექტო იდეები შეირჩევა, ხოლო მესამეზე- ამ იდეებისთვის პროექტი მომზადდება. შემდეგ ეტაპზე მოსახლეობის მიერ შემუშავებული იდეები-პორტალზე WWW.IDEALANCHKHUTI.COM განთავსდება და ლანჩხუთის მუნიციპალტეტის (როგორც ქალაქი,ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები) ნებისმიერი მაცხოვრებელი მისთვის სასურველ 3 იდეას მისცემს ხმას. ბოლო ეტაპზე კი შედეგები დაითვლება და გამარჯვებულები გამოცხადდებიან.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შენი იდეა?
უპირველეს ყოვლისა, იდეა მერიის მიერ შერჩეულ თემატიკას-ახალგაზრდობას, სპორტს, კულტურას ან განათლებას უნდა ეხებოდეს. ამასთან, მისი განხორციელების სავარაუდო ღირებულება მინიმუმ 17500 და მაქსიმუმ 35 000 ლარი უნდა იყოს. აუციელებლია, მას თან ახლდეს მოკლე აღწერა, თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი ლანჩხუთს. იდეას არ უნდა ჰქონდეს კომერციული დატვირთვა და მისი ავტორი ან ავტორები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებული. ამასთან, იდეის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში.
რატომ უნდა წარადგინოთ იდეა?
ეს არის შესაძლებლობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განახორციელოთ ის, რაც შესაძლოა, მერიამ ვერ გაითვალისწინა. შესაბამისად, თქვენი სურვილიც შესრულდება და თან მერიასაც დაეხმარებით მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაში. საბოლოოდ კი, თქვენი იდეა მომავალ წელს განხორციელდება.
„მონაწილეობითი ბიუჯეტი ლანჩხუთის მერიას აძლევს შესაძლებლობას, მეტად იყვნენ ჩართულები მოქალაქეების იდეების განხორციელებაში და გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ხოლო მოქალაქეებისთვის ეს არის შესაძლებლობა, თვითონ იყვნენ ჩართულები მუნიციპალიტეტის განვითარებაში და დაგეგმონ ბიუჯეტი“ - ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.
მოსახლეობის ჩართულობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი დაიწყო! წარადგინე 21 აგვისტომდე იდეა მუნიციპალიტეტში და თავად გადაწყვიტე, რა გაკეთდეს შენს რეგიონში!
„წარადგინე შენი იდეა მუნიციპალიტეტში და შენ გადაწყვიტე, რა გაკეთდეს შენს რეგიონში!“
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 000