ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დამსვენებლის თვალით დანახული ძველი და ახალი ბახმარო

5-08-2020, 12:23

 ბახმარო უნიკალური კურორტია გურიაში. სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, სისხამ დილას დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, კაიმაღი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონები – თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ ივლისის 15-ის შემდეგ ბახმარო უკვე ხალხით ივსება. მართალია, წელს ბახმაროში წვიმიანი ამინდები ხშირია, მაგრამ  აქ ყოფნა მაინც ძალიან სასიამოვნოა. კოკისპირული წვიმის შემდეგ, როგორც აქაურობას ჩვევია თაკარა მზე გამოდის, გეგონება ღრუბლებს ზევით ხარ და მზეც სხვანაირად გწვავს. მთის რუჯს ანუ ზაგარს აქ განსაკუთრებული ფერი აქვს.
ბახმაროს ნაწილი ძველი ხის ქოხებითაა გაშენებული, ნაწილი კი – ახალი, კეთილმოწყობილი კოტეჯებით. მოაგარაკეები აქ ოთახებს 20-30 დღით ქირაობენ. მოაგარაკეები ამბობენ, რომ ფასები 200 ლარიდან [20-30 დღე] იწყება და 5 000 ლარამდეც კი აღწევს. ფასი პირობებზეა დამოკიდებული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით: ბახმაროში დამსვენებელი არც თუ ისე ბევრია,მრავალი სახლია ჯერ კიდევ გამოკეტილი, შექი და წყალი შეძლებისდაგავარად მიეწოდებათ დამსვენებლებს, შუქის ჩართვა განისაზღვრება მოხმარების მიხედვით, ერთი ნათურა საკუთარი სადენით 50 ლარი ჯდება, ამას ემატება დასუფთავების ფული 4 ლარი და ელექტრო დენის სადენის ღირებულება. წყალი და ტუალეტი ზოგიერთ სახლში არაა, დამსვენებლები ძველებურად ერთი საერთო ტუალეტით სარგებლობენ და წყალიც ასევე საერთო აქვთ. 
წიწვოვანი ტყე შედარებით გაახალგაზრდავდა, ნორჩი ხეები გაცილებით მეტია ვიდრე ხანდაზმული.  ძალიან ბევრი გამხმარი გადატეხილი და სიცოცხლედაკარგული წიწვოვანი მცენარე კვლავ თავის ადგილას რჩება. კოცონისათვის ხმელი შეშა და კვარი საძებნელი არაა. ბახმარო ის  კურორტია, სადაც ყოველ საღამოს კოცონს ანთებენ, მის ირგვლივ ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან, ურთიერთობის ეს ფორმა დღემდე გრძელდება. ამბობენ, ბახმაროში დამეგობრებულები, მთელი სიცოცხლის მანძილზე მეგობრებად რჩებიან.
ჩვენი თაობის ბავშვების ოცნება დიდი კარუსელი ჩვენს მოგონებებში დარჩა, იგი აღარ ამშვენებს კურორტის მოედანს, სამაგიეროდ პატარა კარუსელი დგას ბაზრის მოადანთან ჯერ კიდევ დადუმებული. აქვეა რამდენიმე მაღაზია და სავაჭრო დახლი. ბახმაროში დამსვენებლებს პროდუქტი ძირითადად ბარიდან ამოაქვთ, ფასები ბართან შედარებით გაცილებით ძვირია, ცოცხალ ქათმებსაც ნახავთ გალიებით  როგორც ძველად იყო.
რამდენიმე ადგილას მოწყობილია ბაშვთა გასართობი დეკორატიული სავარჯიშო სივრცე. გასული საუკუნის ბოლოს ბახმაროს ცენტრში ქველმოქმედებმა ფერისცვალების სახელობის ხის კლესია ააგეს.  რაც შეეხება ამბულატორიას და სააფთიაქო მომსახურებას ბახმაროს ცენტრში არის რამდენიმე აფთიაქი და ერთი ამბულატორია. 
არახალია ის ამბავი,რომ  ბახმარო ჯერ-ჯერობით ვერ პასუხობს დამსვენებლის მაღალ მოთხოვნას, ამას ჩვენი წყარო თავის ინფორმაციაშიც გვიდასტურებს, აქ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, იმისათვის რომ დამსვენებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. კომფორტში იგულისხმება: სასმელი წყალი, განათება და კანალიზაცია, კულტურული გართობა და სხვა. ძველებური ფიცრული სახლები, მოჟრიამულე ბავშვებით გადავსებული საერთო  ეზოები, აქაურობის განსაკუთრებულ ხიბლს წარმოადგენდა და ასეთი დარჩა ჩვენს მოგონებებში. ამ მხვრივ თითქმის არაფერია შეცვლილი თუ არ ჩავთვლით  ფეშენებელურ კოტეჯებს. კიდევ ერთი მოსაგონარია ,,დოსტი“, როგორც დამსვენებლები გვიყვებიან:  აკვნებით, საგორიალებით, კევითა და სურსათ -სანოვაგით დატვირთული ბავშვების საყვარელი ცხენოსანი თუ ქვეითი ბიძიები და ბაბუები ჯერ არ გამოჩენილან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით ბახმაროში ცვლილებები არის, მაგრამ ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი
ცნობილია, რომ 1895 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია,. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან.
,,გასართობი აქ ბევრია: ერთი დიდი როტონდაა, რომელშიაც სდგას რამდენიმე მაგიდა, ასევე, არის ნარდი, ლოტო, კარტი, კეგლიც კი არის. საღამოობით გავარდება ხოლმე ბურთი... იმართება ხოლმე ქართული წარმოდგენები, აგერ 5-ჯერ იყო. ამას გარდა, შარშან ბ. ქვარიანმა წაიკითხა ლექციები მეურნეობის შესახებ. ეხლა აქ არის განყოფილება ასკანის წიგნთსაცავ სამკითხველოსი, რომელსაც საკმარისად მოსდის ჟურნალ-გაზეთები” (გაზეთი ,,ცნობის ფურცელი”, 1899, #862). ჩვენი ღრმა ბავშვობის მოგონებებს შემორჩა ქალის და ბავშვის ქანდაკება ბახმაროს შესასვლელში  და კეგლიც (ოთხკუთხედი შენობა სადაც ბურთს აგორებდნენ) სატყეოს  ქუჩაზე უკვე გაუქმებულ მდგომარეობაში.
ამ წერილის მიზანი იყო გვეთქვა ის, რომ კურორტის იერსახეს ჯერ კიდევ სჭირდება განახლება იმ ეგზოტიკის შენარჩუნებით რაც ადრე იყო, როგორც ზემოთ ჩამოვთვალეთ: უამრავი ლამაზი  და საინტერესო მოგონებები გვაკავშირებს ამ ადგილთან, რაც დღესაც გაახარებდა თანამედროვე დამსვენებელს.
მაია კუკულაძე 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 155
FACEBOOK კომენტარები