დატრიალებული უბედური შემთხვევები დიდხანს არ დაავიწყდება. თავდაპირველად ძლიერმა ცეცხლმა ტუღუშების საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად გაანადგურა. შემდეგ კი თითქოს განგებამ ესეც არ იკმარა და აქვე ახლოს მდებარე სარიტუალო დარბაზიდან, სადაც ქორწილი მიმდინარეობდა, სიგარეტის მოსაწევად გამოსულ ორ ბათუმელ სტუმარ ახალგაზრდას, როგორც ამბობენ, სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგად ერთი იქვე გარდაიცვალა, მეორე კი ბათუმში რეანომობილით გადაიყვანეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაშავებულის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ავარიის შესახებ დეტალებზე სოფელში უჭირთ საუბარი. თუმცა 8 ნოემბერს სოფელი ნიგვზიანი არასოდეს დაივიწყებს. აქაურები ამბობენ, რომ ავარიასთან დაკავშირებული დეტალები არ იციან, თუმცა ძლიერად მოკიდებული ცეცხლის ალი კარგად ახსოვთ. ,,მეორე სართული ხის იყო და ამიტომ უცბად ჩაიწვა. ფაქტობრივად, ვეღარ მოვასწარით ვერაფრის გამოტანა. მარტო კედლებია დარჩენილი, ნახეთ, იატაკიც სულ დანახშირებულია. პირველ სართულზეც ყველაფერი განადგურდა. მეზობლებს უკან არ დაგვიხევია, ყველა წყალს მოარბენინებდა, სახანძროც დროულად გამოვიძახეთ, მაგრამ რკინიგზაზე მოკლე გზით ვერ გადმოვიდა. ადგილზე იყვნენ მოსულები რაიონის ხელმძღვანელობა, სოციალურად შეჭირებული ოჯახია და ახლა სჭირდება ამ ოჯახს ყველაზე უფრო დახმარება~ _ გვითხრეს მეზობლებმა. ყველაფერი კი საღამოს, დაახლოებით 9 საათისთვის დაიწყო, როცა ტელევიზორის საყურებლად მოკალათებულ გოჩა ტუღუშის მრავალშვილიან ოჯახს მეორე სართულზე ბრახუნის ხმა შემოესმა. თუმცა თავდაპირველად ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან იფიქრეს, რომ უბრალოდ რაღაც შემოესმათ. ამ ხმის გაძლიერების შემდეგ კი ოჯახის დიასახლისმა მეორე სართულზე ასვლა გადაწყვიტა. ,,ის იყო კიბეებზე ავირბინე და კარი უნდა გამეღო, ვხედავ, ცეცხლის ალი საძინებელში იყო უკვე მოდებული. მანამდე კვამლის სუნი ან რამე მსგავსი არ გვიგვრძვნია. `გიფსკარდონი~ იყო აკრული, ახალი გარემონტებული გვქონდა მეორე სართული და ჭერიდან პირდაპირ ცეცხლმოკიდებული იყრებოდა. ხანძარი იმდენად ძლიერად იყო მოდებული, რომ შეუძლებელი იყო იმ წამს რამის გაკეთება. 15 წუთში განადგურდა ყველაფერი. მეც ძლივს გამოვასწარი გარეთ და კიბეებზე ჩამორბენა. საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა. რაც დარჩა მხოლოდ ცარიელი კედლებია და სხვა ყველაფერი დამწვარია~ _ ამბობს თვალცრემლიანი ქალბატონი და დასძენს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ძველმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. მისი თქმით, სახანძრო ადგილზე დროულად გამოცხადდა, თუმცა რკინიგზაზე გადასასვლელის არ არსებობის გამო, შემოვლითი გზიდან, მეორე მხრიდან მოუწია დანიშნულების ადგილზე მისვლა. `რამდენჯერ გავაკეთეთ გადასასვლელი, იმდენჯერ დაგვიშალა რკინიგზამ. პირდაპირ რომ მოსულიყო, იქნება რამე გადარჩენილიყო~ _ ამბობს დაზარალებული ქალბატონი. ამჟამად ტუღუშების მრავალშვილიანი ოჯახი მეზობლის საცხოვრებელ სახლშია გადასული და დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სთხოვს. როგორც ვთქვით, ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია და მათივე თქმით, სამი თვეა, რაც მათ ოციალური შემწეობა შეჩერებული აქვთ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. უკვე მიმართეს განცხადებით სოფლის წარმომადგენლობას. ლანჩხუთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მაკა გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულა 63 ათასია და ეს ქულა დაითვალა 4 ნოემბერს: `დანიშვნის პროცედურა უნდა განხორციელდეს რამდენიმე დღეში. თუმცა თუ ოჯახმა ეს მისამართი ახლა შეიცვალა პროცედურა შეჩერდება და ამ ოჯახში თავიდან შეივსება დეკლარაცია~. ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ამბობს, რომ გაგეობამ უკვე იცის ამ ოჯახის პრობლემის შესახებ და შესაბამისს დახმარებას გაუწევენ. `ჰო და არასთან~ საუბარში ნიგვზიანის მაჟორიტარი ამბობს, რომ ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარებიან. `ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ოჯახი შეჭირვებულად ცხოვრობს. მათ შეჩერებული ქონდათ სოციალური შემწეობა. მქონდა შესაბამის სამსახურთან საუბარი და მოხდება მათი გადამოწმება და ალბათ, აღუდგებათ დახმარება. საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. პირველ ეტაპზე, რასაც შევძლებთ, ეს იქნება, ქირავნობის პროგრამაში ჩავრთავთ და ყოველთვიურ თანხას სახელმწიფო გადაუხდის~ _ ამბობს ბესიკ ტაბიძე.
ნიგვზიანში ქორწილიდან სიგარეტის მოსაწევად გამოსული ახალგაზრდა გზაზე სატვირთო ავტომობილმა შეიწირა
განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 0