ისმენ და ხედავ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება და ფიქრობ - რომ შეიძლებოდეს, ქვეყნის ცხოვრებიდან ძირფესვიანად ამოაგდებდი პოლიტიკას, რომელიც ბევრ ღირსებას კლავს და მგლებად აქცევს ადამიანებს; თუმცა ისიცაა, რომ პოლიტიკის საშუალებით ადამიანთა ნამდვილ სახეს ვხედავთ და ვწუხვართ კიდევაც, რომ ბევრი მათგანი ადამიანის სახედაკარგული წარმოგვიდგება, რაც ჩვენში შიშს იწვევს და ეს შიში იმდენად დიდია, რომ ხშირად მასობრივ ფსიქოზშიც გადადის.
ამას თავადაც ხედავენ პოლიტიკოსები, მაგრამ არად დაგიდევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში არ არსებობს ნორმები. პოლიტიკური თამაშის თვისებასაც არად დაგიდევენ. არაფერია განსაზღვრული და შესაბამისად, განუსაზღვრელობაში ჩავარდნილი ქვეყანა, განუსაზღვრელობისაკენ მიექანება. ამას გარკვეული დროის მანძილზე ვერ გრძნობენ ადამიანები, კრიტიკულ სიტუაციაში კი იწყება კრიტიკა, რომელიც ხშირად კრიტიკადვე რჩება. ასეთ ფონზე ნათელი წერტილები, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინაც თავიანთი ცხოვრებით მაგალითს გვაძლევენ იმისა, რომ თუ არა სულიერება, _ ყოფიერება მახინჯ სახეს იღებს.არიან ადამიანები, რომლებიც გარდაცვალებითაც ამბობენ თავიანთ სათქმელს. სიკეთით, სიყვარულით, სათნოებით, შენდობით, შრომით განვლილი ცხოვრების გზა არის ჭეშმარიტი. მიდიან კარგი ადამიანები და გიჩნდება სამწუხარო კითხვა - ხდება კი მათი ჩანაცვლება?! ასეთები ხომ, როგორც არასდროს, დღეს ისე სჭირდებიან ჩვენს ქვეყანას. იქნებ ასპარეზიც არ არის თავის დასამკვიდრებლად?
ეს არის მიზეზი?
იქნებ ეს არის?
ქართული ღირსებების ცვეთის ეპოქაში ჭეშმარიტ ქართველთა და ქართულ საქმეთა დამფასებელნი სადღაც გამქრალან. ასე ირყევა ქართული სახელმწიფოს საძირკველი. ვგულისხმობ ჭეშმარიტად ქართულს, თორემ მსოფლიო გლობალიზაციის შედეგად მიღებული ახალი სახის საქართველოსი კი რა მოგახსენოთ და საერთოდ, რა არის ეს ახალი - გულგაცივებული, სულგაყინული, დაუნდობელი ადამიანთა სახე.
წვეთ-წვეთად იშრიტება ნაღდი ქართული სული;
ჩვენ მაინც ველით უკეთეს ხვალეს, თუმცა არ გვსურს იგი, არა ქართული!...
ნონა გიგინეიშვილი
პოლიტიკით სახე დაკარგული ადამიანები
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 1 034