ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მე,გივი და რეზი...

მე,გივი და რეზი...
31-03-2023, 12:38

გივი და რეზი ჩემი შვილები არიან. 14 და 15 წლის. 
მე დედა ვარ, დედაჩემივით მგრძნობიარე, შვილების სულის სიმებს თვალნათლივ რომ ვხედავ და ვთრთი ამ სიმების ყოველ შერხევაზე.
ვთრთი... ხშირად ვშფოთავ კიდევაც...
ვშფოთავ _ ამ სამყაროში, ამ ქვეყანაში, ამ გარემოში მათი ყოფისა და მომავლის გამო...
მომავალი...
(მე მჯერა მომავლის... ოპტიმისტი ვარ... ხანაც ვუბრძანებ თავს ოპტიმისტი ვიყო... უკვე ასეც ხდება...)
მე მათ თავისუფლება ვასწავლე.
...ერთ მშვენიერ დღეს 4-5 წლის ბიჭებმა ბინის კედლები მოხატული დამახვედრეს. ერთ კედელზე მზე ბრდღვიალებდა, მეორე მხრიდან _ მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გამოსახულებები იწონებდნენ თავს. საყვედურს ელოდნენ და შექება მიიღეს...
მზე მომეწონა, ნათელი მზე... ამ სინათლეს როგორ ჩავაქრობდი...
ასე დაიწყო თავისუფლება მათ სულებში.
წლების მანძილზე ვაკვირდებოდი მათ ,,მხატვრობას.” განწყობილებები კედლებზე გადადიოდა და მე ზუსტად ვიცოდი რა ხდებოდა მათ ცნობი­ე­რ­ში. 
...და ერთ დღეს, უკვე 6 წლის რეზიმ, ყველაზე მაღალ ადგილზე, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, საქართველოს რუკა დახატა დაკარგული ტერიტორიების აღნიშვნით და წარწერით _ ,,რუსეთი ოკუპანტია!” 
ეს წარწერა წლების შემდეგ ბინის შეკეთების შემდეგაც რელიქვიად დავიტოვეთ კედელზე და დღემდე ასეა.
ვაკვირდებოდი ჩემი შვილების შინაგანი თავისუფლების ხარისხს და მომწონდა...
მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი ბინის აივანზე დროშები რომ დამხვდა გადმოფენილი (რაც ზოგიერთების საქილიკოდ იქცა, რაზეც გულში მეღიმებოდა) სულაც არ გამკვირვებია. ნამდვილი კაცები ხართ-მეთქი, ვუ­თხარი ჩემს ბიჭებს და მადლობა გადავუხადე. 
ამ წლების მანძილზე მე მათთან ერთად ვიზრდებოდი. დიახ, ერთად ვიზ­რ­დებოდით; ფიქრისა და ცვლილებების კორიანტელში ვიხარშებოდით.  
და ახლა ხშირად ვფიქრობ _ ისინი უფრო დიდები არიან თუ მე?!
არ გაგიკვირდეთ თუ ვიტყვი _ რომ ხშირად ვაკეთებ დასკვნას _ ისინი უფრო დიდები არიან...
არ გაგიკვირდეთ ჩემი ნაფიქრალი _ დიახ, ისინი უფრო დიდები არიან, რადგან თაობაა ასეთი, მას არაფერი ბორკავს, მას არაფერი აშინებს,  მას არაფერი ეძნელება; ისინი ახალი სამყაროს შვილები არიან, იმ სამყაროსი, რო­მელსაც თავისუფლება ჰქვია სახელად.
ამ თაობისთვის თავისუფლების ხარისხი უმაღლესია, უკიდეგანო, მაგრამ სიყვარულის საზღვრებში მოქცეული. ვინც ასე არ ფიქრობთ, ჩემის ღრმა რწმენით, ცდებით.
ჩახედეთ თქვენს შვილებს, შვილიშვილებს თვალებში და დარწმუნდებით, რომ ასეა.
აი, ამიტომ უნდა გჯეროდეთ მომავლის!
აი, ამიტომ არ უნდა დაკარგოთ იმედი! აი, ამიტომ უნდა შევაქოთ და ვაღიაროთ თაობა, რომელიც მზესავით ბრდღვიალაა და მოსიყვარულე.
პ.ს.რუკების ხატვით გატაცებული რეზის გალერეაში ერთ-ერთს მკვეთრი, ამაყი ასოებით აწერია _ მე-12 საუკუნე. ოქროს ხანა...
ეს დროც დადგება. ასე ფიქრობს ეს თაობა.
რადგან მე ამ თაობის მჯერა, ამასაც დავიჯერებ...
მოგიწოდებთ, თქვენც დაიჯეროთ!

ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 301
FACEBOOK კომენტარები