ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვიცვლი პროფესიას _ მინდა ფეხბურთელი გავხდე!

ვიცვლი პროფესიას _ მინდა ფეხბურთელი გავხდე!
8-02-2016, 00:00

ნებისმიერ ჩვენგანს გვაქვს ჩვენეული ხედვა და პასუხი ამ კითხვაზე. რა თქმა უნდა, პროფესიონალი ექსპერტის დონეზე ვერ გავცემთ პასუხს შეკითხვას, მაგრამ ჩვენეულად შევეცდებით. სქემა ასეთია: ხელისუფლებამ არ იზრუნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მცირე ბიზნესის განვითარებაზე, რის გარეშეც მოსახლეობის ოჯახების ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. მრავალმილიონიანი ფონდებიდან გამოყოფილი კრედიტები მიეცა მხოლოდ მსხვილ ბიზნესს. ორი მილიონი დოლარი კრედიტის აღების შედეგად შეიქმნა დაახლოებით 20-30 სამუშაო ადგილი მაშინ, როცა სოფლის მეურნეობაში ამ თანხის ინვესტირებით შეიძლებოდა ასობით სამუშაო ადგილის შექმნა. მაგალითად, ჩაის დარგში, მიწათმოქმედებაში და სხვა ტრადიციული დარგების აღდგენა-აღორძინებაში. ჩემი ინფორმაციით, ყველაზე ცოტა ინვესტიცია გურიაში განხორციელდა. მაგალითად, მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამით _ `აწარმოე საქართველოში~ _ ლანჩხუთში მხოლოდ 44 პროექტი დაფინანსდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეკონომიკურ ამინდს არ ცვლის. სამწუხაროდ, მრავალი ტრადიციული დარგი გაუქმებული და მივიწყებულია. ბოსტნეულიც კი, რომელიც ყოველდღიური მოხმარების საგანია ყველა ოჯახისთვის, 80% შემოტანილია. მოსახლეობა, იმიტომ რომ, მთავრობიდან არ წამოვიდა სუფსიდიები, დარჩა ბანკების მომხიბვლელი ცდუნების პირისპირ. 36-40%-იანი სესხები დამღუპველი აღმოჩნდა მრავალი ოჯახისთვის. ამას დაემატა ის, რომ ძალიან მარტივი პროცედურებით შესაძლებელი გახდა ყველა პენსიონერისთვის ბანკიდან წინასწარ 5-6 თვის პენსიის გატანა მაღალი პროცენტით. კიდევ ერთი _ ხალხმა, ვითომ უპროცენტო განვადებებით ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა შეძლო ანუ ქონება შეიძინა. მაშინ პრობლემა რაშია?! იმაში, რომ ყველა ეკონომიკური შესაძლებლობა, რომელიც ადამიანებს გააჩნდათ, ხელიდან გამოსტაცეს, მათ არ ეყოთ კომპეტენცია და ამასთანავე, მთავრობამ ისინი ჩიხში მოიქცია, რომ გასაქანი არ ჰქონოდა. ანუ ადამიანებმა ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და ბიზნესის წამოსაწყებად რესურსი აღარ დარჩათ. გამდიდრდა ბანკები, მაღაზიები. გაღარიბდა მოსახლეობა. ხელისუფლებამ არ იზრუნა, რომ შრომისუნარიან მოსახლეობას რეკვალიფიკაციის საშუალება ჰქონოდა. რა მოხდა სოფლებში? მოსახლეობის ნაწილი გაიქცა ქალაქად, სადაც თავისი პრობლემებიც ეყოფოდათ. სოფელს კი პრობლემები მოემატა. მოკლედ _ მთავრობამ არ შესთავაზა მოსახლეობას სამუშაო ადგილები, დაბალპროცენტიანი კრედიტები, შესაბამისად, არ გაიხსნა საწარმოები. მოსახლეობა აღმოჩნდა ბანკების ხელში. ოჯახს ვერ ნახავთ ორი-სამი სესხი არ ჰქონდეს. ასე გაგვექცა ხელიდან კიდევ სამი წელიწადი. ეს წელი საარჩევნო წელია და როგორც წესი, იქნება მოჩვენებების, ცრუ დაპირებების ფეიერვერკი. ...რამდენიმე დღის წინ მთავრობამ განაცხადა, რომ ისტორიული დღე დადგა, რადგან გადაწყდა 5 წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი ლარი დაიხარჯოს. მაშინ, როცა მცირე მეწარმეობის განვითარებით პროგრამა `აწარმოე საქართველოში~ 2 წლის განმავლობაში ოცი მილიონი ლარით ფინანსდება. კონკრეტულად, ისეთი ტრადიციული დარგის განვითარებისთვის, როგორიცაა მეჩაიეობა, სამი მილიონი ლარია გათვალისწინებული მიმდინარე წლისთვის. ამ მაგალითებით ჩვენთვის გასაგები ხდება, თუ რა მიმართულებაა პრიორიტეტული ჩვენი მთავრობისთვის. ესე იგი ფეხბურთი. ჰოდა, გადავწყვიტე, ვიცვლი პროფესიას _ მინდა ფეხბურთელი გავხდე! თქვენც იგივეს მოგიწოდებთ! P.შ. ხუმრობა იქეთ იყოს და ყველამ ვიცით, ეს 265 მილიონი ყველა ჩვენგანის ზურგზე ამძვრალი ტყავის საფასურია. ტყავს თუ გამაძრობენ, მირჩევნია, იგი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეეწიროს, რომელიც ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის გარანტია. ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა